გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
090210019002828240
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(2/3–19) 090210019002828240

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.05.2019 წ. ქ. ამბროლაური

შესავალი ნაწილი

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე

მოსარჩელე - ონის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი- მარიამ გობეჯიშვილი

მოპასუხე - შპს „ბესკო”

წარმომადგენელი - სოფიო ორდინიძე

დავის საგანი - უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ბესკოს“ ონის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის 61 717 ლარის უკან დაბრუნება

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას: 2017 წლის 18 ივლისს გამარტივებული შესყიდვის გზით მოსარჩელემ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 17/07 ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ბესკოსთან“ სტიქიის შედეგად დაზიანებული და განადგურებული ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისათვის სოფელ გონაში. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 550 000 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით, მათ შორის ჩვეშურის ხიდი – 430 000 ლარი და ხვარგულზე გადასავლელი ხიდი 120 000 ლარი. ხელშეკრულების მე–6 მუხლის მიხედვით მეწარმესთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შპს ,,ბესკომ“ შესრულებულ სამუშაოებზე მოცულობისა და ხარისხის ექსპერტიზის დასკვნა დაუკვეთა შპს ,,ექსპერტ ჰაუსს“ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით მუნიციპალიტეტმა მეწარმეს აუნაზღაურა 549170,98 ლარი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2018 წელს ჩაატარა ონის მუნიციპალიტეტის 2016–2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ექსპერტ ჰაუსმა“ საექსპერტო დასკვნა მოამზადა ფაქტობრივი დანახარჯების გათვალისწინების გარეშე, ანუ არც მეწარმემ და არც ექსპერტმა არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება და არ იხელმძღვანელეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1–1/1463 ბრძანებით, რომელთა მიხედვითაც 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება მიმწოდებელს უნდა აუნაზღაურდეს ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, რაც გულისხმობს სამუშაოების ანაზღაურების რეალურად გაწეული ხარჯების მიხედვით, რაც დასტურდება ანგარიშფაქტურებით, ხელფასის უწყისებით, შესყიდვის აქტებით, იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებებით და სხვა. გამარტივებული შესყიდვის გზით მუნიციპალიტეტს სხვა მეწარმეებთანაც ჰქონდა მსგავსი ხელშეკრულება გაფორმებული და ყველა შემთხვევაში ექსპერტი ამზადებდა დასკვნას ფაქტობრივი დანახარჯების გათვალისწინებით. ამასთანავე შპს ,,ექსპერტ ჰაუსის“ დასკვნის მე–5 გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,დარიცხვები არ ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების მოთხოვნებს და წინასწარ შეთანხმებულია დამკვეთთან“ შესაბამისად მუნიციპალიტეტმა აანაზღაურა თანხა დასკვნის შესაბამისად და ექსპერტის დასკვნას ვერ შეისწავლიდა. აუდიტის ჯგუფმა შპს ,,ბესკოსგან“ გამოითხოვა ფაქტობრივი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდგომაც ბესკომ მიმართა სსიპ ,,ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ და მოითხოვა შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლა. 2018 წლის 27 სექტემბრის გაცემული დასკვნის მიხედვით სამუშაოების საერთო ღირებულებამ ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით შეადგინა 487453,98 ლარი. შესაბამისად მუნიციპალიტეტმა მეწარმეს ზედმეტად აუნაზღაურა 61,717 ლარი. ანუ მეწარმემ უსაფუძვლოდ უსამართლოდ შეიძინა ქონება და გამდიდრდა მუნიციპალიტეტის ხარჯზე, რასაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. სამართლებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით მეწარმემ უნდა დაუბრუნოს მუნიციპალიტეტს ზედმეტად შეცდომით ჩარიცხული თანხა. (იხ. სარჩელი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარე მოითხოვს მოპასუხეს შპს ,,ბესკოს“ დაეკისროს ონის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული 61 7817 ლარის უკან დაბრუნებას.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ბესკოს”-ის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი გახლავთ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის არის გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესი და ოდენობა. ეს არის პირობა, რომლის გარეშეც მოცემული ხელშეკრულება არ დაიდებოდა. კერძოდ ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ სამუშაოების მიღება მოხდება სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, ხოლო ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 319– ე მუხლის შესაბამისად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. თუ სამუშაოების ანაზღაურებასთან დაკავშირებით იყო რაიმე შეზღუდვა ეს უნდა გაეთვალისწინებინა ონის მუნიციპალიტეტის მერიას და ასახულიყო ხელშეკრულებაში, ვინაიდან შპს ,,ბესკოს“ სრულიად სამართლიანად ჰქონდა ნდობა მოცემული ხელშეკრულების პირობების მიმართ, მან შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიიღო ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება ხელშეკრულებით დადგენილი წესით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნისა და მხარეთა შორის გაფორმებული სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლითაც ონის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო შპს ,,ბესკოს“ მიერ შესრულებული 549170,98 ლარის სამუშაოები, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,ბესკოს" მიერ ფულადი ანაზღაურების მიღების საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ონის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულება და უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე 61,717 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი).

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, რაც შესაგებელშია მითითებული და აღნიშნა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ონის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ბესკოს“ შორის 2017 წლის 18 ივლისს გამარტივებული შესყიდვის გზით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კანონის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება სოფელ გონაში სტიქიის შედეგად განადგურებული ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

 

–სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

–2017 წლის 18 ივლისის N17/07 ხელშეკრულება;

–მხარეთა ახსნა–განმარტებები (სხდომის ოქმი);

 

3.1.2. შპს ,,ბესკომ“ შესრულებულ სამუშაოებზე მოცულობისა და ხარისხის ექსპერტიზის დასკვნა დაუკვეთა შპს ,,ექსპერტ ჰაუსს“, რომელმაც დასკვნა მოამზადა ფაქტობრივი დანახარჯების გათვალისწინების გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

 

–სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

–შპს ,,ექსპერტ ჰაუსის“ 2017 წლის 4 სექტემბრის დასკვნა;

–მხარეთა ახსნა–განმარტებები (სხდომის ოქმი);

 

3.1.3. ონის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ,,ბესკოს“ აუნაზღაურა 54170,98 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

 

–სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

–2017 წლის 19 ოქტომბრის N184 მიღება–ჩაბარება და საგადასახადო დავალებები;

–მხარეთა ახსნა–განმარტებები (სხდომის ოქმი);

 

3.1.4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2018 წელს ჩაატარა ონის მუნიციპალიტეტის 2016–2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან 61.717 ლარი ზედმეტად ჩაერიცხა მეწარმეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

 

–სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

–ონის მუნიციპალიტეტის 2016–2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. ;

–მხარეთა ახსნა–განმარტებები (სხდომის ოქმი);

 

3.1.5. მუნიციპალიტეტმა მეწარმეს ზედმეტად აუნაზღაურა 61,700 ლარი. ანუ მეწარმემ უსაფუძვლოდ, უსამართლოდ შეიძინა ქონება და გამდიდრდა მუნიციპალიტეტის ხარჯზე, რასაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

 

–სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

–სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 სექტემბრის დასკვნა;

–მხარეთა ახსნა–განმარტებები (სხდომის ოქმი);

 

3.1.6. ონის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,ბესკომ“ და ინსპექტირების ორგანომ შპს ,,ექსპერტ ჰაუსმა“ არ იხელმძღვანელეს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მუნიციპალიტეტს არ წარმოუდგინეს ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დასკვნა, ხოლო მუნიციპალიტეტმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეცდომით ზედმეტი თანხა ჩაურიცხა მეწარმეს. მერიამ საქართველოს ფოსტის საშუალებით ასევე ელექტრონული ფოსტის ხელშეკრულებაში მითითებულ ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში მითითებულ მისამართზე არაერთი წერილი გაუგზავნა თანხის უკან დაბრუნების შესახებ. თუმცა არც ელექტრონულ ფოსტაზე დაუდასტურეს მიღება და არც მატერიალური ფორმით გაგზავნილი წერილები ჩაბარდათ, მიზეზი მოუძიებლობა იყო. სატელეფონო კომუნიკაციაც არაერთხელ შედგა თუმცა მათი მხრიდან არავითარი ქმედება არ განხორციელებულა უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დასაბრუნებლად და არც არგუმენტები წარმოუდგენიათ მუნიციპალიტეტში, თუ რატომ არიან წინააღმდეგი დააბრუნონ თანხა, რომელიც გაუმართებლად მიიღეს .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

 

– სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

–ონის მუნიციპალიტეტის მერიის N04–5459 წერილი;

––ონის მუნიციპალიტეტის მერიის N04–5000 წერილი;

––ონის მუნიციპალიტეტის მერიის N04–55705 წერილი;

–ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის დამადასტურებელი ამონაწერი;

–მხარეთა ახსნა–განმარტებები (სხდომის ოქმი);

 

3.1.7. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N 006743618 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს ,,ბესკოს“ მიერ შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით შეადგინა 487 453, 98 ლარი, შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა რეკომენდაცია მოეხდინა ზედმეტად მიღებული თანხის 61,717 ლარის დაბრუნება, რადგან ონის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაცული კანონმდებლობის მოთხოვნა ფაქტობრივი დანახარჯების ანაზღაურების შესახებ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ზედმეტად არის ანაზღაურებული 61,717 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

 

–სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

–2018 წლის 28 დეკემბრის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;

–სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N 006743618 ექსპერტიზის დასკვნა.

 

–მხარეთა ახსნა–განმარტებები (სხდომის ოქმი);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხე მხარე არ უარყოფს, რომ მოსარჩელე მხარემ გადაურიცხა თანხა რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით, თუმცა მისი მტკიცებით, მოსარჩელის მიმართ თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია, რადგან მოპასუხის მხრიდან აღნიშნული თანხის მიღებით უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი არ ჰქონია. სამართლებრივი საფუძველის გარეშე თანხა არ მიუღია, ვინაიდან თანხის ანაზღაურება განხორციელდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნისა და მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

 

-მოპასუხის შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე

-მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 327-ე, 319-ე, 976-ე, 979-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავისი უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან.

 

6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ონის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ბესკოს“ შორის 2017 წლის 18 ივლისს გამარტივებული შესყიდვის გზით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 17/07 ხელშეკრულება გაფორმდა სოფელ გონაში სტიქიის შედეგად დაზიანებული განადგურებული ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისათვის. შპს ,,ბესკომ“ შესრულებულ სამუშაოებზე მოცულობისა და ხარისხის ექსპერტიზის დასკვნა დაუკვეთა შპს ,,ექსპერტ ჰაუსს“, რომელმაც დასკვნა მოამზადა ფაქტობრივი დანახარჯების გათვალისწინების გარეშე. ონის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ,,ბესკოს“ აუნაზღაურა ხელშეკრულებით 54170,98 ლარი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2018 წელს ჩაატარა ონის მუნიციპალიტეტის 2016–2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან 61.717 ლარი ჩაურიცხა მეწარმეს. ასევე დადგენილია რომ მუნიციპალიტეტმა მეწარმეს ზედმეტად აუნაზღაურა 61,700 ლარი.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ სრულიად სამართლიანად ჰქონდა ნდობა მოცემული ხელშეკრულების პირობების მიმართ, მან შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიიღო ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება ხელშეკრულებით დადგენილი წესით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნისა და მხარეთა შორის გაფორმებული სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე და რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიამ 61,717 ლარი ზედმეტად ჩაურიცხა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976.1. მუხლის „ა„ პუნქტის მიხდევით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

 

აღნიშნული ნორმის (976.1.) დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული იყოს იურიდიულ საფუძველს. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების შედეგად.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას ექვემდებარება, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ბესკოს“ მიერ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. ასევე სადავო არაა რომ შპს ,,ბესკომ“ შესრულებულ სამუშაოებზე მოცულობისა და ხარისხის ექსპერტიზის დასკვნა დაუკვეთა შპს ,,ექსპერტ ჰაუსს“ და წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, ონის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხავა შპს ,,ბესკოს“ ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N 006743618 ექსპერტიზის დასკვნის მომზადების შემდგომ ცნობილი გახდა რომ შპს ,,ბესკოს“ მიერ შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით შეადგინა 487 453, 98 ლარი, შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა რეკომენდაცია მოეხდინა ზედმეტად მიღებული თანხის 61,717 ლარის დაბრუნება, რადგან ონის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაცული კანონმდებლობის მოთხოვნა ფაქტობრივი დანახარჯების ანაზღაურების შესახებ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ზედმეტად არის ანაზღაურებული 61,717 ლარი. ანუ სადავო თანხა მოპასუხის საკუთრებაში გადავიდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და დასაბუთებელია მსჯელობა მასზედ, რომ ადგილი აქვს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას მოსარჩელის ხარჯზე. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ 61,717 ლარის ოდენობით ჩარიცხვის საფუძველი.

 

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს, ისეთ შემთხვევას, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. (იხ. სუსგ, 29.12.2015წ, #ას-1051-991-2015).

 

უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნის უფლების საერთო წინაპირობაა ის, რომ უსაფუძვლო გამდიდრებით მოვალემ მიიღო ქონებრივი სარგებელი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს გადაცემულის უკან დაბრუნებას. თანხის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი ხელშეკრულება, რომლის პირობების შესრულებაც მხარეთა ვალდებულებას წარმოადგენდა. 2017 წლის 19 ოქტომბრის მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე განხორციელდა თანხის გადახდა- ჯამში 54170,98 ლარი. შპს ,,ბესკომ“ შესრულებულ სამუშაოებზე მოცულობისა და ხარისხის ექსპერტიზის დასკვნა დაუკვეთა შპს ,,ექსპერტ ფაუსს“ და წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, ონის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხავა შპს ,,ბესკოს“ ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N 006743618 ექსპერტიზის დასკვნის მომზადების შემდგომ ცნობილი გახდა რომ შპს ,,ბესკოს“ მიერ შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით შეადგინა 487 453, 98 ლარი, შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა რეკომენდაცია მოეხდინა ზედმეტად მიღებული თანხის 61,717 ლარის დაბრუნება, რადგან ონის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაცული კანონმდებლობის მოთხოვნა ფაქტობრივი დანახარჯების ანაზღაურების შესახებ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ზედმეტად არის ანზღაურებული 61,717 ლარი. შესაბამისად, დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული, რომ მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშიდან 61,717 ლარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო, რის გამოც მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მიჩნეული უნდა იქნას უსაფუძლო გამდიდრებად. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ონის მუნიციპალიტეტის მერია კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამდენად, შპს ,,ბესკოს“ უნდა დაეკისროს 1 851 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სარჩელზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55–ე, 243-ე, 244-ე, 247-250–ე, 257-ე, 364-ე, 365–ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ონის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „ბესკო”-ს მოსარჩელე ონის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს 61 717 (სამოცდაერთიათას შვიდასჩვიდმეტი ) ლარის გადახდა;

 

3. შპს „ბესკო”-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1 851(ერთიათას რვაას ორმოცდათერთმეტი) ლარის გადახდა სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი