განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100118002617087
N1-803/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
06 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ნათია ზოიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ა-–---------–-–---–-
ადვოკატი - ს--------------–-–---–-
ბრალდებული: ვ-–----------------
მამის სახელი: ნ---------
პირადი ნომერი: 6----------
დაბადებული: 1--0--1----–--–-
მოქალაქეობა: ს----------–----------–---
განათლება: ს-–----–----------–-----------
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
რეგისტრაციის მისამართი: თ---–------------------------------–--------------
ნასამართლობა: ნ----------–-------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ვ-–----------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განაჩენით, თაღლითობისთვის ნასამართლევი ვ-–----------------, 2018 წლის 26 ივლისს, ქ---------–------------------------------------------ არსებულ ზღვის სანაპიროზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ----–----------------- კუთვნილ ხელჩანთას და მასში მოთავსებულ ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.2 სასამართლო სხდომაზე ვ-–----------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
1.3 ვ-–----------------- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.
1.4 გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დასტურდება, რომ 2018 წლის 26 ივლისს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქურდობის ფაქტზე.
1.5 მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ი-----–--------- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 26 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და დანაშაულის პრევენციის მიზნით იმყოფებოდა ქ---------–------------------------- დ--–------------- მიმდებარე ტერიტორიაზე თავის მეწყვილესთან გ------------------- ერთად. ვინაიდან ძალიან ცხელოდა, ისინი იდგნენ ქოლგის ქვეშ და თვალს ადევნებდნენ ირგვლივ არსებულ სიტუაციას პლიაჟზე უამრავი დამსვენებელი იყო. ზუსტი დროს არ ახსოვს, დაახლოებით 12:30 საათი იქნებოდა, მათი ყურადღება მიიქცია ერთმა პიროვნებამ, რომელმაც პლიაჟიდან შეუმჩნევლად აიღო ჩანთა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ. ვინაიდან მისი მოქმედება მათ მოეჩვენათ საეჭვოდ, უკან გაჰყვნენ. დ--–------------- მოპირდაპირე მხარეს, ნაძვნარში შეაჩერეს. ჰკითხეს ვინაობა. მან განაცხადა, რომ იყო ვ-–----------------. კითხვაზე თუ ვისი იყო ჩანთა, მამაკაცი დაფიქრდა და უპასუხა, რომ ზღვის სანაპიროზე პლიაჟიდან მოიპარა. ამის შემდეგ დარეკა სამორიგეოში და სანამ გამომძიებელი მოვიდოდა დარჩა ვ-–----------------სთან ერთად, ხოლო გ---------------- წავიდა პლიაჟზე, იმ ადგილას, სადაც ამ მამაკაცმა ჩანთა აიღო. ცოტა ხნის შემდეგ გ---------------- დაბრუნდა და უთხრა, რომ ჩანთა ეკუთვნოდა ნ----–-----------------, რომელმაც წამოსვლაზე უარი განაცხადა, რადგან დ--–-----------–- უნდა წაეყვანა ბავშვები და მოგვიანებით გამოცხადდებოდა. დაახლოებით 15 წუთში ადგილზე მოვიდა გამომძიებელი კრიმინალისტებთან ერთად. ვ-–----------------ს ჩაუტარდა ჩხრეკა და დაკავებულ იქნა. ჩანთა და მასში არსებული ნივთები ამოღებულ და დალუქულ იქნა ადგილზე. ბრლადებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
1.6 მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გ----------------ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 26 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა ქ---------–-- რუსთაველის ქუჩაზე არსებული დ--–------------- მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე, თავის მეწყვილესთან ი-----–---------თან ერთად. თვალს ადევნებდნენ ირგვლივ არსებულ სიტუაციას. დაახლოებით 12:30 საათი იქნებოდა, რა დროსაც მათი ყურადღება მიიქცია ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც პლიაჟიდან შეუმჩნევლად აიღო ჩანთა. ვინაიდან მისი მოქმედება ი-----–--------- და მას მოეჩვენათ საეჭვოდ, გადაწყვიტეს უკან გაჰყოლოდნენ შეუმჩნევლად. ახალგაზრდა მამკაცმა მოძრაობა გააგრძელა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე. სანამ რუსთაველის ქუჩაზე გადავიდოდა, ის და ი-----–-------- მიუახლოვდნენ და შეაჩერეს. ჰკითხეს ვინაობა. მან განაცხადა, რომ იყო ვ-–----------------. კითხვაზე თუ ვისი იყო ჩანთა, დაიბნა და გაჩუმდა, შემდეგ კი უპასუხა, რომ ზღვის სანაპიროზე მოიპარა. ი-----–--------მ დარეკა პოლიციის განყოფილებაში, თვითონ კი წავიდა პლიაჟის მიმართულებით. იმ ადგილზე, საიდანაც მამაკაცმა ჩანთა აიღო, დაინახა რუსი ეროვნების ქალბატონი, რომელიც უკვე რეკავდა პოლიციაში. ქალბატონს რუსულ ენაზე გაესაუბრა, აუხსნა, რომ ხელჩანთა ვინც მოიპარა, ის პირი პოლიციას უკვე ჰყავდა შეჩერებული და დაკითხვის მიზნით უნდა გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში. ქალბატონმა განაცხადა, რომ დ--–-----------–- იყო წასასვლელი და შემდეგ გამოცხადდებოდა პოლიციაში.
1.7 სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ნ----–----------------- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 20 ივლისს, ოჯახთან და მეგობართან ერთად ჩამოვიდა საქართველოში კერძოდ, ბ------–-- 26 ივლისს, თავის დაქალთან ე-–--------------- და ბავშვებთან ერთად წავიდნენ პლიაჟზე. სანამ ზღვაზე გავიდოდნენ, დ--–------------- ბილეთები იყიდეს, შემდეგ კი წავიდნენ საბანაოდ. ზღვაზე ძალიან ბევრი ხალხი იყო. თავიანთი ნივთები სანაპიროზე დატოვეს და შევიდნენ საბანაოდ. რამდენიმე წუთის შემდეგ უკან რომ ამოვიდნენ, თავისი ჩანთა აღარ იყო ადგილზე. მაშინვე დარეკა პოლიციაში. ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა პოლიციელი და უთხრა, რომ ჩანთა ვინც მოიპარა ის პიროვნება უკვე დაკავებული იყო და ჩვენების მისაცემად განყოფილებაში უნდა გამოცხადებულიყო. პოლიციელს უთხრა, რომ დ--–------------- ბილეთები ჰქონდა ნაყიდი და შოუს შემდეგ თავისით მივიდოდა პოლიციაში. ასეც მოიქცა. განყოფილებაში ამოიცნო თავისი ჩანთა.
1.8 მოწმე ელენა ბოევა ჩვენების თანახმად, 2018 წლის 20 ივლისს, თავის მეგობართან ნ----–-----------------თან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. მათ თან ახლდათ შვილები. 26 ივლისს, დ--–------------- ბილეთები იყიდეს და ბავშვებთან ერთად წავიდნენ ზღვაზე საბანაოდ. ზღვაში, რომ შევიდნენ, ჩანთები დატოვეს მეთვალყურეობის გარეშე. როცა დაბრუნდნენ, ნ----–---- ჩანთა აღარ იყო. მან პოლიციაში დარეკა, დაახლოებით 10 წუთში მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ტელეფონში აჩვენეს ჩანთის სურათი, მისი ჩანთა თუ იყო. ნ----–---- უთხრა, რომ კი ეს ჩანთა მოიპარესო. პოლიციელებმა უთხრეს, რომ ის პიროვნება ვინც ჩანთა მოიპარა უკვე დაკავებული იყო და ჩვენების მისაცემად განყოფილებაში უნდა წასულიყვნენ. დ--–-----------–- შოუს დაესწრენენ და შემდეგ მივიდნენ განყოფილებაში, სადაც ნ----–---- ამოიცნო ჩანთა და მისცეს ჩვენება. სხვა ნივთები, რაც ჩანთასთან ერთად იდო პლიაჟზე არ დაკარგულა.
1.9 2018 წლის 26 ივლისს ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, წარმოდგენილი სამი ერთმანეთის მსგავსი ზღვის ჩანთიდან, ნ----–----------------- ამოიცნო რიგით ნომერი 1 ჩანთა და განმარტა, რომ ეს არის სწორედ ის ჩანთა, რომელიც იყიდა ე-------–-- დაახლოებით ერთი წლის წინ. შიგნით ედო მზის დამცავი კრემები, მაისურები, სათვალეები და სხვა ნივთები, რომელიც 2018 წლის 26 ივლისს, მას მოჰპარა პლიაჟზე, მისთვის უცნობმა პირმა. ჩანთა ამოიცნო ფორმით. იგი არის მოზრდილი ზომის, ყვითელი ფერით, ცვეთით, დაზიანების კვლითა და წარწერით. ამოცნობაში არის დარწმუნებული და ეს ჩანთა ნამდვილად მას ეკუთვნის.
1.10 2018 წლის 26 ივლისს, ქ---------–-- დ--–------------- მოპირდაპირედ ზღვისპირა პარკში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ვ-–----------------- პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ვ-–-----------------აგან ამოღებულ იქნა მის ხელთ არსებული ქალის ზღვის ხელჩანთა, რომელიც არის მოყვითალო ფერის - წარწერით ,,BEACH ADDICT.'' აღნიშნული ნაქსოვი ტიპის ხელჩანთის გახსნისას, ჩანს, რომ შიგნით მოთავსებულია ქალის სხვადასხვა სახის ნივთები, კერძოდ, ორი ცალი ზაფხულის მოკლე სახელოიანი მაისური, ერთი ბოთლი ლუდი წარწერით „ნატახტარი“, სამი ცალი ქალის სათვალე თავისი ჩასადები ყუთით, ერთი ცალი სველი სალფეთქის შეკვრა, ერთი ცალი სავარცხელი, კარტი, ერთი ცალი შავი ფერის ქალის საცვალი, ორი ბოთლი წყალი. ოთხი ცალი ნაჭრის პატარა ზომის თოჯინები, ოთხი ცალი პლასტმასის კრემის ყუთები, რომლებზეც აქვს წარწერები რუსული და ლათინური შრიფტით „SAN ENERGY, SUN BIOCR, SPORT BIOTHERM“. ასევე ერთი ცალი მეტალის ქილა აეროზოლის თავით, წარწერით „ЗАЩЙТА ОТ СОЛНЦА''.
1.11 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ 2018 წლის 06 აგვისტოს გაცემული ს--------–------------------------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელჩანთისა და მასში არსებული ნივთების საერთო საბაზრო ღირებულება, მათი ფაქტიურ-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 466, 40 ლარს.
1.12 დაცვის მხარეს ვ-–----------------- უდანაშაულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო ბრალდებულის ჩვენება მისი უდანაშაულობის თაობაზე არ არის დამაჯერებელი (ვ-–----------------მ განაცხადა, რომ ზღვიდან ბრუნდებოდა სახლში. დ--–------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუნკერთან ნახა ზღვის ჩანთა, რომელიც ვიზუალურად იყო ლამაზი. იფიქრა სახლში წაიღებდა ან მეუღლეს აჩუქებდა და აიღო ჩანთა, რა დროსაც დააკავა პოლიციამ).
2. სამართლებრივი შეფასება:
2.1 ქურდობა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას. დამნაშავეს არ გააჩნია არავითარი უფლებამოსილება მოპარულ ნივთზე ან შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი დაკისრებული სამუშაოს გამო.
ქურდობის ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება და მისი სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. ფარულობას აქვს ორი კრიტერიუმი: ობიექტური და სუბიექტური.
ობიექტურად ფარულად ხდება სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, როცა მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება მესაკუთრისათვის და სხვა პირებისათვის, ან დაზარალებული ვერ იგებს, რომ მას ქურდავენ, ასევე ვერ აღიქვამს ქურდობის ფაქტს სიმთვრალის ან გონების დაკარგვის გამო, ან ქურდობა ხდება იმ პირთა თანდასწრებით, რომლებიც თავისი ასაკობრივი თუ ფსიქიკური მდგომარეობის გამო ვერ აღიქვამენ ქურდობის ფაქტს.
სუბიექტური კრიტერიუმი გამოიხატება დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნებაში, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდება სხვებისაგან შეუმჩნევლად, თუმცა, შესაძლოა მისი მოქმედება აშკარა ხასიათს ატარებდეს და სხვა პირები ხედავდნენ ქურდობის ფაქტს, რაც დამნაშავისათვის ცნობილი არ არის. უპირატესობა სუბიექტურ კრიტერიუმს ენიჭება.
2.2 მოცემულ შემთხვევაში, ვ-–----------------ს არავითარი უფლებამოსილება ნ----–----------------- მოძრავ ნივთებზე არ გააჩნდა. მას შეგნებული ჰქონდა, რომ ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სხვის ნივთებს, თუმცა მის ქმედებას ხედავდნენ სხვა პირები, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მორიგეობდნენ ზღვის სანაპიროზე.
სასამართლო თვლის, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებს ვ-–----------------- მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, კერძოდ, ვ-–----------------- პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ჩანთა და ნივთები, რომლებიც ამოიცნო დაზარალებულმა ნ----–-----------------, როგორც ზღვის სანაპიროდან მოპარული, პოლიციელები - ი-----–-------- და გ----------------, რომლებიც იმყოფებოდნენ ზღვის სანაპიროზე და ამხელენ ვ-–----------------ს დანაშაულის ჩადენაში (მათი ჩვენებები პირდაპირი მტკიცებულებებია).
ამდენად, სახეზეა არამარტო ნაქურდალი ნივთები, რომლებიც ვ-–----------------- პირადი ჩხრეკისას იქნა აღმოჩენილი, ასევე სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ-–----------------- მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინება, საქმე N674 აპ-17).
2.3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განაჩენით, ვ-–---------------- ნასამართლევია თაღლითობისთვის, ხოლო სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხელჩანთისა და მასში არსებული ნივთების საერთო საბაზრო ღირებულება, შეადგენს 466, 40 ლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–---------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
3.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
3.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულის რეციდივი. ამავდროულად, ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას - არაერთგზისობა წარმოადგენს, რომელსაც ბრალდებულის ნასამართლობა აფუძნებს. შესაბამისად, მიუხედავად დანაშაულის რეციდივისა, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენის საფუძველზე ასევე სახეზეა დანაშაულის რეციდივი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ვ-–----------------- ქმედების კვალიფიკაცია მოხდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განაჩენის საფუძველზე და სასჯელი უნდა დაენიშნოს არერთგზის ჩადენილი ქმედებისათვის, რეციდივის წესი არ უნდა იქნეს გამოყენებული და აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ.
ვ-–----------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
სასამართლო თვლის, რომ ამ განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 500 ლარი).
4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ-–---------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ვ-–----------------- მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და განაჩენთა ერთობლიობით ვ-–----------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
4. ვ-–----------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 ივლისიდან.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივლისის განჩინებით, ვ-–----------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. ნივთმტკიცებები - პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული დაზარალებულის კუთვნილი ჩანთა და მასში არსებული ნივთები, - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
კომპაქტ დისკები (2 ცალი), რომელებშიც ჩაწერილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმები, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი