გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6427-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი მ------- ს--------
მოპასუხე ლ--–- ლ----ე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. 1. ლ--–- ლ----ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 9 563.17 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 8 241.76 ლარი, სარგებელი - 550.59 ლარი, პირგასამტეხლო - 722.84 ლარი, საკომისიო - 47.98 ლარი;
1.2. ლ--–- ლ----ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დეკისროს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის - ძირითად თანხაზე, 8 241.76 ლარზე, წლიური 12.98% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.93 ლარს.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს „ს----------–--------სა“ და ლ--–- ლ----ეს შორის 2017 წლის 22 აპრილს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ლ--–- ლ----ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 10 385 ლარი 48 თვის ვადით, წლიური 12.98% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დაზღვევის საკომისიო - 8 ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით.
სს „ს----------–--------ის“ მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია სრულად - მსესხებელზე გაიცა კრედიტი. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებელი არღვევდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
2018 წლის 21 მაისის შემდეგ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეს აღარ შეუსრულებია.
სარჩელის შეტანის დროისათვის ლ--–- ლ----ეს სს „ს----------–--------ის“ მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება: 9 563.17 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 8 241.76 ლარი, სარგებელი - 550.59 ლარი, პირგასამტეხლო - 722.84 ლარი და საკომისიო - 47.98 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
ლ--–- ლ----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ძირითადი თანხის ნაწილში და აღნიშნა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში გრაფიკითა და ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულების არ დაურღვევია, თუმცა, მას შემდეგ რაც გაუარესდა მისი ფინანსური მდგომარეობა, დაუკავშირდა ბანკის წარმომადგენელს და სთხოვა, რომ გარკვეული დროით მოეხდინათ სესხის რესტრუქტურიზაცია, რის საფუძველზეც თვიურად შემცირდებოდა მისი ვალდებულების ფარგლები, რაზეც ბანკისაგან მიიღო უარი. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ გააუარესა მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა და ვეღარ შეძლო სესხის დაფარვა.
მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, ასევე არ დაეთანხმა მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ს----------–--------სა“ (კრედიტორის, მოსარჩელე) და ლ--–- ლ----ეს (მოვალე, მოპასუხე) შორის 2017 წლის 22 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოვალის სასარგებლოდ გაიცა სესხი 10 385 ლარი 48 თვის ვადით, წლიური 12.98% სარგებლის დარიცხვით.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დაზღვევის საკომისიო - 8 ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18).
3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაცემული სესხი მოვალემ აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 27);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 26).
3.1.3. მოვალემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2018 წლის 21 მაისის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია.
სარჩელის აღძვრის დროისათვის მოვალეს გადასახდელი ჰქონდა სესხის ძირითადი თანხა 8241,76 ლარი, დარიცხული სარგებელი, პირგასამტეხლო - 722.84 ლარი, საკომისიო - 47.98 ლარი
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 27);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 26).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა 2018 წლის 14 ოქტომბერს. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მოვალის შეუსრულებელი ვალდებულება 9248,13 ლარს შეადგენდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 8241,76 ლარი, სარგებელი - 464,56 ლარი, პირგასამტეხლო - 501,83 ლარი, საკომისიო - 39,98 ლარი.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხელშეკრულება შეწყდა პირველი შეტყობინებით განსაზღვრული დამატებითი ვადის გასვლის შემდგომ.
ხელშეკრულების შეწყვეტა არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მეორე მხარეს, სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად, უნდა მიუვიდეს.
კრედიტორმა მოპასუხეს 29.09.2018 წელს გაუგზავნა გაფრთხილების წერილი კრედიტორისათვის ცნობილ მისამართზე, რომლითაც ეცნობა დავალიანების ოდენობა (სესხის ძირითადი თანხა - 8241,76 ლარი, სარგებელი - 464,56 ლარი, პირგასამტეხლო - 501,83 ლარი, საკომისიო - 39,98 ლარი) და ვალდებულების შესასრულებლად განესაზღვრა 14-დღიანი ვადა (იხ. ს.ფ. 20).
შეტყობინება მოვალეს არ ჩაბარდა. კურიერი მისამართზე იმყოფებოდა 01.10.2018 წელს (უკუგზავნილი, ს.ფ. 22).
ვინაიდან მოვალემ არასრულად მიუთითა მისამართი, ხოლო კრედიტორისათვის მოვალის სხვა მისამართი ცნობილი არ იყო, გზავნილი ჩაბარებულად ითვლება კურიერის ვიზიტის მომენტიდან, შესაბამისად, დამატებითი ვადა 14.10.2018 წელს ამოიწურა და ამ მომენტიდან ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 873-ე, 361-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 403-ე, 411-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2017 წლის 22 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 12.98%-ით.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში, მოვალემ დაარღვია ხელშეკრულების გადახდის გრაფიკი და 2018 წლის 21 მაისიდან შეწყვიტა კრედიტის დაბრუნება. კრედიტორმა ხელშეკრულება შეწყვიტა 14.10.2018 წელს.
სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლის თანახმად თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის გადახდის ვალდებულება არსებობს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამის თაობაზე შეთანხმებული არიან (იხ. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკრედიტო ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს სარგებლის დარიცხვას მისი შეწყვეტის შემდგომ.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლით განსაზღვრული სარგებელი, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტის გამცემს აქვს, არის არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი, არამედ მიუღებელი შემოსავალი. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. შესაბამისად, განსხვავებულია მათი მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (იხ. სუსგ №ას-932-882-2015).
დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეწყდა 14.10.2018 წელს, შესაბამისად, ამ მომენტიდან კრედიტორს გააჩნია არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, არამედ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელე არის კომერციული ბანკი და იგი შემოსავალს იღებს მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაცემის გზით, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებას საჭიროებს არა მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის არსებობა, არამედ მისი ოდენობაც. მიუღებელი შემოსავალი ერთ-ერთი სახეა ზიანისა. იგი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ, სუსგ №ას-459-438-2015, 2015 წლის 07 ოქტომბერი). მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ Nას-307-291-2011). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები იყო პერიოდულად შესასრულებელი, რაც ნიშნავს, რომ მოვალეს ვალდებულება გარკვეული პერიოდების ინტერვალით და გარკვეული მოცულობით უნდა შეესრულებინა ყოველ ჯერზე გადასახდელი კრედიტის ძირი თანხის, საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობების გადახდით, კრედიტის ვადის განმავლობაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებული არ არის, რამდენადაც სს „თიბისი ბანკი“ ვერ ასაბუთებს, რომ მიიღებდა იმავე ოდენობის შემოსავალს: იმავე საპროცენტო განაკვეთში გაცემულ იმავე ოდენობის კრედიტის თანხაზე დარიცხულ სარგებელს მოცემულ შემთხვევაში გაცემული კრედიტის ვადით, მით უფრო რომ შეუძლებელია წინასწარი განსაზღვრა კონკრეტული ვადისა, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს. სწორედ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ მისი მიუღებელი შემოსავალი ძირითადი დავალიანების წლიური 12.98%-ის ტოლი იქნებოდა და არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე მითითებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისაგან კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის მდგომარეობით. ანუ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სარგებლის - 464.56 ლარის გადახდა.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ Nას-1560-1463-2012).
ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს - 722.84 ლარის დაკისრებას. სასამართლო, დარღვეული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ეს პირგასამტეხლო არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მისი მოპასუხისათვის დაკისრებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ კრედიტორი არ ითხოვს სამომავლოდ პირგასამტეხლოს გადახდას და შემოიფარგლა მხოლოდ სარჩელის აღძვრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოთი.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას, ხოლო 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
კრედიტორსა და მოვალეს შორის 2017 წლის 22 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა დაზღვევის საკომისიო - 8 ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით.
მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიო სარჩელის აღძვრის მდგომარეობით - 47.98 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელის ცნობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 თანახმად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 233.30 ლარი, ხოლო ლ--–- ლ----ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინტერესი, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს----------–--------ის" სარჩელი ლ--–- ლ----ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ლ--–- ლ----ეს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 9477,14 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა - 8241,76 ლარი, სარგებელი 464.56 ლარი, პირგასამტეხლო 722.84 ლარი, საკომისიო 47.98 ლარი;
3. დანარჩენ ნაწილში სს „ს----------–--------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ლ--–- ლ----ეს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;
5. სს ,,ს----------–--------ს" (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს სარჩელზე 20.12.2018 წელს სს ,,ს----------–--------ის" სათავო ოფისის (საგადასახადო დავალება N1---) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1736,57 ლარიდან (რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22) 233.30 ლარი;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია