გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7594-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ივნისი 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ------------–---–-
მოპასუხე - გ--------------–-–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გ------- ნ-----–-–---–ს დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - გ------- ნ-----–-–---–ს სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2014 წლის 5 მაისს, ერთის მხრივ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ - გ------- ნ-----–-–---–ს შორის გაფორმებული იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 29.04.2019 წლის №358 ბრძანებით დამტკიცებული №6-- კონტრაქტი, რომლის 2.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს მსმენელად ყოფნის პერიოდისა და კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრად 6 (ექვსი) კალენდარული წლის ვადით სამხედრო სამსახურის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყება მსმენელად ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის სახით აუნაზღაროს სამინისტროს თანხები, კერძოდ: 6.2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა - 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 მაისის MOD 9------------ ბრძანებით, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელი - გ------- რ---–-----ს ძე ნ-----–-–---–ი გაწვეული და ჩარიცხული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება - „რიგითი“, 2014 წლის 5 მაისიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ------- ნ-----–-–---–ს შორის 2014 წლის 5 მაისს გაფორმებული №6-- კონტრაქტი (ს.ფ. 13-17);
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 მაისის MOD 9------------ ბრძანება (ს.ფ. 12).
3.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის საშტაბო ასეულის დ-–------–----–------------მა (საშტატო კატეგორია ,,უფროსი ლეიტენანტი“ შტატი №8--------), უფროსმა ლეიტენანტმა - გ------- ნ-----–-–---–მა, 2017 წლის 26 ივნისს პატაკით მიმართა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, პოლკოვნიკ - დ-------- კ-----ეს და უმძიმესი ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან აღნიშნა, რომ მარტო ცხოვრობს გარდაცვლილი ბებიის მემკვიდრეობით დატოვებულ ბინაში (ქარელის რაიონი, დაბა აგარა), რომელიც იპოთეკითაა დატვირთული და შეიძლება დაკარგოს, ვინაიდან სამხედრო სამსახურიდან მიღებული შემოსავალი არ ყოფნის აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, ითხოვს სამსახურიდან დათხოვნას ყოველგვარი სანქციის დაკისრების გარეშე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 26 ივნისის პატაკი (ს.ფ. 19)
3.3. 2017 წლის 26 ივნისს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის საშტაბო ასეულის დ-–------–----–------------ს (საშტატო კატეგორია ,,უფროსი ლეიტენანტი“ შტატი N8--------) უფროს ლეიტენანტ - გ------- ნ-----–-–---–ს შეტყობინებით ეცნობა, რომ თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ვალდებული იყო გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური, ამასთან გ--------------–-–---–-ს მიერ ორ დღე-ღამემდე ქვედანაყოფის თვითნებურად მიტოვება წარმოშობდა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების საფუძველს, ხოლო თვითნებურად მიტოვება ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველს. ამასთან გ------- ნ-----–-–---–ს ეცნობა, რომ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული 2014 წლის 5 მაისის №6-- კონტრაქტის 6.2.1 მუხლის შესაბამისად, მის მიმართ გახორციელდებოდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა - 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით.
მტკიცებულება, რომლესაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 26 ივნისის შეტყობინება (ს.ფ.20)
3.4 სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის - გ------- რ---–-----ს ძე ნ-----–-–---–ის ნამსახურობის პერიოდმა ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე შეადგინა - 3 (სამი) წელი, 1 (ერთი) თვე და 28 (ოცდარვა) დღე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 21);
3.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 3 ივლისის MOD 9------------ ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის საშტაბო ასეულის დ-–------–----–------------ი (საშტატო კატეგორია ,,უფროსი ლეიტენანტი“, შტატი №8--------), უფროსი ლეიტენანტი - გ--------------–-–---–- ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
მტკიცებულება, რომლესაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 3 ივლისის MOD 9------------ ბრძანება (ს.ფ. 18)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე - გ--------------–-–---–-, 2017 წლის 3 ივლისიდან გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის საშტაბო ასეულის დ-–------–----–------------ის (საშტატო კატეგორია - ,,უფროსი ლეიტენანტი“ შტატი №8--------), თანამდებობიდან და ამ დროიდან მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეუსრულებია.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე. ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამრიგად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის შემადგენელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამომდინარეობს თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან, მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გ--------------–-–---–-სთვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა და სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებს: ა) სამხედრო აღრიცხვას; ბ) სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას; გ) სამხედრო სამსახურს; დ) რეზერვს.
ამავე კანონის ამავე რედაქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის წესებს: საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის. დებულების I თავის მე-3 პუნქტის თანახმად, დებულება ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებზე.
დებულების VI თავის პირველი და მე-11 პუნქტების მიხედვით, საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან პირები, რომლებმაც მოიხადეს კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულება ან უამისოდ და გადიან სამხედრო სამსახურს ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამავე დებულების XVIII თავით დარეგულირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი. ამ თავის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ: სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში) ქვეპუნქტების საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 3 ივლისის MOD 9------------ ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის საშტაბო ასეულის დ-–------–----–------------ი (საშტატო კატეგორია - ,,უფროსი ლეიტენანტი“, შტატი - №8--------), უფროსი ლეიტენანტი - გ--------------–-–---–- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2014 წლის 5 მაისს, გ------- ნ-----–-–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №358 ბრძანებით დამტკიცებული №6-- კონტრაქტი, რომლის ვადაც 2.1. პუნქტით განისაზღვრა 6 (ექვსი) წლით. ამავე კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8., 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს თანხები, კერძოდ: 6.2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის საშტაბო ასეულის დ-–------–----–------------მა (საშტატო კატეგორია - ,,უფროსი ლეიტენანტი“, შტატი - №8--------) უფროსმა ლეიტენანტმა - გ------- ნ-----–-–---–მა, 2017 წლის 26 ივნისს პატაკით მიმართა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, პოლკოვნიკ - დ-------- კ-----ეს და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც გ--------------–-–---–- გაფრთხილებული იქნა მის მიმართ კონტრაქტის დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის - 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებებს წარმოადგენს, რომ გ------- ნ-----–-–---–მა, რომელმაც 2014 წელს გააფორმა 6 წლიანი კონტრაქტი, საქართველოს შეიარაღებული ძალებში იმსახურა 3 წელი 1 თვე და 28 დღე. ამასთან მან, 2017 წლის 26 ივნისს პირადად მიმართა უფლებამოსილ პირს კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ეთანხმება მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოს, გ--------------–-–---–-სათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეუსრულებლობა, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების (კონტრაქტის) სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას კონტრაქტის მონაწილე პირებს შორის. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონტრაქტი დადებულად ითვლება თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მას ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს აუნაზღაუროს კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხები. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გ--------------–-–---–- პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში და სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოპასუხე - გ------- ნ-----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაევალოს ჯარიმის სახით 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე გ------- ნ-----–-–---–ს დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ანაზღაურება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი