გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2743-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - სს ,,კ------- ბ---ი’’
წარმომადგენელი - მ------ დ---–--ე
მოპასუხე - დ---- თ----ე, თ------ი თ----ე, ე-–--- თ----ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 4 576.38 ლარის, პროცენტის - 3 008.85 ლარის და პირგსამტეხლოს - 1 220.34 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-19):
1.1.1. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, იგი წარმოადგენს შპს ,,მ-----------------------------–-- ბ--------ს’’ უფლებამონაცვლეს;
1.1.2. 2--- წლის 1---------ერს მოსარჩელეს და მოპასუხე თ------ თ----ეს შორის დაიდო ფინანსური მომსახურების შესახებ №2---- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ 28 თვის ვადით მიიღო სესხის თანხა- 5 000 ლარი;
1.1.3. სესხზე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 34%-ით, პირგასამტეხლო - დავალიანებული ძირითადი თანხის 1%-ით და ვადაგადაცილებული პროცენტის 1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150%-ისა;
1.1.4. 2----–-–-----------ის ცვლილებით შეიცვალა სესხის გადახდის გრაფიკი და სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2021 წლამდე;
1.1.5. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა მოპასუხეებთან - დ---- თ----ესთან და ე-–--- თ----ესთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით, რომლებითაც განისაზღვრა, რომ თავდები ვალდებულია სოლიდარულად აგოს პასუხი კომპანიის წინაშე და დაფაროს კლიენტის დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ჰქონდა იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადა და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ;
1.1.6. ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულმა თანხამ შეადგინა 5 500 ლარი;
1.1.7. მსესხებელს არც ერთხელ არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის დადგენილი გრაფიკით გადახდის შესახებ;
1.1.8. მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინებები ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, თუმცა უშედეგოდ;
1.1.9. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ იგი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს კლიენტს მთელი სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის დაუყოვნებლივ გადახდა. ამავე ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად კი განისაზღვრა, რომ მსესხებელი შეტყობინების მიღების შემდეგ და მასში მითითებულ ვადაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა მასზე დარიცხულ პროცენტებთან და პირგასამტეხლოსთან ერთად;
1.1.10. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე, მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 8 805.57 ლარს, საიდანაც 4 576.38 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 3 008.85 ლარი - სესხზე დარიცხული პროცენტი, საიდანაც 786.02 ლარი არის სასამართლოსთვის საქმის შეტანის დღემდე დარიცხული პროცენტი, ხოლო 2 222.83 ლარი - ხელშეკრულების ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი, ხოლო 1 220 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო;
1.1.11. ხელშეკრულების 9.9 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხე თ------ თ----ემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი კვლავ ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, მან სარჩელი ცნო დავალიანების ძირითადი თანხის - 4 576.38 ლარის და სარგებლის - 3 008.85 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ.114-123; 2019 წლის 28 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.1.1. მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემდეგ მასსა და მოსარჩელეს შორის შედგა შეთანხმება სესხის ახალი ხელშეკრულების დადების თაობაზე, თუმცა მოსარჩელემ მოითხოვა ორივე თავდების თანხმობა, რაც იმ დროისათვის ვერ განხორციელდა და მათ შორის ვერ მოხერხდა ახალი ხელშეკრულების დადება;
2.1.2. იგი თანახმაა ყოველთვიურად იხადოს გარკვეული ოდენობის თანხა;
2.1.3. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირსაგამტეხლო არაგონივრული და შეუსაბამოა და უნდა შემცირდეს.
2.2. მოპასუხეებმა - ე-–--- თ----ემ და დ---- თ----ემ დადგენილი წესით წარმოადგინეს იდენტური შესაგებლები, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი კვლავ ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, მათ სარჩელი ცნეს დავალიანების ძირითადი თანხის - 4 576.38 ლარის და სარგებლის - 3 008.85 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
შესაგებლების საფუძვლები: (ს.ფ.126-134; 138-146; 2019 წლის 28 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2.1. ხელშეკრულების თანახმად, მათი, როგორც თავდებების მაქსიმალური პასუხისმგებლობა შემოსაზღვრულია 5 500 ლარით;
2.2.2. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირსაგამტეხლო არაგონივრული და შეუსაბამოა და უნდა შემცირდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2----–-–---------------ს დებიტორული მოვალეობების დათმობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს შპს ,,მ-----------------------------–-- ბ--------ს’’ უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 66-93)
3.1.2. 2--- წლის 1---------ერს მოსარჩელეს და მოპასუხე თ------ თ----ეს შორის დაიდო ფინანსური მომსახურების შესახებ №2---- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე 28 თვის ვადით, წლიური 34% სარგებლის გადახდის პირობით გაიცა სესხი - 5 000 ლარი.
ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად პირგასამტეხლო განისაზღვრა დავალიანებული ძირითადი თანხის 1%-ით და ვადაგადაცილებული პროცენტის 1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150%-ისა.
ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ თუ კლიენტი ფინანსური მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ გადაიხდის სესხის ძირითადი თანხის ნებისმიერ ნაწილს ან მასზე დარიცხულ პროცენტებს, მოსარჩელე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს კლიენტს მთელი სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის დაუყოვნებლივ გადახდა.
ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, კლიენტი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების 6.1 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ და მასში მითითებულ ვადაში დაუყოვნებლივ დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა, მასზე დარიცხულ პროცენტებთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ხელშეკრულების 9.9 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 20-29)
3.1.3. მოსარჩელეს და თ------ თ----ეს შორის 2--- წლის 1---------ერს დადებული ფინანსური მომსახურების შესახებ №2---- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ამავე თარიღში მოსარჩელეს და ე-–--- თ----ეს, ასევე მოსარჩელეს და დ---- თ----ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები.
თავდებობის ხელშეკრულებების 2.2 პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა კომპანიის მიერ დამატებითი ხელშეკრულების შესაბამისად გაცემულ სესხთან დაკავშირებით განისაზღვრება ვალდებულების შესრულების მომენტში არსებული დავალიანების (ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის) პროპორციულად და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოების (ჯარიმებისა და საურავების) ჩათვლით, მაგრამ არაუმეტეს 5 500 ლარის ოდენობით,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულებები, ხელშეკრულებების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 36-50)
3.1.4. მოსარჩელეს და მოპასუხე თ------ თ----ეს შორის დადებული 2----–-–-----------ის ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა მათ შორის 2--- წლის 1---------რის მომსახურების ხელშეკრულებაში და სესხის ვადად განისაზღვრა 18.06.2018-დან 18.07.201-მდე პერიოდი, ხოლო სარგებლის ოდენობად წლიური 34% (2.83% თვეში, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 39.6%).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 32-35)
3.1.5. მოპასუხე თ------ თ----ის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის ყოველთვიური გრაფიკით გადახდის შესახებ. მას არც ერთხელ არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის დადგენილი გრაფიკით გადახდის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი (ს.ფ. 52)
3.1.6. მოპასუხე თ------ თ----ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 8 805.57 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 4 576.38 ლარი, პროცენტი - 3 008.85 ლარი (საიდანაც 786.02 ლარი შეადგენს სასამართლოში საქმის შემოტანამდე, ხოლო 2 222.83 ლარი ხელშეკრულების ვადის ბოლომდე დასარიცხ პროცენტს), ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო - 1 220.34 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 53)
3.1.7. მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები და განესაზღვრათ დამატებითი ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გზავნილები (ს.ფ. 54-65)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1 220.34 ლარი შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროთ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით-20 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო განისაზღვრა დავალიანებული ძირითადი თანხის 1%-ით და ვადაგადაცილებული პროცენტის 1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150%-ისა.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის და შესაბამისად დადგენილია სასამართლოს მიერ მსესხებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრულია და არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სასამართლოს, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხეთა მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ბ---ი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1220.34 ლარი შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 20 ლარით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 892-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 52-ე, 115-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია სესხის და და თავდებობის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, ჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა - როგორც მსესხებელმა, ასევე თავდებებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. კერძოდ, მათ სარჩელი ცნეს დავალიანების ძირითადი თანხის - 4 576.38 ლარის და სარგებლის - 3 008.85 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობა, წარმოადგენს ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეამციროს არაგონივრული პირგასამტეხლო.
სასამართლომ გონივრულად მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება და მისი განსაზღვრა 20 ლარით, შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით-20 ლარის ოდენობით.
6.4. მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2--- წლის 1---------რის ხელშეკრულების 9.9 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 259 ლარი (ს.ფ. 103), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილია 50 ლარი (ს.ფ. 104). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს იგი ნაწილობრივ (ცნეს სასარჩელო მოთხოვნის 86.1%). შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 228.2 ლარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხოლო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 0.60 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვლება გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად ასევე უნდა დაეკისროთ მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის - 32 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ძალაში უნდა დარჩეს სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2681, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,კ------- ბ---ის’’ სარჩელი მოპასუხეების - დ---- თ----ის, თ------ი თ----ის და ე-–--- თ----ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს - დ---- თ----ეს, თ------ი თ----ეს და ე-–--- თ----ეს მოსარჩელე სს ,,კ------- ბ---ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 4 576.38 ლარის და პროცენტის - 3 008.85 ლარის გადახდა;
3. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მოპასუხეებს - დ---- თ----ეს, თ------ი თ----ეს და ე-–--- თ----ეს მოსარჩელე სს ,,კ------- ბ---ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით;
4. თავდებების - დ---- თ----ის და ე-–--- თ----ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 5 500 ლარის ფარგლებში;
5. მოპასუხეებს - დ---- თ----ეს, თ------ი თ----ეს და ე-–--- თ----ეს მოსარჩელე სს ,,კ------- ბ---ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 0.60 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში;
6. მოსარჩელე სს ,,კ------- ბ---ს'' დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 228.20 ლარი, რომელიც 2----–-–----------არს №5----- საგადასახადო დავალებით ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბ---ის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150;
7. მოპასუხეებს - დ---- თ----ეს, თ------ი თ----ეს და ე-–--- თ----ეს მოსარჩელე სს ,,კ------- ბ---ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 32 ლარის ოდენობით;
8. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაზედაც შესაძლებელია კერძო საჩივრის წარდგენა ამავე სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 12 დღის ვადაში. ამასთან, აღნიშნული არ შეაჩერებს მის აღსრულებას;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი