გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2019
საქმის ნომერი
150210019002919969
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #150210019002919969

№2/75-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 ივლისი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: არარატ ესოიან

სხდომის მდივანი: არმენ ქოსიან

მოსარჩელე - ს--------------–--- ბანკი“ (ს/ნ 2--------);

წარმომადგენელი - რ--------------–---–ი ;

მოპასუხეები - ხ------ გ---------- (0----------), მ-----– გ---------- (0----------), ნ----- კ-----–--- (0----------);

წარმომადგენელი - ვ----–----–----ე;

დავის საგანი _ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს ხ------ გ----------ს, მ-----– გ----------ს, ნ----- კ-----–---ს მოსარჩელე ს--------------–--- ბანკის“ სასარგებლოდ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ 476714,53‬ ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 250716,09 ლარი, პროცენტი - 46004,04 ლარი, პირგასამტეხლო - 179994,40 ლარი,1.2. მოპასუხე ხ------ გ----------ს ს--------------–--- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 250716,09 ლარის წლიური 13,5%-ის სარგებლის გადახდა ყოველთვიურად, რაც ყოველთვიურად უდრის 2820,5 ლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.3. მოპასუხე ხ------ გ----------ს ს--------------–--- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების ძირ პროცენტ თანხაზე 296720,13 ლარის პირგასამტეხლოს 0,5% გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად უდრის 1483,60 ლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების დაფარვამდე).

1.4. ს--------------–--- ბანკის“ მიმართ ხ------ გ----------ის დავალიანებების გადახდევინების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ხ------ გ----------ის სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ხ------ გ----------ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებები:

· უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 63.18.33.2--, მდებარე მისამართზე - ქ. ახალქალაქი, ლ---------------;

· უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 63.18.33.4-- (წინა ნომერი 63.18.33.2--), მდებარე მისამართზე - ქ. ახალქალაქი, დ-------–-----–-----------;

1.5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხ------ გ----------ისათვის, მ-----– გ----------ისათვის და ნ----- კ-----–---ისათვის დაკისრებული დავალიანების თანხის სრულად დასაფარად, გადახდევინება მიექცეს (აღსრულება განხორციელდეს) ხ------ გ----------ის, მ-----– გ----------ის და ნ----- კ-----–---ის სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

1.6. მოპასუხეებს ს--------------–--- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 5000 ლარის გადახდა;

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2015 წლის 30 იანვარს ს--------------–--- ბანკს" და ხ------ გ----------ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ბანკსა და ხ------ გ----------ს შორის 2017 წლის 08 მაისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 251720 ლარის ოდენობით, 44 თვის ვადით, წლიური 13,5% საპროცენტო განაკვეთით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0,5% ოდენობით ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

გენერალური საკრედიტო ხაზის და მისგან გამომდინარე საკრედიტო უზრუნველყოფის მიმართ 30.01.2015წ. გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი უძრავი ქონებები:

· უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 63.18.33.2--, მდებარე მისამართზე - ქ. ახალქალაქი, ლ---------------;

· უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 63.18.33.4-- (წინა ნომერი 63.18.33.2--), მდებარე მისამართზე - ქ. ახალქალაქი, დ-------–-----–-----------;

გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები მ-----– გ----------თან და ნ----- კ-----–---თან. თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 503440 ლარის ოდენობით.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებაზე გააჩნიათ შემდეგი დავალიანება სულ - 476714,53‬ ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 250716,09 ლარი, პროცენტი - 46004,04 ლარი, პირგასამტეხლო - 179994,40 ლარი.

სესხებზე პირგასამტეხლო დაირიცხა ათვისებული კრედიტის თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის: ვადაგადაცილებული თანხის - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამდენად პირგასამტეხლოს დარიცხვა ხდებოდა როგორც ძირითადი დავალიანების თანხაზე, ასევე პროცენტის დავალიანებაზეც.

გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.1.2.4 და 3.1.3.3. მუხლების შესაბამისად, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დარიცხვა ველდებულების სრულ შესრულებამდე გრძელდება, რის გამოც საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ითხოვენ არსებული დავალიანების ძირ თანხებზე ყოველთვიურად საპროცენტო სარგებლის 13,5 % და პირგასამტეხლოს დარიცხვას 0,5% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების დაფარვამდე). კერძოდ 250716,09 ლარის 13.5% უდრის 33846 ლარს, რაც იყოფა 12-ზე, შესაბამისად ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის თანხა უდრის 2820,5 ლარს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს - არსებული დავალიანების ძირ და პროცენტზე (250716,09 ლარი + 46004,04 ლარი) სულ 296720,13 ლარის 0,5% შეადგენს 1483,60 ლარს ყოველდღიურად გადასახდელი თანხა.

ს--------------–--- ბანკის“ მიმართ ძირითად მოვალის სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატება კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში. აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებას და რეალური დაფარვის გრაფიკს მსესხებლის ანგარიშიდან. მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკზე დაგვიანებით გადახდილი აქვს - ვადაგადაცილება აქვს არაერთგზის - პირველად 10.07.17-ში და შემდგომ გადახდებშიც. ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 29.06.18-ში. აღნიშნული უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკს მიმართოს სასამართლოს მსესხებლისთვის დავალიანების დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

ყველა ხელშეკრულება, საბანკო მომსახურების (იგივე გენერალური საკრედიტო ხაზით შესახებ ხელშეკრულება), შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და იპოთეკის ხელშეკრულებები ითვალისწინებს ს--------------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას (იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 პუნქტი).

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, ისინი თანახმა არიან გადაიხადონ მხოლოდ ძირ თანხას გამოკლებული 170000 ლარი, ანუ 80716 ლარი, თუკი მიეცემათ გრაფიკი. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ არ ცნობენ სარჩელს საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს თანხების ნაწილში.

მოპასუხე მხრის აზრით მართალია მათთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები და გაიცა სესხი, მაგრამ მოსარჩელემ იმთავითვე გამოიყენა თავისი დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე და შეიყვანა შეცდომაში. დეტალურად არ აუხსნეს სესხის პირობები და დაერიცხათ აშკარად შეუსაბამო პროცენტი და პირგასამტეხლო, ასევე 251720 ლარი ბანკს მათთვის არ მიუცია, მოსარჩელემ აქაც გამოიყენა თავისი დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე და მათთან (მოპასუხეებთან) გააფორმა კაბალური პირობებით იპოთეკის ხელშეკრულებები. მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ მათთან შეუთანხმებლად ხელშეკრულებაში ჩაიწერა ისეთი პირობები, რაც აშკარად არ გამოხატავდა მათ ნებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 30 იანვარს ს--------------–--- ბანკს" და ხ------ გ----------ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იყო სტანდარტული პირობები (დანართი N1 - 9 ფურცლად)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 30 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. გენერალური საკრედიტო ხაზის და მისგან გამომდინარე საკრედიტო უზრუნველყოფის მიმართ 30.01.2015წ. გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი უძრავი ქონებები:

· უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 63.18.33.2--, მდებარე მისამართზე - ქ. ახალქალაქი, ლ---------------;

· უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 63.18.33.4-- (წინა ნომერი 63.18.33.2--), მდებარე მისამართზე - ქ. ახალქალაქი, დ-------–-----–-----------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 30.01.2015წ. იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ. 36-42, 45-51);

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 43-44, 52-53)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. აღნიშნული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში ბანკსა და ხ------ გ----------ს შორის 2017 წლის 08 მაისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 251720 ლარის ოდენობით, 44 თვის ვადით, წლიური 13,5% საპროცენტო განაკვეთით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0,5% ოდენობით ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ამავდროულად 2017 წლის 08 მაისს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები მ-----– გ----------თან და ნ----- კ-----–---თან. თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 503440 ლარის ოდენობით.

საკრედიტო ხელშეკრულებით დამტკიცდა ხ------ გ----------ის კრედიტის დაფარვის გრაფიკი.

ამის შემდეგ მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობები - 2017 წლის 29 ნოემბერს დანართი #1, ასევე 2019 წლის 15 თებერვალს - დანართი #2, ხოლო 2018 წლის 29 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობების დანართი 1-ის დამატებითი პირობების შეთანხმება, რასაც თან ერთვის ახალი დაფარვის გრაფიკი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 08 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30);

- 08.05.2017წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 55-59, 61-65);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 31);

- საკრედიტო ხელშეკრულების 2017 წლის 29 ნოემბრის დამატებითი პირობები - დანართი #1, (ს.ფ. 32)

- საკრედიტო ხელშეკრულების 2019 წლის 15 თებერვლის - დანართი #2 (ს.ფ. 33)

- 2018 წლის 29 ივნისის შეთანხმება (ს.ფ. 34-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა საბანკო დავალიანების ცნობა, რომლის მიხედვით 2019 წლის 22 მარტის მდგომარეობით მსესხებელს (ხ------ გ----------ს) ს--------------–--- ბანკის" სასარგებლოდ ერიცხება შემდეგი დავალიანება, სულ - 476714,53‬ ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 250716,09 ლარი, პროცენტი - 46004,04 ლარი, პირგასამტეხლო - 179994,40 ლარი.

ამასთან მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ 2017 წლის 08 მაისს საკრედიტო ხელშეკრულებით არ აქვთ აღებული 251720 ლარი, უფრო სწორად ძველი საკრედიტო ხაზიდან გადახდილი აქვთ ძირი თანხის 170000 ლარი და ვალი დარჩა 80716 ლარის ოდენობით. მოპასუხეებმა ასევე მიუთითეს, რომ არ ცნობენ სარჩელს საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს თანხების ნაწილში ვინაიდან ეს კაბალურია და არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ნორმებს.

თავიანთი მოსაზრებების დასადასტურებლად მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი იყო ამონაწერები ხ------ გ----------ის საბანკო ანგარიშებიდან. აღნიშნული დოკუმენტებით დგინდება, რომ 2017 წლის 08 მაისის შემდეგ ხ------ გ----------მა დაფარა სესხის პროცენტები 107,8 ლარი.

მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ხ------ გ----------ის მიერ გადახდილი თანხები გამოკლებულია ძირი თანხიდან - 251720 ლარიდან, ამიტომ ვალის სესხის ძირითადი თანხის ნაწილი შეადგენს - 250716,09 ლარს.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება ს--------------–--- ბანკის" სასარგებლოდ არ შეუსრულებია, კერძოდ მსესხებელს ვადაგადაცილება აქვს არაერთგზის - პირველად 10.07.17-ში და შემდგომ გადახდებშიც; ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 29.06.18-ში. შემდეგ არ განხორციელებულა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა. აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკებით, რაც ვერ უარყო მოპასუხე მხარემ.

შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 08 მაისს ხ------ გ----------მა აიღო ვალდებულება - სესხის ძირითადი თანხა 251720 ლარის ოდენობით, წლიური 13,5% საპროცენტო განაკვეთით. მსესხებელს - ხ------ გ----------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება ს--------------–--- ბანკის" სასარგებლოდ არ შეუსრულებია, კერძოდ მსესხებელს ვადაგადაცილება აქვს გადახდებში, და საბოლოოდ ბანკის წინაშე სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ვალად დარჩა 250716,09 ლარი, ხოლო პროცენტი - 46004,04 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის დაფარვები (ს.ფ.67);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 66);

- ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 93-106);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ს--------------–--- ბანკის" სარჩელი ხ------ გ----------ის, მ-----– გ----------ის და ნ----- კ-----–---ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 268-ე, 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 416-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 624-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს--------------–--- ბანკის" და მოპასუხეებს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ. 3.2.1.) .

2019 წლის 22 მარტის მდგომარეობით მსესხებლებს ს--------------–--- ბანკის" სასარგებლოდ ერიცხებათ შემდეგი დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა არის - 250716,09 ლარი და პროცენტი - 46004,04 ლარი (იხ. 3.2.1.).

6.3. საპროცენტო სარგებლის თაობაზე:

6.3.1. მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ არ ცნობენ სარჩელს საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს თანხების ნაწილში, ვინაიდან ეს კაბალურია და არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ნორმებს. ამასთან მოპასუხე მხარემ ვერ განმარტა, რატომ მოაწერა ხელი 2017 წლის 08 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებას თუ ეს კაბალურია. მოპასუხე მხარემ ვერ განმარტა და ვერ დაასაბუთა ის მოსაზრება, თუ რატომ არ ცნობს საპროცენტო სარგებელს.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს, რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით.

თუკი მოპასუხე მხარე არ ეთანხმებოდა აღნიშნულ პროცენტს, რატომ აიღო ვალდებულება კრედიტის მიმართ. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ 2017 წლის 08 მაისს ხ------ გ----------ს აიძულეს, რომ აიღოს სესხი და შესაბამისი ვალდებულება.

მოპასუხე მხარეს საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება ჰქონდა, თუ მიაჩნია, რომ გარიგება მართლსაწინააღმდეგო და ამორალურია. თუმცა განსახილველი საკრედიტო ხელშეკრულება ფაქტობრივად ძალაშია (არ არის შეწყვეტილი).

საკრედიტო ხელშეკრულებით კრედიტი მსესხებელზე გაცემულია წლიური 13,5% საპროცენტო განაკვეთით. ასევე გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.1.2.4 მუხლის შესაბამისად, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, კრედიტის დაფარვის მომენტამდე.

6.3.2. როგორც ზემოთ არის აღნიშნული, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცენტო სარგებელი არ წარმოადგენს ჯარიმას/პირგასამტეხლოს. პირიქით არის საკრედიტო ხელშეკრულების ძირითადი პირობა. სესხის პროცენტები წარმოადგენს ბანკის შემოსავალს, საბანკო ბიზნესის ძირითად პრინციპს.

შესაბამისად საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის 250716,09 ლარის წლიური 13,5%-ის სარგებლის გადახდა ფაქტობრივად ბანკის მიუღებელი შემოსავალია.

არსებული დავალიანების ძირ თანხის - 250716,09 ლარის, ყოველთვიურად საპროცენტო სარგებლის 13,5 % უდრის 33846 ლარს, რაც იყოფა 12-ზე, შესაბამისად ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის თანხა უდრის 2820,5 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშნული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების დაფარვამდე).

სასამართლო მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შეთანხმებული საპროცენტო სარგებელის გადახდა მხარის ვალდებულებას წარმოადგენს და არ არსებობს წარმოდგენილ შემთხვევაში მისი შემცირების ან/და დაკორექტირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

ამდენად მოპასუხე ხ------ გ----------ს ს--------------–--- ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 250716,09 (ორას ორმოცდაათი ათას შვიდას თექვსმეტი ლარი და ცხრა თეთრი) ლარის წლიური 13,5%-ის სარგებლის გადახდა ყოველთვიურად, რაც ყოველთვიურად უდრის 2820,5 ლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

6.4. პირგასამტეხლოს თაობაზე:

6.4.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით განსაზღვრულია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებათა სახეები, კერძოდ, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

6.4.2. სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის ნორმას, რომლითაც აკრძალულია ვალდებულების წარმოშობა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლებიდან.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ ინსტიტუტს უსაფუძვლო გამდიდრება წარმოადგენს. სამართლიანობის ბუნებიდან გამომდინარე არავის აქვს სხვის ხარჯზე გამდიდრების უფლება. სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპს ემყარება უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტი, რომლის მიზანს წარმოადგენს საფუძვლის გარეშე, უსამართლოდ შეძენილი ქონების (ნამატი, უპირატესობა, უფლება, შეღავათი) ამოღება, ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა. კეთილსინდისიერების პრინციპი კი, პირის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში განიხილავს. ამ პრინციპის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ვალდებულია, გამიჯნოს სამართლიანი უსამართლოსგან და თავისი ქცევა სამართლიანობის კრიტერიუმს შეუსაბამოს.

სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

6.4.3. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დიდია და ფაქტობრივად მიმართულია მოპასუხეების განადგურებისკენ.

მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ აღნიშნული ჯარიმა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, თუმცა ვერ დაასაბუთა პირგასამტეხლოს ოდენობის ადეკვატურობა.

მართალია გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან სტანდარტული პირობების 3.1.3.3. მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, კრედიტის დაფარვის მომენტამდე.

მოსარჩელემ განსაზღვრა პირგასამტეხლო 179994,40 ლარის ოდენობით უკვე დავალიანების სახით, ასევე ითხოვს პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების დაფარვამდე), კერძოდ არსებული დავალიანების ძირ თანხაზე და პროცენტზე (250716,09 ლარი + 46004,04 ლარი) სულ 296720,13 ლარის 0,5%, რაზეც ყოველდღიურად გადასახდელი თანხა შეადგენს 1483,60 ლარს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ 179994,40 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო უკვე არაადეკვატურია და შეუსაბამოდ მაღალია, შესაბამისად პირგასამტეხლოს დარიცხვის გაგრძელება ანუ ყოველდღიურად გადასახდელად მოთხოვნილი თანხა 1483,60 ლარის ოდენობით, უფრო მეტად დაამძიმებს მსესხებლის მდგომარეობას და ზრდის უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობას. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება გაგრძელდეს (აღსრულების პროცესი ანდა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შემთხვევაში) გარკვეული ვადით, შესაბამისად დიდი ალბათობით პირგასამტეხლოს დარიცხვის გაგრძელების შემთხვევაში ეს თანხა გახდება 100000 ლარზე მეტი.

შესაბამისად, რათა გამოირიცხოს უსაფუძვლო გამდიდრება, სამართლიანობის და კეთილსინდისიერების პრინციპეპიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში საერთო დავალიანების თანხისა და საპრცენტო სარგებლის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირებული უნდა იქნეს და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს თანხა 50000 ლარის ოდენობით.

6.5. თავდების პასუხისმგებლობა:

6.5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყონოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხის აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

6.5.2. მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 08 მაისს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები მ-----– გ----------თან და ნ----- კ-----–---თან. თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 503440 ლარის ოდენობით. რაც მოიცავს ძირითად თანხაზე, პროცენტასა და პირგასამტეხლოზე სოლიდარულ პასუხისმგებლობას.

6.5.3. შესაბამისად ვალდებულების ძალით მოპასუხეებმა სოლიდარულად უნდა გადაიხადონ მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანება 346,720.13‬ (სამას ორმოცდაექვსი ათას შვიდას ოცი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 250716,09 (ორას ორმოცდაათი ათას შვიდას თექვსმეტი ლარი და ცხრა თეთრი) ლარი, პროცენტი - 46004,04 ლარი (ორმოცდაექვსი ათას ოთხი ლარი და ოთხი თეთრი), პირგასამტეხლო - 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.

6.6. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ:

6.6.1. სასარჩელო მოთხოვნებში მითითებულია ფულადი ვალდებულებების შესრულების, ასევე, მასთან დაკავშირებული ვალდებულებების (მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული თანხების და სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების) მიზნით მოხდეს მოპასუხე ხ------ გ----------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ახალქალაქი, ლ--------------- - საკადასტრო კოდი 63.18.33.2--, და ქ. ახალქალაქი, დ-------–-----–----------- -საკადასტრო კოდი 63.18.33.4-- (წინა ნომერი 63.18.33.2--),) რეალიზაცია. ასევე იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების - ხ------ გ----------ის, მ-----– გ----------ის და ნ----- კ-----–---ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ სხვა ქონებაზე.

6.6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა);

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ამ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6.6.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკრედიტო ხაზის შემადგენელი 30.01.2015 წლის იპოთეკის ხელშეკრულების 8.4-ე პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. იგივე პირობაა გათვალსიწინებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდართული პირობების 4.3. პუნქტით.

2017 წლის 08 მაისის თავდების ხელშეკრულების თანახმად, ს--------------–--- ბანკი“ უფლებამოსილია, მოვალის ვალდებულების დაფარვის მიზნით გადახდევინება მიაქციოს თავდების ნებისმიერი ქონების ან აქტივის ხარჯზე.

6.6.4. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რის გამოც გამოიწვია დავალიანება, მოსარჩელე (იპოთეკარი) ს--------------–--- ბანკი" უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, მოსარჩელე ს--------------–--- ბანკი” უფლებამოსილია მოითხოვოს რომ აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების - ხ------ გ----------ის, მ-----– გ----------ის და ნ----- კ-----–---ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ სხვა ქონებაზე.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ.“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს.

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 5 000 ლარი.

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ (346720,13 ლარის ოდენობით), ამასთან მოპასუხეებმა 80716 ლარის ნაწილში ცნეს სარჩელი ჯერ კიდევ მთავარ სხდომამდე, მაინც დასაკმაყოფილებელი ნაწილის ოდენობა იმდენია, რომ აღნიშნულისთვის სახელმწიფო ბაჟი კვლავ შეადგენს 5 000 ლარს.‬‬

შესაბამისად მოპასუხეები ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი - გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 5 000 ლარი.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს--------------–--- ბანკის“ (ს/ნ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. მოპასუხეებს ხ------ გ----------ს, მ-----– გ----------ს, ნ----- კ-----–---ს ს--------------–--- ბანკის“ სასარგებლოდ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ 346720,13‬ (სამას ორმოცდაექვსი ათას შვიდას ოცი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 250716,09 (ორას ორმოცდაათი ათას შვიდას თექვსმეტი ლარი და ცხრა თეთრი) ლარი, პროცენტი - 46004,04 ლარი (ორმოცდაექვსი ათას ოთხი ლარი და ოთხი თეთრი), პირგასამტეხლო - 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;

1.2. მოპასუხე ხ------ გ----------ს ს--------------–--- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 250716,09 (ორას ორმოცდაათი ათას შვიდას თექვსმეტი ლარი და ცხრა თეთრი) ლარის წლიური 13,5%-ის სარგებლის გადახდა ყოველთვიურად, რაც ყოველთვიურად უდრის 2820,5 ლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.3. ს--------------–--- ბანკის“ მიმართ ხ------ გ----------ის დავალიანებების გადახდევინების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ხ------ გ----------ის სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ხ------ გ----------ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებები:

· უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 63.18.33.2--, მდებარე მისამართზე - ქ. ახალქალაქი, ლ---------------;

· უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 63.18.33.4-- (წინა ნომერი 63.18.33.2--), მდებარე მისამართზე - ქ. ახალქალაქი, დ-------–-----–-----------;

1.4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხ------ გ----------ისათვის, მ-----– გ----------ისათვის და ნ----- კ-----–---ისათვის დაკისრებული დავალიანების თანხის სრულად დასაფარად, გადახდევინება მიექცეს (აღსრულება განხორციელდეს) ხ------ გ----------ის, მ-----– გ----------ის და ნ----- კ-----–---ის სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

2. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

3. მოპასუხეებს ხ------ გ----------ს, მ-----– გ----------ს და ნ----- კ-----–---ს ს--------------–--- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე არარატ ესოიან