გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2019
საქმის ნომერი
330210019002928077
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2/7267-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,გ-–-----–-----------------“

წარმომადგენელი - ს---------–-------–---–----------------------

 

მოპასუხე - ი-----------

წარმომადგენელი - თ-----------------–---

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე ი-----------ს შპს „გ-–-----–-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ნასყიდობის დარჩენილი საფასურის 27,92 ლარის და პირგასამტეხლოს 181,48 ლარის გადახდა;

1.2 მოპასუხე ი-----------ს შპს „გ-–-----–-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მარკეტინგული მომსახურების საფასურის 270 ლარის ანაზღაურება;

1.3 მოპასუხე ი-----------ს შპს „გ-–-----–-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოებისთვის აპლიკაციის საფასურის 150 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის გაფორმებული იყო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა ალკოჰოლური და უალკოჰოლო პროდუქცია. პროდუქციის ღირებულება მოპასუხეს მიწოდებიდან 7 დღის ვადაში უნდა დაეფარა. ბოლო მიწოდება 2018 წლის 5 მაისს განხორციელდა. მიწოდებული პროდუქციის ოდენობა ჯამში 395,52 ლარს შეადგენდა, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა 367,60 ლარი და დავალიანებაა 27,92 ლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას - დავალიანების თანხის 0,2%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც სარჩელის აღძვრამდე შეადგენს 181,48 ლარს.

 

ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ ავანსის სახით გადაიხადა 270 ლარი, რაც წარმოადგენს მარკეტინგული მომსახურების საფასურს. თანხა გადაიხდებოდა, თუკი ხელშეკრულება, მისი მოქმედების 3 წლიან ვადაში ჯეროვნად შესრულდებოდა. ვინაიდან ხელშეკრულება მოპასუხემ შეწყვიტა და ადგილი არ აქვს ჯეროვან შესრულებას, მოსარჩელეს მიადგა ზიანი, 270 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე დაადასტურა ძირითადი დავალიანების - 27,92 ლარის და მარკეტინგული მომსახურების ღირებულების - 270 ლარის გადახდის ვალდებულება. პირგასამტეხლოს ნაწილში განმარტა, რომ იყო შეუსაბამოდ მაღალი, ასევე არ დაეთანხმა გამარტივებული წარმოებისთვის აპლიკაციის საფასურის 150 ლარის ანაზღაურებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს შორის 2018 წლის 13 მარტს გაფორმდა ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მოსარჩელისგან უნდა ეყიდა ალკოჰოლური და უალკოჰოლო პროდუქცია. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მყიდველის სარეალიზაციო ობიექტში განთავსდებოდა ერთი ერთეული სამაცივრე დანადგარი. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, თავის მხრივ გამყიდველი მყიდველს გადაუხდიდა 270 ლარს.

 

მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, 7 დღის ვადაში.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 3 წლის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება;

- ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობა, კერძოდ, თუ მყიდველი არღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდის პირობას, გამყიდველი უფლებამოსილია, მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

3.1.3. ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის 14 მარტიდან 2018 წლის 5 მაისამდე პერიოდში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამში 395,52 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა, საიდანაც მოპასუხეს ანაზღაურებული აქვს 367,60 ლარი, ხოლო დავალიანება არის 27,92 ლარი.

 

მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელის მიერ 270 ლარის გადახდის ფაქტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სასაქონლო ზედნადებები;

 

3.1.4. დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის მიზნით მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სადაც გადაიხადა გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების საფასური, ჯამში 150 ლარი.

 

მოვალის მხრიდან პროტესტის წარდგენის საფუძველზე კრედიტორს უარი ეთქვა ბრძანების გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანება;

- ელექტრონული საგადახდო დავალებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოება არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, მე-400, 408-ე, 409-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე და 477-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებას, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობს ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, სადაც მოპასუხემ დაადასტურა 395,52 ლარის ღირებულების პროდუქციის მიღების ფაქტი, საიდანაც გადახდილი აქვს 367,60 ლარი, ხოლო დარჩენილი ღირებულება 27,92 ლარი მის მიერ ანაზღაურებული არ ყოფილა.

 

ასევე უდავოა, რომ როგორც ერთ-ერთი არსებითი პირობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა გამყიდველის მიერ ავანსის სახით 270 ლარის გადახდის ვალდებულება, რაც წარმოადგენს მყიდველის ობიექტში სამაცივრე დანადგარის განთავსების სანაცვლო ანაზღაურებას (მარკეტინგული მომსახურების საფასური).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნასყიდობის დარჩენილი თანხის 27,92 ლარის და მარკეტინგული მომსახურების ღირებულების 270 ლარის ნაწილში. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას სასამართლო მიიჩნევს საკმარის საფუძველს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო –მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განსაზღვრეს დავალიანების თანხის 0,2%-ით. პირგასამტეხლოს ოდენობა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, მოპასუხის მიერ შედავებული იქნა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მართალია, სამოქალაქო კოდექსი მხარეებს ანიჭებთ თავისუფალ ნებას, თავად განსაზღვრო პირგასამტეხლოს ოდენობა, უფრო მეტიც, შესაძლოა იგი აღემატებოდეს ზიანის ოდენობასაც, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია შეამციროს მისი ოდენობა, თუკი მიიჩნევს, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია.

 

პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელე ითხოვს ჯამში 181,48 ლარის დაკისრებას. პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0,2%. თავად ძირითადი დავალიანება კი შეადგენს 27,92 ლარს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს 0.01%-მდე - 9,07 ლარამდე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს, აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

უდავოა, რომ დავალიანების გამარტივებული წესით დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გადაიხადა წარმოების დაწყების საფასური, ჯამში 150 ლარი. ბრძანების გამოცემაზე კრედიტორის უარი ეთქვა, მოვალის მიერ წარმოების პროცესში პროტესტის წარდგენის საფუძველზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი მიმართვა მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით არის გამოწვეული. რომ არა დავალიანების არსებობა, კრედიტორის მიერ არ მოხდებოდა დამატებითი ხარჯის გაწევა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს გამარტივებული საქმის წარმოებისთვის გადახდილი საფასურის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: 1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. 2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3) სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარის იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 297.92 ლარის ნაწილში, რომლის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის თანხა - 23,66 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ვინაიდან მოთხოვნის დარჩენილ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 12,65 ლარი, ხოლო დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის პროპორცილი სახ ბაჟის თანხა 13,69 ლარი რჩება ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლი აღსასრულებლად გადაცემის საკითხი

 

9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1-ე მუხლის სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ .......იმავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამ ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში (სასამართლოს შესაძლებლობა). ამასთან, ამ ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია, მხოლოდ 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სასამართლოს ვალდებულება).

 

9.2. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, ვინაიდან მხარეებმა ხელშეკრულებით შეათანხმეს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,გ-–-----–-----------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ი-----------ს შპს ,,გ-–-----–-----------------“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების სახით 200 ლარის გადახდა.

 

3. ი-----------ს შპს ,,გ-–-----–-----------------“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ზიანის ანაზღაურების სახით 36.99 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 27.92 ლარი და პირგასამტეხლო 9.07 ლარი.

 

4. ი-----------ს შპს ,,გ-–-----–-----------------“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 150 ლარის გადახდა გამარტივებული წარმოების საფასურის სანაცვლოდ.

 

5. ი-----------ს შპს ,,გ-–-----–-----------------“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 12.65 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. შპს ,,გ-–-----–-----------------“-ს (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 27.03.2019 წელს სს ,,საქართველოს ბანკში” (საგადასახადო დავალება N---) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარიდან - 23.66 ლარი (ოცდასამი ლარი და 66 თეთრი), გადამხდელი - შპს ,,გ-–-----–-----------------“, ს/ნ 4--------, გადამხდელის ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22.

 

7. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟი 13.69 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

9. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-8 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

12. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე