გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.06.2019
საქმის ნომერი
080210117001788120
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N080210117001788120

№ 2/250-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01.05.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე - სს ,,კ------------ი”;

წარმომადგენელი - ნა-------------ძე, ქე-----------–---ა;

მოპასუხე - ბე----------–-–---–ი, ნუ--------------–-ძე, მზ------–-–---–-------–-–--ლი, იუ-----–-------ძე;

დავის საგანი - დავალიანების დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს ბე---------–-–--ლს, ნუ-------------–-ძეს, მზ------–-–---–-------–-–--ლს და იუ-----–-------ძეს სს „კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 2610.66 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2015 წლის 28 ივნისს შპს „მი----------------------------–------------ს” და ბე----------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 1580.00 აშშ დოლარი 24 თვის ვადით, 1.47% თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.9. პუნქტის საფუძველზე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეებზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხებოდა ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 150 დღისა. 2015 წლის 11 ივნისს და 2015 წლის 28 ივნისს ნუ--------------–-ძეს, მზ------–-–---–-------–-–--ლს და იუ-----–-------ძესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე, სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილის (გაფრთხილების) მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

მსესხებლმა და თავდებმა პირებმა, მიუხედავად გაფრთხილებისა, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მათი დავალიანება შეადგენს 2610.66 აშშ დოლარს, საიდანაც 1437.22 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 437.92 აშშ დოლარი - პროცენტი, 71.82 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 582.07 აშშ დოლარი - ერთჯერადი ჯარიმა, 71.86 აშშ დოლარი - ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებაზე, 9.77 აშშ დოლარი - საკომისიო.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა ბე---------–-–--ლმა, ნუ-------------–-ძემ, მზ------–-–---–-------–-–--ლმა და იუ-----–-------ძემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის 1437.22 აშშ დოლარის ნაწილში. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე კი სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის -1437.22 აშშ დოლარის, პროცენტის - 437.92 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის - 71.82 აშშ დოლარის და საკომისიოს - 9.77 აშშ დოლარის, ანუ 1956.73 აშშ დოლარის ნაწილში.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2015 წლის 28 ივნისს შპს „მი----------------------------–------------ს” და ბე----------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 1580.00 აშშ დოლარი 24 თვის ვადით, 1.47% თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.9. პუნქტის საფუძველზე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეებზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხებოდა ჯარიმა 0.27% ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 150 დღისა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22);

3.1.2. 2015 წლის 28 ივნისს შპს „მი----------------------------–------------ს” და ნუ--------------–-ძეს, ასევე შპს „მი----------------------------–------------ს” და იუ-----–-------ძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, ასეთივე ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 11 ივნისს მზ------–-–---–------–-–---–თან. თავდებმა პირებმა კრედიტორების წინაშე იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად დაეფარათ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნებოდა იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადი მოვალე გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნებოდა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარა გახდებოდა, თავდები ვალდებული იყო თვითონ დაეფარა ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილის (გაფრთხილების) მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის ხელშეკრულებები და თავდებთა განცხადებები (ს.ფ. 23-28);

3.1.3. მსესხებლისა და თავდებების (სოლიდარული) მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის თაობაზეც გაფრთხილებები გაეგზავნათ წერილობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წერილობითი გაფრთხილებები (ს.ფ. 32-39);

3.1.4. მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 2610.66 აშშ დოლარს, საიდანაც 1437.22 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 437.92 აშშ დოლარი - დარიცხული პროცენტი, 71.82 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 582.07 აშშ დოლარი - 0.27 % ჯარიმა ძირზე, 71.86 აშშ დოლარი - ჯარიმა ძირზე პირველ ვადაგადაცილებაზე 5 %-იანი, 9.77 აშშ დოლარი -საკომისიო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 66);

3.1.5. დადგენილია, რომ შპს „მი----------------------------–------------მ” შეიცვალა სახელწოდება და გახდა სს „კ------------ი“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 123).

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხეებმა სადავო გახადეს პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც სამართლებრივად შესაფასებელი საკითხია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 420-ე, 867-868-ე, 891-ე, 892-ე, 895-896-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

უდავოა, რომ 2015 წლის 28 ივნისს შპს „მი----------------------------–------------ს” და ბე----------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 1580.00 აშშ დოლარი 24 თვის ვადით, 1.47% თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდაც. ასევე უდავოა, რომ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის -1437.22 აშშ დოლარის, პროცენტის - 437.92 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის - 71.82 აშშ დოლარის და საკომისიოს - 9.77 აშშ დოლარის, ანუ 1956.73 აშშ დოლარის ნაწილში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208–ე მუხლის მესამე ნაწილით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე 1956.73 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების 3.9. პუნქტის საფუძველზე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეებზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხებოდა ჯარიმა 0.27% ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 150 დღისა. მოსარჩელე ითხოვს ჯარიმას 582.07 აშშ დოლარს, რაც წარმოადგენს დავალიანების თანხის 0.27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და 71.86 აშშ დოლარს, რაც წარმოადგენს ჯარიმას პირველ ვადაგადაცილებაზე, დავალიანების თანხის 5 % ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი: „მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე“. (საქმე №ას-252-2019. 8 მაისი, 2019 წელი).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს, სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე, კერძოდ, ჯარიმა - 582.07 აშშ დოლარი - 150 აშშ დოლარამდე და 71.86 აშშ დოლარი - 50 აშშ დოლარამდე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891–ე მუხლით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892–ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

ამავე კოდექსის 895–ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

ამავე კოდექსის 896–ე მუხლით, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 28 ივნისს შპს „მი----------------------------–------------ს” და ნუ--------------–-ძეს, ასევე შპს „მი----------------------------–------------ს” და იუ-----–-------ძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, ასეთივე ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 11 ივნისს მზ------–-–---–------–-–---–თან. თავდებმა პირებმა კრედიტორების წინაშე იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად დაეფარათ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნებოდა იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადი მოვალე გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნებოდა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარა გახდებოდა, თავდები ვალდებული იყო თვითონ დაეფარა ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილის (გაფრთხილების) მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 

ვინაიდან ძირითადმა მსესხებელმა ვერ დაფარა დავალიანება, მოსარჩელის მოთხოვნა სოლიდარული მოვალეების მიმართაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარი, სარჩელის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟი 211.36 ლარი (აშშ დოლარის კურსი - 2.6987 ლარი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

იმის გამო, რომ მოპასუხეებმა მოსამზადებელ სტადიაზე სარჩელი ცნეს 1956.73 აშშ დოლარის ნაწილში, ისინი უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის 158.41 ლარის გადახდისაგან, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გარდა აღნიშნულისა, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად (200 აშშ დოლარი), მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხის 16.20 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 50 ლარის, მისი რეგისტრაციის საფასურის 21 ლარის და საჯარო რეესტრის ამონაწერი მომზადებისთვის გადახდილი 11 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 36.75 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

8.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო იუ-----–-------ძის კუთვნილ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 3-----------. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „კ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. მოპასუხეებს ბე----------–-–---–ს, ნუ--------------–-ძეს, მზ------–-–---–-------–-–--ლს და იუ-----–-------ძეს სს „კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2156.73 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეებს მოპასუხეებს ბე----------–-–---–ს, ნუ--------------–-ძეს, მზ------–-–---–-------–-–--ლს და იუ-----–-------ძეს სს „კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხის 16.20 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟის თანხის 50 ლარის, მისი რეგისტრაციის საფასურის 21 ლარის და საჯარო რეესტრის ამონაწერი მომზადებისთვის გადახდილი 11 ლარის ანაზღაურება.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო იუ-----–-------ძის კუთვნილ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 3-----------, დარჩეს ძალაში.

3. სს „კ------------ის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 27 იანვარს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 158.41 ლარი (საგადასახდო დავალება 961).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე