გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2019
საქმის ნომერი
330210019002869481
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/3938-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - ს------ კ----------

წარმომადგენელი - ა---------– გ---------

მოპასუხე - შპს ,,ხ--------’’

წარმომადგენელი - ლ---- ა-----------

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ხ--------’’-ს დირექტორის 2019 წლის 29 ივნისის ბრძანება #0----2-/0-/2---;

1.2. დაეკისროს შპს ,,ხ--------’’-ს მოსარჩელე ს------ კ----------ს სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2018 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 31 იანვრამდე ყოველთვიურად 300 ლარის (დაბეგრილი) გადახდა;

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა 2019 წლის 15 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

ს------ კ---------- (შემდგომში მოსარჩელე) წლების განმავლობაში მუშაობდა შპს ,,ხ--------’’-ში (შემდგომში მოპასუხე) დიასახლისის პოზიციაზე. მოსარჩელე 2018 წლის აგვისტოში გათავისუფლდა სამსახურიდან ყოველგვარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე ისე, რომ მისთვის არ გადაუციათ შესაბამისი ბრძანება.

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ სარჩელი უსაფუძვლოა.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის პირველი ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის იანვარში ერთი წლის ვადით. 2018 წლის 3 იანვარს. მხარეებს შორის დაიდო მორიგი შრომითი ხელშეკრულება N-----4---0-/0-/1-. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 6 თვე - 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით. მოსარჩელის ყოველთვიური დარიცხული ანაზღაურება განისაზღვრა 375 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.45-48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოსარჩელესთან შრომით ხელშეკრულება დაიდო სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ელექტრონული ტენდერის N------------ პირობების შესაბამისად. მოპასუხე არ განსაზღვრავდა დასაქმებულთა საკადრო პოლიტიკას. სატენდერო ობიექტზე მანამდე დასაქმებულ პირებთან ავტომატურად დაიდო/გაგრძელდა შრომითი ხელშეკრულებები. სატენდერო ხელშეკრულება ძალაში იყო 2017 წლის 29 დეკემბრიდან, 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.45-48);

- ხელშეკრულება/ტექნიკური დავალება (ს.ფ. 55-63);

- ხელშეკრულება/ტექნიკური დავალება (ს.ფ.66-73);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2018 წლის 29 ივნისის ბრძანების #0----2-/0-/2--- საფუძველზე, მოსარჩელესთან 2018 წლის 03 იანვარს დადებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 29 ივნისიდან, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ელექტრონული ტენდერის ხელშეკრულება ძალში იყო 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ.54);

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.45-48);

- ხელშეკრულება/ტექნიკური დავალება (ს.ფ. 55-63);

- ხელშეკრულება/ტექნიკური დავალება (ს.ფ.66-73);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ პუნქტი და შრომითი ხელშეკრულების 6.2.1 პუნქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ.54);

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.45-48);

 

3.1.5. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მიუხედავად, მოსარჩელე ორი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ასრულებდა თავის მოვალეობებს, რისთვისაც ასევე მიიღო შესაბამისი გასამრჯელო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ.21-22);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2019 წლის იანვრიდან მოპასუხე აღარ ახორციელებს სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე სატენდერო ობიექტზე მომსახურების გაწევას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.80-87);

- ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ვერ დადასტურდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 37-ე, 38-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. ის წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია, შესაბამისად, იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით (შდრ. სუსგ № ას-921-871-2015, 26.11.2015).

 

უდავოა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა. ამასთან უშუალოდ მხარეებს შორის ამ ხელშეკრულების დადების წინაპირობა იყო მოპასუხის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვება, რომლის ერთ-ერთ პირობასაც წამოადგენდა შემსყიდველისათვის მომსახურების გაწევის მიზნით არსებულ დამატებით მომსახურე პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების დადება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის (ძველი რედაქცია) პირველი პუნქტით „შრომა თავისუფალია’’, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო’’ (გადაწყვეტილება №2/4-24; 28.02.1997), ასევე, „შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები’’ (გადაწყვეტილება №2/2-389; 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს განმარტებითვე (გადაწყვეტილება №2/2-389; 26.10.2007) კონსტიტუციის პირველი პუნქტით დაცულია არამარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო’’.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტი კრძალავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.

 

გასათვალისწინებელია, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებული მოთხოვნების მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების შეფასება.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი გათავისუფლების შესახებ ბრძანების მართლზომიერება. მოპასუხე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელესთან ხელშეკრულება შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

 

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო სამართლის სხვა დარგების მსგავსად, შრომით სამართალშიც მოქმედებს სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეები თავისუფალნი არიან დადონ (ან არ დადონ) ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადა. თუმცა, კერძო სამართლის სუბიექტებს მოქმედების თავისუფლება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში აქვთ, რაც ურთიერთობის ძლიერი მხარის მიერ სუსტის საწინააღმდეგოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას ემსახურება. სწორედ ზემოაღნიშნული მიზნით იყო განპირობებული ქართველი კანონმდებლის მიერ შრომის კოდექსში შრომითი ხელშეკრულების ვადის განსაზღვრის ობიექტური საფუძვლის ცნების შემოღება და ვადიანი შრომის ხელშეკრულების დადების დასაშვებობის ფარგლების განსაზღვრა (იხ. სუსგ, №ას-1251-1191-2014, 2016 წლის 12 თებერვალი).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ თავდაპირველ ტენდერში გამარჯვების შემდეგ 2017 წლის იანვარში ტენდერის მოქმედების - ერთი წლის ვადით დაიდო შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან. ამ დროის გასვლის შემდეგ ახალი ტენდერის მოგების შემდეგ კი მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდერის საფუძველზე მას შემსყიდველისთვის მომსახურება უნდა გაეწია 2017 წლის 29 დეკემბრიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან დადო 2018 წლის 03 იანვრიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით. 2018 წლის 29 ივნისის ბრძანებით კი (მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გაცხადებული განმარტებით 29 ივნისი წარმოადგენდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ბოლო სამუშაო დღეს) გამოსცა ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში განმტკიცებული მტკიცების ტვირთი განაწილება შრომის სამართალში გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (იხ. სუსგ №ას-194-185-2016; №ას-1276-1216-2014; №ას-122-114-2015).

 

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით განხორციელებული შედავების ფარგლებში მოპასუხე ვალდებული იყო ემტკიცებინა მოსარჩელესთან ერთ წელზე ნაკლები ვადით - ტენდერის მოქმედების ვადაზე მცირე ვადით ხელშეკრულების დადების აუცილებლობა, რაც მან ვერ დაადასტურა. სასამართლო მოპასუხეზე არსებული მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ აპელირება ტენდერის პირობებში ტექნიკური დავალებების ცვლილების, ისევე როგორც ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ - 2018 წლის 25 ივლისს განხორციელებული რეორგანიზაციული ცვლილებების (ს.ფ.52-53) თაობაზე, და ხელშეკრულების ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე - 2018 წლის 26 ივნისს გაცემული მოხსენებითი ბარათი (ს.ფ.54) ვერ ადასტურებს მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრულ ვადაზე ნაკლები ვადით დადების მართლზომიერებას. მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების არამართლზომიერად მიჩნევას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ მოპასუხემ აღნიშნული ქმედებით მოსარჩელეს ფაქტობრივად მოუსპო შესაძლებლობა სხვა კომპანიის მიერ ახალი ტენდერის მოგების შემთხვევაში (რაც რეალურად განხორციელდა კიდევაც) მასთან შრომითი ხელშეკრულების დადებისა.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ გათავისუფლების ბრძანების გამოცემის შემდეგ, მხარეთა შორის ფაქტობრივად გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც გამოიხატა იმაში რომ მოსარჩელემ 2018 წლის ივლისის და 2018 წლის აგვისტოს თვეში განაგრძო მოვალეობების შესრულება და ამ შრომისთვის მას მოპასუხისგან მიღებული აქვს შესაბამისი ანაზღაურება.

 

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება მოსარჩელესთან ხელშეკრულების 6 თვით დადების სამართლებრივი საფუძვლების არსებობის ფაქტი. მასთან, მართალია, სადავო ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებდა მოსარჩელე, თუმცა, აღნიშნული პირობების განსაზღვრა წარმოადგენდა დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებულ პირობას, იმ პირობებში, როდესაც არ იყო გამოკვეთილი დასაქმებულთან ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების დადების ინტერესი. განსახილველ დავაში დამსაქმებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა ერთ წელზე ნაკლებ ვადიანი ხელშეკრულების და ამავდროულად ტენდერის მოქმედების ვადაზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ობიექტური საფუძვლის არსებობა.

 

შესაბამისად, სადავო ხელშეკრულების 3.1 ქვეპუნქტი, ისევე როგორც მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე მოპასუხის ბრძანება ბათილია საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან მათი წინააღმდეგობის საფუძვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ხელშეკრულების ან მისი რომელიმე პირობის მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია აღნიშნულ პირობაზე მოსარჩელის, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის, თანხმობის არსებობის ფაქტს. ამასთან, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ,,შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას’’ (იხ. სუსგ №ას-98-94-2016, 2016 წლის 26 ივლისი).

 

შესაბამისად, საქმის მასალებით ვერ დადასტურდა მოსარჩელესთან არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერი საფუძველი, რაც განაპირობებს გათავისუფლების თაობაზე სადავოდ გამხდარი ბრძანების ბათილად ცნობას.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნორმა ადგენს დამსაქმებლის ალტერნატიულ ვალდებულებას სამუშაოდან დათხოვნილი დასაქმებულის მიმართ, თუმცა, დანაწესის ამოქმედებას უკავშირებს სასამართლოს მიერ დამსაქმებლის იმ გადაწყვეტილების (კონკრეტულ შემთხვევაში – ბრძანების) ბათილად ცნობას, რომლითაც დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, იმისათვის, რომ დასაქმებულმა მიიღოს კომპენსაცია, უნდა დადგინდეს, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება არამართლზომიერად შეწყდა, რაც განსახილველ შემთხვევაში დადგენილია.

 

განსახილველ შემთხვევაში იმ საფუძვლით, რომ მიმდინარე დროისთვის ტენდერში გამარჯვებულია სხვა კომპანია, მოსარჩელემ განახორციელა სასარჩელო მოთხოვნის შემცირება და ნაცვლად სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრებისა, მოითხოვა 2018 წლის აგვისტოდან ტენდერის მოქმედების ვადის გასვლამდე - 2019 წლის 31 იანვრამდე ყოველთვიურად კომპენსაციის სახით 300 ლარის გადახდა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგს იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. მოხმობილი ნორმის ნორმატიული მიზანიც სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო (ტოლფასი თანმდებობა) ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება სულ მცირე, კომპენსაცია. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ამასთან, კომპენსაციის ოდენობის განმსაზღვრელი მხოლოდ სახელფასო ანაზღაურების ოდენობა ვერ იქნება. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნელყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და ამ საკითხის განსაზღვრას სასამართლოებს მიანდობს. შესაბამისად, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას (იხ. სუსგ №ას-353-338-2016, 03.05.2016წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა გონივრულია და შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს კომპენსაცია მოთხოვნილი ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 109 ლარის ოდენობით (ს.ფ.36-37). შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -9 ლარი კი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნაზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაციის სახით ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხის 3%, რაც შეადგენს 54 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს------ კ----------ს სარჩელი შპს ,,ხ--------’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ხ--------’’-ს დირექტორის 2019 წლის 29 ივნისის ბრძანება #0----2-/0-/2---;

1.2. დაეკისროს შპს ,,ხ--------’’-ს მოსარჩელე ს------ კ----------ს სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2018 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 31 იანვრამდე ყოველთვიურად 300 ლარის (დაბეგრილი) გადახდა;

2. მოსარჩელე ს------ კ---------- დაუბრუნდეს მ---- მ------ მიერ სს ,,თ----- ბ----’’ - ში 1-.0-.2017 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 109 ლარიდან 9 ლარი (საგადახდო დავალება #1);

 

3. შპს ,,ხ--------’’-ს მოსარჩელე ს------ კ----------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;

 

4. შპს ,,ხ--------’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 54 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია