განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4----18
( №00----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
10 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გრიგოლ ნიშნიანიძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შო--- მე--------ე ყუ---–---–ი (დაბადებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, ი----–-------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ.
ადვოკატი - ზა----- გვ-–---ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილი.
დისპოზიცია: განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 1- მ-----ის განაჩენით, შო--- ყუ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. 2018 წლის 1-----–--ს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, მცხეთის ქ---- N27-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი შო--- ყუ---–---–ი ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ, მაფიქსირებელი მოწყობილობით ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ დანას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. შო--- ყუ---–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - იო--- წე---–--ის, და---- გა-----–---–ისა და ლე--- ძი----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 1-----–--ის პირის ზედაპირული შემოწმების ოქმს, 2018 წლის 1-----–--ის ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმს, 201- წლის 1- მ-----ის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენს, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 17 ი--–--ის ტექნიკური ექსპერტიზის №1----–- დასკვნას, ბრალდებულ შო--- ყუ---–---–ის აღიარებით ჩვენებას და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ შო--- ყუ---–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, ცივი იარაღის ტარებისათვის განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. დანაშაულის საგანია ცივი იარაღი, რაც ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” პუნქტში განმარტებულია, როგორც იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) დანაშაულის სუბიექტი იყოს ნასამართლევი განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირი და მას ნასამართლობა არ უნდა იყოს მოხსნილი ან გაქარწყლებული; საქართველოს სსკ-ის 12-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას. ბ) იარაღი, რომელსაც პირი ატარებს უნდა მიეკუთვნებოდეს ცივ იარაღთა კატეგორიას; გ) სახეზე უნდა იყოს ცივი იარაღის ტარება - ერთი ადგილიდან მეორესკენ გადაადგილებისას პირს თან უნდა ჰქონდეს ცივი იარაღი (უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში).
3.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.
3.3. მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 1- მ-----ის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენით დადასტურებულია, რომ შო--- ყუ---–---–ი ნასამართლევია საქართველოს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით. 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება განზრახ მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ახალი ქმედების ჩადენის დროს მისი ნასამართლობა, კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა. 2018 წლის 1-----–--ის პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით, 2018 წლის 1-----–--ის ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 17 ი--–--ის ტექნიკური ექსპერტიზის №1----–- დასკვნით დასტურდება ის გარემოება, რომ შო--- ყუ---–---–ის კუთვნილი დანა მიეკუთვნებოდა ცივ იარაღთა კატეგორიას. ამასთან, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, ასევე, მოწმეების - იო--- წე---–--ის, და---- გა-----–---–ისა და ლე--- ძი----–---–ის გამოკითხვის ოქმებითა და თავად ბრალდებულ შო--- ყუ---–---–ის აღიარებითი ჩვენებით უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ 2018 წლის 1-----–--ს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, მცხეთის ქ---- N27-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი შო--- ყუ---–---–ი ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ, მაფიქსირებელი მოწყობილობით ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ დანას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შო--- ყუ---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
4.5. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს შო--- ყუ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას - იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამძიმების თვალსაზრისით, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 1- მ-----ის განაჩენით შო--- ყუ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 04 (ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქარტველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 201- წლის 0-----------რის გადაწყვეტილებით, შ. ყუ---–---–ის გათავისუფლდა პირობით ვადამდე 02 თვითა და 06 დღით ადრე. აქედან გამომდინარე, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - შო--- ყუ---–---–ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი, უზენასი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-1- გადაწყვეტილება და უზენასი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემებრის N349აპ-17 გადაწყვეტილება). ამდენად, ბრალდებულს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით.
4.6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
4.7. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ შო--- ყუ---–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ბრალდებულს სასჯელი დაენიშნოს ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით.
4.8. რაც შეეხება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
4.9. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.
4.10. სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).
4.11. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
4.12. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
4.13. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა შეფასება/გაანალიზებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება არაადეკვატურ და არაპროპორციულ სასჯელის სახედ უნდა იქნეს მიჩნეული და აღნიშნულ სასჯელის სახეს ბრალდებულ შო--- ყუ---–---–ის მიმართ სასამართლო არ გამოიყენებს, ვინაიდან, სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახე - ჯარიმა - ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების და ამოცანების შესრულებას. გარდა ამისა, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, დაავადებულია სხვადასხვა სახის დაავადებით (საქმის მასალებში წარმოდგენილია 201- წლის 22 მ-----ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა), სწორედ ამიტომ, სასამართლოს სამართლიანის სასჯელის პრინციპის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულ შო--- ყუ---–---–ის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და შო--- ყუ---–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შო--- ყუ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 1- მ-----ის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით (201- წლის 1- მ-----ი) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ შო--- ყუ---–---–ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით.
3. მსჯავრდებულ შო--- ყუ---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 მაისიდან.
4. მსჯავრდებულ შო--- ყუ---–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:
- დანა, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პ------–-----------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე