გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2830-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.05.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი -გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შპს „მა-----------–ი“
წარმომადგენელი - ხ------ა თე---------ე
მოპასუხე - იზ---–--ა ჩი-----ე; ფ---- სა----–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოპასუხე - იზ---–--ა ჩი-----ესა და ფ---- სა----–--ეზე, შპს „მა-----------–ი“-ს სასარგებლოდ სასესხო დავალიანების 2187.00 ლარის (ძირი-1897 ლარი; პროცენტი 190 ლარი, ჯარიმა -100 ლარი) სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.
1.2. მოპასუხე იზ---–--ა ჩი-----ესა და ფ---- სა----–--ეზე, შპს „მა-----------–ი“-ს სასარგებლოდ, სასამართლო ბაჟის - 100 ლარის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით -2017 წელს იზ---–--ა ჩი-----ეს და შპს „მაქს კაპიტალს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1384 რომლის თანახმად მოპასუხეზე გაცემული იქნა სესხი 1897.00 ლარის ოდენობით. სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებულია სარგებელი 5.9% რამაც შეადგინა - 665.85 ლარი. სესხი გაცემული იქნა 6 თვის ვადით. სესხის ხელშეკრულების 2.6. პუნქტის თანახმად, თანხის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში „მსესხებელი“ კისრულობდა ვალდებულებას ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაეხადა პირგასამტეხლო 5 ლარის ოდენობით. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წელს 08 თებერვალს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება ფ---- სა----–--ესთან. 2017 წლის 05 ოქტომბრის მდგომარეობით მოვალეების სოლიდარულმა დავალიანებამ შეედგინა 2187 ლარი (ძირი-1897 ლარი; პროცენტი 190 ლარი, ჯარიმა -100 ლარი).
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა შესაგებელით არ ცნეს სარჩელი. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა იზ---–--ა ჩი-----ემ არ ცნო სარჩელი და განაცხადა რომ ის არის შუშანა გიგიაძის თავდები, რომელიც ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა და ოჯახური პირობების გამო შეეშალა ხელი. აღნიშნული სესხის თანხა გადასახდელად მას არ უნდა დაეკისროს.
სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა ფ---- სა----–--ემ არ სცნო სარჩელი და განაცხადა რომ აღნიშნული სესხის თანხა გადასახდელად არ უნდა დაეკისროს, რადგან არის თავდები პირი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2017 წელის იზ---–--ა ჩი-----ეს და შპს „მაქს კაპიტალს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1384 რომლის თანახმად მოპასუხეზე გაცემული იქნა სესხი 1897.00 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება:
- ხელშეკრულება N 1384 და დაფარვის გრაფიკი (იხ.ს.ფ.14-19);
3.1.2. დადგენილია, რომ ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წელს 08 თებერვალს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება ფ---- სა----–--ესთან.
მტკიცებულება:
თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.22);
3.2.3. დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა მხარი დაუჭირეს შესაგებელს და განმარტეს, რომ უსაფუძვლოა მოთხოვნა, რადგან სესხი აიღო სხვა პირმა და სესხიც მისი გადასახდელია. გამომდინარე აქედან მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი.
მტკიცებულება: მოპასუხეთა ახსნა-განმარტება. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2.4. სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის მიერ საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია ვალდებულება. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხეები კი უარყოფენ ვალის არსებობას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მოპასუხემ დაუპირისპირა და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხის მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ თანხა არ უნდა დაეკისროს გადასახდელად, საკმარისი არ არის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეების ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2017 წელს იზ---–--ა ჩი-----ეს და შპს „მაქს კაპიტალს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება N1384, რომლის საფუძველზე მან სესხის სახით მიიღო 1897 ლარი (ს.ფ.14-19).
იმავე ხელშეკრულებით, ვალის დაფარვის სოლიდარული ვალდებულება (თავდებობა) იკისრა ფ---- სა----–--ემ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელ იზ---–--ა ჩი-----ეს და ფ---- სა----–--ეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხეების მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით, თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდის უუნარობა აშკარაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობით.
წინამდებარე შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით N1384, დადგენილია, რომ იზ---–--ა ჩი-----ემ, როგორც მსესხებელმა და ფ---- სა----–--ემ, როგორც თავდებმა პირმა აიღო სოლიდარული ვალდებულება გაცემული სესხის გადახდაზე და შპს „მა-----------–ს“, როგორც გამსესხებელს გადაუხადოს სესხის ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და ყოველდღიური ვადის გადაცილებასთან დაკავშირებული ჯარიმა, თუკი მსესხებელი თავს აარიდებს როგორც სესხის ძირითადი თანხის ისე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს და ყოველდღიური ვადის გადაცილებასთან დაკავშირებული ჯარიმის გადახდას.
ამდენად მოთხოვნა, მოპასუხეებზე სესხის ძირი თანხის 1897.00 ლარის მოთხოვნის ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. მოცემულ შემთხვევაში სადავო სესხზე დარიცხული პროცენტი (სარგებელი).
სარჩელი საფუძვლიანია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის პროცენტი შეადგენს 190 ლარს, რომელიც მოპასუხეებს - იზ---–--ა ჩი-----ეს და ფ---- სა----–--ეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 623-ე, 361.2, 895-ე მუხლის თანახმად, სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.4. მოცემულ შემთხვევაში სადავო სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.
სარჩელი საფუძვლიანია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
- სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში (100 ლარი) სარჩელის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მოთხოვნის ფარგლებში, რადგან მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ ეწინააღმდეგება კანონს და არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე იზ---–--ა ჩი-----ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ფ---- სა----–--ეს უნდა დააკისროს სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა, რადგან სესხის ხელშეკრულებაზე იზ---–--ა ჩი-----ეს თავად აქვს ხელი მოწერილი (რაც ასევე დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე). აღნიშნულის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტი სასამართლოს სხდომაზე მხარეს არ წარმოუდგენია.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სსს კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის მარტის ცვლილებების შემდეგ) -მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;
იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით - სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს:ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
იმავე მუხლის მე- 2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სარჩელის საფუძველი მატერიალურ - სამართლებრივია (სარჩელის ფასია 2187 ლარი), მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, რომელიც უნდა განახევრდეს და 50 ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდეს ანგარიშიდან 300183150. გადახდის ქვითარი №14326795 თარიღი 5.10.2017 წელი.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრათ 2187.00 ლარი და მოპასუხეებს, სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ 50 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „მა-----------–ი“-ს სარჩელი.
1.1. მოპასუხე იზ---–--ა ჩი-----ეს და ფ---- სა----–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „მა-----------–ი“-ს სასარგებლოდ სასესხო დავალიანების 2187.00 ლარის (ძირი-1897.00 ლარი; პროცენტი 190.00 ლარი, ჯარიმა -100 ლარი) გადახდა.
1.2. მოპასუხე იზ---–--ა ჩი-----ეს და ფ---- სა----–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „მა-----------–ი“-ს სასარგებლოდ - სასამართლო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელე შპს „მა-----------–ი“-ს დაუბრუნდეს სახ. ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან - 300183150. საგადახადო დავალება №14326795 თარიღი 5.10.2017 წელი. სს ,,ლიბერთი ბანკი“. გადამხდელი ხ------ა თე---------ე პ/ნ 60001021457.
3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე