გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160210019002938078
N2/289-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.05.2--- წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე
მოსარჩელე - ელ-----------ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - ემ-------------–---–ი
მოპასუხე - ნაი---------ა
მოპასუხის წარმომადგენელი - აი------------ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ნაი---------ას უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის.: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ----------, სკ 80.02.63.4--) გამოთხოვა.
სარჩელის საფუძვლები:
ელ-----------ი 2008 წლის 18 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თავისივე თანასოფლელ ნაი---------ასთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2010 წლის 13 თებერვალს დაბადებული ალ--------ი და 2011 წლის 21 მარტს დაბადებული რა----------ი. 2018 წლის ზაფხულში მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ნაი---------ა შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში. 2018 წლის 17 სექტემბერს ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა, რის შედეგადაც 2018 წლის 26 ოქტომბერს სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული იქნა განქორწინების მოწმობა. მას შემდეგ რაც ნაი---------ასათვის ცნობილი გახდა განქორწინების რეგისტრაციის შესახებ იგი ელ-----------ის დაუკუთხავად და მისი ნების საწინააღმდეგოდ შეიჭრა ელ-----------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რომელიც ელ-----------ს მემკვიდრეობით აქვს მიღებული გარდაცვლილი პაპისაგან. ნაი---------ა დღემდე განაგრძობს ცხოვრობს ელ-----------ის საცხოვრებელ სახლში და მიუხედავად მრავალჯერადი გაფრთხილებისა აწყობს სკანდალებს და ემუქრება ელ-----------ს სახლის განადგურებით. ელ-----------ს სურს სხვა ქალზე დაქორწინება, თუმცა იმის გამო, რომ მის სახლში ცხოვრობს უცხო პირი, იგი კუთვილ ქონებას შეხედულებისამებრ ვერ იყენებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, იგი აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა 6 წლის განმავლობაში, თვითნებურად არ შესულა მითითებულ ბინაში, თვითონ შეასახლა მოპასუხემ. არ უწყობს არანაირ კონფლიქტს და სახლის განადგურებით არ ემუქრება. სხვა საცხოვრებელი სახლი მოპასუხეს არ გააჩნია და გამოსახლების შემთხვევაში აღმოჩნდება ღია ცის ქვეშ, მოპასუხეს კი გააჩნია ამ ქონების გარდა სხვა სახლი.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2008 წლის 18 ნოემბრიდან ელ-----------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნაი---------ასთან. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბერის გადაწყვეტილების საფუძველზე მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა და 2018 წლის 26 ოქტომბერს სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული იქნა განქორწინების მოწმობა. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ 2010 წლის 13 თებერვალს დაბადებული ალ--------ი და 2011 წლის 21 მარტს დაბადებული რა----------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა - განმარტება (ს.ფ 2-3, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 16 მაისის სხდომის ოქმი )
- განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17)
- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-21)
3.1.4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნა--------ში არსებული უძრავი ქონების (მის.: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ----------, სკ 80.02.63.4--) მესაკუთრეა მოსარჩელე ელ-----------ი (პნ 1----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა - განმარტება (ს.ფ 2-3, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 16 მაისის სხდომის ოქმი )
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.15-16).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დღეისათვის სადავო უძრავ ქონებას (მის.: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ----------, სკ 80.02.63.4--) ნაი---------ა ფლობს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის პირობებში, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება სარჩელის სამივე საფუძვლის (ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება) დამტკიცების მოვალეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იქნება აღიარებული სადავო ნივთზე მისი მოთხოვნის მართლზომიერება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელის განმარტებით, წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე, ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს შეექმნა რწმენა იმისა, რომ მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე არის მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება.
ერთის მხრივ დადასტურებულია, რომ უძრავი ქონება ირიცხება მოსარჩელის საკუთრებაში, ხოლო მეორეს მხრივ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა მისი მფლობელობის მართლზომიერება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში ასრებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 158-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება, სანივთო სამართლებრივ კონტექსტში, აბსოლუტური და არა რელატიური უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია, თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან.
იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.
ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება (მის.: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ----------, სკ 80.02.63.4--) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მხარეთა ახსნა-განმარტებით მათ შორის თავად მოსარჩელის განმარტებით დადასტურებულია გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავი ქონებას დაუფლებულია მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ არ არსებობს მოპასუხის სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის საფუძველი. რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ მას აქვს სადაო ნივთის ფლობის უფლება მოპოვებული, საქმის მასალებით ვერ დგინდება. საქმის მასალებით ვერ დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით, მოპასუხეს აღნიშნული ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლება გადაეცა მესაკუთრისგან და არის ნაწარმოები თვით მესაკუთრის მფლობელობიდან.
ამდენად, მოსარჩელემ დაამტკიცა რომ: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნა--------ში, მდებარე უძრავი ქონება, რომელიც აღირიცხულია საკადასტრო კოდით 80.02.63.4-- წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რომელიც იმყოფება მოპასუხე ნაი---------ას უკანონო მფლობელობაში, მოპასუხის ქმედების შედეგად კი მოსარჩელეს ხელი ეშლება კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებენ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას მისი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.
აქვე სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანხმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე;
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ამავე კოდექსის 14-ე მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საკუთრების ხელყოფა, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 60 ლარით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოცემულ შემთხვევაში სარცელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 120 ლარი. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 60 ლარის ანაზრაურება, ხოლო ზედმეტად გადახდილი თანხა 60 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ელ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. გამოთხოვილი იქნეს მოპასუხე ნაი---------ას უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით 80.02.63.4--;
3. მოპასუხე ნაი---------ას მოსარჩელე ელ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის 60 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე ელ-----------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა 60 ლარი (საგადახდო დავალება N 7---------, გადახდის თარიღი: 01.04.2---წ, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 3--------);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე