გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001462738
№2-2526/2016წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - სს „ ლ---------------–ი”
წარმომადგენელი - ლე----------ე
მოპასუხე - გუ-–----------–----ე, თ--------–--ე
დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დაეკისროთ მოპასუხეებს - გუ-–----------–----ეს და თ--------–--ეს სოლიდარულად სს „ლ---------------–ის” სასარგებლოდ სესხის თანხის 4020.68 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, როგორც ძირითადი დავალიანების, ასევე ჯარიმისა და პროცენტის ნაწილში, ჯამში 4020,68 აშშ დოლარის ოდენობით.
მოსარჩელე თავის მოთხოვნებს ამყარებს შემდეგი არგუმენტაციით:
- მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 3 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების N-LC/C/658258 საფუძველზე, მსესხებელ გუ-–----------–----ეს სესხის სახით გადაეცა 4226.29 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 30 %-ის ოდენობით. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე - დავალიანების 2 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, სესხის დაფარვა ეწარმოებინა ხელშეკრულებითა და სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თუმცა 2014 წლის ივნისის თვიდან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაარღვია.
- 2012 წლის 04 სექტემბერს, სს „ლ---------------–ს” და მსესხებელ გუ-–----------–----ეს, თ--------–--ეს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება №-LC/C/658259, რომლითაც თ--------–--ემ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მსესხებელ გუ-–----------–----ესთან ერთად, გუ-–----------–----ის სასესხო ვალდებულებების შესრულებაზე.
- მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ არ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება 4020.68 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3490.11 აშშ დოლარი, სარგებელი - 527 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2.76 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
მოპასუხეების პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:
- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო. ბოლო გადახდა მოპასუხეებს უნდა განეხორციელებინათ 2014 წლის 04 სექტემბერს, მათ მიერ კი ბოლო გადახდა განხორციელდა 2014 წლის 02 ივნისს. მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2014 წლის 04 სექტემბრიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია 3 წლისა და 2 თვის შემდეგ. შესაბამისად, მოსარჩელემ გაუშვა მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა;
- სესხის ხელსეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არის ძალიან მაღალი, რაც არ შეესაბამება გონივრულ ოდენობას;
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 03 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N-LC/C/658258, რომლის სასესხო ლიმიტი განისაზღვრა 14 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- გენერალური ხელშეკრულება №N-LC/C/658258 ;
3.1.2. 2012 წლის 04 სექტემბერს, მხარეთა შორის 2012 წლის 03 სექტემბერს მხარეთა გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების N-LC/C/658258 საფუძველზე გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის შედეგადაც მსესხებელ გუ-–----------–----ეს სესხის სახით გადაეცა 4226.29 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 30 %-ის ოდენობით. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე - დავალიანების 2 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, სესხის დაფარვა ეწარმოებინა ხელშეკრულებითა და სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 03.09.2012წ. გენერალური ხელშეკრულება №-LC/C/658258;
- 04.09.2012წ. სესხის ხელშეკრულება №-LC/A/50285;
- სესხის გადახდის გრაფიკი;
3.1.3. 2012 წლის 04 სექტემბერს, სს „ლ---------------–ს” და მსესხებელ გუ-–----------–----ეს, თ--------–--ეს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება №-LC/C/658259, რომლითაც თ--------–--ემ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მსესხებელ გუ-–----------–----ესთან ერთად, გუ-–----------–----ის სასესხო ვალდებულებების შესრულებაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 04.09.2012წ. სესხის ხელშეკრულება №-LC/A/50285;
- სესხის გადახდის გრაფიკი;
- 04.09.2012წ. სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება №-LC/C/658259;
3.1.4. სესხის ხელშეკრულებიდან და გადახდის გრაფიკიდან გამომდინარე, ბოლო გადახდა მოპასუხეებს უნდა განეხორციელებინათ 2014 წლის 04 სექტემბერს, თუმცა მათ მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2014 წლის 02 ივნისს. მათ მიერ დაირღვა ნაკისრი ვალდებულება და მას შემდეგ მოპასუხეებს სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე, გადახდა არ განუხორციელებიათ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 04.09.2012წ. სესხის ხელშეკრულება №-LC/A/50285;
- სესხის გადახდის გრაფიკი;
- 04.09.2012წ. სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება №-LC/C/658259;
- სესხის გადახდის ამონაწერები;
3.1.5. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეებმა არ უზრუნველყვეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, კრედიტორისგან ბოლო გაფრთხილება მოპასუხეებმა მიიღეს 2014 წლის 11 ივლისს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 04.09.2012წ. სესხის ხელშეკრულება №-LC/A/50285;
- სესხის გადახდის გრაფიკი;
- სესხის გადახდის ამონაწერები;
- გაფრთხილების წერილები;
- ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხის სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში. შემდგომში კი მსესხებელმა სრულად შეწყვიტა თანხების გადახდა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულის გამო ამჟამად მსესხებლის დავალიანება სს ”ლ---------------–ის“ წინაშე N-LC/C/658258 სესხზე ჯამში შეადგენს 4020.68 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3490.11 აშშ დოლარი, სარგებელი - 527 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2.76 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 04.09.2012წ. სესხის ხელშეკრულება №-LC/A/50285;
- სესხის გადახდის გრაფიკი;
- სესხის გადახდის ამონაწერები;
- გაფრთხილების წერილები - შეტყობინებები სასესხო ვალდებულებების მოთხოვნებთან დაკავშირებით;
- ახსნა-განმარტებები;
3.2.2. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რესპოდენტის გუ-–----------–----ის, თ--------–--ის წინააღმდეგ აპლიკანტის - სს “მისო ლ---------------–ის“ 2014 წლის 22 ივლისის N14075472/58972 განცხადების საფუძველზე განახორციელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოება N14075472. ვინაიდან მოპასუხე არ დაეთანხმა ვალდებულების არსებობას (არ აღიარა), აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 05.01.2015წ. N14075472/77547 გადაწყვეტილებით კრედიტორს დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარი უთხრა. აღნიშნულით დგინდება, რომ კრედიტორმა გამარტივებული წესით, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, აღსრულებას მიმართა 2014 წლის 22 ივლისს, ვალდებულების დარღვევიდან 1 თვეში, ხოლო სარჩელი კი აღძრა 08.08.2016 წელს, 2 წლისა და 2,5 თვის შემდეგ ვალდებულების დარღვევიდან - მოთხოვნის წარმოშობიდან.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სს “მისო ლ---------------–ის“ 2014 წლის 22 ივლისის N14075472/58972 განცხადება;
- გადაწყვეტილება N14075472/77547, დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ;
- სარჩელი;
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა, ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება - მოთხოვნის წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გასული დრო - 2 წელი 2,5 თვე არის თუ არა მოთხოვნის ხანდაზმულობისათვის საკმარისი, წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების კატეგორიას და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სს ”ლ---------------–ის” სასარჩელო განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს: დაეკისროთ მოპასუხეებს გუ-–----------–----ეს და თ--------–--ეს სოლიდარულად სს „ლ---------------–ის” სასარგებლოდ N-LC/C/658258 სესხზე რიცხული დავალიანება, ჯამში 4020.68 აშშ დოლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლება, მათ შორის მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის დაბრუნება.
6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას.
იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ამისათვის საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სასესხო-საკრედიტო და სოლიდარული პასუხისმგებლობის, თავდებობის ხელშეკრულებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი (საბანკო კრედიტი) არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
როგორც დადგენილია, სს მისო ,,ლ---------------–ს’’ და მოქალაქე გუ-–----------–----ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე 2012 წლის 3 სექტემბერს გაიცა სესხი 4226.29 აშშ დოლარის ოდენობით, სესხი გაიცა წლიური საპროცენტო განაკვეთით თითოეულ სესხზე წლიური 30%-ით და 24 თვის ვადით.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე თ--------–--ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის გუ-–----------–----ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თ--------–--ე წარმოადგენს რა სოლიდარული ხელშეკრულების მხარეს, რომელმაც იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სოლიდარულად პასუხისმგებელია მსესხებლის ვალდებულებებზე; მოსარჩელეს კი გააჩნია სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მსესხებელთან ერთად მასაც წაუყენოს მოთხოვნა.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალეებმა უნდა გადაიხადონ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს. აქვე სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს 2.76 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ვერ ჩაითვლება არაგონივრულ, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, ასევე მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მოპასუხეებს 4 წელზე მეტია, რაც საერთოდ არ გადაუხდიათ, თუნდაც 1 თეთრი.
6.8. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ურთიერთობა, მოვლენა მოხდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება.
ამდენად, ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. თუ პირმა თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადა იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით მას უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე არ არის გასული 3 წელი, უფრო მეტიც, მოთხოვნის წარმოსობიდან მოსარცელემ მიმართა არსრულების ბიუროს გამარტივებული წესით დავალიანების გადახდაზე, რაც კიდევ უფრო ამცირებს ხანდაზმულობის ვადის გასვლის დასაშვებობას.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ პერიოდიდან უნდა მოხდეს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლაც. მოსარჩელის მიერ კი სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 8 აგვისტოს, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. აქვე აღნიშნავს, რომ აეც რომ არ იყოს, ისედაც არ არის გასული 3-წლიანი ვადა სარჩელის აღძვრამდე.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სს „ლ---------------–ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მისი სარჩელი მოპასუხეებზე თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 120.62 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120.62 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, მოსარჩელემ მიუთითა რა სსკ-ის 53-ე მუხლზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეულ ხარჯთნ ერთად ასევე მოითხოვა გამარტივებული წარმოების საფასურის სახით გადახდილი თანხის - 100 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო ხარჯის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება იმ მხარის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯი, რომლის მოთხოვნაც დაკმაყოფილდა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამასთან, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 100 ლარი მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით, გამარტივებული წარმოების ფარგლებში. შესაბამისად, 100 ლარი წარმოადგენს განსახილველი სასარჩელო წარმოების ფარგლებში გაწეულ საპროცესო ხარჯს და მისი ანაზღაურების დაკისრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შესაძლებელი არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ”ლ---------------–ის” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს - გუ-–----------–----ეს და თ--------–--ეს მოსარჩელის სს „ლ---------------–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N-LC/C/658258 სესხზე რიცხული დავალიანების, ჯამში 4020.68 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით გადახდა.
3. მოპასუხეებს - გუ-–----------–----ეს და თ--------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”ლ---------------–ის” სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120.62 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი საფასურის - 100 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე