გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
231210019002971040
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N231210019002971040-2/091-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

,,27“ ივნისი 2019 წელი ქ. ბორჯომი

ახალციხის რაიონული სასამართლო

ბო--------- მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - სალომე გვარჯალაძე

მოსარჩელე - კა------ დი------–---–ი

წარმომადგენელი - და---- მი--------ე

მოპასუხე - ინ-- გრ----–-–---–ი

წარმომადგენელი - მა----–ი გო----–--ე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ინ-- გრ----–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ბო--------- რაიონის, დ--- ბა--------ში, კო------- ქ. N37-ში მდებარე კა------ დი------–---–ის (პ/ნ-1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით 6-----------) და უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს – კა------ დი------–---–ს.

 

მოსარჩელე მხარე, ასევე შუამდგომლობს, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

კა------ დი------–---–ს გააჩნია უძრავი ქონება მდებარე ბო--------- რაიონის, დ--- ბა--------ი, კო------- ქ. N37-ში (ს.კ 6-----------).

აღნიშნული უძრავ ქონებაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს მოპასუხე ინ-- გრ----–-–---–ი.

 

მოსარჩელე მხარის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე არ ანთავისუფლებს უძრავ ქონებას, ხელს უშლის თავისი საკუთრების სრულყოფილად ფლობაში, სარგებლობაში და განკარგვაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ინ-- გრ----–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება ინ-- გრ----–-–---–ის ოჯახის მიერ ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულებით იყო შეძენილი აწ გარდაცვლილი ელ----- დი------–---–ის, შვილის სე----- დი------–---–ის მეუღლის ლუ---- დი------–---–ისაგან და მოპასუხე წარმოადგენს ქონების მართლზომიერ მფლობელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. კა------ დი------–---–ის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, 278,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: ბო--------- რაიონი, დ--- ბა--------ი, კო------- ქ. N37, ნაკვეთის წინა ნომერი 6-----------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, საკადასტრო კოდი N6-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 24.0-.2016წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე ს/კ 6----------- (ს.ფ 13-14)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს მოპასუხე ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 158-ე, 160-ე-162-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას, დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, განსახილველი სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.

 

წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ ბო--------- რაიონის, დ--- ბა--------ში, კო------- ქ. N37-ში მდებარე უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 20.05.2016 წლიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია კა------ დი------–---–ის სახელზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე საჯარო რეესტრის მონაცემებით აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ და, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, აღნიშნული ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

 

რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხის დედის მიერ შეძენილია ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულებით, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება წარმოადგენს ცალკე დავის საგანს, განსახილველი სასარჩელისაგან დამოუკიდებელ მოთხოვნას და მოცემული საქმის ფარგლებში დადგენილი ვერ იქნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა სამართლებრივი უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ამ კანონიდან გამომდინარე მხარეთა უფლება/მოვალობების განსაზღვრა შეუძლებელია.

 

სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ხოლო ამავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აღნიშნულ ნორმათა დეფინიციიდან გამომდინარე სასამართლო მოცემული დავის გადაწყვეტისას ვერ მისცემს სამართლებრივ შეფასებას იმ მოთხოვნებს (მოპასუხის საკუთრების უფლების აღიარება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე), რომელთა გადაწყვეტა განეკუთვნება სხვა დავის კატეგორიას და რომელთა განსახილველად სარჩელი წარმოდგენილი არ არის.

 

სადავო ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და ის არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან საქმეზე არაა დადგენილი, რომ მოპასუხე წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ არ არსებობს მოპასუხის სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის საფუძველი. ხოლო, სხვა დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ მას აქვს სადავო ნივთის ფლობის უფლება მოპოვებული, საქმის მასალებით ვერ დგინდება. საქმის მასალებით ვერ დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით, მოპასუხეს აღნიშნული ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლება გადაეცა მესაკუთრისგან და არის ნაწარმოები თვით მესაკუთრის მფლობელობიდან (მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთი მოპასუხისათვის მიქირავებით, ან განათხოვრებით).

 

ამდენად, კა------ დი------–---–ის კუთვნილ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე - ინ-- გრ----–-–---–ი.

 

შესაბამისად, მოცემულ არგუმენტებზე დაყრდნობით აღნიშნული დავის ფარგლებში არ შეიძლება ნივთის მესაკუთრეს მოეთხოვოს მისი საკუთრების ხელყოფის მოთმენა, რადგან აღნიშნული ლახავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას; ხოლო მოცემულ შემთხვევაში დადგენილია უძრავი ნივთის მესაკუთრე და დადგენილია მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელის კუთვნილ უძრავი ნივთის ნაწილზე უკანონო ხელყოფა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის ჩაბარების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელე მხარემ ასევე იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.

 

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, შეაფასა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

ამავე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს.

 

ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია, მხოლოდ 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი და დასახელებული შემთხვევის გამოყენება, კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დაუშვებელია და სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში, როცა მის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს, შეძლებს იმგვარი გარემოებების დადასტურებას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას უპირობოდ წარმოაჩენს. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას. ამაზე მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის ნორმატიული დანაწესიც, რომლის მიხედვით, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ის გარემოება, რომ კანონი დასაშვებად მიიჩნევს გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და მისი გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც სასამართლო მხარის მიერ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მივა დასკვნამდე, რომ გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ სხვაგვარი მსჯელობის დაშვება, ნორმის სხვაგვარი განმარტება და მხარის მიერ მხოლოდ პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძველზე მითითება, ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, რომელიც შეავიწროებს სასამართლოს ,,უფლებამოსილების - შესაძლებლობის'' ფარგლებს და დაადგენს ნორმის იმპერატიულ ხასიათს. ამგვარი მიდგომა, გარკვეულწილად, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსპობს პირის ინსტანციური (აპელაცია/კასაცია) დავის ინტერესს და უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის პირობებში არ არის წარმოჩენილი სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მესაკუთრისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუქნტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად კ) 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა. შესაბამისად, დავის საგნის ფასი 4000 ლარია, რაც მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და იგი შეადგენს 60 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ინ-- გრ----–-–---–ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 60 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე კა------ დი------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ინ-- გრ----–-–---–ის (პ/ნ-1----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ბო--------- რაიონის დ. ბა--------ში, კო------- ქ.N37-ში მდებარე კა------ დი------–---–ის (პ/ნ-1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით N6-----------) და იგი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს – კა------ დი------–---–ს.

3. მოპასუხე ინ-- გრ----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯერის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.

4. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის (ქ. ბორჯომი, დუმბაძის ქ. N7) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მეშვეობით (ქ. ბორჯომი, დუმბაძის ქ.N7) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა