გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2019
საქმის ნომერი
180210118002656735
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8---18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2019 წელი ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ს---------–-–---

სხდომის მდივანი ე---------------

მოსარჩელე: ც-----ნ ს---

წარმომადგენელი: გ--------–----–---–ი

მოპასუხე: შპს ,,ა---–---------ი’’

წარმომადგენელი: ი-----------–-ა

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1------ ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2----–-–----- ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად ც-----ნ ს---მ, როგორც ინვესტორმა, იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა ინვესტიცია შპს ,,ა---–---------ში’’, კერძოდ, ინვესტორის მიერ დაბანდებული თანხით მოპაუხემ უნდა შეიძინოს მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, მიახდინოს მათი დაკვლა და რეალიზაცია. რეალიზაციით შემოსული თანხის 50% ხელშკრულების 1.3. პუნქტის შესაბამისად წარმოადგენს ინვესტორის მოგებას; ინვესტორმა განახორციელა 1------ ლარის ინვესტიცია, თუმცა მას დღემდე მოპასუხისაგან არანაირი თანხა არ მიუღია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ 1------ ლარის ფარგლებში, ფერმის გაფართოებისთვის დახარჯული თანხის შესაბამისად; დანარჩენ ნაწილში კი მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მხარეებს შორის გაფორმდა არა ნასყიდობის, არამედ ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც განსაზღვრული იყო მხარეთა უფლება-მოვალეობები. შემდგომი ურთიერთობა არ წარიმართა ზუსტად ხელშეკრულების შესაბამისად, თუმცა ყველა შემთხვევაში არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება; მხარეებმა მოილაპარაკეს შეეძინათ მსხვილფეხა საქონელი, დაეკლათ და მოგება გაენაწილებინათ, ასევე მოილაპარაკეს შეეძინათ მეწველი ძროხები და დედა ღორები, ც-----ნ ს---სთან ერთად შეიძინეს კახეთის რეგიონში 1---–--–--------–--------------–-, რომლებიც უნდა დაებათ, გაესუქებინათ და შემდეგ დაეკლათ. პირადად ც-----ნ ს---მ გადაიხადა 1------ ლარი. დაიწყეს მათი კვება. ც-----ნ ს---მ მოულოდნელად (ოჯახური სიტუაციის გამო) მოითხოვა მათი დაკვლა და რეალიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოქმედება წამგებიანი იქნებოდა. 1-------–---------–-ს დაკვლის და რეალიზაციის შემდეგ მიღებულ იქნა 1------ ლარი, საიდანაც ფერმის გაფართოებაში დაიხარჯა 9----- ლარი, ხოლო 20.000 ლარად შეძენილი იქნა 5--–--–- დედა ღორი, 3----- ლარი ძირი დავალიანების დაფარვის ანგარიშში გადაეცა ც. ს---ს. იგი თავად ესწრებდოა ძროხების დაკვლის პროცესს. 1-------–---------–-ს დაკვლის გამო ზარალმა შეადგინა 4----- ლარი. 5--–--–- დედა ღორის უმეტესობა დაავადების გამო დაიხოცა, მოხერხდა მხოლოდ მცირე წილის რეალიზაცია. დახოცილი ღორები ტრაქტორით ამოთხრილ ორმოში დაიმარხა. ც. ს---მ აღარ გააგრძელა საქმეში მონაწილეობა, იგი დაახლოებით ერთი წლის მანძილზე არ გამოსულა კავშირზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 2----–-–----- ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად ცაიიუნ ს---მ, როგორც ინვესტორმა, იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა ინვესტიცია შპს ,,ა---–---------ში’’, კერძოდ, ინვესტორის მიერ დაბანდებული თანხით მოპასუხეს უნდა შეეძინა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, დაეკლა და მოეხდინა მათი რეალიზაცია. რეალიზაციით შემოსული თანხის 50% ხელშეკრულების 1.3. პუნქტის შესაბამისად წარმოადგენდა ინვესტორის მოგებას; ინვესტორმა განახორციელა 1------ ლარის ინვესტიცია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2----–-–----- ივნისის ხელშეკრულება

- მიღება -ჩაბარების აქტები

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.2.1. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელეს არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოგება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–----- ივნისის ხელშეკრულება

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა თავისი არსით წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებას, სადაც ერთის მხრივ, მოსარჩელე ც-----ნ ს--- და მეორეს მხრივ, შპს ,,ა---–---------ი’’ გაერთიანდნენ საერთო სამეურნეო მიზნის მისაღწევად, კონკრეულ შემთხვევში მოგების მიღების მიზნით, სადაც ერთმა მხარემ - მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ინვესტიციის მოზიდვის, ხოლო მეორე მხრივ, მოპასუხემ - ინვესტიციის მიღების სანაცვლოდ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის შეძენის ვალდებულება შემდგომი დაკვლისა და რეალიზაციის მიზნით, საიდანაც მიღებულ მოგებას მხარეები გაინაწილებდნენ თანაბრად;

 

3.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-319-ე, 352-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 417-418-ე, 420-ე 930-932-ე, 934-935-ე, 939-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2----–-–----- ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად;

 

6.2. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში აღნიშნა შემდეგი: „ამხანაგობის ხელშეკრულება, მსგავსად ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისა, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებაა და იგი დადებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმის დაცვით [სამოქალაქო კოდექსის 327.1 მუხლი]. მართალია, სამოქალაქო კოდექსი ადგენს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც სამართალსუბიექტებს არა მარტო ხელშეკრულების დადების, არამედ ამ ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის დისკრეციას ანიჭებს, თუმცა ეს პრინციპი არ არის აბსოლუტური და იგი ლეგიტიმურ ბოჭვას სწორედ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმაში პოვებს, კერძოდ, ხელშეკრულება კანონის ფარგლებში უნდა იყოს დადებული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას. სახელშეკრულებო დავის განხილვისას სასამართლოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ხელშეკრულებაში გადმოცემული მხარეთა რეალური ნების დადგენა, მისი შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან და სწორედ ამ გზით უნდა დადგინდეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძლიანობა“ (იხ. სუსგ საქმე №ას-1003-964-2014, 17 დეკემბერი 2015 წელი).

 

ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გაერთიანებით ერთობლივად იმოქმედონ გარკვეული მიზნების მისაღწევად. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს ხელშეკრულების ამ ტიპისათვის განსაზღვრული მიზნის შინაარსს. ამდენად, გარიგების მხარეთა ინტერესს, შესაძლებელია, წარმოადგენდეს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი მიზანი, მათ შორის, გარკვეული მოგების მიღების სურვილი. საერთო მიზნის არსებობა კი გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს (იხ. სუსგ საქმე№ას-866-8---2017, 2----–-–----- ოქტომბერი).

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ერთობლივი საქმიანობა მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ურთიერთობაა და ის მოითხოვს მისი მონაწილეებისაგან ისეთ მოქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთო მიზნის რეალიზაციას;

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებულია ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება, სადაც მხარეებმა განსაზღვრეს ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები, კერძოდ, დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1. პუნქტის თანახმად, ინვესტორი იღებს ვალდებულებას ეტაპობრივად, ინვესტიციების განხორციელების საჭიროების შესაბამისად გამახორციელოს ინვესტიცია, ხოლო ინვესტიციის მიმღები ვალდებულია ინვესტორთან შეთანხმებულად, ეტაპობრივად მიიღოს და მხოლოდ ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული მიზნით გამოიყენოს საინვესტიციო თანხა. 1.2. პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ყოველ კვირეულად, ორშაბათ დღეს უნდა მოხდეს ურთიერთანგარიშსწორება და ჩადებული ინვესტიციისა და სუფთა მოგების ინვესტორისთვის დაბრუნება. 1.3. პუნქტის თანახმად, ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი თანაბრად (50%-50%) უნდა გადანაწილდეს მხარეებს შორის ყოველი კვირის ორშაბათ დღეს.

 

ამავე ხელშკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით ინვესტიციის მიმღები ვალდებულია საინვესტიციო თანხა მოხმარდეს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებულ მიზნობრიობას, კერძოდ: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორების, დედაღორების და ასევე მეწველი ძროხების შეძენას, დაკვლას, ხორცის დამუშავებას, დაფასოებას და რეალიზაციას. ინვესტიციების სხვა მიზნობრიობით, კერძოდ, ფერმის გაფართოების მიზნით გამოყენების შემთხვევაში მხარეთა შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი შეთანხმება;

 

6.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი 1--------–----- ფარგლებში ფერმის გაფართოების მიზნებისთვის გაწეული ხარჯისთვის, რაც შეეხება დანარჩენ თანხას, მისი პოზიციით იგი მოხმარდა მსხვილფეხა საქონლის შეძენას, რომლის არასწორ დროს დაკვლასა და რეალიზაციას მოყვა 4----- ლარის ოდენობით ზარალი, რაც განპირობებული იყო მოსარჩელის მოთხოვნით, თუმცა ეს პოზიცია, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა არ დასტურდება სხვა დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებით და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს; დაუსაბუთებელია მოპასუხის არგუმენტი იმ ნაწილშიც, რომ მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხა 1--------–----- ოდენობით მოხმარდა ფერმის გაფართოებას, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო დამატებითი წერილობითი შეთანხმება ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ურთიერთგამომრიცხავია მოპასუხე მხარის პოზიცია იმ ნაწილში, თუ რა ოდენობის თანხა მიიღი მან რეალურად ინვესტორისგან, ვინაიდან ერთ შემთხვევაში აღნიშნავს, რომ მიიღო მხოლოდ 1------ ლარი, ხოლო შესაგებელში მიუთითებს 1------ ლარზე. ასევე დაუსაბუთებელია მოპასუხის პოზიცია მსხვილფეხა საქონლის დაღუპვისა და ამით მიღებული ზარალის ოდენობასთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი ემყარება მხოლოდ ზეპირ ახსნა-განმარტებას და სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება მოპასუხემ საკუთარი მტკიცების ტვირთის უზრუნელსაყოფად სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

6.5. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების საფუძვლიანობას იმ ნაწილში, რომ ინვესტორის დაჟინებული მოთხოვნით მათ არასათანადო დროს დაკლეს შეძენილი საქონელი და ამით მიიღეს ზარალი, რაც პასუხისმგებლობას მოსარჩელეს აკისრებს, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული შეძენილი საქონლის დაბმა და გასუქება, პირიქით ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ყოველდღიურად უნდა მოხდეს არაუმეტეს 20 სული მსხვილფეხა საქონლის შეძენა, დაკვლა, დამუშავება და რეალიზაცია; ხოლო 3.5. პუნქტის თანახმად, ინვესტიციის მიმღები ვალდებულია მსხვილფეხა საქონლის შეძენიდან და მისი დაკვლიდან ერთი კვირის განმავლობაში მოახდინოს საქონლის ხორცის რეალიზაცია და ინვესტირებული თანხის ინვესტორისათვის დაბრუნება; ამდენად, ამ ნაწილშიც მოპასუხე მხარის არგუმენტი დაუსაბუთებელია;

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 935-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოსთხოვოს ყოველ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:

ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების

შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ.

6.7. მოცემულ შემთხევვაში დადგენილია, რომ 2----–-–----- ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა ერთმანეთის მიმართ იკისრეს გარკვეული სახის ვალდებულებები. მოსარჩელე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად განხორციელებული იქნა ჯამში 1------ ლარის ინვესტიცია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, ხოლო მოპასუხე მხარემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, საქონლის შეძენისა და მიღებული მოგებიდან 50% ინვესტორისთვის გადაცემის კუთხით. მის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები იმის დასტურად, რომ მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიუხედავად კომპანიას მიადგა ზარალი, რაც გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალეულობით; რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მიერ საქმის განხილვის მთავარ სხდომაზე ახსნა-განმარტების მოსმენისას გაჟღერებულ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ 6----- ლარი ინვესტორს გადაეცა ხელშეკრულების დადებამდე და მისი გადახდის ვალდებულების დრო არ არის განსაზღვრული მხარეთა მიერ, სასამართლო ვერ გაიზირებს, ვინაიდან საქართველოს სსკ 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული;

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლზე, რომლის მიხედვით პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ წარდგენილი შესაგებელით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თუმცა კვალიფიციური შედავება სასარჩელო განცხადებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, რის გამოც სასამართლო მოსარჩელის მიერ დასახელებულ გარემოებებს დადასტურებულად მიიჩნევს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამასთან, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ _ დაკისრებული აქვს მოპასუხეს. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

ამდენად, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მე-3 მუხლის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით მოსარჩელეს უფლება აქვს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვოს მოპასუხისთვის მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 %-ისა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ერთ-ერთი მხარისათვის მეორე მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას, თუკი დავა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დასრულდება. ამასთან, ასეთი ხარჯების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად კანონმდებელი ადგენს „გონივრულ ოდენობას“. მითითებული მუხლის თანახმად, ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით. ეს ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადვოკატის მომსახურების საფასურის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს, კონკრეტულ შემთხვევაში, შეადგენს 2000 ლარს.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი:

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-259ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ც-----ნ ს---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

მოპასუხე შპს ,,ა---–---------ს’’ (ს/კ/4--------) მოსარჩელე ც-----ნ ს---ს სასარგებლოდ დაეკისროს 1------ (ასოთხმოცდაშვიდიათას ცხრაასორმოცი) ლარის გადახდა;

2. მოპასუხე შპს ,,ა---–---------ს’’ (ს/კ/4--------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1------ ლარის ოდენობით ანაზღაურება;

 

3. ც-----ნ ს---ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 11 სექტემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი - 1------ ლარის ოდენობით;

 

4. მოპასუხე შპს ,,ა---–---------ს’’ (ს/კ/4--------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის გადახდა 2------------------ ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ს---------–-–---