გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7243-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე მ----–---–-----ი
წარმომადგენელი კ--------------–-----–--ე, ლ-------------ე
მოპასუხე ი-----–------–-----ი
წარმომადგენელი ი--------–--ე
დავის საგანი მამობის დადგენა, ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ--–--–---–-----ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 2--- წლის 0----------ერს) მამად ი-----–------–-----ის (პირადი №0----------) აღიარება და არასრულწლოვანის დაბადების სააქტო ჩანაწერში #0---------- ,,მამის“ აღმნიშვნელ გრაფაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
1.2. მოპასუხე ი-----–------–-----ისთვის (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 0----------ერს დაბადებული ლ--–--–---–-----ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 03 აპრილიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელე მ----–---–-----ი და მოპასუხე ი-----–------–-----ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. არარეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 0-.0-.2--- წელს დაბადებული ლ--–--–---–-----ი.
მხარეები 2018 წლიდან ოჯახური უთანხმოების საფუძველზე ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე თავის მცირეწლოვან შვილთან - ლ--–--–---–-----თან ერთად გადავიდა მშობლებთან საცხოვრებლად.
მოსარჩელე მოპასუხისგან ყოველგვარი დახმარების გარეშე ერთი წელია ზრდის თავის მცირეწლოვან შვილს და არის უმუშევარი.
მოპასუხე ი-----–------–-----ს ბავშვის დაბადებიდან დღემდე აქვს კარგი ურთიერთობა შვილთან, და ის თავს აღიარებს ბავშვის მამად, მაგრამ უარს ამბობს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბავშვის მამად რეგისტრაციაზე, რადგან ცდილობს ამით ბავშვის რჩენის ვალდებულება აირიდოს თავიდან.
ი-----–------–-----ი რამდენიმე წელია მუშაობს თ---–-------------–----------------------ში დაცვის თანამშრომლად. მისი ყოველთვიური შემოსავალი, ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 800 ლარს, მას ასევე ოჯახური ბიზნესიდან უფიქსირდება შემოსავალი. მცირეწლოვანი ლ--–--–---–-----ის მამა არის ი-----–------–-----ი და სწორედ იგი არის ვალდებული, ნებაყოფლობით ან სასამართლო იძულებით იზრუნოს შვილზე და მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდა- განვითარებაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი-----–------–-----მა ცნო სარჩელი მამობის აღიარების შესახებ, რაც შეეხება ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნას, განმარტა, რომ მართალია მუშაობს თ---–-------------–----------------------ში უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლად, თუმცა მისი სახელფასო განაკვეთი არ შეადგენს მოსარჩელის მიერ დასახელებულ 800 ლარს. მისი ანაზღაურება გაცილებით დაბალია და არც ოჯახური ბიზნესიდან უფიქსირდება რაიმე შემოსავალი. მისი დედა და მამა არიან მის კმაყოფაზე, ამასთან სს ,,თიბისი ბაბნკის“ მიმართ აქვს სასესხო ვალდებულება, რისი დაფარვაც უწევს ყოველთვიურად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ----–---–-----ს და ი-----–------–-----ს არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ შვილი - 2--- წლის 0----------ერს დაბადებული ლ--–--–---–-----ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაბადების მოწმობა (ს.ფ.24);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. ლ--–--–---–-----ი დაიბადა 2--- წლის 0----------ერს. მოსარჩელის დაბადების მოწმობაში მამის გრაფა - ცარიელია, ხოლო დედის გრაფაში მითითებულია - მ----–---–-----ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ლ--–--–---–-----ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.24);
3.1.3. სარჩელის განხილვის პერიოდისთვის მ----–---–-----ი არ არის დასაქმებული.
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. მ----–---–-----ი და ი-----–------–-----ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან, რომელიც იმყოფება დედის კმაყოფაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.5. ი-----–------–-----ი წარმოადგენს შრომისუნარიან პირს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2019 წლის 17 აპრილის შემოსავლების სამსახურის წერილის მიხედვით, ი-----–------–-----ი დასაქმებულია თ---–-------------–----------------------ში დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 2019 წლის მარტის თვის პერიოდისთვის - 933 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი შეადგენს 182.87 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 17 აპრილის შემოსავლების სამსახურის წერილი (იხ.ს.ფ.43-47).
3.2.2. ი-----–------–-----ის კმაყოფაზე, არასრულწლოვანი შვილის, ლ--–--–---–-----ის გარდა სხვა პირი არ იმყოფება.
სასამართლო, ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის კმაყოფაზე ყოველთვიურად იმყოფებიან მისი მშობლები, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, მოსარჩელეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ი-----–------–-----ს რაიმე მტკიცებულება, რომ მშობლების რჩენა მხოლოდ მისი კანონისმიერი ვალდებულებაა არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ვინაიდან მამობის დადგენა შეესაბამება არასრულწლოვანის ინტერესებს და მოპასუხემ ამ ნაწილში ცნო სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის რჩენა-აღზრდის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 190 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე, ,,ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 მუხლები, მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაცია, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-2, მე-3, მე-9, მე-18, 27-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე, 1196-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1222-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელე მ----–---–-----ის არასრულწლოვანი შვილის - ლ--–--–---–-----ის მამად მოპასუხე ი-----–------–-----ის აღიარება. მოცემული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას. ამავე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მამობის დადგენისათვის არ არის აუცილებელი მოცემული მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული ყველა პირობის არსებობა, მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს ერთ-ერთი მათგანი. განსახილველი ნორმის მიხედვით, მამობის დადგენისას აუცილებელია ისეთი გარემოებების არსებობის დადასტურება, რომლებიც უკავშირდება საოჯახო ურთიერთობებს, ოჯახის შექმნის მიზანს ან პოტენციური მამის მიერ მამობის აღიარების ფაქტს.
’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.
დადგენილია, რომ მ----–---–-----ს და ი-----–------–-----ს შორის არსებობდა ფაქტობრივი თანაცხოვრება, რა დროსაც შეეძინათ შვილი, 2--- წლის 0----------ერს დაბადებული ლ--–--–---–-----ი.
,,ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამასა და დედას ეკისრებათ იგივე ვალდებულებები ბავშვთა ზრუნვაზე, როგორიც მათ ექნებოდათ ქორწინების შემთხვევაში.
‘’ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მეორე მუხლი ადგენს თითოეული ბავშვისათვის კონვენციით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლების ხელმისაწვდომობას და მათ დაცვას დისკრიმინაციისაგან ნებისმიერი საფუძვლით. რაც შეეხება ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლებებს, იგი დაცულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით - საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით, ასევე ’’ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციით.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2002 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე N53176/99 Mikulic v. Croatia განმარტა (აბზაცი 54) „პირადი ცხოვრების პატივისცემა მოითხოვს, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დაადინოს თავის იდენტიფიკაციის, როგორც ინდივიდუალური ადამიანის, დეტალები და რომ პირის მისაწვდომობა ასეთ ინფორმაციასთან მნიშვნელოვანია პირის როგორც პიროვნების ფორმირების არსიდან გამომდინარე“. იმავე გადაწყვეტილების 64–ე აბზაცში სასამართლომ აღნიშნა - „სასამართლოს აზრით, განმცხადებლის სიტუაციაში მყოფ პირებს აქვთ კონვენციით დაცული სასიცოცხლო ინტერესი, მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია მათი პიროვნული იდენტობის მნიშნელოვანი ასპექტის შესახებ სიმართლის დასადგენად“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinger and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთის მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ მეტად გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად, და, როცა ეს შესაძლებელია, უნდა „აღდგეს“ ოჯახი. მეორეს მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებების განსახორციელებლად, რაც ზიანის მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესი“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის, უპირისპირდება მშობლის უფლებას - იწოდებოდეს და იურიდიულად იყოს მითითებული ბავშვის მამად. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი.
მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.
ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანის მიმართ მამობის დადგენა შეესაბამება 2--- წლის 0----------ერს დაბადებული ლ--–--–---–-----ის ინტერესს, ვინაიდან მას აქვს უფლება იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, შენარჩუნდეს ბავშვის კავშირი ოჯახთან, აღიარებული იყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების პატივისცემა, მოახდინოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზება, მათ-შორის მიიღოს მშობლებისაგან სარჩო, საცხოვრისი, განათლებაში ხელშეწყობა, მისი აღზრდა-განვითარებისა და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო სიკეთეები. ამასთან, ი-----–------–-----მა სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის ნაწილში ცნო, რაც წარმოადგენს საკმარის საფუძველს, ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, მხარეთა პოზიციის, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2--- წლის 0----------ერს დაბადებული ლ--–--–---–-----ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ფაქტობრივად ცხოვრობს დედასთან, მ----–---–-----თან ერთად. მოსარჩელე ამ ეტაპზე არის უმუშევარი, რაც შეეხება ი-----–------–-----ს ის დასაქმებულია თ---–-------------–----------------------ში დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 2019 წლის მარტის თვის პერიოდისთვის 933 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი შეადგენს 182.87 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკების წინაშე, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მის კმაყოფაზე მშობლების გარკვეულწილად ყოფნის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გარდა არასრულწლოვანი ლ--–--–---–-----ისა კანონისმიერი რჩენის ვალდებულება მოპასუხეს სხვა პირის მიმართ არ აკისრია.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულება და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმედუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით). მშობლების ქმედუუნარობისა და შრომისუნარიანობის არქონის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, ი-----–------–-----ს არ წარმოუდგენია.
შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვალდებულება უპირობოა და არ არის დამოკიდებულია რაიმე სხვა წინაპირობაზე. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
ამასთან, სასამართლო, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება და იგი შრომისუნარიანია.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის აპრილის თვისათვის - 185 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 190 ლარით.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2019 წლის 03 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, ასევე არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე შესაბამისად, მოსარჩელე მანანა შიოშვილი სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი მამობის დადგენის სრულად, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ ცნო, ი-----–------–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ხოლო მამობის დადგენასთან მიმართებით მოპასუხე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მ----–---–-----ს კი უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ----–---–-----ის (პირადი №0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. აღიარებულ იქნას ი-----–------–-----ი (პირადი №0----------) ლ--–--–---–-----ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 2--- წლის 0----------ერს) მამად;
3. დაეკისროს მოპასუხე ი-----–------–-----ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის შვილის 2--- წლის 0----------ერს დაბადებული ლ--–--–---–-----ის პ/ნ 0----------, სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 190 (ას ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 03 აპრილიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
4. განემარტოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომ გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამისი ცვლილებების შეტანის საფუძველს ლ--–--–---–-----ის დაბადების აქტის ჩანაწერში;
5. დაეკისროს ი-----–------–-----ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ხოლო მამობის დადგენის შესახებ მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლდეს საპროცესო ხარჯის ანაზღაურებისგან;
6. მ----–---–-----ს დაუბრუნდეს ლ--------------ის მიერ, 03/04/2019 წელს, სს ,,თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება #0, სახაზინო კოდი 300773150);
7. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა