გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.06.2019
საქმის ნომერი
330210016001653027
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/39068-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - შპს ,,ინ-----------------–----ის" (In---------------------)

წარმომადგენლები - ქე----------------–--ე, ირ---–--------–---–ი, ელ-----–----ი (დირექტორი)

 

მოპასუხეები - სს ,,სა-------------------------------------–-----ი", შპს „ჯე-------------–ს"

მოპასუხეთა წარმომადგენლები - ლე-------–--ე, ლევ-------------–-ა

 

დავის საგანი - დავალიანების გადახდა, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს ,,სა-------------------------------------–-----სა" და შპს „ჯე-------------–სს" შპს ,,ინ-----------------–----ისს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 86 830.24 ლარის გადახდა.

 

1.2. სს ,,სა-------------------------------------–-----სა" და შპს „ჯე-------------–სს" შპს ,,ინ-----------------–----ისს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 01.03.2018წ.-მდე დარიცხული პირგასამტეხლოს - 196 609.80 ლარის გადახდა.

 

1.3. სს ,,სა-------------------------------------–-----სა" და შპს „ჯე-------------–სს" შპს ,,ინ-----------------–----ისს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის - 86 830.24 ლარის 0.02%-ის ოდენობით 2018 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.4. სს ,,სა-------------------------------------–-----სა" და შპს „ჯე-------------–სს" შპს ,,ინ-----------------–----ისს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით - 65 177.28 ლარის გადახდა.

 

1.5. სს ,,სა-------------------------------------–-----სა" და შპს „ჯე-------------–სს" შპს ,,ინ-----------------–----ისს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სისხლის ექსპრეს-ანალიზატორების შეუძენლობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით - 3 783 951.32 ლარის გადახდა.

 

1.6. სს ,,სა-------------------------------------–-----სა" და შპს „ჯე-------------–სს" შპს ,,ინ-----------------–----ისს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადაუდებელი დახმარების განყოფილების მოუწყობლობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით - 1 333 788 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელე შპს „ინ-----------------–----ის“ (Inf--------------------) წარმოადგენს ისრაელის რეზიდენტ იურიდიულ პირს. იგი ახორციელებდა საავადმყოფოების ოპერირებას და სამედიცინო მომსახურებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს ჯანდაცვის საყოველთაო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში. კერძოდ, შპს „ად----“ საქართველოს მთავრობის №177 დადგენილების საფუძველზე ახორციელებდა სამედიცინო მომსახურების გაწევას სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირთათვის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის, ბავშვებისა და ხანდაზმულთა სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, ხოლო მითითებული სა---------------------- მის მიერ სპეციალურად დაფუძნებული შვილობილი კომპანიის - შპს „ჯე-------------–სის“ მეშვეობით ახორციელებდა შპს „ად----ს“ მიერ წარდგენილი ინვოისების მიღებას და თანხის ანაზღაურებას. სა----------------------ს საქართველოს მთავრობის №165, №218 და №177 დადგენილების საფუძველზე ვალდებულება ჰქონდა მოეხდინა სამედიცინო სერვისების საფასურის ანაზღაურება ზემოთ აღნიშნული სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში. დადგენილების მე-6 მუხლის თანახმად, მზღვეველი ვალდებული იყო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში განეხორციელებინა დოკუმენტაციის ინსპექტირება და მომსახურების მომწოდებელთან გაეფორმებინა ურთიერთშედარების აქტი, რომლის საფუძველზეც თანხის გადარიცხვა მზღვეველს უნდა მოეხდინა არაუგვიანეს 4 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

შპს „ად----ს“ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე შპს „ად----ა“ და შპს „ჯე-------------–სს“ შორის მუდმივად ხდებოდა ურთიერთშედარების აქტების შედგენა, რომელთა ნაწილის ანაზღაურება წარმოებდა მოპასუხე შპს „ჯე-------------–სის“ მეშვეობოთ, თუმცა 2013 წლიდან მოპასუხეთა მხრიდან რეგულარულად ხდებოდა მთავრობის №177 დადგენილებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, სრულიად უსაფუძვლოდ არ წარმოებდა გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის ანაზღაურება, რის გამოც დავალიანების ძირითადმა თანხამ შეადგინა ჯამში - 86 830.24 ლარი. კერძოდ:

- 2013 წლის თებერვლის თვის - 16 472.35 ლარი;

- 2013 წლის მარტის თვის - 12 821.68 ლარი;

- 2013 წლის აპრილის თვის - 12 429.59 ლარი;

- 2013 წლის მაისის თვის - 13 648.06 ლარი;

- 2013 წლის ივნისის თვის - 12 926.61 ლარი;

- 2013 წლის ივლისის თვის - 9 524.30 ლარი;

- 2013 წლის აგვისტოს თვის - 9 007.65 ლარი (იხ. მეორე დაზუსტებული სარჩელი. ტ. II, .ფ. 219-233).

 

2015 წლის 24 მარტის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის მიმართ დავალიანების მოთხოვნის უფლება შპს „ად----საგან“ შეიძინა შპს „ინ-----------------–----ისმა“. აღნიშნული ცესიის ხელშეკრულების 1.2. პუნქტის მიხედვით, მოსარჩელემ საკუთრებაში ასევე მიიღო ზარალის, დავალიანების ამოღებისათვის გაწეული ხარჯებისა და მიუღებელი შემოსავლების მოთხოვნის უფლება.

 

საქართველოს მთავრობის 14.05.2012 წლის №177 დადგენილებით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობაც, რომელიც ეკისრება მზღვეველს, თუ ის დროულად არ ასრულებს დადგენილებით განსაზღვრულ ფინანსურ ვალდებულებებს. დადგენილების მიხედვით, პირგასამტეხლოს განაკვეთი დავალიანების ძირითადი თანხის (ნაშთის) წარმოშობის მომენტისათვის შეადგენდა დავალიანების თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნით დასტურდება, რომ აუნაზღაურებელ ინვოისებზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა (როგორც უშუალოდ ჯ--------ს მითითებით, ასევე მითითების გარეშე ინვოისებისათვის) 764 286.80 ლარი, თუმცა მოსარჩელემ ამ ნაწილში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად 764 286.80 ლარისა მოითხოვს 196 609.80 ლარის დაკისრებას (იხ. ტ. II, ს.ფ. 241).

 

აუდიტის დასკვნითვე დადგენილია მიუღებელ შემოსავალზე დარიცხული საპროცენტო სარგებელიც. ამგვარად დაანგარიშებულმა სარგებლის ოდენობამ შეადგინა (როგორც უშუალოდ ჯ--------ს მითითებით, ასევე მითითების გარეშე ინვოისებისათვის) 253 366.31 ლარი. თუკი მოპასუხე ჯეროვნად შეასრულებდა თავის ვალდებულებას სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელეს ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო შემოსავალი ანაბრიდან საპროცენტო სარგებლის სახით, თუმცა მოსარჩელემ ამ ნაწილშიც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს 65 177.28 ლარის დაკისრებას.

 

აუდიტის დასკვნით, ასევე განსაზღვრულია სისხლის ექპსრეს-ანალიზატორების შეუძენლობის გამო მიუღებელი წმინდა მოგება იმ რაიონების მოსახლეობის გათვალისწინებით, რომელთაც შპს „ად----“ უწევდა მომსახურებას. ამგვარი მიუღებელი მოგებიდან ზემოთ აღნიშნული წილობრივი მონაწილეობის შესაბამისად, წმინდა მოგების პროპორციამ შეადგინა (როგორც უშუალოდ ჯ--------ს მითითებით, ასევე მითითების გარეშე ინვოისებისათვის) 3 783 951.32 ლარი. მოცემული დასკვნით აგრეთვე დაანგარიშდა გადაუდებელი დახმარების განყოფილების მოუწყობლობის გამო მიუღებელი წმინდა მოგებაც, რომელმაც შეადგინა (როგორც უშუალოდ ჯ--------ს მითითებით, ასევე მითითების გარეშე ინვოისებისათვის)1 333 788 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე სს „სა-------------------------------------–-----მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით ხდებოდა შპს „ად----სათვის“ მომსახურების საფასურის ანაზღაურება, ასევე ხდებოდა გაწეული მომსახურების საფასურის კორექტირება დადგენილი წესით. მოსარჩელე მოითხოვს იმ თანხების ანაზღაურებას, რომელიც მოპასუხემ უკვე აანაზღაურა ნაწილი კი დაკორექტირდა დადგენილი წესით. მოპასუხის განმარტებით, მის მიერ ხდებოდა შპს „ად----სათვის“ ასანაზღაურებელი თანხების წინასწარ ჩარიცხვა, ხოლო შემდგომ გაწეული მომსახურების შესაბამისად, წინასწარ ჩარიცხული თანხიდან მომსახურების ღირებულების გამოქვითვა.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები იყოფა სამ ნაწილად: ანგარიშფაქტურები, რომლითაც განსაზღვრული თანხები სრულად აქვს მოპასუხეს დაფარული; ანგარიშფაქტურები, რომლითაც განსაზღვრული თანხები დაკორექტირებულია დადგენილი წესით და ანგარიშფაქტურები, რომლებიც ეხება სხვა კომპანიისათვის გაწეულ მომსახურებას. ამრიგად, წარმოდგენილი დოკუმენტების მხოლოდ ნაწილით დასტურდება შპს „ად----ს“ მიერ სს „სა-------------------------------------–-----ის“ დაზღვეულთათვის მომსახურების გაწევა, თუმცა იმ ნაწილშიც, სადაც სახეზეა გაწეული მომსახურების ანაზღაურების ფაქტი, მოთხოვნა არის უსაფუძვლო. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ დავალიანებიდან ჯი-----------–-----ის წილი ინვოისების ჯამური ოდენობაა 9.1%. ინვოისების ღირებულება აუდიტის დასკვნის თანახმად შეადგენს 445 866.07 ლარს, რომლის 9.1% წარმოადგენს 40 593 ლარს, შესაბამისად, გაუგებარია საიდან და რის საფუძველზე მოითხოვს მოსარჩელე დავალიანების სახით 86 830.24 ლარის დაკისრებას. ამასთან, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა არ არის წარმოდგენილი სააგნარიშგებო დოკუმენტაცია, რომელიც დადგენილია №177-ე დადგენილებით და რომლითაც შეიძლება დადასტურდეს თუ ვის, როდის და რომელი სუბიექტის მიერ დაზღვეულ პირს გაეწია შპს „ად----ს“ მიერ მომსახურება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ძირითადი ვალდებულება, ასევე არ არსებობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაც. გარდა ამისა, პირგასამტეხლო დაანგარიშებულია არასწორად. კერძოდ, პირგასამტეხლოს განაკვეთად აღებულია 0.1%, რაც ეწინააღმდეგება №177-ე დადგენილებას. ამასთან, გაუგებარია პირგასამტეხლოს კალკულაცია. გაუგებარია, ასევე რა პრინციპით ითვლის მოსარჩელე პირგასამტეხლოს, საიდან იწყებს მის ათვლას.

 

არ არსებობს არც მიუღებელი შემოსავლისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ე.წ. წმინდა მოგების დაკისრების საფუძველი. როგორც სხვა მოთხოვნების შემთხვევაში, ამ მოთხოვნის ნაწილშიც გაუგებარია საიდან ითვლის მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით დასაკისრებელი თანხის ოდენობას, მაშინ როცა აუდიტის დასკვნაში მითითებული ინფორმაციის თანახმად, ჯი-----------–-----ის ინვოისები წარმოადგენს ღირებულების 9.1%-ს, აღნიშნულის შესაბამისად, კი ჯი-----------–-----ისათვის დასაკისრებელი მიუღებელი შემოსავლის ოდენობა შეადგენს - 25 253.88 ლარს, ხოლო წმინდა მოგება - 377 151 ლარს.

 

როგორც მოქმედი კანონმდებლობით, ასევე არსებული სასამართლო პრაქტიკით მხოლოდ საბანკო საპროცენტო განაკვეთი არ არის საკმარისი მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნისათვის. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. რაც შეეხება ე.წ. წმინდა მოგებას, მისი გაანგარიშება მოცემულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნაში, რომელიც გვთავაზოს შემდეგ გაანგარიშებას: ანალიზატორის ღირებულება შეადგენს 9496 ლარს და სულ არის 8 რაიონი, შესაბამისად ჯამში ანალიზატორებით ყველა რაიონის აღჭურვას სჭირდებოდა 75 968 ლარი, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, აუდიტის დასკვნის შესაბამისად, ჰო-–-----ის გადასახდელი ძირითადი დავალიანების წილი შეადგენდა 40 593 ლარს. გარდა ამისა გაუგებარია შემდეგი გარემოებები: რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ადგენს მოსარჩელე, რომ მის მიერ მითითებული რაიონების მოსახლეობამ ჩაიტარა აღნიშნული გამოკვლევა და ამ აპარატების ქონის შემთხვევაშიც უდავოდ ამ ოდენობის ადამიანი მიმართავდა მას; აუდიტორების დასკვნაში მოსახლეობის აღწერა მოცემულია 2014 წლის მდგომარეობით, აქედან გამომდინარე, გაუგებარია საიდან ასკვნის დასკვნის ავტორი იმ მონაცემებს, რომელიც მას მოცემული აქვს დასკვნაში; არ არის შესწავლილი არსებობდა თუ არა აღნიშნულ რაიონებში სერვისის მიღების შესაძლებლობა. ამასთან, ორგანიზაციას, რომელსაც ასევე მიმართავენ სახელმწიფო დაზღვევის არმქონე პირებიც და რომელსაც ჰქონდა სხვა სახის წმინდა მოგება, რა უშლიდა ხელს თუნდაც ეტაპობრივად დავალიანების წარმოშობამდე და წარმოშობის შემდგომ შეეძინა აღნიშნული აპარატურა.

 

საინტერესოა აგრეთვე როგორ მოითხოვს მოსარჩელე მიუღებელ შემოსავალს, როდესაც შპს „ად----ა“ მას მოთხოვნა დაუთმო 2015 წელს და შესაბამისად ად---- უკვე აღარ განიცდის აღნიშნულ ფინანსურ დანაკლისს.

 

მოპასუხე, ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი მოსარჩელე მოპასუხისაგან მიიღებდა მოთხოვნილ თანხას - 86 830 ლარს და ამ თანხას სრულად გახარჯავდა სისხლის ექსპრეს-ანალიზატორების შეძენაში, მაშინ როგორ მოაწყობდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, რომლის მოუწყობლობით დაკარგულ ე.წ. წმინდა მოგებასაც ითხოვს სარჩელით.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მოპასუხე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177-ე დადგენილების 1-ლი მუხლის თანახმად, წინამდებარე დადგენილება წარმოადგენს მხარეთა შორის სახელშეკრულებო პირობებს. მოსარჩელე ითხოვს გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურებას, რომლის მოთხოვნის უფლებაც წარმოეშობოდა 2013 წლის თებერვლიდან აგვისტომდე ყოველ საანგარიშო თვეში. ბოლო საანგარიშო თვეს წარმოადგენს 2013 წლის აგვისტო, სარჩელი კი წარმოდგენილია 2016 წლის დეკემბერში კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. ასევე, ხანდაზმულია დაზუსტებული სარჩელით დაყენებული მოთხოვნები. აღნიშნული დამოუკიდებელი მოთხოვნებით მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2018 წლის მაისში (იხ. ტ. II, ს.ფ. 219).

 

მოპასუხის განმარტებით, უსაფუძვლოა მოპასუხეთა მიმართ ვალდებულებების სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა. წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით პირდაპირ დასტურდება, რომ სახეზე არ გვაქვს განუყოფელი ვალდებულება, ისევე როგორც არ არსებობს რაიმე კანონისმიერი, ან თუნდაც სახელშეკრულებო სოლიდარული ვალდებულება.

 

2.2. მოპასუხე შპს „ჯე-------------–სმა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და გარდა გადაწყვეტილების 2.1. პუნქტში მითითებული გარემოებებისა, ასევე აღნიშნა, რომ შპს „ჯე-------------–სის“ მიერ ხდებოდა შპს „ად----საგან“ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღება, მათი კორექტირება სს „სა-------------------------------------–-----ის“ სახელით და ასევე ჰო-–-----ის დავალებით თანხის გადახდა. საქმეში წარმოდგენილია შპს „ჯე-------------–სის“ მიერ მომზადებული კორექტირების აქტები და თანხის ჩარიცხვის ამსახველი დოკუმენტაცია, თუმცა გაუგებარია ჯ------- ჰილდინგის ვალდებულებებისათვის პასუხი რატომ უნდა აგოს შპს „ჯე-------------–სმა“.

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების თანახმად, სუბიექტები არიან მზღვეველი და მიმწოდებელი. დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი არის სა----------------------/ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეწევა სადაზღვევო საქმიანობას და მონაწილეობს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას და სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ მოსახლეობას უწევს მომსახურებას. დადგენილების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია დროულად და სრულად აუნაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევა მიმწოდებელს. შესაბამისად, ნათელია, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების საფასურის გადახდაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაცია.

 

გარდა ამისა, შპს „ჯე-------------–სის“ მიმართ მოთხოვნა აღძრულ იქნა 2018 წლის 24 მაისს, ხოლო წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია 2013 წლის დავალიანება, რაც პირდაპირ მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 24 მარტს შპს „ად----ა“ (მოთხოვნის დამთმობი) და შპს „ინ-----------------–----ისს“ (უფლების მიმღები) შორის დაიდო ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ.

 

აღნიშნული ხელშეკრულების პრეამბულაში მითითებულია შემდეგი: შპს „ად----“ გააჩნია შპს „ჯე-------------–სის“ მიმართ მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოშობილია სს „სა---------------------–-------------------------სა“ და სს „სა-------------------------------------–-----ისათვის“ (შემდგომში ერთობლივად „მოვალეები“) სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში განხორციელებული სამედიცინო მომსახურებისა და სხვა კომერციული ურთიერთობების საფუძველზე.

 

ხელშეკრულების 1.1. და 1.2. პუნქტების თანახმად, „მოთხოვნის დამთმობი“ საკუთრებაში გადასცემს „უფლების მიმღებს“ „მოვალეების“ მიმართ მოთხოვნის უფლებას სრულად. „მოთხოვნის დამთმობი“ ასევე „უფლების მიმღებს“ საკუთრებაში გადასცემს ზარალის, დავალიანების ამოღებისათვის გაწეული ხარჯების და მიუღებელი შემოსავლების მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.03.2015წ. ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ (იხ. ტომი I, ს.ფ. 32-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. შპს „ად----“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების საფუძველზე, სამედიცინო მომსახურებას უწევდა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირებს.

 

შპს „ად----ს“ მიერ სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირებს სამედიცინო მომსახურება გაეწია 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ შპს „ად----“ აღნიშნულ პირებს სამედიცინო მომსახურებას უწევდა 2013 წლის თებერვლის თვემდეც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილება (იხ. www. matsne.gov.ge);

- მიღება-ჩაბარების აქტები, პრო-ფორმა ინვოისები (იხ.ტომი I, ს.ფ. 50-304)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებლები, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისად, შპს „ად----ს“ მიერ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებას, მათ კორექტირებასა და მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებდა შპს „ჯე-------------–სი“.

 

შპს „ად----“ წარმოადგენს სს „სა-------------------------------------–-----ის“ შვილობილ კომპანიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტები, პრო-ფორმა ინვოისები (იხ. ტომი I, ს.ფ. 50-304);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ტომი I, ს.ფ. 43-46);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებლები, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, ადგენს, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირებს 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შპს „ად----ს“ მიერ გაეწიათ - 63 878.32 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ შპს „ად----ა“ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირებს 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით გაუწია ჯამში - 86 830.24 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მიერ არ ანაზღაურებულა. აღნიშნულის დასტურად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მიღება-ჩაბარების აქტები და პრო-ფორმა ინვოისები, თუმცა მოპასუხე არ ეთანხმება აღნიშნულ გარემოებას და მიუთითებს, რომ მის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული ზემოთ დასახელებულ პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება. ამასთან, განმარტავს, რომ სარჩელში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებითა და პრო-ფორმა ინვოისებით არ დასტურდება 86 830.24 ლარის ოდენობით მომსახურების გაწევის ფაქტი. მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი ის საანგარიშგებო დოკუმენტაცია, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის №177-ე დადგენილებით და რომლითაც შეიძლება დადასტურდეს თუ ვის, როდის და რომელი სუბიექტის მიერ დაზღვეულ პირს გაეწია შპს „ად----ს“ მიერ მომსახურება.

 

ამდენად, სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოპასუხის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც არ არის წარმოდგენილი დადგენილებით განსაზღვრული საანგარიშგებო დოკუმენტაცია.

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177-ე დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება ხორციელდება წინასწარ შეთანხმებული ტარიფების, კაპიტაციური ტარიფების, ან გლობალური ბიუჯეტის მიხედვით. უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია (დაზღვეულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სადაზღვევო პოლისის/ხელშეკრულების ასლი, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა და შემთხვევათა რეესტრი წინასწარ შეთანხმებული ფორმატით) მიმწოდებელმა მზღვეველს უნდა წარუდგინოს წერილობით ან ელექტრონულად თითოეულ თვეში დასრულებული შემთხვევები მინიმუმ თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. ამასთანავე, დეტალური კალკულაცია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხაში არ შედის. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კი მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი, ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მზღვეველი აგებს პასუხს ჩაბარებული დოკუმენტაციის დაკარგვისათვის ან შემთხვევითი განადგურებისათვის.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება ის გარემოება, რომ მიმწოდებელმა - შპს „ად----ა“ დროულად წარუდგინა ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა სადავო პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტებს ხელს აწერს, როგორც მიმწოდებლის, ისე მზღვეველის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება, რომ რომელიმე მიღება-ჩაბარების აქტი სადავო გახდა იმ მიზეზით, რომ საანგარიშგებო დოკუმენტები არ იქნა წარდგენილი სრულად ან/და დოკუმენტები იყო ხარვეზიანი. ასევე, საგულისხმოა ის გარემობა, რომ თავად მოპასუხე სს „სა-------------------------------------–-----ი“ სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მის მიერ დაზღვეულ პირებს ნამდვილად გაეწიათ შპს „ად----ს“ მიერ სამედიცინო მომსახურება 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში. იგი სადავოდ ხდის მხოლოდ გაწეული მომსახურების ოდენობასა და გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ფაქტს.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მითითება საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

რაც შეეხება 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შპს „ად----ს“ მიერ დაზღვეულ პირთათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურების ღირებულებას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

სადავო ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილება უნდა მოხდეს სწორედ იმგვარად, როგორც დადგენილია ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის. მსგავსი ტიპის დავებთან დაკავშირებით არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც შესრულებული სამუშაოს მოცულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მენარდეს, შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს.

 

მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია რამდენიმე სახის პრო-ფორმა ინვოისები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები:

 

- ინვოისების ნაწილში პირდაპირაა მითითებული, რომ შპს „ად----ს“ მიერ სამედიცინო მომსახურება გაეწია სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირებს. აღნიშნულ ინვოისებსა და შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტებს სადავოდ არ ხდის მოპასუხე. შესაბამისად, სადავოდ არ ხდის არც დასახელებულ დოკუმენტებში მითითებული ოდენობით სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტს. ასეთი ინვოისების თანახმად, შპს „ად----ს“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს - 17 488.15 ლარს. (იხ. მიღება-ჩაბარების აქტები და პრო-ფორმა ინვოისები - ტომი I, ს.ფ. 50-79, 87-120, 125-160, 167-184, 188-191, 222-237, 249-258, 276-287) ამდენად, აღნიშნულ ნაწილში მომსახურების გაწევის ფაქტი სადავო არ არის.

 

- ინვოისების ნაწილში პირდაპირ არაა მითითებული, რომ შპს „ად----ს“ მიერ სამედიცინო მომსახურება გაეწია სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირებს, თუმცა მოპასუხე შპს „ჯე-------------–სმა“ 2018 წლის 08 ნოემბერს წარმოადგინა მის მიერ შედგენილი ერთგვარი ცხრილი, სადაც მითითებულია ინფორმაცია სადავო პერიოდში შპს „ად----ს“ მიერ დაზღვეულთათვის გაწეული მომსახურების შესახებ (იხ. ტომი III, ს.ფ. 86-111). ცხრილში, მათ შორის, მითითებულია ინფორმაცია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იმ ინვოისების შესახებ, სადაც პირდაპირ არაა მითითებული თუ ვის მიერ დაზღვეულ პირს გაეწია სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული მონაცემების თანახმად, ასეთი ინვოისების ნაწილი, კერძოდ: ინვოისი №T1--------------------------------------------------------------------------------------------------- და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე 2013 წლის თებერვლის თვის მიღება ჩაბარების აქტი ჯამური თანხით - 9643.60 ლარი (იხ. ტომი I, ს.ფ. 86), 2013 წლის მაისის თვის მიღება-ჩაბარების აქტი ჯამური თანხით - 8254.80 ლარი (იხ. ტომი I, ს.ფ. 185) და მიღება-ჩაბარების აქტები №1-------------------------- შედგენილია სწორედ სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისად. დასახელებული ინვოისების თანახმად, შპს „ად----ს“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს - 43 162.4 ლარს; (იხ. მიღება-ჩაბარების აქტები და პრო-ფორმა ინვოისები - ტომი I, ს.ფ. 82-83, 86, 121-122, 165-166, 185, 192-193, 202-203, 238-244, 259-261, 266-267, 296; ასევე, 08.11.2018წ. განცხადებზე დართული მტკიცებულება იხ. ტომი III, ს.ფ. 86-111). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მართალია თავდაპირველად სს „სა-------------------------------------–-----ი“ სადავოდ ხდიდა ზემოთ აღნიშნული ოდენობით სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტს, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ცალსახად არ დგინდებოდა, რომ მომსახურება ჯი-----------–-----ის მიერ დაზღვეულ პირთათვის იყო გაწეული, თუმცა აღნიშნულის თაობაზე შპს „ჯე-------------–სის“ მიერ მითითებული ინფორმაცია სს „სა-------------------------------------–-----ს“ სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის უდავოდ დადგენილი გარემოება, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისად, შპს „ად----ს“ მიერ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებას, მათ კორექტირებასა და მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებდა სწორედ შპს „ჯე-------------–სი“. შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო სრულყოფილი ინფორმაცია გაწეული მომსახურებისა და მისი ღირებულების შესახებ.

 

ამდენად, აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს შპს „ად----ს“ მიერ სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირთათვის ზემოთ დასახელებული ინვოისების შესაბამისად, 43 162.4 ლარის ოდენობით სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იმ ინვოისებს, საიდანაც ცალსახად არ ირკვევა, რომ შპს „ად----ს“ მიერ სამედიცინო მომსახურება გაწეულ იქნა სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირთათვის და რომლებიც სადავოდ არის გამხდარი მოპასუხის მიერ, სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ გზას მტკიცება წარმოადგენს, რომელიც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში მდგომარეობს. მტკიცების პროცესში მოიაზრება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე სხვა გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის.

როგორც ზემოთ აღინიშნა, კონკრეტულ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება სამუშაოს განმახორციელებელ მხარე, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს. ამდენად, სწორედ მოსარჩელე იყო ვალდებული წარმოედგინა სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების დამადასტურებელი სათანადო და უტყუარი მტკიცებულებები. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისების ნაწილს იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ინვოისებით დადასტურებული სამედიცინო მომსახურება გაეწია არა მას, არამედ სხვა სა----------------------ს, ხოლო მოსარჩელეს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არ აქვს წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, გარდა მიღება-ჩაბარების აქტებისა და პრო-ფორმა ინვოისებისა საიდანაც ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობა, სასამართლო დასახელებულ ნაწილში ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ (იხ. მიღება-ჩაბარების აქტები და პრო-ფორმა ინვოისები - ტომი I, ს.ფ. 80-81, 84-85, 123-124, 161-164, 194-201, 204-209, 245-248, 262-265, 268-271, 288-295, 297-301, 303-304 ; ასევე, 08.11.2018წ. განცხადებზე დართული მტკიცებულება იხ. ტომი III, ს.ფ. 86-111). სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.

- ინვოისების ნაწილში: ინვოისი №T---- და ინვოისი №T----, პირდაპირაა მითითებული, რომ შპს „ად----ს“ მიერ სამედიცინო მომსახურება გაეწია სა---------------------------ოს მიერ დაზღვეულ პირებს. აღნიშნულ გარემოებას სადავოდ არ ხდის თავად მოსარჩელე და განმარტავს, რომ ტექნიკური შეცდომის გამო მოხდა ამ ინვოისების სარჩელზე დართვა, თუმცა ისინი არ ყოფილა გათვალისწინებული სარჩელით განსაზღვრული ძირითადი დავალიანების ოდენობაში. (იხ. მიღება-ჩაბარების აქტები და პრო-ფორმა ინვოისები - ტომი I, ს.ფ. 186-187, 210-211).

 

- ინვოისების ნაწილით განსაზღვრულ მომსახურების ღირებულებაზე მოპასუხე მიუთითებს, რომ მათში მითითებული თანხები ნაწილობრივ კორექტირებულ იქნა დადგენილების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია): მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აღიარების აქტების თანახმად, №T-------------------------------------------- სადავო ინვოისებით (იხ. ტომი I, ს.ფ. 57, 67, 69, 73, 96, 116) გათვალისწინებული მკურნალობის ღირებულება დაკორექტირდა იმ საფუძვლით, რომ შესაბამის პაციენტებს მკურნალობა ჩაუტარდათ პროტოკოლებისა და გაიდლაინების დარღვევით. კერძოდ, მკურნალობის სქემა იყო დარღვეული - ზოგ შემთხვევაში მკურნალობის პროცესში არ იყო ანტიბიოტიკის ჩართვის აუცილებლობა, ხოლო ზოგ შემთხვევაში ჩატარებული გამოკვლევები იყო არაადექვატური ან/და პაციენტი არ საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას; №T---- ივნოისით (იხ. ტომი I, 63) გათვალისწინებული მკურნალობის ღირებულება დაკორექტირდა იმ საფუძვლით, რომ პაციენტს საკეისრო კვეთაზე სამედიცინო ჩვენება არ ჰქონდა, ხოლო, №T---- და №T---- (იხ. ტომი I, 273, 275) ინვოისებით გათვალისწინებული მკურნალობის ღირებულება, კი დაკორექტირდა იმ საფუძვლით, რომ პაციენტის მდგომარება არ იქნა ადექვატურად შეფასებული ამბულატორიულად, რაც საბოლოოდ დასრულდა ლეტალური შედეგით. მოპასუხის განმარტებით, დაკორექტირებული თანხები არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას №177-ე დადგენილების შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვეულია შემთხვევები, რა დროსაც მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე.

 

დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის ა.დ.ა. ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს სადაზღვევო შემთხვევა, თუ: მიმწოდებელმა სადაზღვევო შემთხვევის ღირებულების უსაფუძვლოდ გაზრდის მიზნით განახორციელა შემდეგი ქმედებები: მიმწოდებლის მიერ შემთხვევისათვის მცდარი კოდის მინიჭება ან/და დიაგნოზის დამძიმება. ხოლო, 4.დ. ქვეპუნქტის თანახმად, კი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით აღწერილი გარემოებები დადასტურებული უნდა იყოს მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით ან სამედიცინო მედიაციის სამსახურის აქტით ან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ამდენად, მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულებისაგან შეიძლება განთავისუფლდეს შემდეგი წინაპირობების არსებობისას: ა) ადგილი უნდა ჰქონდეს მიმწოდებლის მიერ შემთხვევისათვის მცდარი კოდის მინიჭებას ან/და დიაგნოზის დამძიმებას და ამასთან, ბ) ეს ქმედება განხორციელებული უნდა იყოს სადაზღვევის შემთხვევის ღირებულების უსაფუძვლოდ გაზრდის მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სადაზღვევო კომპანიის უარი მისი ბენეფიციარებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე ეყრდნობა შემდეგ მოსაზრებებს: (1) კლინიკის მიერ დარღვეულია სამედიცინო გაიდლაინები და კლინიკის პროტოკოლები; (2) არ არის ჩატარებული გამოკვლევები, რომლებიც დაადასტურებდა დასმული დიაგნოზების სისწორეს; აგრეთვე, არ არის ჩატარებული დასმული დიაგნოზების შესაბამისი მკურნალობა; (3) პაციენტებისათვის დანიშნული ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროება არ არის გამოკვეთილი; (4.) პაციენტი არ საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა კონკრეტული მომსახურების გაწევის ფაქტობრივი გარემოება და მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო მოპასუხე მოთხოვნის შემწყვეტ შესაგებლად მომსახურების ხარისხზე და სამედიცინო ჩარევის მართებულობაზე აპელირებს, წარმოშობილი მოთხოვნის შემწყვეტი გარემოებების დადასტურების მტკიცების ტვირთი ეკისრება ამ გარემოებაზე მიმთითებელ მხარეს, ანუ მოპასუხეს.

 

მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის კვლევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო მომსახურება ბენეფციარებმა მიიღეს, ამასთან, სადავო არ გამხდარა (საქმის მასალებით არ დასტურდება) ის გარემოება, რომ ყველა პაციენტი სტაციონარიდან გაეწერა გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში (გარდა №T---- და №T---- ინვოისებით გათვალისწინებული შემთხვევისა). შესაბამისად, იმაზე აპელირება, თითქოს მკურნალობის მეთოდი და ტაქტიკა არასწორად იყო შერჩეული, კონკრეტული მედიკამეტები, რომლებიც დაშვებული იყო მკურნალობის პროცესში არ იყო აუცილებლობით ნაკარნახევი, არ იყო დაცული სამედიცინო დაწესებულების კონკრეტული პროტოკოლები და საერთაშორისო გაიდლაინები, ვერ გახდება სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. მით უფრო, რომ №177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები დადასტურებული უნდა იყოს მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით ან სამედიცინო მედიაციის სამსახურის აქტით ან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, ვინაიდან მითითებული დადგენილებით იმპერატიულად იქნა განსაზღვრული, თუ რა სახის მტკიცებულებით არის შესაძლებელი გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის დადგენილებით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენა, მხოლოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კორექტირების აქტებით (იხ. ტომი II, ს.ფ. 87-110), რომლებიც არ არის დაფუძნებული მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნებზე ან სამედიცინო მედიაციის სამსახურის აქტებზე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად. (იხ. მსგავსი ერთიანი პრაქტიკა სუსგ. საქმე №ას-1206-1166-2016, 24 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-1191-1151-2016, 24 თებერვალი, 2017 წელი).

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურების უპირველეს მიზანს წარმოადგენს პაციენტის გამოჯანმრთელება და მისი მდგომარეობის გაუმჯობესება. მოცემულ შემთხვევაში, გარდა №T---- და №T---- ინვოისებით გათვალისწინებული შემთხვევისა, სადავო არ გამხდარა პაციენტების გამოჯანმრთელებისა და სამედიცინო დაწესებულებიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაწერის ფაქტი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც პაციენტები მკურნალობის შემდგომ გამოჯანმრთელდნენ და გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებიდან, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ჩატარებული მკურნალობა იყო ხარისხიანი და ეფექტური. აღნიშნულის საწინააღმდეგო არანაირი სათანადო და კვალიფიციური მტკიცებულება მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მკურნალობის პროცესში არ იყო დაცული შესაბამისი პროტოკოლები და გაიდლაინები, სამედიცინო მომსახურების მიზებიდან გამომდინარე, არ შეიძლება გახდეს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

რაც შეეხება №T---- და №T---- ინვოისებით გათვალისწინებული შემთხვევებს, როგორც ზემოთ აღინიშნა, მკურნალობა დასრულდა ლეტალური შედეგით, თუმცა ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევებშიც არ დგინდება ის გარემოება, რომ ლეტალური შედეგის დადგომა გამოწვეულ იქნა პაციენტის მდგომარეობის არაადექვატურად შეფასებითა და მკურნალობის არასწორი ან/და არასრულყოფილი ტაქტიკის განსაზღვრის შედეგად, რის გამოც, სასამართლოს მოსაზრებით, გაწეული სამედიცინო მომსახურება, როგორც ზემოთ დასახელებულ შემთხვევებში, უნდა დაექვემდებაროს ანაზღაურებას.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, №T---- და №T---- (იხ. ტომი I, 172, 233) ინვოისებში მითითებული გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილი დაკორექტირდა იმ საფუძვლით, რომ პაციენტის პოლისი იყო გაუქმებული. თუმცა, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ განუმარტავს თუ რა საფუძვლით გაუქმდა პაციენტის პოლისი და თუ გაუქმდა მაშინ დანარჩენ ნაწილში როგორ განხორციელდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურებას, მოპასუხეს არ წარმოუდგენია პოლისის გაუქმების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დადასტურებული გაწეული მომსახურების ღირებულების ნაწილის კორექტირების საფუძვლების მართებულობა, რის გამოც ზემოთ დასახელებული ინვოისებით გათვალისწინებული და კორექტირებული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ჯამში - 3227.77 ლარის ოდენობით სრულად ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას.

 

ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირებს 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შპს „ად----ს“ მიერ გაეწია - 63 878.32 ლარის ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება.

 

3.2.2. სასამართლო ადგენს, რომ სს „სა-------------------------------------–-----ს“ არ აუნაზღაურებია შპს „ად----ს“ მიერ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირთათვის 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება და მისი დავალიანება შპს „ად----ს“ მიმართ შეადგენს - 63 878.32 ლარს.

 

სამედიცინო დაწესებულებასა და სა----------------------ს შორის ამ უკანასკნელის ბენეფიციარებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულება წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას და შესაბამისად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ზოგადი წესით ნაწილდება (სრულად დასაბუთება იხ. გადაწყვეტილებს 3.2.1. პუნქტში). ამდენად, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მსგავსი ტიპის დავებთან დაკავშირებით არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც შესრულებული სამუშაოს მოცულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მენარდეს. აღნიშნულის შესაბამისად, კი გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მტკიცების ტვირთი ეკისრება მომსახურების მიმღებს, კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეს.

 

მოცემულ შემთვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისად, შპს „ად----ს“ მიერ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებას, მათ კორექტირებასა და მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებდა შპს „ჯე-------------–სი“. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, მათ მიერ ხდებოდა შპს „ად----სათვის“ ასანაზღაურებელი თანხების წინასწარ ჩარიცხვა, ხოლო შემდგომ, გაწეული მომსახურების შესაბამისად, წინასწარ ჩარიცხული თანხიდან იქვითებოდა მომსახურების ღირებულება. აღნიშნულის დასტურად მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს სს „ლი------------ის“ 04.03.2013წ. და სს „ბა--------ის“ 25.03.2013წ., 24.04.2013წ., 26.02.2013წ. და 29.05.2013წ. საგადახდო დავალებები (იხ. II ტომი, ს.ფ. 115-119), რომლებშიც გადახდის დანიშნულებაში ზოგადად მითითებულია შემდეგი „შესრულებული სამუშაოს ღირებულება“ და რომლითაც დასტურდება შპს „ჯე-------------–სის“ მიერ შპს „ად----სათვის“ გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის ჯამში - 125 357.5 ლარის გადახდის ფაქტი. გარდა ამისა, შპს „ჯე-------------–სის“ მიერ საქმეში წარმოდგენილ იქნა მის მიერ შედგენილი ერთგვარი ცხრილი, სადაც მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ თუ ზემოთ დასახელებული თანხებიდან გაწეული მომსახურების რა ნაწილი იქნა დაფარული (იხ. III ტომი, ს.ფ. 86-111). აღნიშნული ცხრილის თანახმად, არაერთ შემთხვევაში, მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მომსახურების გაწევამდე წინსწრებით. მაგალითისათვის ავიღოთ ერთი კონკრეტული შემთხვევა: ცხრილში №83-ე გრაფაში მითითებულია, რომ 04.06.2013წ. №1---- მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული მაისის თვის მომსახურების ღირებულება, ანაზღაურებულ იქნა სს „ბა--------ის“ 25.03.2013წ. საგადახდო დავალებით გადახდილი თანხით. (იხ. III ტომი, ს.ფ. 103). მოსარჩელე არ დაეთანხმა მოპასუხის აღნიშნულ განმარტებას და უარყო ის გარემოება, რომ მხარეთა შორის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხდებოდა წინსწრებით. ამასთან, მისი განმარტებით, სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ გადახდილი ზემოთ აღნიშნული თანხებით დაიფარა ამ უკანასკნელის ბენეფიციარებისათვის 2013 წლის თებერვლის თვემდე გაწეული მომსახურების ღირებულება. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს რომ მოსარჩელე 2013 წლის თებერვლის თვემდეც უწევდა სამედიცინო მომსახურებას მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარებს.

 

ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მტკიცების ტვირთი ეკისრება მომსახურების მიმღებს, სწორედ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა სათანადოდ დაედასტურებინა ის გარემოება, რომ მის მიერ წინასწარ ხდებოდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება და ზემოთ აღნიშნული თანხებით სრულად იქნა დაფარული 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კი სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას მტკიცების ტვირთის იმგვარ განაწილებაზე, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს ეკისრება იმ გარემოების დადასტურების ვალდებულება, რომ ჩარიცხული თანხებით ხდებოდა მანამდე დაგროვილი დავალიანების გადახდა. არამედ, პირიქით, ვინაიდან მოსარჩელემ სადავოდ გახადა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესახებ, უპირველესად მოპასუხე იყო ვალდებული დაედასტურებიან, რომ მას 2013 წლის თებერვლის თვემდე არ გააჩნდა შპს „ად----ს“ მიმართ რაიმე სახის დავალიანება, რაც თავის მხრივ შეამსუბუქებდა მის მტკიცების ტვირთს თანხების წინასწარ ჩარიცხვის თაობაზე.

 

ამრიგად, იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე არ ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ მომსახურების ღირებულების ანაზღაურება განხორციელდა წინასწარ, ხოლო მოპასუხეს მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების დასადასტურებლად არ წარმოუდგენია სხვა უკეთესი მტკიცებულება, გარდა საგადახდო დავალებებისა, სასამართლო ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული მისი ბენეფიციარებისათვის 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შპს „ად----ს“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების სათანადოდ დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტები და პრო-ფორმა ინვოისები (იხ. ს.ფ. 50-304);

- აღიარების აქტები (იხ.ტომი II, ს.ფ. 87-109);

- ცხრილი მომსახურებისა და ჩარიცხვის მონაცემების შესახებ (იხ. ტომი III, ს.ფ. 86-111);

- საგადახდო დავალებები (იხ.ტომი II, ს.ფ. 115-119);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებლები, სხდომის ოქმი);

 

3.2.3. სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შპს „ად----ს“ მიერ სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია. (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 ნაწილში)

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ინ-----------------–----ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 408-ე, 411-412-ე, 417-418-ე, 463-464-ე, 629-ე, მუხლებით;

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. მოპასუხე სადავოდ ხდის შპს „ად----ა“ და შპს „ინ-----------------–----ის“ შორის 24.03.2015წ. დადებულ ხელშეკრულებას და მიუთითებს, რომ შპს „ად----ა“ შპს „ინ-----------------–----ის“ აღნიშნული ხელშეკრულებით დაუთმო მხოლოდ შპს „ჯე-------------–სის“ მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს სწორედ დასახელებული ხელშეკრულება წარმოადგენს, სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოარკვიოს არის თუ არა სახეზე სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების დათმობა.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 24 მარტს შპს „ად----ა“ (მოთხოვნის დამთმობი) და შპს „ინ-----------------–----ისს“ (უფლების მიმღები) შორის დაიდო ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ.

 

აღნიშნული ხელშეკრულების პრეამბულაში მითითებულია შემდეგი: შპს „ად----“ გააჩნია შპს „ჯე-------------–სის“ მიმართ მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოშობილია სს „სა---------------------–-------------------------სა“ და სს „სა-------------------------------------–-----ისათვის“ (შემდგომში ერთობლივად „მოვალეები“) სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში განხორციელებული სამედიცინო მომსახურებისა და სხვა კომერციული ურთიერთობების საფუძველზე. ხელშეკრულების 1.1. და 1.2. პუნქტების თანახმად, კი „მოთხოვნის დამთმობი“ საკუთრებაში გადასცემს „უფლების მიმღებს“ „მოვალეების“ მიმართ მოთხოვნის უფლებას სრულად. „მოთხოვნის დამთმობი“ ასევე „უფლების მიმღებს“ საკუთრებაში გადასცემს ზარალის, დავალიანების ამოღებისათვის გაწეული ხარჯების და მიუღებელი შემოსავლების მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტო გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია დავის შემთხვევაში გაირკვეს რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება.

 

უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს „ჯე-------------–სი“ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა სს „სა-------------------------------------–-----ისა“ და სა---------------------------ოს მიერ დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისად, შპს „ად----ს“ მიერ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტების მიღებას, მათ კორექტირებასა და მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. ამასთან, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების პრეამბულაში სს „სა-------------------------------------–-----ი“ მოხსენიებულია როგორც „მოვალე“, ხელშეკრულების 1.1. და 1.2. პუნქტების თანახმად, კი „მოთხოვნის დამთმობმა“ „უფლების მიმღებს“ საკუთრებაში გადასცა სწორედ „მოვალეების“ მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება.

 

შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, ზემოთ დასახელებული ხელშეკრულების შინაარსისა და მისი დეტალური ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის დამთმობმა შპს „ად----ა“ მოთხოვნის მიმღებს შპს „ინ-----------------–----ისს“ დაუთმო, მათ შორის, სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ზემოთ აღნიშნული გარემოება სადავო გახადა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რის გამოც მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება წარმოადგენს ახალ გარემოებას და სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 24.03.2015წ. მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „მოთხოვნის დამთმობმა“ - შპს „ად----ა“ „უფლების მიმღებს“ შპს „ინ-----------------–----ისს“ საკუთრებაში გადასცა „მოვალეების“, კონკრეტულ შემთხვევაში სს „სა---------------------- ჯ------- ჰო-–-----ის“ მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება სრულად. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ლეგიტიმურობის დადგენამდე, თავდაპირველად უნდა გაირკვეს ხელშკრულებით გათვალისწინებული „მოთხოვნის უფლების“ არსებობის საკითხი.

 

შპს „ად----ა“ და სს „სა-------------------------------------–-----ს“ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირებულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ. (უნდა აღინიშნოს, რომ დავის გადაწყვეტისას სასამართლო იხელმძღვანელებს დადგენილების სადავი პერიოდში მოქმედი რედაქციით.)

 

დადგენილების 1.2. და 1.3. პუნქტების თანახმად, ამ წესებით რეგულირდება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, დადებულია თუ არა მათ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება. თუ სუბიექტებს შორის არ არსებობს თანამშრომლობის ხელშეკრულება, მათი ურთიერთობები რეგულირდება ამ წესების შესაბამისად. თუ სუბიექტებს შორის დადებულია ხელშეკრულება, დაუშვებელია, რომ ის ეწინააღმდეგებოდეს ან აუარესებდეს ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.

 

დადგენილია, რომ შპს „ად----“ ზემოთ აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, სამედიცინო მომსახურებას უწევდა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირებს. ამ პირთათვის სამედიცინო მომსახურება ხორციელდებოდა მანამდეც, თუმცა სადავოა სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზრაურების საკითხი, რომელიც დაზღვეულებს გაეწიათ 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არსებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ამ კატეგორიის დავებში, მხარეთა შორის სამედიცინო მომსახურების შესახებ ურთიერთობა შეფასებულია ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობად (სსკ-ის 629-ე მუხლი). შესაბამისად, ურთიერთობის მონაწილე მხარეებს ეკისრებათ ორმხრივი უფლებები და მოვალეობები. სახელდობრ, ერთი მხრივ, მენარდე (სამედიცინო დაწესებულება) ვალდებულია გაუწიოს შეთანხმებული სამედიცინო მომსახურება შემკვეთს“/„სადაზღვევო კომპანიებს“ (შემკვეთის მიერ დაზღვეულ პირებს/ბენეფიციარებს), ხოლო მეორე მხრივ, შემკვეთი“ ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო. (იხ.სუსგ. საქმე №ას-1206-1166-2016 24 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-1191-1151-2016, 24 თებერვალი, 2017 წელი)

 

ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში - სადაზღვევო კომპანიასა და სამედიცინო დაწესებულებას შორის სახეზეა ნარდობის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ნარდობის ხელშეკრულებისათვის არ ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას და ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება მხარეთა შორის დაიდოს ზეპირი ფორმითაც.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი. მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. მომსახურების ხელშეკრულებაში მომსახურების საგანს საქმიანობის გაწევა წარმოადგენს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ამასთან, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად დაადგინა, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირებს 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შპს „ად----ს“ მიერ გაეწიათ - 63 878.32 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების 6.1. პუნქტის თანახმად, მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება ხორციელდება წინასწარ შეთანხმებული ტარიფების, კაპიტაციური ტარიფების ან გლობალური ბიუჯეტის მიხედვით. ხოლო, დადგენილების 6.5. პუნქტის თანახმად, კი მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.

 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სს „სა-------------------------------------–-----ს“ არ აუნაზღაურებია შპს „ად----ს“ მიერ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირთათვის 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება და მისი დავალიანება შპს „ად----ს“ მიმართ შეადგენს - 63 878.32 ლარს.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ - 63 878.33 ლარის ოდენობით საფუძვლიანია.

 

6.4. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის სოლიდარულად დაკისრებას, თუმცა მოპასუხეები სადავოდ ხდიან შპს „ჯე-------------–სის“ სოლიდარულ ვალდებულებას. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოარკვიოს არის თუ არა სახეზე მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

ამდენად, სსკ-ის 464-ე მუხლი ქართულ სამოქალაქო სამართალში სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს არეგულირებს. იგი ამომწურავად ადგენს (Numerus Clausus) სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს: ხელშეკრულებას, კანონს, ვალდებულების საგნის განუყოფლობას და გამორიცხავს სხვა საფუძვლით სოლიდარული ვალდებულების წარმოშობას. ხოლო სსკ-ის 463-ე მუხლი, კი ზუსტად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში მოვალეები სოლიდარულ მოვალეებად ჩაითვლებიან. ამავდროულად იგი სოლიდარული ვალდებულების შემადგენელ აუცილებელ ელემენტებსაც განსაზღვრავს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ შპს „ჯე-------------–სი“ არის სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ სპეციალურად დაფუძნებული შვილობილი კომპანია, რომლის მეშვეობითაც სა---------------------- ახორციელებდა შპს „ად----ს“ მიერ წარდგენილი ინვოისების მიღებას და თანხის ანაზღაურებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ:

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების 1.1. პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ შესაბამის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს და ამ პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სამედიცინო, ფარმაცევტული და სადაზღვევო მომსახურების სტანდარტებს. ამასთან, დადგენილების თანახმად, დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს წარმოადგენენ მზღვეველი და მიმწოდებელი.

 

დადგენილების 2.ბ. პუნქტის თანახმად, კი მზღვეველი არის - სა----------------------/ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა სადაზღვევო საქმიანობას და მონაწილეობს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში, მოცემულ შემთხვევაში სს „სა-------------------------------------–-----ი“, ხოლო 2.გ. პუნქტის თანახმად, კი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას და სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ მოსახლეობას უწევს მომსახურებას. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ად----“. ამრიგად, ნარდობის ურთიერთობის მხარეებს წარმოადგენენ მხოლოდ შპს „ად----“ და სს „სა-------------------------------------–-----ი“.

 

ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისად, შპს „ად----ს“ მიერ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები მიღებას, მათ კორექტირებასა და მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებდა შპს „ჯე-------------–სი“. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან საკითხი შეეხებოდა სამედიცინო მომსახურებას, ხოლო შპს „ჯე-------------–სი“ წარმოადგენდა ამ სფეროში გამოცდილ კომპანიას, სწორედ ამიტომ ხდებოდა სს „სა-------------------------------------–-----ის“ დავალებით, მის მიერ დოკუმენტების მიღება, შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება და, ასევე სადაზღვევო კომპანიის დავალებით, თანხების ანაზღაურება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ 24.03.2015წ. ხელშეკრულებით სწორედ დასახელებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება იქნა დათმობილი მოსარჩელისათვის, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით განსაზღვრული სოლიდარული ვალდებულების წინაპირობები. კერძოდ, როგორც წარმოდგენილი სარჩელიდან ირკვევა, სოლიდარული ვალდებულება არ გამომდინარეობს არც ხელშეკრულებიდან, არც კანონიდან და არც ვალდებულების საგნის განუყოფლობიდან.

 

შესაბამისად, უსაფუძლო და დაუსაბუთებელი მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შპს „ჯე-------------–სის“ მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების, ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება, ან დაცვა. იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, უფლებადარღვეული პირისათვის უფლების დაცვა დროის გარკვეულ პერიოდშია შესაძლებელი, ხოლო ამ ვადის გასვლის შედეგად მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვლება, რაც მოთხოვნის სასარჩელო წესით დაცვას (მატერიალურად, და არა პროცესუალურად) გამორიცხავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებული პირი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, შესრულებაზე თანახმაა. კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ - დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და, მეორე მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილ იქნა 2016 წლის 04 მარტს შპს „ჯე-------------–სის“ მიმართ სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის გზით, რის გამოც არ ეთანხმება მოპასუხის მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის დასტურად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლის თანახმადაც შპს „ინ-----------------–----ის“ სარჩელი შპს „ჯე-------------–სის“ მიმართ დარჩა განუხილველი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული სარჩელი მის მიერ აღძრულ იქნა იგივე მოთხოვნით და იგივე საფუძვლებზე დაყრდნობით. ამასთან, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელეს აღნიშნულის შემდგომ 2016 წლის 21 დეკემბრამდე, ანუ განსახილველი სარჩელის წარმოდგენამდე, იგივე მოთხოვნით აღარ აღუძრავს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

დასახელებული ნორმა განსაზღვრავს იმ კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს/საშუალებებს, რომელთა უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ფორმით გამოყენების შემთხვევაშიც წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა. კერძოდ, აღნიშნული საშუალებებია:

* სარჩელის შეტანა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ან მის დასადგენად;

*განცხადებით მიმართვა სახელმწიფო ორგანოსათვის, ან სასამართლოში მოთხოვნის არსებობის შესახებ;

* აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

აღნიშნული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია. (იხ. სუსგ. №ას-960-909-2015, 04.12.2015 წ.; №ას-1586-1489-2012, 22.04.13 წ. № ას-599-567-2015, 29.03.2016წ.)

 

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიზნებისათვის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. აღნიშნული, ასევე გულისხმობს ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე უფლების დაცვის მცდელობას უშუალოდ იმ პირის მიმართ, რომელიც წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, განსახილველი სარჩელის აღძვრამდე შპს „ინ-----------------–----ისს“ მიერ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა არა სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიმართ, არამედ შპს „ჯე-------------–სის“ მიმართ, რომელიც, არაერთხელ აღინიშნა, რომ ახორციელებდა მხოლოდ შპს „ად----ს“ მიერ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტების მიღებას, მათ კორექტირებასა და სადაზღვევო კომპანიის დავალებით მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. შესაბამისად, შპს ,,ჯე-------------–სის’’ მიმართ თუნდაც იგივე საფუძვლითა და მოთხოვნით სარჩელის წარდგენა სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ვერ გამოიწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას სს ,,სა-------------------------------------–-----ის’’ მიმართ. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,ჯე-------------–სი’’ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე დამოუკიდებელ სუბიექტს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს. შესაბამისად, მის მიმართ მოთხოვნის წარდგენა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაფუძნებულია სს ,,სა-------------------------------------–-----ის’’ მიერ ვერ განიხილება უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე უფლებამოსილი პირისათვის წარდგენილ მოთხოვნად.

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის განმარტებიდან გამომდინარე, იმის დაშვება, რომ თუნდაც ერთი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ერთი იურიდიული პირის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა შეიძლება ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველი გახდეს სხვა იურიდიული პირის მიმართ, საერთოდ აზრს უკარგავს ხანდაზმულობის ინსტიტუტსა და ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიზანს. ვინაიდან ხანდაზმულობის კონკრეტული ვადების დადგენით უფლებამოსილი პირის მიერ უფლების განხორციელების ვადა ჩარჩოშია მოქცეული კანონმდებლის მიერ და მის შეწყვეტასა და შეჩერებას მხოლოდ კანონითვე ზუსტად განსაზღვრული შემთხვევები განაპირობებს.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, აგრეთვე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება შპს „ჯე-------------–სის“ სოლიდარული ვალდებულების შესახებ, თუმცა საწინააღმდეგო გარემოების არსებობის შემთხვევაშიც, სარჩელი შპს „ჯე-------------–სის“ მიმართ წარმოდგენილ იქნა არა 2016 წლის 21 დეკემბერს, როცა თავდაპირველად იქნა აღძრული სარჩელი სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიმართ, არამედ მოგვიანებით 2018 წლის 24 მაისს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ინ-----------------–----ისს“ მიერ შპს „ჯე-------------–სის“ მიმართ სარჩელის წარდგენით არ შეწყვეტილა სს „სა---------------------- ჯ------- ჰოლდიგის“ მიმართ არსებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. სასამართლოს მოსაზრებით შპს „ჯე-------------–სის“ მიმართ წარმოდგენილი სარჩელი, ხანდაზმულობის შეწყვეტის მიზნებისათვის, არ წარმოადგენდა ვარგის საშუალებას შესაბამისი შედეგის მისაღწევად.

 

მოსარჩელე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგივე სასარჩელო წარმოების ფარგლებში (შპს „ჯე-------------–სის“ მიმართ აღძრული სარჩელი) 2016 წლის 21 ივლისს მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა დაზუსტებული სარჩელი, კერძოდ მოსარჩელემ დააზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად განსაზღვრა სს „სა---------------------------ო“ და სს „სა-------------------------------------–-----ი“. თუმცა, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის განჩინება, რომლის თანახმადაც შპს „ინ-----------------–----ისს“ უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. შესაბამისად, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას იწვევს მხოლოდ ისეთი სარჩელი, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება დაზუსტებულ სარჩელზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან კავშირში.

 

ამრიგად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრება ხანდაზმულობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტური ის თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს შპს „ინ-----------------–----ისა“ და შპს „ად----“ შორის 2015 წლის 24 მარტს დადებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება. „მოთხოვნა“ კი გამომდინარეობს შპს „ად----ს“ მიერ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სს „სა-------------------------------------–-----ის“ მიერ დაზღვეულ პირთათვის 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურებიდან. ამასთან, სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 21 დეკემბერს.

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177-ე დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია მიმწოდებელმა მზღვეველს უნდა წარუდგინოს წერილობით ან ელექტრონულად თითოეულ თვეში დასრულებული შემთხვევები მინიმუმ თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კი მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა გამომდინარეობს სამედიცინო დაწესებულების მიერ 2013 წლის თებერვლის თვიდან 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით გაწეული სამედიცინო მომსახურებიდან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, იმ მიღება-ჩაბარების აქტებიდან, რომლის საფუძველზეც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გაწეული სამედიცინო მომსახურება, ყველაზე ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2013 წლის 13 სექტემბერს. შესაბამისად, დადგენილების ზემოთ აღნიშნული ნორმების თანახმად, ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა, სადავო პერიოდში ყველაზე გვიან გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით, დაიწყო 2013 წლის 13 სექტემბრიდან 19 სამუშაო დღის გასვლის შემდგომ, ანუ 2013 წლის 11 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2016 წლის 10 ოქტომბერს. აღნიშნულის შესაბამისად ამოიწურა წინა თვეებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც.

 

შპს „ინ-----------------–----ის“ ზემოთ აღნიშნულ ვადაში მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია. ხოლო განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 21 დეკემბერს სახელშეკრულებო ხანდაზმულობის კანონით დადგენილი სამ წლიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ინ-----------------–----ისს“ სარჩელი - გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კი ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იძულების წესით იგი განუხორციელებელია. ანუ, ამ უფლების რეალიზაცია სრული მოცულობით დამოკიდებული ხდება მოვალის ნება-სურვილზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი უფლებას ანიჭებს ვალდებულ პირს უარი თქვას შესრულებაზე.

 

ამდენად, ვინაიდან დადგინდა, რომ წინამდებარე სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, ხოლო მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო, ასევე ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას შემდეგი ოდენობით: 01.03.2018წ.-მდე დარიცხული პირგასამტეხლო 196 609.80 ლარის ოდენობით, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის 0.02%-ის ოდენობით 2018 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პირგასამტეხლოს მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებიდან.

 

დადგენილების მე-3 მუხლის 2.ი. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან. ამასთან, შპს „ად----ა“ და შპს „ინ-----------------–----ისს“ შორის 2015 წლის 24 მარტს დადებული ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, „მოთხოვნის დამთმობი“ ასევე „უფლების მიმღებს“ საკუთრებაში გადასცემს ზარალის, დავალიანების ამოღებისათვის გაწეული ხარჯების და მიუღებელი შემოსავლების მოთხოვნის უფლებას.

 

შესაბამისად, ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ არ ანაზღაურებულა შპს „ად----ს“ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურება 63 878.32 ლარის ოდენობით, სასამართლო, ასევე მიიჩნევს, რომ სახეზეა პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, თუმცა დადგენილების მე-3 მუხლის 2.ი. ქვეპუნქტის შესაბამისად - 2014 წლის 08 აგვისტომდე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადის დარღვევისათვის კონკრეტულ შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე, კი ასანაზღაურებელი თანხის 0,02%-ის ოდენობით.

 

თუმცა, მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას შემდეგი გარემოებების გამო:

 

პირგასამტეხლო აქცესორული ბუნებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს იქამდე, სანამ არსებობს ძირითადი ვალდებულების შესრულების მოვალეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. ამავე კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, კი მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. დასახელებული მუხლის კონტექსტში, დამატებით მოთხოვნებში სწორედაც რომ ისეთი უფლებები იგულისხმება, რომლებიც კანონის ან შეთანხმების ძალით უზრუნველყოფენ მოთხოვნის შესრულებას და არ არსებობენ ძირითადი მოთხოვნის გარეშე დამოუკიდებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ სს „სა-------------------------------------–-----ის“ დავალიანება შპს „ინ-----------------–----ისს“ მიმართ შეადგენს - 63 878.32 ლარს, თუმცა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ძირითადი მოთხოვნის ხანდაზმულობა განაპირობებს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასაც, რაც ამ შემთხვევაშიც გამორიცხავს პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

6.7. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მთავარ მიზანს წარმოადგენს მიყენებული დანაკლისის გამოსწორება (გამოსწორების ფუნქცია). ამდენად, ზიანი ეს არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). გარდა ამისა, მას ენიჭება პოტენციურ დამაზიანებელზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელების ფუნქციაც, რათა საერთოდ ააღებინოს ხელი სხვისათვის ზიანის მიყენებაზე (პრევენციის ფუნქცია).

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის ანაბრიდან საპროცენტო სარგებლის სახით მიუღებელი შემოსავლის სახით - 65 177.28 ლარის დაკისრებას; სისხლის ექსპრეს-ანალიზატორების შეუძენლობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით - 3 783 951.32 ლარის დაკისრებას და გადაუდებელი დახმარების განყოფილების მოუწყობლობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით - 1 333 788 ლარის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans) თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

ერთ ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. (იხ. სუსგ. საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015წელი).

 

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ. საქმე №ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი)

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ თუკი მოპასუხე ჯეროვნად შეასრულებლდა თავის ვალდებულებას სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელეს ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო შემოსავალი ანაბრიდან საპროცენტო სარგებლის სახით, ასევე ის შეიძენდა სისხლის ექსპრეს-ანალიზატორებს, მოაწყობდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას და მიიღებდა შესაბამის მოგებას. მოსარჩელეს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს შპს „ახ--–------------------------–-----ის“ აუდიტორის ზვ---------–------ის მიერ 12.03.2018წ. შედგენილი დასკვნა და ასევე 25.06.2018წ. დაზუსტებული დასკვნა, სადაც აუდიტის მიერ დაანგარიშებულია მიუღებელი შემოსავლის ზემოთ დასახელებული ოდენობა. (იხ. ტომი II, ს.ფ. 194-208, 242-246)

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის უმთავრეს ინტერესს წარმოადგენდა დავალიანების თანხის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით, სარგებლის მიღება. შესაბამისად, ასევე არ დასტურდება მოვალისათვის წინასწარ, სავარაუდო ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა. (იხ.მსგავსი პრაქტიკა სუსგ. საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).

 

რაც შეეხება სისხლის ექსპრეს-ანალიზატორების შეძენასა და გადაუდებელი დახმარების განყოფილების მოწყობას, სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი მოსარჩელე აპირებდა სადავო თანხის ანაბარზე განთავსებას და ამგვარად შემოსავლის მიღებას, მაშინ, თუნდაც მის მიერ განსაზღვრული დავალიანების ოდენობის შესაბამისად, როგორ აპირებდა ის აღნიშნული თანხით ერთდროულად როგორც სისხლის ექპსრეს-ანალიზატორების შეძენას, ისე გადაუდებელი დახმარების განყოფილების მოწყობას. გარდა ამისა, სასამართლოს მოსაზრებით ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია აუდიტის ზემოთ აღნიშნული დასკვნა ზიანის დაანგარიშებასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების საწინააღმდეგოდ, აღნიშნული დასკვნით ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად არ დასტურდება მიუღებელი შემოსავლის არსებობის ფაქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ასეც რომ არ იყოს, ვინაიდან სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი დავალიანების დაკისრების თაობაზე, აღნიშნული, ასევე განაპირობებს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობასაც და გამორიცხავს მოპასუხისათვის მის დაკისრებას. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სისხლის ექსპრეს-ანალიზატორების შეუძენლობითა და გადაუდებელი დახმარების განყოფილების მოუწყობლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელემ სარჩელი აღძრა არა 2016 წლის 21 დეკემბერს თავდაპირველ სარჩელთან ერთად, არამედ შემდგომ 2018 წლის 24 მაისს ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ. (დასაბუთება სრულად იხ. გადაწყვეტილების 6.5. პუნქტში)

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 5000 ლარი ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე - 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შპს „ინ-----------------–----ისს“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

7.2. მოსარჩელე შპს „ინ-----------------–----ის“ და სს „სა-------------------------------------–-----ი“, ასევე ითხოვენ მათ მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შპს „ინ-----------------–----ისს“ სარჩელი, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

 

რაც შეეხება მოპასუხე სს „სა-------------------------------------–-----ის“ მოთხოვნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე, მას არ წარმოუდგენია აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ინ-----------------–----ისს“ სარჩელი სს „სა-------------------------------------–-----ისა“ და შპს „ჯე-------------–სის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე