გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2019
საქმის ნომერი
010210018002778995
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210018002778995

# 2-5306/2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი ნათია გოგმაჩაძე

 

მოსარჩელე: ჯე----- ნუ-----

 

მოპასუხე: იმ---- ჯ---------

წარმომადგენლები: ნ-------- ჯ---------

 

დავის საგანი: შვილის გვარის შეცვლა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ან------ ჯ---------ს შეეცვალოს მამის გვარი - ჯ--------- და მიეკუთვნოს დედის გვარი - ნუ-----.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტაციით:

- 2014 წლიდან 2016 წლის 11 მაისამდე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მოპასუხესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, 20-5 წლის 0- იანვარს დაბადებული ან------ ჯ---------.

- 2016 წლის 11 მაისს განქორწინდნენ, ხოლო ქობულეტის მაგისტრატი სასამართლოს მიერ 24.03.2015წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმე #2/24-2015) საფუძველზე მოპასუხეს ან------ ჯ--------ის რჩენისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა, 2015 წლის 20 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, თუმცა მოპასუხე ალიმენტის გადახდას ბოროტად თავს არიდებს.

- მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეს შვილი არც კი უნახავს საერთოდ და მასზე არასდროს არ უზრუნია, ბავშვი იზრდება მასთან-დედასთან, მის მოვლა-აღძრდაში კი ეხმარებიან მოსარჩელის მშობლები.

- ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიუღებელია, რომ ბავშვი ატარებდეს ასეთი მამის გვარს, რომელსაც შვილი დაბადებიდან დღემდე არ უნახავს და არც არასდროს უზრუნია მასზე რაიმე ფორმით, არც მოუკითხია. ბავშვი არც მოპასუხის რომელიმე ნათესავს მოუკითხია დღემდე. შესაბამისად, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს გვარის შეცვლას და შვილისათვის დედის-მისი გვარის მინიჭებას.

(იხ. სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე იმ---- ჯ--------- შესაგებლით არ ცნობს სარჩელს.

 

მოპასუხის პოზიცია ემყარება შემდეგ არგუმენტებს:

- მოპასუხე მიუთითებს, რომ ის იხდის დაკისრებულ ალიმენტს.

- ან------ ჯ--------- მისი შვილია და უნდა ატარებდეს მამის გვარს, მოპასუხე მისი პატრონია, სურს წაიყვანოს შვილი თავისთან და თვითონ გაზარდოს.

- მოპასუხეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და საჭიროებს მკურნალობს, იგი ვერ გაზრდის ბავშვს. ასევე მოპასუხის მშობლებმა დიდი ზიანი მიაყენეს მოპასუხის ოჯახს.

- მოპასუხის წარმომადგენელი მხარს უჭერს შესაგებელს და განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით მოპასუხე უმუშევარია.

(იხ. სარჩელი, მოპასუხის წარმომადგენლისვ ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ჯე----- ნუ----- და მოპასუხე იმ---- ჯ--------- 2014 წლიდან 2016 წლის 11 მაისამდე იმყოფებოდენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2016 წლის 11 მაისიდან ისინი განქორწინდნენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- განქორწინების მოწმობა;

 

3.1.2. მოსარჩელე ჯე----- ნუ-----ს და მოპასუხე იმ---- ჯ---------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, 20-5 წლის 0- იანვარს დაბადებული ან------ ჯ--------- (პ/ნ 6----------), რომელსაც დაბადებიდან მიენიჭა მამის გვარი - ჯ---------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- დაბადების მოწმობა;

-

3.1.3. 2016 წლის 11 მაისიდან, განქორწინდნენ რა მხარეები, ისინი ფაქტობრივადაც დაცილდნენ ერთმანეთს, შეწყვიტეს თანაცხოვრება, ხოლო მათი არასრულწლოვანი შვილი, 20-5 წლის 0- იანვარს დაბადებული ან------ ჯ--------- (პ/ნ 6----------) დღემდე იმყოფება და იზრდება დედასთან - მოსარჩელესთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- განქორწინების მოწმობა;

- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში;

 

3.1.4. ქობულეტის მაგისტრატი სასამართლოს მიერ 24.03.2015წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმე #2/24-2015) საფუძველზე მოპასუხეს, ან------ ჯ--------ის რჩენისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა, 2015 წლის 20 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- განქორწინების მოწმობა;

- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში;

- აღმასრულებლის წერილი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯე----- ნუ----- და მოპასუხე იმ---- ჯ---------, შვილის (20-5 წლის 0- იანვარს დაბადებული ან------ ჯ--------- (პ/ნ 6----------) დაბადებამდე და განქორწინებამდე, ფაქტობრივად დაცილდნენ ერთმანეთს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- განქორწინების მოწმობა;

- ან------ ჯ--------ის დაბადების მოწმობა.

- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში;

 

3.2.2. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. მხარეთა მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხეს უნდა დაეკისროს საპროცესო ვალდებულება - დაამტკიცოს, რომ ის იხდის დაკისრებულ ალიმენტს თუნდაც ნაწილობრივ, ან რომ საერთოდ აქვს რაღაც ოდენობა გადახდილი, ასევე, რომ იგი ზრუნავს, ან ცდილობს იზრუნოს შვილზე, ან თუნდაც ერთჯერ მაინც თუ ინახულა შვილი, ან შეეცადა და მას ამაში ხელი შეუშალა მოსარჩელე მხარემ.

 

3.2.3. დადგენილია, რომ ქობულეტის მაგისტრატი სასამართლოს მიერ 24.03.2015წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმე #2/24-2015) საფუძველზე, ან------ ჯ--------ის რჩენისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა რა ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა, მას 2018 წლის 08 ნოემბრისათვის უკვე დაგროვილი ჰქონდა გადასახდელად ალიმენტის თანხა 4815 ლარის ოდენობით. მას არც შემდეგ აქვს გადახდილი ალიმენტის სახით რაიმე თანხა. მართალია, შესაგებელში მოპასუხე მიუთითებს, რომ იგი იხდის ალიმენტს, მაგრამ ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- აღმასრულებლის წერილი;

- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში;

 

3.2.4. სასამართლოს ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე იმ---- ჯ---------ს, შვილი - 20-5 წლის 0- იანვარს დაბადებული ან------ ჯ--------- მისი დაბადებიდან დღემდე საერთოდ არ მოუნახულებია და არ მოუკითხავს. მოპასუხეს არც შესაგებელში და არც მის წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე ამის თაობაზე ერთი ფაქტის თაობაზეც კი არ მიუთითებიათ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯე----- ნუ----ის მოთხოვნა, შვილის გვარის შეცვლის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კონსტიტუცია;

- ბავშვთა უფლებათა კონვენცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196.2 მუხლით, მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის თანახმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.

 

6.2. ბავშვთა უფლებათა კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) პრეამბულის მე-8 აბზაცით, წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ ბავშვის უფლებათა დეკლარაციის მითითებას, რომ ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

ამავე კონვენციის მე-5 მუხლით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

 

6.3. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:

,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

 

სახელმწიფოს მიერ ბავშვთა უფლებების დაცვა, კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით ,,1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.

4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას.

5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

 

დასახელებული ნორმის პრინციპიდან გამომდინარე, მშობლებს შვილების მიმართ ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხიმგებლობა. ისინი ვალდებულნი არიან სათანადოდ არჩინონ და აღზარდონ შვილები. აღნიშნული ვადებულება გამომდინარეობს არამარტო კანონიდან, არამედ ის მორალისა და ზნეობრივი პრინციპებითაცაა განმტკიცებული. მშობლებს შეუძლიათ განსაზღვრონ სად და ვისთან ერთად იცხოვრებენ მათი შვილები. მშობლის პირადი მოვალეობაა უზრუნველყოს შვილის უფლებების დაცვა, ასევე მშობელი ვალდებულია დაიცვას შვილის ინტერესები, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. იგი ვალდებულია არჩინოს შვილი, სანამ იგი არასრულწლოვანი და შესაბამისად, შრომისუუნაროა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასრულწლოვანს საკუთარი შრომით აქვს შემოსავალი, მშობელი მისი რჩენის ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეა განსაზღვრული მშობლის მოვალეობის უპირობო განხორციელების ვალდებულება.

 

6.5. ვინაიდან კანონი ბავშვის ინტერესების დაცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იმავდროულად ითვალისწინებს გარკვეულ ზომებს იმ მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც სათანადოდ არ ზრუნავენ ბავშვის რჩენაზე და აღზრდაზე. ერთერთი ასეთი პასუხისმგებლობის ზომა მოცემულია საქ. სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილში, რომლის მიხედვითაც ,,1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილების აღზრდის ყველა საკითხს წყვეტენ მშობლები. მათ მიმართ დაწესებულია კანონისმიერი ვალდებულება: - მშობლის უფლებები არ განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. თუ დადგინდება, რომ მშობელი შვილის მიმართ მოვალეობებს ვერ ასრულებს ან არ ასრულებს, ასევე თუ უფლებებს იყენებს ბოროტად, მაშინ სავალდებულოა მისი უფლება შეიზღუდოს. ამ შეზღუდვის მიზანია შვილის ინტერესის დაცვა. მშობლის უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შვილების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

6.6. დადგენილია, რომ ქობულეტის მაგისტრატი სასამართლოს მიერ 24.03.2015წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმე #2/24-2015) საფუძველზე, ან------ ჯ--------ის რჩენისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა რა ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა, მას 2018 წლის 08 ნოემბრისათვის უკვე დაგროვილი ჰქონდა გადასახდელად ალიმენტის თანხა 4815 ლარის ოდენობით. მას არც შემდეგ აქვს გადახდილი ალიმენტის სახით რაიმე თანხა. მართალია, შესაგებელში მოპასუხე მიუთითებს, რომ იგი იხდის ალიმენტს, მაგრამ ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია (იხ. პუნქტი 3.2.3.).

 

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე იმ---- ჯ---------ს, შვილი - 20-5 წლის 0- იანვარს დაბადებული ან------ ჯ--------- მისი დაბადებიდან დღემდე საერთოდ არ მოუნახულებია და არ მოუკითხავს. მოპასუხეს არც შესაგებელში და არც მის წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე ერთი ფაქტის თაობაზეც არ მიუთითებიათ (იხ. პუნქტი 3.2.4.).

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი შესაძლებლობას იძლევა დავასკვნათ, რომ შვილისათვის გვარის გამოცვლის მოთხოვნა დასაბუთებული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი შეესაბამება ბავშვის ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ბავშვის ინტერესის არსებობა დასაბუთებულად მიაჩნია, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ არსებობს ჯე----- ნუ----ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ჯე----- ნუ----ის სარჩელი.

 

2. 20-5 წლის 0- იანვარს დაბადებულ ან------ ჯ---------ს (პირადი №6----------) შეეცვალოს გვარი და მიენიჭოს დედის, ჯე----- ნუ----ის (პირადი №6----------) გვარი - ნუ-----.

 

3. სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად მოახდინოს რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით და ან------ ჯ--------ის (პირადი №6----------) დაბადების აქტის ჩანაწერის შესაბამის გრაფაში შეიტანოს შემდეგი სახის ცვლილება: გვარი – ნუ-----, დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გასცეს შესაბამისი დაბადების მოწმობა.

 

4. მოპასუხე იმ---- ჯ---------ს, მოსარჩელე ჯე----- ნუ----ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის 30) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე