განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002893268
საქმე #1-189/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ა----------–---–ის
ბრალდებულის - ზ----- ჩ-----ს
ადვოკატის _ დ----- ჯ--------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171210219007 საქმე :
ბრალდებულ ზ----- ჩ-----ს მიმართ
მამის სახელი: რ------
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების ადგილი: ქობულეთი
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ-----------–-----–-------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ----------–-------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოთხი ეპიზოდი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. 2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, ქ. ბათუმში, ლ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ----- ჩ-----მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ს------- ქ-------ეს ხელკეტის გამოყენებით, მარჯვენა ფეხის არეში მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2018 წლის 09 სექტემბერს, ქ. ბათუმში, ლ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ----- ჩ-----მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ს------- ქ-------ეს ქამრის გამოყენებით მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. 2019 წლის 14 თებერვალს, ქ. ბათუმში, ლ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ----- ჩ-----მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ს------- ქ-------ეს თმების რამდენჯერმე მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ამ უკანასკნელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
4. 2019 წლის 21 თებერვალს, ქ. ბათუმში, ლ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ----- ჩ-----მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ს------- ქ-------ეს ხელების ყელში მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. 2019 წლის 21 თებერვალს, ქ. ბათუმში, ლ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით ნასამართლევმა ზ----- ჩ-----მ, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა არაერთგზის, კერძოდ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ს------- ქ-------ეს დაემუქრა სიცოცლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
6. ზ----- ჩ-----ს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - ოთხი ეპიზოდი და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით;
სასამართლომ დაადგინა :
7. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ზ----- ჩ----- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ზ----- ჩ-----მ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ოთხი ეპიზოდი და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში :
8. საქმეში წარმოდგენილი N458537 შეტყობინების თანახმად, 2019 წლის 21 თებერვალს, 112-ის სამსახურში შევიდა შეტყობინება სოფია ქ-------ისგან, ქ. ბათუმში, ლ--------------------------ში ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის თაობაზე. უფრო მეტ ინფორმაციას ოჯახური კონფლიქტი იყო ეს, თუ ადგილი ჰქონდა ძალადობასაც, შეტყობინება არ შეიცავს.
9. დაზარალებულმა ს------- ქ-------ემ უარი განაცხადა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე.
10. მოწმე მ--- მ-----–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 21 თებერვალს მოწმის სახით გამოკითხა ს------- ქ-------ე, რომელმაც ჩვენებაში ისაუბრა მეუღლის, ზ----- ჩ-----ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტებზე. გამოკითხვის შემდეგ ქ-------ის თანხმობით შეადგინა სხეულის გარეგანი დათვალირების ოქმი, რომელშიც მიუთითა ქ-------ის სხეულზე, კერძოდ, მარჯვენა ქვედა კიდურის კოჭის ზემოთ არსებული მცირე ზომის დაზიანების შესახებ და დაასურათა აღნიშნული ადგილი.
11. სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმის თანახმად, ს------- ქ-------ეს მარჯვენა ქვედა კიდურის კოჭის ზემოთ აღენიშნება მცირე ზომის დაზიანება.
12. მოწმე მ------- ზ----ემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს ოჯახური ძალადობის თაობაზე მათ განყოფილებაში "112-ის სამსახურიდან" შესული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომელთან - კ---- დ------ესთან ერთად მივიდა ქ. ბ------–----–--------------------ში მდებარე სახლში, სადაც დახვდათ ახალგაზრდა ქალბატონი ს------- ქ-------ე, რომელმაც განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ ზ----- ჩ-----მ ფიზიკურად იძალადა მასზე, თან დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ქალბატონი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად. თავად ჩ----- პოლიციელებს სახლში არ უნახავთ.
13. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ---- დ------ემ.
14. მოწმე ნ---- ქ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ს------- ქ-------ე მისი დაა. ამ უკანასკნელმა მეუღლესთან წლების განმავლობაში არსებული უთანხმოების გამო გადაწყვიტა დაშორებოდა ქმარს. 2019 წლის 21 თებერვალს მანქანით მიაკითხა დას სახლში და ეხმარებოდა თავისი ნივთების გადატანაში. ს-------ს სახლიდან გამოჰქონდა ჩანთები და აწყობდა მანქანაში. ამ დროს სახლში მივიდა ზ----- ჩ-----ც. მეუღლეებს შორის სიტყვიერ კამათს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ დაუნახავს.
15. საქმის განხილვისას პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სსსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საჯაროდ წაკითხულ თავის გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით, მოწმე ნ---- ქ-------ემ განმარტა, რომ არ ეთანხმება გამოკითხვის ოქმში მითითებულ ბევრ დეტალს, პირადად არასოდეს შესწრებია ბრალდებულის მხრიდან ს-------ს მიმართ ფიზიკურ ძალადობას, მათ შორის არც 2019 წლის 21 თებერვალს. შესაბამისად, არ ადასტურებს გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებას, რომ დაინახა როგორ ჰქონდა ს-------სთვის ყელში ხელი ჩავლებული ზ----- ჩ-----ს. მისთვის გაუგებარია რატომ შეიტანა გამოკითხვის ოქმში გამომძიებელმა ასეთი ფაქტი, როდესაც ამის თაობაზე მოწმეს ჩვენებისას არ უსაუბრია.
16. მოწმე ც---–- ჩ------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ს------- ქ-------ე მისი შვილია. ეს უკანასკნელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზ----- ჩ-----სთან. ს-------სგან გადმოცემით იცის, რომ მეუღლეებს შორის უთანხმოება არსებობდა, ჩ----- ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა პირადად არასდროს შესწრებია მსგავს ფაქტს.
17. მოწმე თ------ ა--–--ემ, რომელიც ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია, სასამართლოს განუმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ზ----- ჩ-----ს დაკავებაში. დაკავება მოხდა პოლიციის მეოთხე განყოფილებასთან ახლოს, სადაც ჩ----- თავად მივიდა.
18. ანალოგიური გარემოებები დაადასტურა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ--–---- ც-–--–--ემ, რომელმაც მოახდინა ჩ-----ს დაკავება და შეადგინა დაკავების ოქმი.
19. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ზ----- ჩ-----ს დაკავება მოხდა 2019 წლის 21 თებერვალს 17:25 საათზე პოლიციის მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირადი ჩხრეკისას, სხვა პირად ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა "აიფონის" ფირმის მობილური ტელეფონი.
20. 2019 წლის 9 მარტის ოქმით ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების შესახებ ირკვევა, რომ დათვალიერდა ზ----- ჩ-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა ფოტოები და ვიდეო ფაილები. ერთ-ერთი ვიდეო ფაილი გადაღებულია 15:19 სთ-ზე, მისი ხანგრძლივობა არის 1 წუთი და 33 წამი, თარიღდება 2019 წლის 21 თებერვლით. ვიდეო კადრში ჩანს ორი ქალბატონი, ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც ამბობს "არსად არ გაქვს დასარეკი" და თხოვს კონფლიქტის გარეშე წავიდეს სახლიდან.
21. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.
22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
23. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
24. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
25. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - მოწმეების და ბრალდებულის ჩვენებები.
26. ბრალდებულმა ზ----- ჩ-----მ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და კატეგორიულად გამორიცხა მისი მხრიდან ბრალდებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა. განმარტა, რომ არასოდეს მიუყენებია მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა, არასოდეს დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით. გამოძიების ეტაპზე მისი მეუღლის და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების მიერ მიცემული ჩვენებები განპირობებული იყო არაკეთილმოსურნე, პროფესიით იურისტი ნათესავის შეგონებით. თუმცა შემდეგ გააცნობიერეს თუ რა შედეგი შეიძლება მოყოლოდა არასწორ ჩვენებებს და სასამართლოს მისცეს ობიექტური განმარტებები, თავად ს-------მ კი საერთოდ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება ამ უკანასკნელის ფეხზე არსებულ დაზიანებას, რომელსაც ბრალდების მხარე ცდილობს მის მიერ მიყენებულად გაასაღოს, ეს დაზიანება მიიღო სულ სხვა დროს და სხვა გარემოებაში - აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისას.
27. მოწმე ა---------– ჩ-----მ სასამართლოს განუმარტა, რომ ზ----- ჩ----- მისი ნათესავია, ცხოვრობენ ერთმანეთის გვერდით მდებარე სახლებში. 2019 წლის 21 თებერვალს სახლის ფანჯრიდან დაინახა ზ-----ის სახლის ეზოში მყოფი ს-------, მისი და ნ---- და თავად ზ-----ი, რომელიც ს-------ს ეხვეწებოდა ოჯახი არ დაენგრია, დაერეკა მშობლებისთვის და ელაპარაკათ, ს------- კი აცხადებდა, რომ მიდიოდა სახლიდან და აღარ აპირებდა მასთან ცხოვრებას. შემდეგ სამივე სახლში შევიდა. ეზოში ყოფნისას ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ კამათს, თვითონაც ჩავიდა მათთან, თუმცა მალევე გაბრუნდა უკან, რადგან არაფერი ხდებოდა ისეთი, მისი ჩარევა გამხდარიყო საჭირო. სახლში შესვლის შემდეგაც არ გაუგონია ზ-----ის სახლიდან ჩხუბის და ყვირილის ხმა.
28. ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე ტ------– ღ------------ემაც, რომელიც ზ----- ჩ-----სთან ერთად მივიდა ამ უკანასკნელის სახლში, რა დროსაც დაინახა როგორ აწყობდა სახლიდან გამოტანილ ჩანთებს მანქანაში ს------- ქ-------ე, მასთან ერთად იმყოფებოდა მისი და ნ---- ქ-------ეც. ს------- ამბობდა, რომ მიდიოდა სახლიდან, ზ-----ი კი სთხოვდა არ გადაედგა ეს ნაბიჯი. წყვილი მხოლოდ სიტყვიერად კამათობდა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.
29. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:
30. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე დათქმებს შეიცავს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენiთ პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეტანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
31. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
32. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არათუ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს ზ----- ჩ-----ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. დაზარალებულმა ს------- ქ-------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალოდ შემსწრე და თვითმხილველი პირები, მათი ჩვენებები თავისი არსით ირიბი ჩვენებებია, რომლებიც სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა. იგივე უნდა ითქვას დაზარალებულის დის, ნ---- ქ-------ის და დედის - ც---–- ჩ------ის ჩვენებებზეც. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ პირადად არასდროს შესწრებიან ჩ-----ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს. მოწმე ნ---- ქ-------ემ სასამართლოში დაკითხვისას უარყო გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული განმარტება ბრალდებულის მხრიდან მისი თანდასწრებით ს------- ქ-------ეზე ძალადობის შესახებ, რომ, თითქოს, 2019 წლის 21 თებერვალს დაინახა როგორ მოუჭირა ყელში ხელი ს------- ქ-------ეს ბრალდებულმა ჩ-----მ. მოწმემ განმარტა, რომ მსგავსი არაფერი დაუნახავს და გაუგებარია მისთვის რატომ ჩაწერა გამომძიებელმა ასეთი რამ გამოკითხვის ოქმში.
33. სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით.
34. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
35. ამდენად, კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოწმის მიერ სწორედ სასამართლოსთვის მიცემულ ინფორმაციას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ მიცემულს, როგორც მტკიცებულებითი ძალის მქონეს. როგორც უკვე აღინიშნა, მოწმე ნ---- ქ-------ემ სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემისას უარყო გამოკითხვის ოქმში არსებული განმარტება, რომ პირადად შეესწრო ჩ-----ს მხრიდან ს------- ქ-------ის მიმართ ძალადობას.
36. რაც შეეხება მოწმეების ირიბ ჩვენებებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, რომელიც ასახულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში, ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან. ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს.
37. ირიბი ჩვენების - სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).
38. საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციის ორი თანამშრომლის ჩვენება, რომელიც გამოძახების შემდეგ მივიდნენ დაზარალებულის საცხოვრებელ მისამართზე, საერთოდ არ შეხვედრიან ბრალდებულს, არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, ვერ იქნება მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად. იგივე უნდა ითქვას მოწმეების - ნ---- ქ-------ის და ც---–- ჩ------ის ჩვენებებზე, რომლებიც ასევე მიუთითებენ რომ პირადად არასდროს შესწრებიან ჩ-----ს მხრიდან მეუღლეზე ძალადობის ან მუქარის ფაქტებს.
39. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2017 წლის სექტებრის დასაწყისში, 2018 წლის 9 სექტემბერს, 2018 წლის 14 თებერვალს, 2019 წლის 21 თებერვალს ზ----- ჩ-----ს მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის გამო დაზარალებული ს------- ქ-------ე განიცდიდა ფიზიკური ტკივილს. როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, რთულია მისი ჩვენების გარეშე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდეს ქ-------ის მხრიდან ფიზიკური ტკივილის შეგრძნების ფაქტი. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქმეში არ არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღწერილი იქნებოდა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები ასეთის არსებობისას და დადგენილი იქნებოდა მათი ხანდაზმულობა. სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზები დანიშნულია გამომძიებლის დადგენილებით, თუმცა ექსპერტიზების შესაბამისი დასკვნები არ წარდგენია სასამართლოს. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი ვერ სცემს პასუხს კითხვაზე - ჰქონდა თუ არა რაიმე დაზიანება სხეულზე ს------- ქ-------ეს და დადებით შემთხვევაში როგორია დაზიანების ხანდაზმულობა. გამომძიებლის მიერ ჩატარებული სხეულის გარეგანი დათვალიერება და ამ მოქმედების ამსახველი ოქმი, ცხადია, ვერ ჩაანაცვლებს სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ გაცემულ კომპეტენტურ დასკვნას ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. დაცვის მხარე გამორიცხავს ოქმში დაფიქსირებული დაზიანების ზ----- ჩ-----ს მხრიდან მიყენების ფაქტს და განმარტავს, რომ დაზიანება კოჭთან სულ სხვა დროს და სხვა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა. დაცვის მხარის ამ ვერსიის საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი ინფორმაცია ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
40. ამდენად, განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არათუ ასეთი მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალდებით გათვალისწინებულ რომელიმე ეპიზოდში ზ----- ჩ-----ს დამნაშავედ ცნობისთვის. ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს წარდგენილ ბრალდებებს, დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა სასამართლოს. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები, რომლებიც 2019 წლის 21 თებერვალს მომხდარი ინციდენტის გარკვეულ მონაკვეთს შეესწრნენ (ხედავდნენ ეზოში განვითარებულ მოვლენებს) საუბრობენ მხოლოდ მეუღლეთა სიტყვიერ კამათზე, მოწმე პოლიციელები არ არიან ფაქტის უშუალოდ შემსწრე და თვითმხილველი პირები, მათი ჩვენებები სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა. იგივე უნდა ითქვას დაზარალებულის დის, ნ---- ქ-------ის და დედის - ც---–- ჩ------ის ჩვენებებზეც.
41. ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ/18 განაჩენში მიუთითა, რომ იმ "...მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და მათი განმარტებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს".
42. მითითებული განაჩენით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო დაზარალებულის ჩვენება, თუმცა მხოლოდ ერთი მტკიცებულება სასამართლომ არ მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტის შემქმნელ ინფორმაციად, რადგან სახეზე არ იყო სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა.
43. მოცემულ შემთხვევაში საქმეში დაზარალებულის ჩვენებაც არაა მტკიცებულებად წარმოდგენილი, შესაბამისად, სახეზეა არა მტკიცებულებების არასაკმარისობა, არამედ არარსებობა, რაც ქმნის გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების უპირობო საფუძველს.
44. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
46. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
47. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ----- ჩ-----ს ბრალდების დადასტურება.
48. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
სამართლებრივი შეფასება:
49. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ----- ჩ-----ს წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ზ----- ჩ----- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
50. განსახილველ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებებად ცნობილია ზ----- ჩ-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული - ოქროსფერი ყელსაბამი ჯვარით, ოქროსფერი რგოლის ბეჭედი, ოქროსფერი მაჯის საათი სამაჯურით, ოქროსფერი სამაჯური. აღნიშნულ ნივთებს შეხება არ აქვთ წარდგენილ ბრალდებასა და საქმის გარემოებებთან, რის გამოც სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნივთმტკიცებად ცნობილი აღნიშნული ნივთები ზ----- ჩ-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, რადგან არ არსებობს საფუძველი საქმესთან კავშირში არარსებული ამ ნივთების დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა მოხდეს საქმეზე მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რაც სრულიად უსაფუძვლოდ, თან ხანგრძლივი დროით შეზღუდავს პირის კანონიერ უფლებას ფლობდეს და სარგებლობდეს მისი კუთვნილი ნივთებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ზ----- რ------ს ძე ჩ----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ოთხი ეპიზოდის და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ზ----- ჩ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ზ----- ჩ-----ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთმტკიცებები - ზ----- ჩ-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოქროსფერი ყელსაბამი ჯვრით, ოქროს ფერი რგოლის ბეჭედი, ოქროს ფერი მაჯის საათი სამაჯურით, ოქროს ფერი სამაჯური, რომლებიც ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში - დაუბრუნდეს ზ----- ჩ-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, პირველი ინსტანციის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი