გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2019
საქმის ნომერი
330210019002937938
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7761-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

 

მოსარჩელე შპს „---------------- ჯ------“

წარმომადგენელი და-------–-------–---–-

 

მოპასუხე შპს „ჰ------“

წარმომადგენელი და-------–-----

 

დავის საგანი ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

ვალდებულების დარღვევის გამო

პირგასამტეხლოს დაკისრება და ზიანის ანაზღაურება,ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ჰ------სათვის“ მოსარჩელე შპს „--------------------------- სასარგებლოდ:

 

1.1.1. პირგასამტეხლოს სახით 398 348.48 ლარის გადახდის დაკისრება;

1.1.2. ზიანის ასანაზღაურებლად 49 608.98 ლარის გადახდის დაკისრება;

1.1.3. ნარდობის საზღაურის ანგარიშში ზედმეტად მიღებული 38 211.92 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2017 წლის 03 იანვარს შპს „---------------- ჯგუფსა“ (ყოფილი შპს „ვ-----“) და მოპასუხე შპს „ჰ------ს“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, მოპასუხეს მოსარჩელის დაკვეთით, ქ. თბილისში, დ-------–-----–-------------------ზე მდებარე მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე უნდა განეხორციელებინა ავტომობილების მულტიფუნქციური სერვის ცენტრის მოწყობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები (გზებისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობა).

 

2017 წლის 03 იანვარს ნარდობის ხელშეკრულების დანართებით დეტალურად განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი, ხარჯთაღრიცხვა, შესრულების ვადები, საპროექტო გადაწყვეტები და სხვა პირობები. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს საერთო ღირებულებამ შეადგინა 989 626.37 ლარი დღგ-ს ჩათვლით. მხარეები შეთანხმდნენ, სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურების წესზე. კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულების 3.4. მუხლისა და ასევე დანართი 12-ის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ანგარიშში მოპასუხე მიიღებდა ავტომობილებს, რომლის ღირებულება (ლარებში) განისაზღვრებოდა სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღზე არსებული ეროვნული ვალუტის კომერციული გადაცვლითი (სს ქ------------ში არსებული ევროს შესყიდვის) კურსის შესაბამისად.

 

ნარდობის ხელშეკრულებაზე თანდართული სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (ხელშეკრულების დანართი N8) მოპასუხეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2017 წლის 20 თებერვლისათვის. თუმცა ამ დროისათვის მოპასუხეს შესრულებული ჰქონდა მხოლოდ სამუშაოს მცირე მოცულობა. მხარეთა შორის მხოლოდ 2017 წლის 10 მარტს გაფორმდა პირველი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ ამ დროისათვის მოპასუხეს მხოლოდ 285 562.93 ლარის სამუშაო ჰქონდა შესრულებული, რაც მთლიანი სამუშაოების მოცულობის დაახლოებით მეოთხედია.

 

2017 წლის 08 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, სადაც დაფიქსირდა, მოპასუხის მხრიდან სამუშაოების დასრულების ვადის დარღვევა და მოპასუხეს მიეცა დამატებითი ვადა სამუშაოების დასრულებისათვის 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით.

 

იმავდროულად დამატებით შეთანხმებაში ხაზგასმით გაკეთდა ამ სამუშაოს მიღების ინტერესზე ხაზგასმა და პირდაპირ მიეთითა, რომ თუ მოპასუხე დაარღვევდა დამატებითი სამუშაოს ჩაბარების პირობებსა და ვადებს, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 50 000 ლარის ოდენობით.

 

ამასთან, დამატებითი შეთანხმებით შესასრულებელ სამუშაოებს დაემატა ე.წ. საინსპექციო ჭების მოწყობის სამუშაო, რომლის ღირებულება განისაზღვრა 64 720 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით. მოსარჩელემ მოპასუხეს წინსწრებით ჩაურიცხა დამატებითი სამუშაოების შესრულებისათვის გათვალისწინებული თანხის ძირითადი ნაწილი 50 000 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხემ როგორც ძირითადი, ისე დამატებითი შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ დაასრულა ვერც დამატებით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც მას გაეგზავნა საპრეტენზიო წერილი, თუმცა უშედეგოდ.

 

მოსარჩელის ინტერესი სამუშაოს დროულ შესრულებაზე მდგომარეობდა იმაში, რომ 2017 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი იყო B-------სა და M--------ს ე.წ. „შოუ რუმის“ საზეიმო გახსნა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო შპს „---------------- ჯორჯიას“ უცხოელ პარტნიორებსაც. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ასეთ არსებით დაყოვნებას, შეეძლო ჩაეშალა დაგეგმილი ღონისძიება, რაც ძალიან უარყოფითად იმოქმედებდა კომპანიის იმიჯზე და მიაყენებდა მოსარჩელეს როგორც მატერიალურ, ისე რეპუტაციულ ზიანს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული სამუშაოების შესასრულებლად შეკვეთა მისცა სხვადახვა კომპანიებს, რისთვისაც მოსარჩელემ გაიღო ხარჯი.

 

გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი სამუშაო განახორციელა არასრულად, ხარვეზებითა და შეთანხმებული გრაფიკის უხეში (თითქმის ერთწლიანი) დარღვევით. საბოლოო ჯამში, მხარეებს შორის გაფორმდა 5 მიღება-ჩაბარების აქტი, მათ შორის ბოლო გაფორმდა 2018 წლის 05 თებერვალს. ამ აქტთან ერთად მხარეებს შორის გაფორმდა 2018 წლის 08 თებერვლის დანართი, სადაც დაფიქსირდა, რომ ამ დანართის გაფორმების თარიღისათვის მოპასუხის მიერ განხორციელებულ სამუშაოს გააჩნდა ხარვეზები, რაც მოპასუხეს უნდა გამოესწორებინა, თუმცა კვლავ უშედეგოდ, მას არავითარი სამუშაო აღარ განუხორციელებია.

 

2018 წლის 03 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 20 თებერვლიდან 2018 წლის 07 თებერვლის ჩათვლით, 352 დღეზე სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მოპასუხეს ერიცხება პირგასამტეხლო 348 348.48 ლარის ოდენობით. 2017 წლის 08 მაისის დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე, ფიქსირებული პირგასამტეხლო 50 000 ლარი. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის გამო, მოსარჩელემ გაიღო ხარჯები 49 608.98 ლარის ოდენობით. მოპასუხემ ჯამში შეასრულა 924 434 ლარის სამუშაო, ხოლო ანაზღაურების სახით (ავტომობილებისა და გადახდილი თანხის) სახით ჯამში მიიღო 962 645.92 ლარი, ანუ მოპასუხეს ზედმეტად აქვს მიღებული 38 211.92 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და სადავოდ გახადა სარჩელში მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. (ს.ფ. 110-117).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 03 იანვარს შპს „ვ-----ს“ და შპს „ჰ------ს“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის დაკვეთით, ქ. თბილისში, დ-------–-----–-------------------ზე მდებარე მიწის ნაკვეთზე უნდა განეხორციელებინა ავტომობილების მულტიფუნქციური სერვის ცენტრის მოწყობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები (გზებისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობა).

 

ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის მიხედვით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის, ნარდობის საზღაურის ოდენობა შეადგენს 989 626.37 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

მხარეები შეთანხმდნენ, სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურების წესზე. კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულების 3.4. მუხლისა და ასევე დანართი 12-ის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ანგარიშში მოპასუხე მიიღებდა ავტომობილებს, რომლის ღირებულება (ლარებში) განისაზღვრებოდა სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კომერციული გადაცვლითი (სს ქ------------ში არსებული ევროს შესყიდვის) კურსის შესაბამისად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს.ფ. 4).

ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-40).

ნარდობის ხელშეკრულების დანართი N12. (ს.ფ. 53-54).

 

3.1.2. ნარდობის ხელშეკრულებაზე თანდართული სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (ხელშეკრულების დანართი N8) მოპასუხეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2017 წლის 20 თებერვლისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს.ფ. 4).

ხელშეკრულების დანართი N8 (ს.ფ. 48).

 

3.1.3. 2017 წლის 10 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეებმა დაადასტურეს, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით, 285 562.93 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი.

 

2017 წლის 1 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით, დადასტურებულია, 327 022.20 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს.ფ. 4).

მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 63-64).

 

3.1.4. 2017 წლის 08 მაისს მხარეებმა გააფორმეს დამატებითი შეთანხმება, 2017 წლის 03 იანვრის ნარდობის ხელშეკრულებაზე დამატებითი სამუშაოების წარმოების შესახებ, რომლის თანახმად, დააფიქსირეს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევა და შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების შესრულების ბოლო ვადა განისაზღვროს არაუმეტეს 2017 წლის 31 მაისისა.

 

ამავე შეთანხმების მე-2 პუნქტით, ნარდობის ხელშეკრულებაში მითითებულ „ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს“ დაემატა დამატებითი სამუშაოები ე.წ. „საინსპექციო ბეტონის ჭების“ მოწყობა. დამატებითი სამუშაოების ღირებულებამ თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად შეადგინა 64 720 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

 

დამატებითი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, შპს „ვ-----მ“ შპს „ჰ------ს“ გადაურიცხა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან 50 000 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს.ფ. 4).

დამატებითი შეთანხმება (ს.ფ.56-57).

ხარჯთაღრიცხვა. (ს.ფ. 58).

საგადახდო დავალება. (ს.ფ. 59).

 

3.1.5. მხარეებს შორის 2017 წლის 18 მაისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა 107 944.46 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება.

 

2017 წლის 08 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით -125 771.73 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება.

 

2018 წლის 05 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტით - 78 132.71 ლარის სამუშაოს შესრულება.

 

2018 წლის 08 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტზე დანართი აქტის მიხედვით, მხარეების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შესრულებული სამუშაოდან ნაწილს გააჩნია ხარვეზი. 1. ბორდიურები და სანიაღვრე ფილებს შორის არსებული ღარები შესავსებია ცემენტის ხსნარით და ბორდიურებს ესაჭიროება გახეხვა ზუმფარით. 2. ასფალტის საფარზე მოწყობილი ჭის თავსახურები მოსაყვანია გზის ნიშნულზე. 3. სანიაღვრე ცხაურები უნდა შეიღებოს შავი ლითონის საღებავით.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს.ფ. 5-6).

მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 65-67).

2018 წლის 08 თებერვლის დანართი აქტი. (ს.ფ. 68).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ვ-----ს“ დამფუძნებელმა პარტნიორმა 2018 წლის 23 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ, შეიცვალა კომპანიის სახელი და დარეგისტრირდა შპს „---------------- ჯ------“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

შპს-ს დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილება.(ს.ფ.24).

განცხადება. (ს.ფ.25).

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული

პირის რეესტრიდან (ს.ფ. 22-23).

 

3.2.2. ნარდობის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2. პუნქტის მიხედვით, შემსრულებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით სამუშაოთა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მას დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

 

დამატებითი შეთანხმების მე-8 პუნქტის მიხედვით, თუკი შემსრულებლის მხრიდან არ მოხდება მე-6 და მე-7 პუნქტით შეთანხმებულ ვადებში სამუშაოს შესრულება, საჯარიმო სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის/არასათანადო შესრულებისათვის განისაზღვრება 50 000 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ.37).

დამატებითი შეთანხმება (ს.ფ. 57).

 

3.2.3. შპს „ჰ------მ“ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

 

ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

მოპასუხე სადავოდ ხდის მიერ მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულების დანართი N8-ით განსაზღვრული სამუშაოთა შესრულების გეგმა-გრაფიკით მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ პერიოდში შესასრულებელ სამუშაოებსა და მისი ვადებზე.

 

მოსარჩელემ შპს „ჰ------ს“ მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების დასადასტურებლად წარმოადგინა მიღება-ჩაბარების აქტები. სასამართლო გადაწყვეტილების 3.1.3. და 3.1.5. პუნქტებში დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, ცალსახად დგინდება, რომ მოპასუხე სამუშაოებს ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევით. ამასთან, მხარეებს შორის 2017 წლის 08 მაისს გაფორმებული დამატებითი შეთანხმებით, მოპასუხემ თავად დაადასტურა, ამ დროისათვის გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილება. (იხ. დამატებითი შეთანხმება, ს.ფ. 56). ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება დასტურდება, ასევე 2018 წლის 08 თებერვლის მიღება-ჩაბარების დანართი აქტიდან, რომლითაც მოპასუხემ დაადასტურა სამუშაოების ნაწილის ხარვეზებით შესრულების ფაქტი.

 

3.2.4. შპს „ჰ------ს“ 2017 წლის 10 მარტიდან 2018 წლის თებერვლამდე პერიოდში შესრულებული აქვს 924 434 ლარის ღირებულების სამუშაო, შპს „ო------------------------“ მას გადაუხადა 2017 წლის 07 თებერვალს 46 000 ლარი, 2017 წლის 08 მაისს - 50 000 ლარი. შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანგარიშში გადაცემული ავტომობილების ღირებულებასთან ერთად, ჯამში, მოსარჩელის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 962 645.92 ლარი.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. სამართალწარმოების ეს ზოგადი და, ამავდროულად, ფუნდამენტური პრინციპი სხვადასხვა საპროცესო ნორმაში სხვადასხვა სახით ვლინდება, მათ შორისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ემუხლი, რომლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

 

ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებელი წარმოდგენილია საპროცესო წესების დარღვევით, მან შესაგებლით სადავოდ გახდა სარჩელში მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, თუმცა შესაგებელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით არ არის ასახული მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. შპს „ჰ------ს“ წარმომადგენელი სარჩელში მითითებულ არცერთ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, არ მიუთითებს მიზეზს, რის გამოც არ ეთანხმება ამ ფაქტობრივ გარემოებებს და არ ასაბუთებს შესაბამისი არგუმენტაციით;

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითი განხილვის დროს.

 

შპს „ჰ------ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა დადგენილია, მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნაში მოცემულ ინფორმაციას, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული ავტომობილების რაოდენობისა და მისი ღირებულებების თაობაზე, ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილი 46 000 ლარის თაობაზე, მოპასუხე საქმის არსებითი განხილვის დროს სადავოდ ვერ გახდის, რადგან მას ასეთი შედავების უფლება არ გამოუყენებია არც შესაგებლით, არც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომებზე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად, მიაჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელეს მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების ასანაზღაურებლად გადახდილი აქვს 962 645.92 ლარი.

 

3.2.5. შპს „ჰ------ს“ მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობის გამო, შპს „ო------------------------“ ზედმეტად გაიღო 49 608.98 ლარის ოდენობის ხარჯი.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო, დამატებითი ხარჯების გაწევის დასადასტურებლად წარადგინა აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვით, სპეციალისტი კვლევის ჩატარებისას დაემყარა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომელთა ანალიზის საფუძველზე, დაადგინა, რომ მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილის შესასრულებლად და მასალების შესაძენად გადაიხადა ჯამში, 133 868.37 ლარი, მოპასუხის მიერ ამ სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მათი ღირებულება იყო 84 259.39 ლარი. სხვაობამ შეადგინა 49 608.98 ლარი. (იხ. აუდიტორული დასკვნა, ს.ფ. 70-73).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები , რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 316-ე, 629-ე, მე-400, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 394-ე, 408-ე, 385-ე და 976-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მენარდესა და შემკვეთს გააჩნიათ. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითადი ვალდებულებაა, შეასრულოს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვალდებულება, ხოლო მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით დადგენილია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევები. კერძოდ, ასეთად ჩაითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შეუსრულებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში განიხილება არაჯეროვან შესრულებად.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

 

ამ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხის მიერ სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევა. ამდენად, მან ჯეროვნად არ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებიდან, მათ შორის დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2. პუნქტითა და დამატებითი შეთანხმების მე-8 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ შემსრულებლის მიერ სამუშაოთა შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებისათვის, პირგასამტეხლოს დაკისრებაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, კერძოდ: „საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში სასამართლო მხოლოდ ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრს. ამ პროცესში მონაწილეობენ მოთხოვნის კრედიტორი, რომლის მიმართაც დარღვეულია ვალდებულება და მოვალე/მოპასუხე, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებას - პირგასამტეხლოს მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალგანაკვეთად. ამ დროიდან, უკვე სასამართლო იწყებს პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას. საგულისხმოა, რომ ამ პროცესში მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, თუმცა საგულისხმოა, რომ თუ მხარე სადავოდ არ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას (გონივრულობას), მაგრამ საერთოდ გამორიცხავს მისი დაკისრების წინაპირობების არსებობას, უპრიანია სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობაც შედავებულად მიიჩნიოს და შეაფასოს მისი გონივრულობა. ასეთ ვითარებაში ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს მხარის ნება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არათუ პირგასამტეხლოს ოდენობას ხდის სადავოდ, არამედ საერთოდ პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ეთანხმება“ (№ას-318-301-2017, 05.05.2017 წელი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ნარდობის ხელშეკრულებიდან და დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს 79 669.69 ლარით, შედეგი გარემოებების გამო:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი).

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა ვადაგადაცილებით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობას, ასევე იმ გარემოებას, რომ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ბევრად აღემატება ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, მისი ოდენობა ნარდობის ხელშეკრულების ღირებულების ნახევარზე მეტია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო 79 669.69 ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

 

6.2. მოთხოვნა ზიანის ასანაზღაურებლად 49 608.98 ლარის დაკისრების ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია: მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ის 408-ე მუხლი). ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, საერთოდ ვერ იქნებოდა სავარაუდო მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდევი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ, უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა ( სუსგ №ას-167-163-2016, 01.07.2016).

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელემ გაიღო დამატებითი ხარჯი 49 608.98 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

6.3.სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა 38 211.92 ლარის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით,ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით, უკან იქნეს გამოთხოვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომკრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში სანაცვლო ვალდებულების შესრულების გარეშე, გადაუხადა 38 211.92 ლარი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან ამ თანხის დაკისრება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 34,45%, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 1722.5 ლარის გადახდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად. (5000 ლარის 34,45%) და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში. (ს.ფ. 92-95).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „--------------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე შპს „ჰ------ს“ მოსარჩელე შპს „--------------------------- სასარგებლოდ დაეკისროს:

 

1.1.1. პირგასამტეხლოს სახით 79 669.69 ლარის გადახდა;

 

1.1.2. ზიანის ასანაზღაურებლად 49 608.98 ლარის გადახდა;

 

1.1.3. ვალდებულების გარეშე მიღებული 38 211.92 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს „ჰ------ს“ მოსარჩელე შპს „--------------------------- სასარგებლოდ დაეკისროს 1722.5 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია