გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 421210018002480980
(2/109-2018)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14.06.2019 წ. ქ. მარტვილი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
მარტვილის მუნიციპალიტეტში დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - მელანო შალამბერიძე
მოსარჩელე - სს ,,ლ---------------“
წარმომადგენელი - ნი--- გე-–-–---–ი
მოპასუხე - მა----- დღ---–--ა
მოპასუხე - მა----- ძა---ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებისთვის მა----- დღ---–--ასა და მა----- ძა---ასათვის 4841.09 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 2678.67 ლარი, პროცენტი-1312.42 ლარი და ჯარიმა-850 ლარი) დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 23 იანვარს სს ,,ლიბერთი ბანკსა“ და მოპასუხე მა----- დღ---–--ას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N 3505226 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი -3500 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 42% ოდენობით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 02.02.2018 წელი. ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს სს ,,ლიბერთი ბანკსა“ და მა----- ძა---ას შორის, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც, მა----- ძა---ამ იკისრა სოლიდარული თავდებობა 3605 ლარის ფარგლებში.მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მა----- დღ---–--ასა და მა----- ძა---ასათვის 4841.09 ლარის დაკისრებას,საიდანაც ძირი თანხაა 2678.67 ლარი, პროცენტი-1312.42 ლარი და ჯარიმა-850 ლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხემ, თავდებმა პირმა მა----- ძა---ამ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო, მიუთითა, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ძირითადი მოვალის მიერ.
2.2.მოპასუხე მა----- დღ---–--ას (პ/ნ 2----------) სარჩელი და თანდართული დოკუმენტები 2018 წლის 14 თებერვალს 12:51 საათზე, ჩაბარდა პირადად, მარტვილის რაიონის, სოფელ ტალერში. მიუხედავად ამისა, მას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მა----- დღ---–--ას პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 23 იანვარს სს ,,ლიბერთი ბანკსა“ და მოპასუხე მა----- დღ---–--ას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N 3505226 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი -3500 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 42% ოდენობით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 02.02.2018 წელი.
3.2.2. 2016 წლის 23 იანვარს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება სს ,,ლიბერთი ბანკსა“ და მა----- ძა---ას შორის, რომლის საფუძველზეც, მა----- ძა---ამ იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 3605 ლარი.
3.2.3. მხარეები ინფორმირებულები იყვნენ არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.
3.2.4. მსესხებელმა სს ,,ლ--------------ს“ მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა და იმყოფება ვადაგადაცილებაში, სესხზე 21.11.2016 წლიდან, რის შემდგომაც ერიცხება პირგასამტეხლო დადგენილი წესით.
3.2.5. დღეის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება შეადგენს 4841.09 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2678.67 ლარი, პროცენტი-1312.42 ლარი და ჯარიმა-850 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- თავდებობის ხელშეკრულება;
- გაფრთხილების წერილები;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- ამონაწერი მსესხებლის პირადი ანგარიშიდან;
- მხარის განმარტება;
- გზავნილის ჩაბარების დასტურები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ--------------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 867-868-ე, 891-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 873-ე, 417-418-ე, 902-ე, 131-ე, 361-ე, 623-ე, 411-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.
მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა. კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული N3505226 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე მა----- დღ---–--აზე 2016 წლის 23 იანვარს გასცა კრედიტი, 3500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 42%-ით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 02.02.2018 წელი. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მა----- დღ---–--ა ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, ასევე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შესატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მა----- დღ---–--ამ სს "ლ--------------"-სგან მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებში. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულების პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. მა----- დღ---–--ამ პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ზედიზედ ორჯერ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 2678.67 ლარს, რომლის ანაზღაურების ვალდებულება მა----- დღ---–--ას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
დადგენილია, რომ მხარეებმა ხელშეკრულებითვე, მათივე ნების შესაბამისად, გაითვალისწინეს საპროცენტო განაკვეთი, შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და იგი ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ეს გარემოება მხარეთა შორის დავას არ იწვევს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
დადგენილია, რომ მოსარჩელე 2016 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 850 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.
სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და განისაზღვროს 150 ლარით (ნაცვლად 850 ლარისა).
6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ მოპასუხე მა----- ძა---ამ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა პასუხისმგებლობა მა----- დღ---–--ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ამასთან, დაცულია სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები, თავდებობის ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ, მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
განსახილველ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებით თავდების მა----- ძა---ას პასუხისმგებლობის მოცულობა როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოს ჩათვლით, განსაზღვრულია 3605 ლარით. შესაბამისად, მან მა----- დღ---–--ას ვალდებულებებზე პასუხი უნდა აგოს 3605 ლარის ფარგლებში.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხისა და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის შემცირების საფუძველი არ არსებობს, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 150 ლარამდე. საბოლოოდ, მოპასუხეებს მა----- დღ---–--ასა და მა----- ძა---ას მოსარჩელე სს ,,ლ--------------“-ს სასარგებლოდ 2016 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროთ 4141.09 ლარის გადახდა, (საიდანაც ძირი თანხაა 2678.67 ლარი, პროცენტი-1312.42 ლარი და ჯარიმა-150 ლარი). ამასთან, თავდები პირის- მა----- ძა---ას პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს 3605 ლარით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 -ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა მა----- დღ---–--ას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 145 ლარი, საიდანაც კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზედმეტად არის გადახდილი-72.50 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ვინაიდან მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, 71.50 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი 1 ლარი უნდა დარჩეს იმავე ანგარიშზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 53-ე, 70-74-ე, 201-ე, 2321-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 356-ე, 364-367-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ”ლ--------------”-ს სარჩელი მოპასუხეების მა----- დღ---–--ას (პ/ნ 2----------) და მა----- ძა---ას (პ/ნ 2----------), მიმართ საკრედიტო დავალიანების გადახდევინების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოპასუხეებს მა----- დღ---–--ას (პ/ნ 2----------) და მა----- ძა---ას (პ/ნ 2----------), სს ”ლ--------------”-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 4141.09 ლარის გადახდა, (საიდანაც ძირი თანხაა 2678.67 ლარი, პროცენტი-1312.42 ლარი და ჯარიმა-150 ლარი). მა----- ძა---ას პასუხისმგებლობა განისაზღვროს 3605 ლარით.
2. სს ”ლიბერთი ბანკს” (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 9 იანვარს, #5138408568 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 145 (ასორმოცდახუთი) ლარიდან, 72.50 (სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაათი) ლარი.
3.მოპასუხეებს მა----- დღ---–--ას (პ/ნ 2----------) და მა----- ძა---ას (პ/ნ 2----------), სს ”ლ--------------”-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 71.50 (სამოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
4.განემარტოს მოპასუხე მა----- დღ---–--ას (პ/ნ 2----------), რომ მას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი მარტვილის მაგისტრატ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
5.განემარტოს მა----- ძა---ას (პ/ნ 2----------), რომ მან გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მარტვილის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია