განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030100119002899893
№1/87-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
13 ივნისი 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
ბრალდების მხარე
პროკურორი ე---–---- ბ------
დაცვის მხარე
ადვოკატები მ----–-- კ--------, ნ-------- ტ---------
ბრალდებული დ------ ჯ---------
მამის სახელი რ------
დაბადებული 0---------
პირადი ნომერი 4----------
მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქე.
განათლება ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა დაოჯახებული
ნასამართლობა არ მქონე
მცხოვრები ქ. ფოთი, ვ------- ქ.N2-
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.დ------ ჯ---------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 თებერვალს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), დ------ ჯ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ქ. ფოთში, ნ------- უბანში გამავალ სს „ე-------------------------“ კუთვნილ 2695 ლარად ღირებულ 700 მეტრის სიგრძის 110 კილოვატიან ალუმინის სადენს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალად შერაცხული ქმედების შემადგენლობა და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, დ------ ჯ---------ს ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს, რის გამოც მისთვის წარდგენილ ბრალდებაში იგი ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68) ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი) განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, პირადი ნომერი; ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
დ------ ჯ---------ს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 თებერვალს, საღამოს საათებში (ზუსტო დრო დაუდგენელია), დ------ ჯ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ქ. ფოთში, ნ------- უბანში გამავალ სს „ე-------------------------“ კუთვნილ 2695 ლარად ღირებულ 700 მეტრის სიგრძის 110 კილოვატიან ალუმინის სადენს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოში დასაკითხ პირთა სია: მოწმეები: ბ---- ნ-----, ე-–---- წ----–-----, დ----- ჩ--------, დაზარალებულის წარმომადგენელი ზ------ ბ--------–---–-, გამომძიებელი ე------ კ--–------, ბრალდებული დ------ ჯ---------.
მოწმის წესით დაკითხულმა ჯ----– გ------ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ფ------ ს----–---- ს-----------–--–-. 2019 წლის 18 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მის მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია, ქ. ფოთი, ლ-------- ქუჩაზე მდებარე ბ------–ის მიმდებარე ტერიტორიიდან ელექტრო სადენების ქურდობის ფაქტზე, რაც ჩადენილი იყო დ----- ჯ---------ს მიერ და რომელსაც აღნიშნული სადენები ჩაბარებული ქონდა ნ------–- ე-–---- წ----–-----ს ჯართის მიმღებ პუნქტში. მან აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას. დ----- ჯ---------მ მასთან პირად საუბარში აღიარა, რომ ჩაიდინა ელექტრო სადენების ქურდობა, რომ სანადირო თოფის საშუალებით ჩამოგლიჯა სადენები და ნანობდა თავის საქციელს.
მოწმის წესით დაკითხულმა დ----- ჩ--------მ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ფ------ ს----–---- ს-----------–--- ნ------- განყოფილებაში. ის გამომძიებელ ე------ კ--–------სთან ერთად მივიდა ქ. ფოთში, ს------- ქუჩაზე მდებარე ე-–---- წ----–-----ს ჯართის ჩამბარებელ პუნქტში, სადაც ე. წ----–-----მ მათ აჩვენა სადენები და განმარტა, რომ აღნიშნული სადენები მას მიყიდა დ----- ჯ---------მ. ამოიღეს სადენები, მოხდა მათი აწონვა და დალუქვა, ასევე ამოიღეს ჯართის მიღება-ჩაბარების ჟურნალი. სადენები იყო 76 კილოგრამი და გადანაწილდა ხუთ ტომარაში, მათი სიგრძე მისთვის უცნობია, რადგანაც დაკეცილი იყო და არ გაუხსნიათ, მარტო აწონეს.
მოწმის წესით დაკითხულმა ე-–---- წ----–-----მ განმარტა, რომ იბარებს ფერად ლითონს. 2019 წლის 16 თებერვალს დ----- ჯ---------მ ჩააბარა 76 კილოგრამი დაქუცმაცებული ელექტრო სადენი, რომელიც მოთავსებული იყო სამ ტომარაში და ერთ ჩანთაში. მან ის ჩაიბარა როგორც ფერადი ლითონი, ჟურნალში აღნიშნა დ. ჯ---------ს პირადი ნომერი, მოაწერინა ხელი და გადაუხადა 152 ლარი, კითხვაზე სად ქონდა ელექტრო სადენი დ. ჯ---------მ უპასუხა, რომ სოფლიდან წამოიღო. მეორე თუ მესამე დღეს მასთან მივიდნენ სამართალდამცავები, დალუქეს სამ ტომარაში და ერთ ჩანთაში მოთავსებული დაქუცმაცებული ელექტრო სადენი, რამდენიმე ცალი გაზომეს საზომით და წაიღეს.
მოწმის წესით დაკითხულმა ბ---- ნ-----მ განმარტა, რომ მუშაობს ე------- პ---- ჯ--------–- საავარიო ჯგუფის სპეციალისტის თანამდებობაზე. მისი განმარტებით ავარიულად გამოირთო ს------ფ------ დამაკავშირებელი ჭ--–-------- ხაზი, რის გამოც ჯგუფი წამოვიდა შესამოწმებლად, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ სადენი იყო გაწყვეტილი. თავიდან მარტო გაწყვეტილი ეგონა, მაგრამ დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 700 მეტრი ელექტრო სადენი აკლდა. ალუმინის ელექტრო სადენი არის 120 კილოვატიანი, რომელსაც შუაში ფოლადი მიყვება. მან აღნიშნულის შესახებ შეატყობინა ხელმძღვანელობას.
მოწმის წესით დაკითხულმა ზ------ ბ--------–---–-- განმარტა, რომ მუშაობს ე------- პ---- ჯ--------–- ელექტრო მაღალი ძაბვების, ელექტრო გადამცემი ხაზების ქვეგანყოფილების უფროსად. მისი განმარტებით, იმ დღეს, როცა მოხდა ელექტრო სადენების დაკარგვა, რიცხვი და თვე ზუსტად არ ახსოვს, იმყოფებოდა აჭარაში სამსახურეობრივ ჯგუფთან ერთად, რა დროსაც მას დაურეკეს და შეატყობინეს ელექტრო ენერგიის ავარიულად გათიშვის შესახებ. მან დაურეკა საავარიო სამსახურის უფროს სპეციალისტს ბ---- ნ-----ს, რათა წასულიყო ჯგუფთან ერთად და შეემოწმებინათ თუ რა იყო ელექტრო ენერგიის ავარიულად გათიშვის მიზეზი. როგორც გაირკვა, მიზეზი იყო ის, რომ დაახლოებით 700 მეტრომდე ელექტრო სადენი იყო გაწყვეტილი და წაღებული. ის აღნიშნავს, რომ ზიანი შეადგენს დაახლოებით 2600 ლარს და ამ ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არანაირი პრეტენზია არ ექნება ე------- პ---- ჯ---------.
მოწმის წესით დაკითხულმა ე------ კ--–------მ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ფ------ ს----–---- ს-----------–--–- დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს დაწყებულ იქნა გამოძიება ნ------- უბანში მაღალი ძაბვის ალუმინის ელექტრო სადენის ქურდობის ფაქტზე. გამოძიების დაწყებისთანავე მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ელექტრო სადენი მოპარული ქონდა დ----- ჯ---------ს და ჩაბარებული ქონდა ნ------- უბანში მდებარე, ე-–---- წ----–-----ს საკუთრებაში არსებულ შავი და ფერადი ლითონის ჩამბარებელ პუნქტში, სადაც მის მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებულ იქნა ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა ელექტრო სადენები, რომელიც მოთავსებული იყო ოთხ ცალ ტომარაში და ერთ ჩანთაში და შეადგენდა დაახლოებით 73 კილოგრამს. მისი განმარტებით სადენები იყო ერთ ზომაზე გადაჭრილი, რამდენიმე ცალი სპეციალური საზომით გაზომა და დაახლოებით ერთ მეტრომდე იყო თითოეული მათგანი. მის მიერ ამოღებულ იქნა აღნიშნული სადენები, დალუქა, შედგა ოქმი. ოქმს და ლუქს მასთან ერთად ხელი მოაწერა ე-–---- წ----–-----მ. მის მიერ გამოკითხულ იქნა მოწმეები, მათ შორის დ----- ჯ---------ც, რომელმაც აღიარა დანაშაული, განმარტა, რომ ეს ელექტრო სადენები მოიპარა მარტომ, სანადირო თოფის მეშვეობით ჩამოწყვიტა ელექტრო სადენი, აღნიშნული თოფი ფ------ ს----–---- ს-----------–--–- წარმოადგინა დ----- ჯ---------მ, რომელიც ამოღებულ იქნა მის მიერ. წარმოდგენილი თოფი ვაზნის სათავსოში იყო გაგლეჯილი. მის მიერ ე-–---- წ----–-----სგან ამოღებულ იქნა შავი და ფერადი ლითონების ჩაბარების აღმნიშვნელი ჟურნალი.
მოწმის წესით დაკითხულმა (ბრალდებულმა) დ----- ჯ---------მ განმარტა, რომ მუშაობს შსს ფ------ ს----–---- ს-----------–--–- საპატრულო მანქანების მრეცხავად. მასთან მივიდა სამმართველოს გამომძიებელი და უთხრა, რომ მათვის ცნობილი იყო სადენების ჩაბარების შესახებ და თუ არ უნდოდა შექმნოდა პრობლემა რასაც წარუდგენდა იმ საბუთზე ხელი უნდა მოეწერა, განუმარტა, რომ ეს იყო ფორმალობა, მას არ ექნებოდა არც ჯარიმა გადასახდელი, არც პირობითი და არც არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა, ის დათანხმდა და მოაწერა ხელი, რის შემდეგ ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ მის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ელექტრო სადენების ქურდობის ფაქტზე. მან დახმარებისათვის მიმართა პროკურატურას, ასევე მიმართა სახაზინო ადვოკატს, რომელმაც განუმარტა, რომ დაეხმარებოდა, მაგრამ ე------- პ---- ჯ----------- ზარალის თანხა უნდა აენაზღაურებინა, რაზეც მან უარი განუცხადა, რამდენადაც შვილი ყავს საოპერაციო და ე------- პ---- ჯ----------- თანხის გადახდა კი არა, შვილისათვის ოპერაციის გასაკეთებელი თანხა არ ქონდა. მან 300 მეტრი სიგრძის 110 კილოვატიანი ელექტრო სადენი წამოიღო მ--------–-----, ბაბუას სახლიდან და ჩააბარა ქ. ფოთში, ე-–---- წ----–-----ს კუთვნილებაში არსებულ ფერადი და შავი ლითონის ჩამბარებელ პუნქტში. მან ეს სადენი გადაჭრა სპეციალური ნაჯახით მ--------–ში ბაბუას სახლში. ის განმარტავს, რომ აღნიშნული თოფი ბაბუამ იყიდა 15 წლის წინ, დაახლოებით 7 წლის წინ, შვილიშვილის შეძენის დროს გაისროლა, რა დროსაც გაიგლიჯა ვაზნის სათავსო. თოფი ჩამოიტანა თვითონ, რადგან გამომძიებელმა უთხრა, რომ უნდა ჩამოეტანა.
საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერება ჩაატარა დეტექტივ-გამომძიებელმა ე------ კ--–------მ. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2019 წლის 18 თებერვალს 16 საათსა და 30 წუთზე და დამთავრდა 2019 წლის 18 თებერვალს 17 საათსა და 20 წუთზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ქ. ფოთი, ლ-------- ქუჩაზე მდებარე შპს „ბ----- ჯ---------“ უკანა ღია ტერიტორია, სადაც დგას რკინის კონსტრუქციის, დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლის მაღალი ძაბვის პირველი ანძა. აღნიშნულ ანძაზე გადის სამი ალუმინის ელსადენი, რომელთა შორის ერთი ელსადენი არის გაწყვეტილი და ჩამოკიდებულია თავისივე სამაგრზე. გაწყვეტილი ელსადენის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 10 მეტრს და მიწის ზედაპირიდან ელსადენის ბოლომდე სიმაღლე შეადგენს დაახლოებით 1 მეტრს. პირველი ანძიდან დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით აღმოსავლეთით დაჭაობებულ ადგილას დგას ანალოგიური მეორე ანძა, სადაც გადის ორი ალუმინის ელსადენი, რომელიც უერთდება პირველ და მესამე ანძას. ელსადენის ერთ-ერთ სამაგრზე ჩამოკიდებულია ალუმინის ორი ელსადენი, თითოეული ჩამოკიდებული ელსადენის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 10 მეტრს და მიწის ზედაპირიდან ელსადენის ბოლომდე სიმაღლე შეადგენს დაახლოებით 50 სმ-ს. მეორე ანძიდან დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით აღმოსავლეთით დგას ანალოგიური მესამე ანძა, სადაც გადის ორი ელსადენი, რომელიც უერთდება მეორე და მეოთხე ანძებს. ელსადენის ერთ-ერთ სამაგრზე ჩამოკიდებულია ორი ალუმინის ელსადენი. თითოეული ჩამოკიდებული ელსადენის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 10 მეტრს და მიწის ზედაპირიდან ელსადენების ბოლომდე სიმაღლე შეადგენს დაახლოებით 1 მეტრს. მესამე ანძიდან დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით, აღმოსავლეთით დგას ანალოგიური მეოთხე ანძა, სადაც გადის ორი ალუმინის ელსადენი, რომელიც უერთდება მესამე და მეხუთე ანძას. ელსადენის ერთ-ერთ სამაგრზე ჩამოკიდებულია ალუმინის ორი ელსადენი, თითოეული ჩამოკიდებული ელსადენის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 10 მეტრს და მიწის ზედაპირიდან ელსადენების ბოლომდე სიმაღლე შეადგენს დაახლოებით 20 მეტრს. მეოთხე ანძიდან დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით აღმოსავლეთით დგას ანალოგიური მეხუთე ანძა, საიდანაც მეექვსე ანძაზე გადის ალუმინის სამი ელსადენი. ანძაზე ერთ-ერთ სამაგრზე მეოთხე ანძის მხარეს ჩამოკიდებულია ალუმინის ერთი ელსადენი, რომლის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 10 მეტრს და მიწის ზედაპირიდან ელსადენის ბოლომდე სიმაღლე არის დაახლოებით 1 მეტრი.
(ს.ფ.6-17).
საქმეში არსებული 2019 წლის 18 თებერვლის შავი და ფერადი ლითონის მიმღები პუნქტის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა ქ. ფ------ ს----–---- ს-----------–--- დეტექტივ-გამომძიებელმა ე------ კ--–------მ, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2019 წლის 18 თებერვალს 18 საათსა და 50 წუთზე და დამთავრდა 2019 წლის 18 თებერვალს 19 საათსა და 30 წუთზე, ქ. ფოთი, ს------- ქ.N--ში მდებარე შავი და ფერადი ლითონის მიმღები პუნქტის ჩხრეკისას ე-–---- წ----–-----მ ნებაყოფლობით წარმოადგინა საცხოვრებელი სახლის აივანზე დასაწყობებული თითო-თითო მეტრის სიგრძეზე გადაჭრილი ალუმინის ელექტრო გადამცემი ხაზი (სადენი), რაც აწონილ იქნა ადგილზე და მისმა საერთო წონამ შეადგინა 76 კგ. ე-–---- წ----–-----ს განმარტებით, აღნიშნული სადენი 2019 წლის 16 თებერვალს მას დ------ ჯ---------მ მიჰყიდა, რაც მის მიერ დაფიქსირებულია სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში. ჩხრეკის შედეგად, ე-–---- წ----–-----ს თანხმობით ამოღებულ იქნა შავი და ფერადი ლითონის ჯართის ჩაბარების სპეციალური აღრიცხვის ჟურნალი 50 ფურცლად, რაც დამოწმებულია შსს ფ------ ს----–---- ს-----------–--- სველი ბეჭდით. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელსადენი მოთავსებულ იქნა ხუთ ცალ ტომარაში და დაილუქა ცალ-ცალკე 3--- ლუქის ბეჭდით, ამოღებული ჟურნალი დაერთო N045180219004 საქმეს.
(ს.ფ. 22-27).
2019 წლის 19 თებერვლის დათვალიერების ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა ქ. ფ------ ს----–---- ს-----------–--- დეტექტივ-გამომძიებელმა ე------ კ--–------მ, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2019 წლის 19 თებერვალს 12 საათსა და 15 წუთზე და დამთავრდა 2019 წლის 19 თებერვალს 12 საათსა და 40 წუთზე, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს 2019 წლის 18 თებერვალს, ქ. ფოთში, ს------- ქ.N--ში მდებარე შავი და ფერადი ლითონის მიმღები პუნქტის ჩხრეკისას ამოღებული შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჩაბარების სპეციალური აღრიცხვის ჟურნალი, ჟურნალის თავფურცელზე იკითხება წარწერა ინდ მეწარმე ე-–---- წ----–----- (პ/ნ 4----------), მისამართი: ქ. ფოთი, ს------- ქ.N-, ხოლო ჟურნალის გახსნის თარიღად მითითებულია 12.06.2019 წელი. ჟურნალი ზონარგაყრილია და გადანომრილია 1-დან 50-ის ჩათვლით, ბოლო გვერდზე ზონარზე დაკრულია ფირნიში და დამოწმებულია ფ------ ს----–---- ს-----------–--- სველი ბეჭდით, სადაც იკითხება საქმისმწარმოებლის ხელმოწერა გ. გ---------–---–- და დასმულია თარიღი 12.02.2019 წელი. ჟურნალი დაყოფილია შემდეგ გრაფებად: ჩამბარებლის გვარი და სახელი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები, შავი და ფერადი ლითონის ჯართის სახეობა, შავი და ფერადი ლითონის ნარჩენის სახეობა, შავი და ფერადი ლითონის ჯართის (ნარჩენის) წონა, კგ, შავი და ფერადი ლითონის ჯართის (ნარჩენის) აღწერილობა, ჩაბარების თარიღი, ღირებულება და ჩამბარებლის ხელმოწერა. აღნიშნულ ჟურნალში შევსებულია მხოლოდ პირველი გვერდი, სადაც მე-7 ველში იკითხება შემდეგი მონაცემები: ჩამბარებლის გვარი და სახელი: დ------ ჯ---------, მისამართი: ქ. ფოთი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები: 4----------, შავი და ფერადი ლითონის ჯართის სახეობა: ალუმინი, შავი და ფერადი ლითონის ნარჩენის სახეობა: ალუმინი, შავი და ფერადი ლითონის ჯართის (ნარჩენის) წონა 76 კგ, შავი და ფერადი ლითონის ჯართის (ნარჩენის) აღწერილობა: ალუმინის ნარჩენები, ჩაბარების თარიღი: 16.02.2019 წელი, ღირებულება 2 ლარი, ჩამბარებლის ხელმოწერის ადგილზე იკითხება ასობგერა „დ“ და გაურკვეველია ხელმოწერა.
სასამართლო სხდომაზე მოხდა ნივთიერი მტკიცებულებების დემონსტრირება, რა დროსაც დათვალიერდა, ალუმინის ჭრილები, რომლებიც მოთავსებული იყო ოთხ ტომარასა და ერთ ჩანთაში, პირველ ტომარაში არის 29 ცალი, მეორე ტომარაში 54 ცალი, მესამე ტომარაში 54 ცალი, მეოთხე ტომარაში 29 ცალი, ხოლო ჩანთაში 41 ცალი, სულ არის 166 ცალი, რომელთა სიგრძე ერთ მეტრზე მეტია. დათვალიერების შემდეგ მოხდა მათი დალუქვა, ლუქზე ხელის მოწერა და პროკურორისთვის გადაცემა შსს ფ------ ს-----------–---ათვის მათი ჩაბარების მიზნით. ასევე დათვალიერდა ორლულიანი სანადირო თოფი, რომელიც არის ძველი, არანაირი წარწერა თოფზე არ იკითხება, აქედან გამომდინარე, გაურკვეველია რა მოდელისაა, ორივე ლულა არის გაბინძურებული სიძველის ნიშნებით, მარჯვენა ლულის დასაწყისი, სადაც ვაზნა იდება, გაგლეჯილია. სანადირო თოფის დათვალიერების დამთავრების შემდეგ მოხდა მისი დალუქვა, ლუქზე ხელმოწერა და შსს ფ------ ს----–---- ს-----------–---ათვის ჩაბარების მიზნით პროკურორისათვის ჩაბარება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის პირველი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.
ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე (ix.Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ------ ჯ---------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სს „ე-------------------------“ კუთვნილი 2695 ლარად ღირებულ 700 მეტრის სიგრძის 110 კილოვატიან ალუმინის სადენების ფარულ დაუფლებას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ დ------ ჯ---------ს დამნაშავედ ცნობას, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ამ ფაქტს პირდაპირ და უტყუარად ადასტურებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით ვერ იქნა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ დ------ ჯ---------ს ბრალდება იმის თაობაზე, რომ:
2019 წლის 15 თებერვალს, საღამოს საათებში (ზუსტო დრო დაუდგენელია), დ------ ჯ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ქ. ფოთში, ნ------- უბანში გამავალ სს „ე-------------------------“ კუთვნილ 2695 ლარად ღირებულ 700 მეტრის სიგრძის 110 კილოვატიან ალუმინის სადენს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ზემოაღნიშნული ბრალდებების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, მათი რაოდენობის მიუხედავად ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლს, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენისათვის განსაზღვრულ იმ სავალდებულო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დადასტურებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მტკიცებულებების ერთობლიობა, მხოლოდ ვარაუდის დონეზე წყვეტს დ------ ჯ---------ს ბრალეულობის საკითხს, რაც საკმარისად ვერ იქნება მიჩნეული მისი კანონიერი მსჯავრდებისათვის, რადგან საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამასთან, საპროცესო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გამორიცხავს პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის ყოველგვარ შესაძლებლობას, ამგვარი კი შეიძლება იყოს მხოლოდ უტყუარი და საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის N62აპ.-17 განაჩენი).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, უპირველეს ყოვლისა, ადგენს, რომ განაჩენი მხოლოდ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს, მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისთვის უალტერნატივო საშუალებას. სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით. მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარმოდგენისა და საწინააღმდეგო მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ეჭვქვეშ დაყენებით, მხარეები ცდილობენ, დაადასტურონ ან უარყონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548).
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ცხადაია, რომ ამ დანაშაულის ჩადენის არანაირი მტკიცებულება, მათ შორის არანაირი პირდაპირი, მითუმეტეს ერთმანეთთან შეჯერებული მტკიცებულება არ არსებობს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამრიგად, ბრალდებული დ------ ჯ---------ს უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ დ------ ჯ---------ს მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ვერ დგინდება დ------ ჯ---------ს მიერ დანაშაულის ჩადენა:
კერძოდ, ვერ დგინდება, რომ დ------ ჯ---------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლი, შესულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების (XXV-ე) თავში. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად კი ითვლება მითითებული კოდექსით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც მიმართულია საკუთრების უფლების დარღვევისაკენ, მესაკუთრის ქონებრივი ზიანის მიყენების ან მისი მიყენების საფრთხის შექმნისაკენ. ქურდობა, მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია და დანაშაულებრივი შედეგი გულისხმობს მესაკუთრისათვის რეალური მატერიალური ზიანის მიყენებას.
ქურდობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს ასევე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
ქმედების (დანაშაულის) შემადგენლობა არის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხის, ინდივიდუალურად გამოკვეთილი ობიექტური და სუბიექტური ნიშნების ერთობლიობა, რომელიც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ერთ-ერთი აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
მარტივია ქმედების შემადგენლობა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში გადმოცემულია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გადმოცემის შესახებ. ქმედების მარტივი შემადგენლობა ტიპიური დელიქტია, რომლის ძირითადი ნიშნებიდან შეიძლება დავადგინოთ მათგან გადახრის ცალკეული შემთხვევები.
ღირებულებითი ურთიერთობა, როდესაც სამართლის ნორმა მართლწესრიგში მართლზომიერ ქმედებას გადააქვს. პირიქით, ქმედება, რომელიც არ ასრულებს მართლზომიერი ქმედების მოვალეობას და ხელყოფს მართლწესრიგს, მართლსაწინააღმდეგოა.
თუ განხორციელებულია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების რომელიმე შემადგენლობა და ამავე დროს არ არსებობს ამ ქმედების მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება, მაშინ გამოძიების სტადიაზე ივარაუდება, რომ ეს ქმედება მართლსაწინააღმდეგოა. შეიძლება ითქვას, რომ ქმედების შემადგენლობა, ერთი მხრივ, კავშირშია ქმედების მართლზომიერებასთან, რადგან ქმედების შემადგენლობის განხორციელებას პირი მართლზომიერი ქმედების ფარგლებს გარეთ გადაჰყავს. მეორე მხრივ კი, ქმედების შემადგენლობის განხორციელება ამ ქმედების მართლწინააღმდეგობას ავტომატურად არ ამტკიცებს. მაშასადამე, ქმედების შემადგენლობა არის ქმედების მართლზომიერებისა და მართლწინააღმდეგობის კავშირის ფორმა. თუ ქმედების შემადგენლობა არც მართლზომიერია და არც მართლსაწინააღმდეგო, მაშინ გამოდის, რომ ქმედების შემადგენლობა არც დადებითად ფასდება და არც უარყოფითად ანუ ის შეფასებითი კატეგორია არაა.
ქმედების შემადგენლობა დანაშაულის სამსაფეხურიანი აგებულების მიხედვით ქმედების ობიექტური და ქმედების სუბიექტური მხარისაგან შედგება.
ქმედების შემადგენლობის წმინდა ობიექტივისტური გაგება, ესე იგი ადამიანის ქცევის სუბიექტური ელემენტისაგან მოწყვეტით, ობიექტივიზმია, რადგან იგი არსებით წინააღმდეგობაშია ქმედების შემადგენლობის იმ ნიშნებთან, რაც სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ნორმებშია აღწერილი. წმინდა ობიექტივისტურად შეუძლებელია გაგებულ იქნას დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. კერძოდ, არ არსებობს ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის და სხვა შემადგენლობანი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის გარეშე, ხოლო მიზანი ადამიანის ქცევის სუბიექტური მხარის ერთ-ერთი ელემენტია.
იურიდიული მეცნიერება ფსიქიკური დამოკიდებულების ცნებასა და ფორმებს ფსიქოლოგიური მეცნიერებისაგან სესხულობს.
ქმედების შემადგენლობისა და ბრალს შორის კავშირი გაშუალებულია ქმედების მართლწინააღმდეგობით, რომელიც ქმედების შემადგენლობისა და ბრალის კავშირის ფორმას წარმოადგენს.
ქმედების შემადგენლობის სუბიექტური მხარის სტრუქტურაში შედის სუბიექტის ქცევის მოტივი და მიზანი და არა ბრალი, რომელიც ქმედების მართლწინააღმდეგობის კვალობაზე ქმედების შემადგენლობის ფარგლებს გარეთ იაზრება.
ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის განხორციელების ფარული ხერხი.
მოტივისა და მიზნის ცნებებს სისხლის სამართალში ფრიად სერიოზული მნიშვნელობა აქვთ.
მოტივის ფსიქოლოგიური გაგება არის მოტივის ზოგადი ცნება, ხოლო მოტივის სისხლისსამართლებრივი გაგება მოტივის კერძო ცნებას გამოხატავს.
მიზნის მიხედვით ქმედების დანაშაულად შეფასებას ანუ კვალიფიკაციას, მოტივი და მიზანი ქცევის ფსიქოლოგიური შინაარსის განუყოფელი ელემენტებია, მაგრამ ისინი მაინც განსხვავებული ცნებებია. მოტივი, როგორც უკვე იყო ნათქვამი, მოთხოვნილების დაკმაყოფილების ხერხების არჩევას უკავშირდება და ამდენად უფრო ენერგეტიკულია, ნებისყოფის სფეროში მოქმედებს, მაშინ როდესაც მიზანი, მართალია, მოთხოვნილების, როგორც მოქმედების აღმძვრელის, ახალ თვისებრიობას წარმოადგენს. მიზანი მაინც უფრო ინელექტის სფეროა. მიზანი - ეს იდეალურად მოცემული მოქმედების შედეგია, რომელიც ადამიანის რაიმე მოქმედებას აკმაყოფილებს. ადამიანის საქმიანობის საზომად გამოიყენება მიზნის, საშუალებისა და შედეგის დიალექტიკური ერთიანობა.
სუბიექტის ქცევის მიზანი განსაზღვრვას ხელყოფის ობიექტის ხასიათსაც.
კონკრეტულ შემთხვევაში, დ------ ჯ---------ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტობრივი მხარე არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება მის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის შესახებ. არ დგინდება მის მიერ ხსენებული ქურდობის ჩადენის არცერთი ქმედების ნიშნები (ელემენტები). გამოძიება ნაწარმოებია ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოკვლევის გარეშე (სსსკ-ის 37.2 მ), ხარვეზებით (სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცებების დემონტრირებამ წინასწარი გამოძიების განსხვავებული ფაქტობრივი მხარე აღმოჩნდა), რის გამოც წარდგენილმა ბრალდებამ დადასტურება ვერ ჰპოვა. მოქმედების და ამასთან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი თავიდანვე დაუდგენელი იყო.
თუ სუბიექტის ქცევის მიზანი არ ვიცით, ხელყოფის ობიექტის დადგენა შეუძლებელია.
მიზანი მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებათა ერთ-ერთი დამაფუძნებელი ნიშანია. მაგალითად, აუცილებელი მოგერიებისას სუბიექტი მოქმედებს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. იმავე შინაარსისაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამატყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა”. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.” შესაბამისად, ბრალდებული დ------ ჯ--------- უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, - გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
შავი და ფერადი ლითონის ჩაბარების პუნქტის ჩხრეკისას ამოღებული 76 კგ. ალუმინის სადენების ნაჭრები, რომლებიც ინახება შსს ფ------ ს----–---- ს-----------–--–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მფლობელს, დ------ ჯ---------ს;
დ------ ჯ---------სგან ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფი, რომელიც ინახება შსს ფ------ ს----–---- ს-----------–--–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, „იარაღის შესახებ“ კანონის შესაბამისად, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, გადაეცეს მესაკუთრეს (მფლობელს).
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დაადგინა:
1.ბრალდებული დ------ ჯ--------- (პირადი ნომერი 4----------) ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.დ------ ჯ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს.
3.გამართლებულ დ------ ჯ---------ს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ნივთმტკიცება: შავი და ფერადი ლითონის ჩაბარების პუნქტის ჩხრეკისას ამოღებული 76 კგ. ალუმინის სადენების ნაჭრები, რომლებიც ინახება შსს ფ------ ს----–---- ს-----------–--–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მფლობელს, დ------ ჯ---------ს;
დ------ ჯ---------სგან ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფი, რომელიც ინახება შსს ფ------ ს----–---- ს-----------–--–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, „იარაღის შესახებ“ კანონის შესაბამისად, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, გადაეცეს მესაკუთრეს (მფლობელს).
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე