განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100119003007001
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის #1/113-2019 წ
04 ივლისის, 2019 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე _ პროკურორი რ----------–----ე
ადვოკატი - ა---------–-----–---ი
ბრალდებული - შ-----------------ე (დაბადებული 1----–-–-----------ს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, ს-–----–----------–--ის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები დაბა ქედა, შ-------------–--------------).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი - ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი;
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
შ-----------------ემ, 2019 წლის 13 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის სატყეოს #9 სამცველოს კვ-------–---------- ლიტერის ტერიტორიაზე უკანონოდ გაჩეხა 08 ძირი კაკლის ჯიშის, საერთო მოცულობით 11,01 კბმ მეორე ხარისხის ხე, რითაც ქედის სატყეო ადმინისტრაციას მიადგა 4514,10 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი
ბრალდებულმა შ-----------------ემ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, აჭარის სატყეო სააგენტოს წერილი თან დართული მასალებით, ჯ----–--------ის, გ-----------–--ის, თ--------------–--ის, თ--------–-------ის, თ------–-----–--ის, შ-----------------ის, ჯ------–-----------ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთმტკიცება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის, საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე №46 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით ხე-ტყით მოსარგებლეა – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ხე-ტყის მოპოვების უფლება ან ხე-ტყის მესაკუთრე, ასევე სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მესაკუთრე.
მე-3 მუხლის პირველი ნაწილით კი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას, დადგენილი წესით ივსება ხე-ტყის დამზადების ან ხე-ტყის დატვირთვის ადგილზე ხე-ტყის ტრანსპორტირებამდე.
ტყის კოდექსის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ნ” პუნქტით - ხის უკანონო ჭრაა - ხეების ნებართვის გარეშე მოჭრა;
შ-----------------ე არ იყო ხე-ტყით ისეთი მოსარგებლე, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ხე-ტყის მოპოვების უფლება, იგი ასევე არ წარმოადგენდა ხე-ტყის მესაკუთრეს, ასევე არ გააჩნდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი და ნებართვა, შესაბამისად მის მიერ ხის გაჩეხვა იყო უკანონო.
სასამართლო განმარტავს, რომ კაკლის ჯიშის ხე შეტანილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №190 დადგენილებით დამტკიცებულ ,,წითელ ნუსხაში”. შესაბამისად ზიანის შეფასებისას მნიშვნელოვანია, როგორც ზიანის თანხა 4514.10 ლარი, რაც საკმაოდ სოლიდური ოდენობაა, ასევე ის გარემოება რომ ასეთი ქმედებით ნადგურდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯიშის ხე - კაკალი. ზოგადად მხედველობაშია მისაღები, რომ ხე-მცენარის გაზრდას წლები სჭირდება, ხის გაჩეხვა კი იწვევს სხვა მნიშვნელოვან უარყოფით ცვლილებებს ბუნებაში და გარესამყაროში.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შ-----------------ემ, უკანონოდ გაჩეხა ხე, რამაც გარემოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა შ-----------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ხის უკანონო გაჩეხვით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები გარკვეულ წილად საშიშ ქმედებას წარმოადგენს, ვინაიდან ზიანდება გარემო და ბუნება, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა.
სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. შ-----------------ე ა--------–-–-ს, დაოჯახებულია, არაა ნასამართლევი და რაიმე უარყოფითი გარემოება მისი წარსული ცხოვრებიდან არ არსებობს, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ხასიათდება დადებითად, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში.
ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ შ-----------------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმის შესაფასებლად, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელი არაა მისი იზოლაცია და სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სანქციით გათვალისწინებული პირობით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით, მინიმუმის ფარგლებში, შესაბამისი გამოსაცდელი ვადით, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროს შ-----------------ე არ იყო ნასამართლევი.
ამდენად, შ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით და შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით - თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია - აღნიშნულიდან გამომდინარე ხე-ტყე (ექვსი ცალი კაკლის ჯიშის მე-2 ხარისხის ხე, მოცულობით 11.01 კბმ), უნდა გადაეცეს სახელმწიფოს;
ასევე უნდა გაუქმდეს შ-----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო. იმის გათვალისწინებით, რომ არაა წარმოდგენილი ინფორმაცია უზრუნველყო თუ არა შ-----------------ემ გირაო ფულადი თანხით, ან უძრავი ქონებით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ საკითხზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 255-ე და 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ-----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით,.
შ-----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს შ-----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.
ნივთმტკიცების სახით არსებული ხე-ტყე (ექვსი ცალი კაკლის ჯიშის მე-2 ხარისხის ხე, მოცულობით 11.01 კბმ), გადაეცეს სახელმწიფოს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი