გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #170210119002892645
საქმე #2/32-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 ივნისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
სხდომის მდივანი - ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი
მოსარჩელე - შპს „მ---------------------------------------
წარმომადგენელი - ნ---------------–-ძე
მოპასუხეები - ხ-----------–---–ი, ა-----–-------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს: ხ-----------–---–ს და ა-----–-------–---–ს მოსარჩელე შპს „მ-----------------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 09 მარტის # T----------- ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხი 3 748.23 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხეებს: ხ-----------–---–ს და ა-----–-------–---–ს მოსარჩელე შპს „მ-----------------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებელი 1 140.06 ლარის ოდენობით.
1.3. მოპასუხეებს: ხ-----------–---–ს და ა-----–-------–---–ს მოსარჩელე შპს „მ-----------------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლო 426.00 ლარის ოდენობით.
1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2017 წლის 09 მარტს შპს ,,მ---------------------სა’’ და ხ-----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება # T-----------, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 5 200 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: სესხის ყოველთვიური სარგებლის 5,4%-ის დარიცხვით, კრედიტის ვადა 36 თვე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3 ლარის დარიცხვით (ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 ლარისა). ვინაიდან, 2018 წლის 09 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 142 დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 426 ლარს.
მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება ბოლოს მოხდა 2018 წლის 09 სექტემბერს. სესხი ვადაგადაცილებაშია 2017 წლის 09 ოქტომბრიდან და ამავე თარიღიდან ხდება პირგასამტეხლოს დარიცხვაც.
მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების დასაფარად და მიეცა დამატებითი ვადა. თუმცა ვალდებულების შესრულება მოპასუხეების მხრიდან არ მომხდარა.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ გირავნობის საგანი ავტომანქანა არის დაზიანებული (ძრავი აქვს დაზიანებული) რის გამო ორგანიზაცია მის რეალიზაციას ვერ მოახდენს. თუმცა აღსანიშნავია, რომ გირავნობის საგნის დაზიანება/ განადგურება არ ნიშნავს ვალდებულების აღარ არსებობას, ვინაიდან სესხს ემატება სარგებელი, რაც კიდევ უფრო გაართულებს მისი გადახდის შესაძლებლობას.
მხარის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეებს ხ-----------–---–ს და ა-----–-------–---–ს სოლიდარულად, მოსარჩელის წინაშე ერიცხებათ დავალიანება: ძირი თანხა - 3 748.23 ლარი, დარიცხული სარგებელი-1 140.06 ლარი (სესხი ვადაგადაცილებაშია 5 თვის და 19 დღის განმავლობაში, თვეში ხდება პროცენტის 202.4 ლარის დარიცხვა) და პირგასამტეხლო - 426.00 ლარი (142 დღეზე მოხდა პირგასამტეხლოს დარიცხვა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3 ლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 ლარისა).
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება ჯეროვნად, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ითხოვს ძირი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოპასუხეებზე დაკისრებას. ამასთან, ვინაიდან პირგასამტეხლო და პროცენტი გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულებით, ხოლო ხელშეკრულება შეწყდა სარჩელის შეტანის დღეს, მოსარჩელე პროცენტსა და პირგასამტეხლოს მოითხოვს მხოლოდ სარჩელის შემოტანის დღისთვის (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი ნაწილობრივ სცნო და მიუთითა, რომ იგი აღიარებდა მოსარჩელის წინაშე არსებულ დავალიანებას ძირი თანხის 3748.23 ლარის ნაწილში, ხოლო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნილი თანხის ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, მისი დაკისრება უსამართლოა, რაც უფრო ზრდის მოპასუხის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას.
მოპასუხის განმარტებით, მისი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა გირავნობის საგანი - ავტომობილი, რომელიც დაზიანდა. ის ყოველთვიურად კეთილსინდისიერად იხდიდა თანხას გრაფიკის შესაბამისად და 18 თვის მანძილზე ერთხელაც არ დაურღვევია. მოულოდნელად შექმნილმა მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ და მამის ავადმყოფობამ შეუძლებელი გახადა დაკისრებული თანხის გადახდა. ის ვეღარ ახერხებდა მუშაობას, შესაბამისად, აღარც შემოსავალი გააჩნდა, რამაც გამოიწვია მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. მან აღნიშნულის თაობაზე აცნობა მოსარჩელეს და სთხოვა გარკვეული შეღავათების დაწესება, კერძოდ: პირგასამტეხლოს და სარგებლის დაკისრების შეჩერება, რაც არ გაუთვალისწინებიათ.
მოპასუხე ხ-----------–---–მა და ა-----–-------–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს შესაგებელს და ძირი თანხის 3000.00 ლარის ნაწილში სრულად სცნეს სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში მიუთითეს, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ უნდა დაეკისროთ ვინაიდან მისი გადახდის შესაძლებლობა მათ არ გააჩნიათ. მხარე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის შუამდგომლობას მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხეების მიერ დაირღვა ხელშეკრულება ყოველთვიური ვალდებულების შესრულების ნაწილში და ამჟამად სესხი ვადაგადაცილებაშია.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2017 წლის 09 მარტს შპს ,,მ---------------------სა’’ და ხ-----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება # T-----------. საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 5200 ლარით.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სესხი უზრუნველყოფილი იქნა გირავნობის საგნით, სატრანსპორტო საშუალებით-მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ფორდ ტრანზიტი.
მასვე ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებზე და დანახარჯებზე, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 09 მარტის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება # T----------- (ს.ფ. 17-22)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2017 წლის 09 მარტს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო შეთანხმება # T-----------, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 5 200 ლარის ოდენობით, სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 64.8%-ით, სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღრა 5,4%-ით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 36 თვე, ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლო განისაზღვრა 1-დან 5 დღემდე ვადაგადაცილებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12 ლარი, ხოლო მე-6 დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველი დღისთვის 6 ლარი. ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა+სარგებელი) განისაზღვრა 220 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 23- 25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. მოპასუხე ხ-----------–---–მა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის 09 ოქტომბრიდან, აღარ მომხდარა ყოველთვიური ვალდებულების შესრულება თანხის გადახდის სახით და მოსარჩელის მიმართ 2019 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეებს: ხვიჩა და ა-----–-------–---–ებს სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება ძირი თანხა - 3 748.23 ლარი, სარგებელი 1 140.06 ლარი და პირგასამტეხლო - 426 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების თაობაზე (ს.ფ. 34)
- წერილი (ს.ფ. 30-31)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს „მ-----------------------“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა შემცირდეს მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულ ოდენობამდე.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე 623-625-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 420-ე მუხლები
სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-3, 208-ე, 2681 მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ხ-----------–---–მა და ა-----–-------–---–მა, როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ისე სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა ცნო სესხის ძირითადი თანხის 3 000.00 ლარის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
7.2 სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 09 მარტს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო შეთანხმება # T----------, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 5 200.00 ლარის ოდენობით, სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 64.8%-ით, სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 5,4%-ით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 36 თვე, ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3 ლარი. ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა+სარგებელი) განისაზღვრა 331 ლარით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის ვალდებულება და 2017 წლის 09 ოქტომბრიდან შენატანი არ განუხორციელებია. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან ერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი, რამაც 2019 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით შეადგინა 1 140.06 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაცემული სესხის ოდენობისა და წლიური საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განასაზღვრისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი.
პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია გონივრული და სამართლიანი თანხის დადგენა, რაც ნიშნავს არა მარტო მოვალის ინტერესების გათვალისწინებას და მისთვის შეღავათის დადგენას, არამედ კრედიტორის მართლზომიერი ინტერესის გათვალისწინებასაც, რადგან პირგასამტეხლო არის მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი კრედიტორისათვის ასანაზღაურებელი ფულადი გადასახდელი. პირგასამტეხლოს ერთერთი ფუნქციაა კრედიტორისათვის ზიანის სწრაფად და მარტივად ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის მოვალისათვის ვალდებულების დარღვევის გამო ისეთი ფინანსური სანქციის დაკისრება, რაც უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ქონებრივი დანაკარგის, მატერიალური ზიანის სწრაფად და ადვილად კომპენსირებას.
ამ შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრა 5 თვისა და 19 დღის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 1140.06 ლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო მოთხოვნილია 426.00 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს სახელშეკრულებო ავტონომიის ფარგლებში შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. თუმცა ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მინიჭებული აქვს პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების უფლებამოსილება, რაც პირგასამტეხლოს ბათილობას არ უთანაბრდება, მხარეთა შეთანხმების კანონიერებას და ნამდვილობას ეჭვქვეშ არ აყენებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოიშობა, პირგასამტეხლოს თანხის გონივრულობის კვლევა გულისხმობს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასებას და არა მხარეთა ნამდვილი ნების დადგენას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო მაჩვენებლის მიხედვით, ერთ დღეში გადასახდელი პირგასამტეხლოა 3 ლარი. ხოლო სულ მოთხოვნილი 426 ლარი, რაც არის 142 კალენდარული დღის განმავლობაში გადასახდელი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ძირითადი თანხის დავალიანება 3748.23 ლარია, რის გამოც ყოველდღიურად 3 ლარის პირგასმატეხლოს დაკისრება არაგონივრულია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება, ხოლო ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელეს უნდა აუანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავალით, რის გამოც იმავე პერიოდში პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრება პირგასმატეხლოს თანხის არაგონივრულად მაღალ ოდენობას განაპირობებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უნდა აუანაზღურდეს ასევე მიუღებელი შემოსავალი, პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 174.60 ლარით (ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 1,03 %).
ამდენად, მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 3 748.23 ლარი, გადაუხდელი სარგებელი 1 140. 06 ლარი და პირგასამტეხლო 174.60 ლარი. საერთო ჯამში გადასახდელი თანხაა 5 062.90 ლარი.
7.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექის 268-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის თანახმად, ვინაიდან მხარეთა შორის 2017 წლის 09 მარტის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ # T---------- ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით, თავად მხარეთა მიერ განსაზღვრული და შეთანხმებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირი თანხის ნაწილში ცნო მოთხოვნა, მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ს’’ უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 160 ლარიდან 90 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 70 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად (რომელიც არ ცნო მოპასუხემ) სახელმწიფო ბაჟის სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 61.90 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე შპს „მ-----------------------“ სარჩელი ხ-----------–---–ის და ა-----–-------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს: ხ-----------–---–ს და ა-----–-------–---–ს მოსარჩელე შპს „მ-----------------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 09 მარტის # T----------- ხელშეკრულების საფუძველზე ძირი თანხა 3 748.23 ლარის ოდენობით გადახდა.
1.2. მოპასუხეებს: ხ-----------–---–ს და ა-----–-------–---–ს მოსარჩელე შპს „მ-----------------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებელი 1 140.06 ლარის ოდენობით გადახდა.
1.3. მოპასუხეებს: ხ-----------–---–ს და ა-----–-------–---–ს მოსარჩელე შპს „მ-----------------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლო 174.60 ლარის ოდენობით.
2. მოსარჩელე შპს „მ---------------------ს“ მის მიერ 2019 წლის 7 მარტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარიდან დაუბრუნდეს 90 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: საგადასახადო დავალება #1---------, სახაზინო კოდი: 3000 8 3150.
3. მოპასუხეებს: ხ-----------–---–ს და ა-----–-------–---–ს მოსარჩელე შპს „მ-----------------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 61.90 ლარის ანაზღაურება.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილში გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა