გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2019
საქმის ნომერი
330210018002267497
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1768-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

მოსარჩელე - მ----- ც------ე

მოსარჩელის წარმომადგენლები - გ------- ქ------, ზ----- მ-------

მოპასუხე - შპს "ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–-----"

მოპასუხის წარმომადგენლები - გ---–- რ------, გ---–- ჯ---–--

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს "ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის" დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის ბრძანება #----- მ----- ც------ის ექიმი-ანესთეზიოლოგის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

 

1.2. მ----- ც------ე აღდგენილი იქნას შპს "ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის" ექიმ-ანესთეზიოლოგის თანამდებობაზე;

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს შპს "ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–-----ს" აუნაზღაუროს მ----- ც------ეს განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან (2017 წლის ნოემბრიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე (აღდგენამდე) პერიოდში, თვეში 2490 ლარის ოდენობით;

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი მოპასუხე კომპანიაში მუშაობდა 1994 წლიდან, 2014 წელს მას გაუფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულება მითითებულ პოზიციაზე, 2017 წლის ნოემბრის თვეში მოპასუხემ ჩაატარა ანესთეზიოლოგიური განყოფილების რეორგანიზაცია. მოსარჩელე გადაიყვანეს 17-დან 9 საათამდე მორიგეობაზე. ფაქტიურად ღამის მორიგეები აღმოჩნდნენ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ვინაიდან ღამის ექიმებს ფაქტიურად ექნებოდათ ნაკლები ანაზღაურება ვიდრე დღის ექიმებს. ამასთან დაკავშირებით მ----- ც------ემ გამოთქვა უკმაყოფილება, რაც მიუღებელი აღმოჩნდა გამგისათვის.

მოსარჩელის განმარტებით, ერთ-ერთი მორიგეობის დროს სამუშაო ოთახში შვიდა მედდა მ----- ა------ე, რომელმაც სამუშაო ოთახში დაძინება გადაწყვიტა, რისი საშუალებაც მოსარჩელემ არ მისცა და მედდა ოთახიდან გაუშვა, მ----- ა------ემ მოსარჩელეს ცილი დასწამა, თითქოს მან მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა. აღნიშნული ფაქტი, მოსარჩელის განმარტებით, მოხდა სამუშაო საათებში, თუმცა ინციდენტის შესახებ არავის გაუგია, ვინაიდან რეალურად სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს აგდილი არ ჰქონია. აღნიშნული გამოიყენა კლინიკის ხელმძღვანელობამ და იგი კლინიკიდან მ----- ა------ის ახსნა-განმარტების საფუძველზე გაათავსუფლეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ კლინიკის გენერალური დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის #----- ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა, როგორც მ----- ა------ის მოხსენებითი ბარათი, ასევე ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსის ლ---- ს----–---–ის მოხსენებითი ბარათი, სადაც იგი მიუთითებს მ----- ც------ის მიერ განხორციელებულ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ----- ც------ე შპს "ა------------------–---------–----------–------–--------–---------------------------–----აში" მუშაობდა 1994 წლიდან, ექიმ-ანესთეზიოლოგის პოზიციაზე. 2014 წლის 01 აპრილს მასთან გაფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხელშეკრულება, დანართი #1 (ს.ფ. 20-23);

 

3.1.2. შპს "ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის" დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის #----- ბრძანების საფუძველზე მ----- ც------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 27 ნოემბრიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "თ" პუნქტისა და კლინიკის შინაგანაწესის 9.2 პუნქტის საფუძველზე.

 

მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსის ლ---- ს----–---–ის მოხსენებითი ბარათი, ანესთეზიოლოგიური სამსახურის სუპერვაიზერი ექთანის მ----- ა------ის მოხსენებითი ბარათი და მ----- ც------ის ახსნა-განმარტება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს "ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის" დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის #----- ბრძანება (ს.ფ. 34).

- მოხსენებითი ბარათები (ს.ფ. 35-37);

 

3.1.3. შპს "ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის" დირექტორის 2017 წლის 12 ივნისის #8--- ბრძანებით მ----- ც------ეს დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის და უფლება-მოვალეობათა გადამეტებისათვის გამოეცხადა სასტიკი საყვედური.

ბრძანების გამოტანის საფუძველი გახდა ნარკოტიკული და სპეცკონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების შენახვის, ხარჯვისა, განადგურების მუდმივმოქმედი კომისიის მოხსენებითი ბარათი, სათანადო რეზოლუციით. მითითებული მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ექიმი მ----- ც------ე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში 23/06/2016 წლიდან 27/07/2016 წალამდე, რა დროსაც მას შესრულებული აქვს არაერთი ოპერაცია, ასევე შესრულებული აქვს ოპერაციები საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროსაც 08/08-18/08/2016 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ბრძანება (ს.ფ. 50);

- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 52-53);

 

3.1.4. 2017 წლის 22 ნოემბერს შპს "ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის" დირექტორმა წერილობითი შეტყობინებით მიმართა ექიმ-ანესთეზიოოოგს მ----- ც------ეს და განუმარტა მისი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შეტყობინება (ს.ფ. 24-25);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მ----- ც------ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი, შპს "ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის" შინაგანაწესის 9.2 პუნქტი.

რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას, ბრძანების გამოცემა გამოიწვია მ----- ც------ის მხრიდან კლინიკის შინაგანაწესის დარღვევამ, კერძოდ, 2017 წლის 12 ივნისს მ----- ც------ეს გამოეცხადა კლინიკის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი- სასტიკი საყვედური, დარღვევა გამოიხატა შემდეგში: მ----- ც------ემ უგულებელყო კლინიკაში არსებული ნარკოტიკული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების აღრიცხვიანობის პრინციპი. ამ შემთხვევაში, კლინიკის ადმინისტრაციამ გამოიყენა სასტიკი საყვედური. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მ----- ც------ემ კლინიკის თანამშრომელს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით, იმსჯელა კლინიკაში შექმნილმა დროებითმა კომისიამ ეთიკის კომისიასთან ერთად. სხდომაზე აღინიშნა ასევე ის ფაქტი, რომ მ----- ც------ე სხვა დროსაც ხშირად უგულებელყოფდა სხვა დასაქმებულთა ურთიერთპატივისცემისა და კოლეგიალობის ვალდებულებას. შესაბამისად, კლინიკამ მიიღი მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება.

 

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები გაწერილია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის ”თ” ქვეპუნქტის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

 

მოცემულ შემთხვევაში, სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "თ" პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა გახდა მოსარჩელე მ----- ც------ის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. თავის მხრივ, შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, ანუ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება უკანონო გათავისუფლების თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მის მიერ გამოვლენილი ნების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, თუ რა საფუძვლით წყვეტს შრომით ურთიერთობას დასაქმებულთან. შესაბამისად, მოპასუხე, რომელიც ზოგადად ასეთი შინაარსის დავებში ვალდებულია მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება ამტკიცოს, ასევე ვალდებულია ჯეროვანი და შესაფერისი მტკიცებულებით დაადასტუროს და სასამართლოს წარმოუჩინოს ის გარემოებები, რომლებიც დაედო საფუძვლად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობა გახდა 2017 წლის 01 ნოემბერს ექიმ ანესთეზიოლოგის მხრიდან კლინიკის თანამშრომელზე მ----- ა------ეზე განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

 

ფაქტთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები აქვთ მოდავე მხარეებს. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მას არ განუხორციელებია ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მისი თანამშრომლის მიმართ, მან მ----- ა------ეს ექიმების ოთახში დაძინების უფლება არ მისცა და უბრალოდ გაუშვა მათი ოთახიდან.

მოპასუხე მხარე კი ადასტურებს, რომ მოსარჩელემ მ----- ა------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია ეთიკის ნორმები.

 

მომხდარი ფაქტის გამოკვლევის და მისი სიმძიმის ხასიათის დასადგენად სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებზე და განსაკუთრებით, მოწმეთა ჩვენებებზე.

 

საქმეში წარმოდგენილია მ----- ც------ის 2017 წლის 7 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი, სადაც მოსარჩელე უთითებს, რომ 2017 წლის 01 ნოემბერს იმყოფებოდა ექიმ-ანესთეზიოლოგებისათვის განკუთვნილ ოთახში, სადაც ყოველგვარი თხოვნის და ნებართვის გარეშე შევიდა მ----- ა------ე და შეეცადა დაძინებას. მან კი მედდა ოთახიდან გაუშვა, არავითარი სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

ანესთეზიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის ლ---- ს----–---–ის 2017 წლის 2 ნოემბრის განცხადებაში მითითებულია, რომ მისი განყოფილების ექიმი მ----- ც------ე შეუძლებელს ხდის განყოფილების გამართულ მუშაობას, რაც გამოიხატება პერსონალის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლით, იგი არის გაუწონასწორებელი ადამიანი.

 

მედდა მ----- ა------ის 1.11.2017 წ. მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს ანესთაეზიოლოგიური სამსახურისათვის განკუთვნილ ოთახში ექიმმა მ----- ც------ემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ვინაიდან მან გაბედა მის ოთახში შესვლა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ მ----- ა------ე და ლ---- ს----–---–ი. მ----- ა------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იგი შევიდა ანესთეზიოლოგიის განყოფილების თანამშრომლებისათვის განკუთვნილ მოსასვენებელ ოთახში, ვინაიდან ჰქონდა სიცხე და ტკიოდა კბილი. დაახლოებით 10 წუთში ოთახში შევიდა მ----- ც------ე და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა "შე გათახსირებულო ვინ მოგცა უფლება აქ შემოხვიდე", "არ მაინტერესებს შენი განყოფილების გამგე, ადექი და გაეთრიე აქედან". მოწმის განმარტებით, მას არ სურდა კონფლიქტი, ვინაიდან კლინიკაში ხალხი იმყოფებოდა, ადგა და გავიდა ოთახიდან, რა დროსაც მ----- ც------ემ მხრებში მოკიდა ხელი, შეაჯანჯღარა და კედელს მიახეთქა. იგი მაშინვე გავიდა ლ---- ს----–---–თან და ყველაფერი მოუყვა. ის და ლ---- ს----–---–ი დირექტორთან ავიდნენ, სადაც მ----- ც------ე დახვდათ, რომელმაც დირექტორის კაბინეტში დაადასტურა რომ მ----- ა------ეს მიაყენა შეურაცხყოფა, ვინაიდან მედდას ექიმების ოთახში ეძინა.

 

მოწმე ლ---- ს----–---–მა განმარტა, რომ მ----- ა------ემ მას განუცხადა, რომ მ----- ც------ემ იგი ოთახიდან გააგდო, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელი მოკიდა, კედელზე მიაჯახა და ოთახიდან გააგდო. მოწმის მითითებით, მ-----ს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი სხვა თანამშრომლებთანაც, პრობლემური თანამშრომელი იყო. მოწმემ მიუთითა, რომ მ----- ც------ემ დირექტორის კაბინეტში ასეთი სიტყვები თქვა - "ამ კუზიან, ჭლექიანს ვინ მისცა ჩემს ოთახში გდების უფლებაო", "მ-----ს არა აქვს უფლება ჩემთან ერთად ესუნთქა ჰაერი და უნდა გათრეულიყო". მან დირექტორის კაბინეტში აღიარა და დაადასტურა, რომ მედდა ოთახიდან გააგდო.

 

სასამართლო მხარეთა ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს მ----- ც------ის მხრიდან მ----- ა------ეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, რითაც მ----- ც------ემ დაარღვია ეთიკისა და ქცევის ნორმები. მოსარჩელის ქმედება შეიძლება შეფასდეს როგორც შეუფერებელი, არაკორექტული და ღირსების შემლახავი ქცევა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის კრიტერიუმებს, რამაც შედეგად გამოიწვია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, ვინაიდან მ----- ც------ის მიმართ კლინიკის დირექტორის 2017 წლის 12 ივნისის ბრძანებით გამოტანილი იყო სასტიკი საყვედური, რაც ასევე ეთიკური ნორმების დარღვევას უკავშირდება, რითაც დამსაქმებელი კარგავს ნდობას დასაქმებულის მიმართ, მისი არაკეთილსინდისიერი ქცევის გამო, მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "თ" პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევად, რაც გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.

 

ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ქმედება უნდა შეფასდეს ეთიკური წესების დარღვევად, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სამსახურიდან გათავისუფლება და აღნიშნული დისციპლინური ზომა, სასამართლოს მოსაზრებით, ადეკვატურია ჩადენილი დარღვევისა. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ მას მ----- ა------ისათვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ვინაიდან თავად მ----- ც------ემ რიგ შემთხვევებშიც არ უარყო, რომ მ----- ა------ე ოთახიდან გაუშვა, ამასთან, მოწმეებმა დეტალურად აღწერეს და დამაჯერებლად მიუთითეს მომხდარი ფაქტის თაობაზე. რაც ასევე დასტურდება 2017 წლის ნოემბრის წერილობითი ახსნა-განმარტებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- ც------ის სასარჩელო მოთხოვნა სამსხურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, იმავე თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის მიღების მოთხოვნით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე, 31-ე მუხლები;

ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლი ;

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-2, 37-ე, 38-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა.

 

სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.

 

შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.

 

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები გაწერილია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის ”თ” ქვეპუნქტის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

განსახილველ დავაში დადგენილია, რომ საქმის გარემოებანი ეხება ექიმ-ანესთეზიოლოგის მიერ სამუშაოზე ყოფნისას ეთიკის ნორმების უხეშ დარღვევას, რაც გამოიხატება თანამშრომლისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში.

 

სასამართლომ, სადავო ფაქტობრივ გარემოებებში დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი ეთიკის ნორმების უხეშ დარღვევას, დასაქმებულის შეუფერებელ ქცევას, რაც გახდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ დასძლია მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი და უტყუარად დაადასტურა, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს ნამდვილად ჰქონდა ადგილი მ----- ც------ის მხრიდან მედდა მ----- ა------ეზე შეუფერებელი და საკმაოდ უხამსი ფორმით სიტყვიერი შეურაცხყოფისა და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ ვინაიდან მან გამოთქვა პრეტენზია კლინიკის ხელმძღვანელობასთან ხელფასების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე, ამიტომ გახდა იგი მიუღებელი ხელმძღვანელობისათვის და მ----- ა------ის ტყუილი განმარტებების საფუძველზე გაათავისუფლეს. მოსარჩელე ასევე უთითებდა, რომ კონფლიქტი არ მომხდარა, ვინაიდან რომ მომხდარიყო სამუშაო დროს კლინიკაში ვიღაცა აუცილებლად გაიგებდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა უტყუარად დაადასტურეს კონფლიქტის ფაქტობრივი გარემოებები, მ----- ა------ემ ისიც კი განმარტა, რომ ვინაიდან სამუშაო პერიოდი იყო, კონფლიქტს მოერიდა, ოთახიდან ხმაურისა და შეკამათების გარეშე გავიდა და მომხდარის შესახებ ლ---- ს----–---–ს მოუყვა. რაც შეეხება მ----- ც------ის მითითებას მის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის თაობაზე, რაც გამოიხატა მისი სტაჟის მიუხედავად ღამის მორიგეობაში გადაყვანაში, აღნიშნულ გარემოებას არა აქვს მოცემულ დავასთან შემხებლობა, ვინაიდან მ----- ც------ის არაეთიკური ქცევა გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და არა მისი პროფესიონალიზმი. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დამსაქმებელმა 2017 წლის 12 ნოემბერს მ----- ც------ეს უფლებამოვალეობათა გადამეტებისათვის გამოუცხადა სასტიკი საყვედური და არ მოახდინა მისი გათავისუფლება, რაც მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ დასაქმებულის მიზანი არ იყო მ----- ც------ის სამსახურიდან გათავისუფლება. აღნიშნული განაპირობა თავად მოსარჩელის არაკორექტულმა ქცევამ.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო გამართლებულად მიიჩნევს დამსაქმებლის ნებას - შეწყვიტოს ექიმ მ----- ც------ესთან შრომითი ურთიერთობა, ვინაიდან ეს ნება სავსებით აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს.

საბოლოო ჯამში, სასამართლო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან - მ----- ც------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მიიჩნევს კანონიერად, ვინაიდან, დათხოვნის საფუძველი აღწევს საკმარისად სერიოზულ დონეს, შესაბამისად, სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და ვერ დაკმაყოფილდება.

ამდენად, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი ორი მოთხოვნაც თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნათა თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ----- ც------ის სარჩელი შპს "ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის" მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია გიგაური