გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/30162-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
05 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - შპს "ყ----------------------–--ი"
წარმომადგენელი - თ-----------------
მოპასუხე - გ--–- ჯ---–------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ--–- ჯ---–------ს მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 652.46 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს ,,ყ--------------------–--ის“ ბუნებრივი აირის მომხმარებელს წარმოადგენს მოპასუხე გ--–- ჯ---–------. მოსარჩელე კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ახორციელებდა მისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას, ასევე სათანადო დოკუმენტაციის (ქვითრების) წარდგენას. მომხმარებელი ბუნებრივი გაზის რაოდენობები ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით აღირიცხება კომპანიის მონაცემთა ბაზაში - აბობენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
2016 წლის 24 ოქტომბერს, მოპასუხე გ--–- ჯ---–------მ მომართა მოსარჩელეს განცხადებით და ითხოვა მოხმარებული ბუნებრივი აირის დავალიანების გადანაწილება. კომპანიამ დააკმაყოფილა მოპასუხის განცხადება. შპს ,,ყ--------------------–--ს“ და გ--–- ჯ---–------ს შორის გაფორმდა ვალის გადანაწილების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აღნიშნული თანხა გადანაწილდა. მოცემული ხელშეკრულების მიხედვით, პირველადი შენატანი განისაზღვრა 297.03 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი ვალის პორცია უნდა გადახდილიყო თვეების პროპორციულად, მაგრამ ვინაიდან აბონენტმა დაარღვია აღნიშნული პირობები, კომპანიასა და მოპასუხეს შორის შეწყდა ვალის გადანაწილების ხელშეკრულება.
დღეის მდგომარეობით, მომხმარებელს კომპანიის წინაშე დავალიანების სახით ერიცხება მოხმარებული ბუნებრივი აირის ,,მიმდინარე ბალანსი“ – 599.11 ლარი, ბუნებრივი ქსელთან მიერთების გადასახადი - 53.35 ლარი, ჯამში აბონენტის დავალიანება კომპანიის მიმართ შეადგენს 652.46 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ--–- ჯ---–------მ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ 2016 წლის ოქტომბერში იქირავა ქ. თბილისში, ქ-----------–ის ქ. #43-ში მდებარე ბინა, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხება ზ---- გ---–--–---–ის სახელზე. ბინაში იყო გაზის დავალიანება, შესაბამისად იძულებული გახდა დაეწერა განცხადება, რომ თანხას, რომელიც შეადგენდა 828 ლარს, გადაიხდიდა ნაწილ-ნაწილ. ხელშეკრულების დადებისთანავე გადაიხადა 297 ლარი, რის შემდეგაც ბინაში იცხოვრა 4 თვე და მოხმარებულ ბუნებრივ აირთან ერთად დამატებით იხდიდა თვეში 55-50 ლარს. 2017 წლის თებერვალში იძულებული გახდა ბინის მეპატრონის მოთხოვნით გაეთავისუფლებინა ბინა. შესაბამისად, მას არანაირი დავალიანება არ აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 საქმეზე წარმოდგენილი აბონენტის ბარათის შესაბამისად, მისამართზე: ქ. თბილისი, ქ-----------–ის შეს. 43, აბონენტის ნომრად #3----- რეგისტრირებულია - გ---–--–---–ი. აბონენტის (პიროვნების) ცვლილება არსებულ მომენტამდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, მონაცემები უცვლელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბარათი - ს.ფ. 17-22;
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები;
3.1.2. საქმეზე წარმოდგენილი 2016 წლის 24 ოქტომბრის საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად აბონენტს #3-----, რომელსაც შპს ,,ყ--------------------–--ის“ მიმართ გააჩნდა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება 828.39 ლარის ოდენობით, მოპასუხე გ--–- ჯ---–------ს განცხადების საფუძველზე, აღნიშნული დავალიანება გადაუნაწილდა 11 თვეზე. ყოველთვიურმა მინიმალურმა პორციამ შეადგინა 53.14 ლარი.
აღნიშნულ ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას შპს ,,ყ--------------------–--ის“ მხრიდან ხელს აწერს რევაზ თამარაშვილი, როგორც კრედიტორი, ხოლო მეორე მხარეს მოვალის გრაფაში მითითებულია გ--–- ჯ---–------ სახელი და გვარი, ასევე დაფიქსირებულია ხელმოწერა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულება - ს.ფ. 25-26;
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები.
3.1.3. მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით და საქმეზე წარმოდგენილი აბონენტის #3----- (გ---–--–---–ი) ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ არსებული მდგომარეობით აბონენტს ერიცხება დავალიანება ჯამში - 652.46 ლარს, რომელიც განსაზღვრულია ასევე მოპასუხე გ--–- ჯ---–------სთან დადებული დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ ხელშეკრულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბარათი #3----- (ს.ფ. 17-22);
- გ--–- ჯ---–------ს განცხადება (ს.ფ. 23-24);
- 2016 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26);
- მოსარჩელე მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, სასამართლოს წლის სხდომის ოქმები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე, 316-317-ე, 341-ე, 371-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
აღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედეგების გამომწვევია. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები.
მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად მითითებული 2016 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ვალდებულება აიღო გადაეხადა დავალიანება, აღიარა ვალი (ისე რომ არ მომხდარა აბონენტის ცვლილება). მითითებული განმარტების შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ვალის აღიარება, თავისი შინაარსით ცალმხრივ გარიგებას წარმოადგენს, რადგან იგი მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ. თუმცა, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ინსტიტუტი მიმართულია არა ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების წარმოშობისაკენ, არამედ ადასტურებს ვალის ამღიარებლის მოვალეობას, შეასრულოს უკვე არსებული ვალი. დაუშვებელია, რომ ვალის აღიარება ატარებდეს აბსტრაქტულ ხასიათს, ამიტომ იგი უნდა განხორციელდეს არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. ზემოთ მითითებული დებულების პირველი წინადადება, სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, პირის მიერ ნების გამოვლენის ვალის აღიარებად მიჩნევისათვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს რიგ კრიტერიუმებს. პირველი, ნების გამოვლენიდან ნათლად უნდა იკვეთებოდეს, რომ ვალის ამღიარებელს გააჩნია კრედიტორის ვალი. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთი ნების გამოვლენა ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითებდეს ვალის არსებობაზე. წერილობითი ფორმით არსებული დოკუმენტით გარკვევით უნდა იკითხებოდეს ვალდებულების არსი, მოცემულ შემთხვევაში - აბონენტის/მოვალის გადასახდელი თანხის ოდენობა. ამგვარი ტიპის ხელშეკრულებაში, დაუშვებელია ისეთი ფრაზების მითითება, რომლებიც ბუნდოვანს ან გაურკვეველს გახდის მის შინაარსს. ამდენად, ასეთ შემთხვევაში, ყოველი ეჭვი უნდა გადაწყდეს მოვალის სასარგებლოდ. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, იგი მოიცავს ამღიარებლის მზადყოფნას, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება დადგენილ დროში. სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი დათქმა, თავისთავად, არ გულისხმობს იმ გარემოებას, რომ ვალდებული პირი შებოჭილია კონკრეტული თარიღით, არამედ ის შეიძლება ასევე რაიმე მოვლენას უკავშირდებოდეს. მთავარია, რომ მკაფიოდ იქნეს ჩამოყალიბებული მოვალის მიერ განსაზღვრულ ვადებში ვალდებულების შესრულების სურვილი. და რაც არსებითი და მნიშვნელოვანია ვალის აღიარება, როგორც გარიგება, უნდა იყოს მხარის უშუალო ნების გამოხატულება და მისი დამოუკიდებელი მოქმედების შედეგი - ხელწერილი თუ ობიექტურად არსებული დოკუმენტი უნდა იყოს შედგენილი და უნდა ასახავდეს მხარის სურვილს, დამოუკიდებელ ნებას, შეასრულოს არსებული ვალდებულება.
ასევე, ვინაიდან ნათელია, რომ აბონენტი არის სხვა პირი, ხოლო მოსარჩელე მხარის მითითებით მოვალე სხვა პირი, უნდა მოხდეს მითითებული ურთიერთობის სხვა სამართლებრივ ჭრილში განხილვაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. ხოლო ამავე კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.
ზემოაღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, მოთხოვნის მფლობელის მიმართ ვალდებულების შესრულება შეიძლება მოვალის ნაცვლად იკისროს მესამე პირმა, თუკი თავად ვალდებულების არსიდან გამომდინარე იგი არ შეიძლება მხოლოდ მოვალის პიროვნებას უკავშირდებოდეს. მითითებულ შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მოვალის (რეგისტრირებული აბონენტი გ---–--–---–ი) ჩანაცვლებას მესამე პირის მიერ და შესაბამისად, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ვალის გადაკისრებას ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობის ფარგლებში. ანუ წარმოდგენილ შემთხვევაში, ვალის გადაკისრება უნდა მომხდარიყო მესამე პირს - გ--–- ჯ---–------ს და მოთხოვნის მფლობელს - შპს ,,ყ--------------------–--ს“ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობათა წარმოშობა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და მისი შინაარსი განსაზღვრავს გარიგების მიზანს, ანუ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც ნების გამომვლენ მხარეებს სურთ. სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას მხარეები სსკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხებას აღწევენ ყველა არსებით პირობაზე და შესაბამისად, ხდება მხარეთათვის წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების დადგენა. არსებული სასამართლო დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა განისაზღვროს ხელშემკვრელი მხარეები და შესაბამისად, ის თუ ვის წარმოეშობა კონკრეტული ვალდებულებები მოახდინოს დავალიანების დაფარვა. მოცემული 2016 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების შესაბამისად, სუბიექტებს წარმოადგენენ აბონენტი N3----- (გ---–--–---–ი) და შპს ,,ყ--------------------–--ი“, თუმცა ისე რომ არსად ხელშეკრულების ტექსტში არ ფიქსირდება მოპასუხე გ--–- ჯ---–------, ბოლოს ხელშეკრულების ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია მისი ხელმოწერა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე უკვე დასადგენია მოპასუხე გ--–- ჯ---–------ს მონაწილეობა და მისი სტატუსი, ხელშეკრულების შინაარსი და ხომ არ არის რაიმე სახის უზუსტობა აბონენტის პიროვნებაში. საქმის მასალებით (აბონენტის ბრუნვის ისტორია) ცალსახაა, რომ შპს ,,ყ--------------------–--ი“ ბუნებრივ აირს აწვდის და შესაბამისად ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში იმყოფება აბონენტ - გ---–--–---–თან და ასევე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ დადასტურებული იქნა, რომ გადანაწილვადების შემთხვევაში თვიური პორცია დაიტანება ყოველთვიურ ქვითარზე მიმდინარე დავალიანებასთან ერთად და ეგზავნება აბონენტს - გ---–--–---–ს. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები უცვლელია - გ---–--–---–ი და შპს ,,ყ--------------------–--ი“, მოცემული 2016 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით ასევე მოწესრიგებულია აბონენტისათვის დაგროვილი დავალიანების ფარგლებში თვიური გადახდის პორციების ოდენობა (ეგზავნება ქვითრით თვის ბოლოს მიმდინარე გადასახადთან ერთად). შესაბამისად ცალსახაა, რომ შეთანხმების შედეგი, შესაბამისად ვალდებულება - გადაიხადოს ნაწილ-ნაწილ არსებული დავალიანება დადგა აბონენტისათვის - გ---–--–---–ისთვის, რომელსაც ყოველთვიურად მოსარჩელე მხარის მიერ დაანგარიშებულ მიმდინარე დავალიანებასთან ერთად ეგზავნება შეტყობინება გადანაწილვადებული პორციის გადახდის თაობაზე (ქვითარშივე ცალკე ეთითება) და სწორედ იგი იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე მხარესთან. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ნათელია, რომ 2016 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულება ვერ აკმაყოფილებს სსკ-ის 341-ე მუხლის დანაწესს და ასევე, არ ჯდება სსკ-ის 203-ე მუხლის ნორმის ფარგლებშიც, ვიანიდან ვალდებულების მატარებელი ბუნდოვანია.
სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულება შესაძლებელი დადებული იქნეს თავად მოვალის ან მისი წარმომადგენლის მიერ, თუმცა მოსარჩელე მხარის განმარტების შესაბამისად მითითება არ ხდება წარმომადგენლობის უფლებამოსილებაზე და უშუალოდ მოვალედ ეთითება - მოპასუხე გ--–- ჯ---–------, რომლის სამართლებრივი სტატუსი და როგორც ზემოთ აღნიშნული იქნა ვალდებულება 2016 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან არ იკვეთება არც ვალის აღიარებისა და არც ვალის გადაკისრების სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
წარმოდგენილ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება და უნდა დარჩეს გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს "ყ----------------------–--ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე