გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2019
საქმის ნომერი
330210019002911021
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/6172 -19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 ივნისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე ე---------ე კ--–------ე

წარმომადგენელი ი-------------ე

მოპასუხე თ----ზ ქ---------ე

წარმომადგენელი გ----–--–--ე

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე თ----ზ ქ---------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ--- ქ---------ის (დაბადებული 2-----–-–-------------ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 25 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

1.2. მოპასუხე თ----ზ ქ---------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ--- ქ---------ის (დაბადებული 2-----–-–-------------ს) სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის სახით ბოლო სამი წლის ფარგლებში 14 400 (თოთხმეტი ათას ოთხასი) ლარის (ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით) გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრამდე, 2019 წლის 25 მარტამდე პერიოდისათვის.

 

ე---------ე კ--–------ე და თ----ზ ქ---------ე 2010 წლის აგვისტოდან 2016 წლის აპრილის თვემდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 20---–-–-------------ს შეეძინათ შვილი ნ--- ქ---------ე. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, არასრულწლოვანი ნ--- ქ---------ე ცხოვრობს დედასთან, ე---------ე კ--–------ესთან. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. მოსარჩელის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს ფულადი გზავნილები, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი დედა უგზავნის. არასრულწლოვანი ნ--- ქ---------ე საჭიროებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სიარულს, მას სჭირდება ტანსაცმელი, სამედიცინო მომსახურეობა, კვება და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან. მოპასუხე თავს არიდებს ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. იგი ვალდებულია სათანადოდ ზრუნავდეს და მონაწილეობდეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარების პროცესში. ბავშვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად მოსარჩელემ აიღო სესხი 2000 ლარის ოდენობით. მას დარჩენილი აქვს ფინანსური ვალდებულება საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის გადახდაში ეხმარებიან მშობლები. მოსარჩელე ე---------ე კ--–------ე თ----ზ ქ---------ესთან აღარ ცხოვრობს 2016 წლის აპრილიდან. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თარიღიდან დღემდე მოპასუხეს არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ მიუღია არანაირი მონაწილეობა ბავშვის მატერიალურად უზრუნველყოფისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნაწილობრივ ეთანხმება მოთხოვნას ალიმენტის დაკისრების თაობაზე. იგი თანახმაა არასრულწლოვანი ნ--- ქ---------ის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი 150 ლარის ოდენობით. მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი ნ--- ქ---------ის რჩენა-აღზრდაში. მოპასუხე მუდმივად ყიდულობს ბავშვის საჭირო საკვებს, ტანსაცმელს და სხვა ნივთებს. მოპასუხე თ----ზ ქ---------ეს ჰყავს მეორე შვილი, ა-–---------ე ქ---------ე, რომლის მიმართაც ანალოგიურად აქვს რჩენის ვალდებულება. მოპასუხეს ჰყავს პენსიონერი დედა, რომელიც არის მძიმე ავადმყოფი და ყოველთვიურად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის ხარჯების დაფარვაც სრულად აღებული აქვს მოპასუხეს. თ----ზ ქ---------ეს ბანკის წინაშე ერიცხება ორი სასესხო ვალდებულება. სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოპასუხეს დამატებით ეკისრება დაზღვევის ხარჯების, ყოველთვიურად 125 ლარის გადახდის ვალდებულება. მოპასუხე თ----ზ ქ---------ე იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და აქვს შესაბამისი სხვა ოჯახური ვალდებულებები. მოპასუხე ყოველთვის მონაწილეობდა და მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში. თ----ზ ქ---------ე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ შესძლებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას არასრულწლოვანის სასარგებლოდ. ამასთან, არ არსებობს წარსული დროის ალიმენტის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან მოპასუხე მხარე ყოველთვის ზრუნავდა არასრულწლოვან ნ--- ქ---------ეზე და შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალურადაც ეხმარებოდა მას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ე---------ე კ--–------ე და მოპასუხე თ----ზ ქ---------ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 20---–-–-------------ს შეეძინათ შვილი ნ--- ქ---------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი №0---------- (ს.ფ. 16)

- ჯვრისწერის მოწმობა (ს.ფ. 76).

 

3.1.2. მხარეები 2016 წლის აპრილის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ნ--- ქ---------ე ცხოვრობს დედასთან, ე---------ე კ--–------ესთან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოსარჩელე ე---------ე კ--–------ე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 11 აპრილის მდგომარეობით, ე---------ე კ--–------ეს 01.01.2018 წლიდან შემოსავალი არ უფიქსირდება;

მოსარჩელეს მატერიალურად ეხმარება დედა, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფულად გზავნილებს ახორციელებს მოსარჩელის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 15.04.2019 წლის მიმაღთვა N2---------- (ს.ფ. 66);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მოსარჩელე ე---------ე კ--–------ეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, 2----–-–----------სს დაბადებული მ--------------ე, რომელიც ასევე ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად. ე---------ე კ--–------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მდებარე, ქ-------–----------------------------------------.

არასრულწლოვანი ნ--- ქ---------ე ირიცხება ა(ა)იპ საბავშვო ბაგა-ბაღი ,,------------------–---“ აღსაზრდელად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N ნ--------- (ს.ფ. 87);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 27.03.2018 წელი (ს.ფ. 83-84);

_ა(ა)იპ ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 16.04.2019 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 82);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.5. ე---------ე კ--–------ეს სს ,,ს----------–--------ის“ წინაშე 21.03.2019 წლის მდგომარეობით ერიცხება ფინანსური ვალდებულება 414.26 ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,ს----------–--------ის“ მიერ 21.03.2019 წელს გაცემული ინფორმაცია (ს.ფ. 18);

 

3.1.6. მოსარჩელე ე---------ე კ--–------ეს აქვს ქრონიკული დაავადებები და იგი საჭიროებს მუდმივ მკურნალობას და კვლევების ჩატარებას. მისი დიაგნოზია: ,,აუტოიმუნური თიროიდიტი, იდიოპათური თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰიპერპროლაქტინემია“. პაციენს დადგენილი აქვს სარძევე ჯირკვლის ფიბრეოადენომა, იმყოფება ჰემატოლოგის და მამოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის მიერ 29.02.2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები (ს.ფ. 89);

_,,გ---–---------------------------–------------------–----–-------ს“ მიერ 22.11.2017 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 90);

_,,კ-–-----------------–--------------------ს“ მიერ 15.11.2017 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 91-93).

 

3.1.7. მოპასუხე თ----ზ ქ---------ის მიმართ 01.04.2019 წელს გაიცა შემაკავებელი ორდერი, სადაც მითითებულია, რომ ადგილი ჰქონდა თ----ზ ქ---------ის მხრიდან ე---------ე კ--–------ეზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_01.04.2019 წელს გაცემული შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 95);

 

3.1.8. მოპასუხე თ----ზ ქ---------ეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–-------------ს დაბადებული ა-–---------ე ქ---------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0------ (ს.ფ. 37);

 

3.1.9. თ----ზ ქ---------ე 2019 წლის 28 მარტიდან ქე-------–--–--ესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. მოპასუხე ცხოვრობს მეუღლესთან და დედასთან ერთად. თ----ზ ქ---------ის მეუღლე ქე-------–--–--ე მუშაობს სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. მოპასუხის დედას ირ-----------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია - ,,ფილტვების ქრონიკული ობსტუქციული ავადმყოფობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, პულმონური ჰიპერტენზია“. მას პერიოდულად ესაჭიროება მედიკამენტოზური მკურნალობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 63);

- შპს ,,დ--------ს“ მიერ 06.02.2019 წელს და 21.02.2019 წელს გაცემული ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 39-40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 11 აპრილის მდგომარეობით, თ----ზ ქ---------ის მიერ 01.01.2018 წლიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის თებერვლის თვეში - 1250 ლარს, მარტის თვეში - 1250 ლარს, აპრილის თვეში - 1250 ლარს, მაისის თვეში - 1250 ლარს, ივნისის თვეში - 1250 ლარს, ივლისის თვეში - 1250 ლარს, აგვისტოს თვეში - 1500 ლარს, სექტემბრის თვეში - 1500 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1500 ლარს, ნოემბრის თვეში - 1500 ლარს, დეკემბრის თვეში - 3000 ლარს და 2019 წლის თებერვლის თვეში - 1500 ლარს. დამსაქმებელს წარმოადგენს შპს ,,-----------------------------------ი“;

თ----ზ ქ---------ის მიერ სხვა სახის მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 15 აპრილის მიმართვა №2----------, დანართი (ს.ფ. 66-67);

 

3.2.2. მოპასუხე თ----ზ ქ---------ეს სს ,,თ-----------ს“ მიმართ ერიცხება ორი სასესხო ვალდებულება. პირველი (საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N1---------------) შეადგენს 14 940 ლარს, საიდანაც დარჩენილია დავალიანება 14360 ლარის ოდენობით და მოპასუხე იხდის მის დასაფარად ყოველთვიურად 524 ლარს. მეორე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N1---------------- შეადგენს 730 ლარს, დარჩენილია დავალიანება 600 ლარი და თ----ზ ქ---------ე ყოველთვიურად იხდის 60 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2018 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სესხი გრაფიკი, გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 41-54);

_2019 წლის 16 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1---------------, დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 55-57, 60-62).

 

3.2.3. მოსარჩელე ე---------ე კ--–------ის საკუთრებაშია ავტომანქანა ,,მ---------ი“, გამოშვების წელი - 2005. ასევე, მოპასუხე მხარის სახელზე ირიცხება ავტომანქანა ,,ა-----“ გამოშვების წელი 2008, რომელიც ამჟამად გაჩერებულია და საჭიროებს შეკეთებას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.4. თ----ზ ქ---------ეს აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან ნ--- ქ---------ესთან. მათ შორის ნორმალური და თბილი მამაშვილური დამოკიდებულებაა. ყოველი კვირის შაბათს შუადღიდან კვირას შუადღემდე არასრულწლოვანი იმყოფება მამის, თ----ზ ქ---------ის ოჯახში. მოპასუხე მეტ-ნაკლებად ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე. მან 2018 წლი დეკემბრის თვეში 50 ლარის ოდენობის, ხოლო მიმდინარე წლის 2019 წლის იანვრის თვეში 100 ლარის ოდენობის თანხა გადასცა მოსარჩელეს არასრულწლოვანის საჭიროებებისათვის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- მოწმეების თ---------------ს, ნ---- კ--–------ის და ი-----–---------ს ჩვენებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.5. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.6. მოსარჩელეს არ მიუღია ყველა შესაძლო ღონისძიება მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით ალიმენტის მისაღებად; მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვან შვილის - ნ--- ქ---------ის აღზრდისათვის დაკისრებული ვალდებულების უგულებელყოფას სამი წლის ფარგლებში სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის. მით უმეტეს მხარეთა განმარტებით, არასრულწლოვან ნ--- ქ---------ეს აქვს სტაბილური ურთიერთობა მამასთან. ბავშვი გარკვეულ დროს ატარებს მამის ოჯახში, რა დროსაც ყველა საჭიროებებით უზრუნველყოფილია მამის მხრიდან. მოწმეები თ--------------ე და ნ---- კ--–------ე მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მხარეები, ე---------ე კ--–------ე და თ----ზ ქ---------ე ხშირად კამათობდნენ და მოსარჩელე სთხოვდა მოპასუხე ფინანსურ დახმარებას. თუმცა იგივე მოწმეები ადასტურებენ, რომ ბავშვს მამასთან აქვს სტაბილური ურთიერთობა და კვირაში ერთ დღეს ბავშვი ატარებს მამის ოჯახში, რა დროსაც მამა ზრუნავს მის შვილზე. თავად მოსარჩელე მხარეც არ უარყოფს ბოლო პერიოდში გარკვეული მატერიალური დახმარების აღმოჩენის ფაქტს მოპასუხისაგან. ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ეხმარებოდა არასრულწლოვან ნ--- ქ---------ეს, ყიდულობდა მისთვის სამოსს, ფეხსაცმელს, საკვებს, სათამაშოებს, რასაც თავის ჩვენებაში ადასტურებს მოწმე ი-----–---------, რომელიც ცხოვრობს მოპასუხის მეზობლად და ხშირად დაუნახავს მოპასუხე ბავშვთან ერთად როგორც სამოსის მაღაზიიდან, ისე სასურსათო მაღაზიიდან გამოსული;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

-მოწმეების თ---------------ს, ნ---- კ--–------ის და ი-----–---------ს ჩვენებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4.2. არ არსებობს მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ--- ქ---------ის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. – 6.2. მოსარჩელე ე---------ე კ--–------ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 20---–-–-------------ს დაბადებული ნ--- ქ---------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტური და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობანი, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები 2016 წლის აპრილის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ნ--- ქ---------ე იზრდება დედასთან, ე---------ე კ--–------ესთან. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, 2----–-–----------სს დაბადებული მ--------------ე, რომელიც ასევე ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად. ე---------ე კ--–------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მდებარე, ქ-------–----------------------------------------. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარეს საკუთრებაში ერიცხება ავტომანქანა - ,,მ---------ი“, გამოშვების წელი - 2005. მოსარჩელე ე---------ე კ--–------ე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. როგორც საქმის მასალებით დგინდება, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 11 აპრილის მდგომარეობით, ე---------ე კ--–------ეს 01.01.2018 წლიდან შემოსავალი არ უფიქსირდება. მოსარჩელეს მატერიალურად ეხმარება დედა, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფულად გზავნილებს ახორციელებს მოსარჩელის სახელზე. არასრულწლოვანი ნ--- ქ---------ე ირიცხება ა(ა)იპ საბავშვო ბაგა-ბაღი ,,------------------–---“ აღსაზრდელად. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს მის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ აუცილებელ მკურნალობაზე, რაც დაკავშირებულია შესაბამის მატერიალურ ხარჯებთან. მას აქვს ქრონიკული დაავადებები და იგი საჭიროებს მუდმივ მკურნალობას და კვლევების ჩატარებას. მისი დიაგნოზია: ,,აუტოიმუნური თიროიდიტი, იდიოპათური თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰიპერპროლაქტინემია“. პაციენს დადგენილი აქვს სარძევე ჯირკვლის ფიბრეოადენომა, იმყოფება ჰემატოლოგის და მამოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა. მოპასუხე თ----ზ ქ---------ეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–-------------ს დაბადებული ა-–---------ე ქ---------ე, რომლის რჩენის ვალდებულება ასევე აკისრია მოპასუხეს. 2019 წლის 28 მარტიდან თ----ზ ქ---------ე ქე-------–--–--ესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. მოპასუხე ცხოვრობს მეუღლესთან და დედასთან ერთად. თ----ზ ქ---------ის მეუღლე ქე-------–--–--ე მუშაობს სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. მოპასუხის დედას ირ-----------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და პერიოდულად საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 11 აპრილის მდგომარეობით, თ----ზ ქ---------ის მიერ 01.01.2018 წლიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის თებერვლის თვეში - 1250 ლარს, მარტის თვეში - 1250 ლარს, აპრილის თვეში - 1250 ლარს, მაისის თვეში - 1250 ლარს, ივნისის თვეში - 1250 ლარს, ივლისის თვეში - 1250 ლარს, აგვისტოს თვეში - 1500 ლარს, სექტემბრის თვეში - 1500 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1500 ლარს, ნოემბრის თვეში - 1500 ლარს, დეკემბრის თვეში - 3000 ლარს და 2019 წლის თებერვლის თვეში - 1500 ლარს. დამსაქმებელს წარმოადგენს შპს ,,-----------------------------------ი“. თ----ზ ქ---------ის მიერ სხვა სახის მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. მოპასუხე მხარეს საკუთრებაში ერიცხება სატრანსპორტო საშუალება.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე მხარის საბანკო დავალიანებებზე. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, თ----ზ ქ---------ეს სს ,,თ-----------ს“ მიმართ ერიცხება ორი სასესხო ვალდებულება. პირველი (საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N1---------------) შეადგენს 14 940 ლარს, საიდანაც დარჩენილია დავალიანება 14360 ლარის ოდენობით და მოპასუხე იხდის მის დასაფარად ყოველთვიურად 524 ლარს. მეორე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N1---------------- შეადგენს 730 ლარს, დარჩენილია დავალიანება 600 ლარი და თ----ზ ქ---------ე ყოველთვიურად იხდის 60 ლარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან ოჯახის საერთო ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა. საბანკო სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო სესხი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. მით უფრო არ დასტურდება, რომ სასესხო ვალდებულება განპირობებული იყო არასრულწლოვანი ნ--- ქ---------ის ინტერესებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასესხო ვალდებულება გააჩნია ე---------ე კ--–------ესაც.

 

განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ნ--- ქ---------ე ცხოვრობს დედასთან - ე---------ე კ--–------ესთან და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. მოპასუხე მხარე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმაა არასრულწლოვანი ნ--- ქ---------ის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი ბავშვი უზრუნველყოს სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით და არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე თ----ზ ქ---------ეს აქვს სტაბილური ნორმალური, ჯანსაღი და თბილი დამოკიდებულება არასრულწლოვან შვილთან. ყოველი კვირის შაბათს შუადღიდან კვირას შუადღემდე არასრულწლოვანი იმყოფება მამის, თ----ზ ქ---------ის ოჯახში. მოპასუხე მეტ-ნაკლებად ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე. მან 2018 წლის დეკემბრის თვეში 50 ლარის ოდენობის, ხოლო მიმდინარე წლის 2019 წლის იანვრის თვეში 100 ლარის ოდენობის თანხა გადასცა მოსარჩელეს არასრულწლოვანის საჭიროებებისათვის. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თავად მოსარჩელე მხარეც. არასრულწლოვანი ბავშვის მამასთან ყოფნის თაობაზე მიუთითებენ ასევე მოწმეებიც, თ--------------ე, ნ---- კ--–------ე და ი-----–---------. მოწმე ი-----–--------- ასევე ადასტურებს თ----ზ ქ---------ის მხრიდან ბავშვზე მუდმივი მზრუნველობისა და შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალური დახმარების ფაქტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ნათელია, რომ მოპასუხე მხარე ბავშვებზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იგი უშუალო და სტაბილურ მონაწილეობას იღებს მის აღზრდაში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ნ--- ქ---------ე ამ ეტაპზე დადის საბავშვო ბაღში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომლის რჩენის ვალდებულებაც ასევე აკისრია მოპასუხე თ----ზ ქ---------ეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველი ქორწინებიდან არასრულწლოვანი შვილი ჰყავს მოსარჩელე ე---------ე კ--–------ესაც. სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს, მისი განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და მოპასუხე მხარის მატერიალური შემოსავლის ოდენობას. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია გარემოებებზე და არ წარმოუდგენია შესაბამის მტკიცებულებები, რაც ამ ეტაპზე, არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე დაადასტურებდა ალიმენტის სახით მოთხოვნილი ოდენობით თანხის აუცილებლობას. მხარეთა განმარტებით, ამ ეტაპზე მამა-შვილს აქვთ ნორმალური და სტაბილური ურთიერთობა. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. მშობლის შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმიდან გამომდინარე, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 230 (ორას ოცდაათი) ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე---------ე კ--–------ის მოთხოვნა - თ----ზ ქ---------ისათვის არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი ნ--- ქ---------ის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის სამი წლის ფარგლებში სარჩელის აღძვრამდე გასული პერიოდისათვის 14 400 (თოთხმეტი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით.

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტი შესაძლოა გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში წარსული დროისათვის, თუ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული, რადგან ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვან შვილის - ნ--- ქ---------ის აღზრდისათვის დაკისრებული ვალდებულების უგულებელყოფას სამი წლის ფარგლებში სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის. მით უფრო ორივე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მამასა და შვილს ყოველთვის ჰქონდათ თბილი და ნორმალური ურთიერთობა და არასრულწლოვანი სტაბილურად ატარებს კვირაში ერთ დღე-ღამეს მოპასუხის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ყველა საჭიროებებით უზრუნველყოფილია მამის მხრიდან. მოწმეები თ--------------ე და ნ---- კ--–------ე მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მხარეები, ე---------ე კ--–------ე და თ----ზ ქ---------ე ხშირად კამათობდნენ და მოსარჩელე ხშირად სთხოვდა მოპასუხე ფინანსურ დახმარებას. თუმცა იგივე მოწმეები ადასტურებენ, რომ ბავშვს მამასთან აქვს სტაბილური ურთიერთობა და კვირაში ერთ დღეს ბავშვი ატარებს მამის ოჯახში, რა დროსაც მამა ზრუნავს მის შვილზე. თავად მოსარჩელე მხარეც არ უარყოფს ბოლო პერიოდში გარკვეული მატერიალური დახმარების აღმოჩენის ფაქტს მოპასუხისაგან. ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ეხმარებოდა არასრულწლოვან ნ--- ქ---------ეს, ყიდულობდა მისთვის სამოსს, ფეხსაცმელს, საკვებს, სათამაშოებს, რასაც თავის ჩვენებაში ადასტურებს მოწმე ი-----–---------, რომელიც ცხოვრობს მოპასუხის მეზობლად და ხშირად დაუნახავს მოპასუხე ბავშვთან ერთად როგორც სამოსის მაღაზიიდან, ისე სასურსათო მაღაზიიდან გამოსული.

 

ამდენად, საქმის მასალებით არ იკვეთება მხარის მიერ სარჩელის წარდგენამდე სამი წლის განმავლობაში არასრულწლოვანის სასარგებლოდ სარჩოს მისაღებად რაიმე ქმედების განხორციელება. საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოება სარჩელის წარდგენამდე მოსარჩელის მიერ მიღებული ზომების შესახებ, რის გამოც ე---------ე კ--–------ის მოთხოვნა მოპასუხე თ----ზ ქ---------ის მიმართ წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე ე---------ე კ--–------ე სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო მოპასუხე თ----ზ ქ---------ემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თ----ზ ქ---------ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა წარსული ალიმენტის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების საფუძველი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები

მოსარჩელე ე---------ე ქ---------ემ მოითხოვა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, მოპასუხე თ----ზ ქ---------ეს ე---------ე კ--–------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ე---------ე კ--–------ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. დაეკისროს თ----ზ ქ---------ეს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის - ნ--- ქ---------ის (დაბადებული 20---–-–-------------ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 230 (ორას ოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელი აღძვრიდან - 2019 წლის 25 მარტიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

1.2. არ დაკმაყოფილდეს ე---------ე კ--–------ის (პირადი N0----------) სასარჩელო მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე;

 

2. დაეკისროს თ----ზ ქ---------ეს (პირადი N0----------) მოსარჩელე ე---------ე კ--–------ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

 

3. დაეკისროს თ----ზ ქ---------ეს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე