გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2827830-2/048-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ივნისი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - თ------ ჯ------ა
წარმომადგენელი - ა---------– თ--–--–---–ი
მოპასუხე - გ---–----ი ლ-----ე
წარმომადგენელი - მ--- მ---ი, ვ--–------ ს--------ე
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 25 მაისს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონების (ს/კ 6--3--0--3--) ½ წილის მესაკუთრედ აღირიცხოს თ------ ჯ------ა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თ------ ჯ------ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ-----ი ჯ------ასთან. სადავო ქონება მდებარე დ--------------ი, ბ---------ის ქ. N--- ქორწინების პერიოდშია შეძენილი და წარმოადგენდა ზ-----ი და თ------ ჯ------ების თანასაკუთრებას.
2018 წლის 27 აპრილს ბ---------ის სანოტარო ბიუროში ზ----- ჯ------მა გასცა მინდობილობა გ---–----ი ლ-----ეზე, რომლითაც შეიძინა ყველა უფლებამოსილება მამის ზ-----ი ჯ------ის კუთვნილი უძრავი ქონების შესახებ, საკუთარ სახელზე დარეგისტრირების ჩათვლით, რაც გამოიყენა და საკუთარ სახელზე გადაიფორმა არამარტო მამის არამედ ცოცხლად მყოფი დედის წილი.
მინდობილობა გ---–----ი ლ-----ის წილის საკუთრებაში გადაფორმებას არ ითვალისწინებდა. მითითებული მინდობილობის გამოყენებით გ---–----ი ლ-----ემ საკუთარი ხელით შედგენილი ჩუქების ხელშეკრულებით დაირეგისტრირა უძრავი ქონება.
ზ-----ი ჯ------ი 2011 წლის 27 აპრილს გ---–----ა ლ-----ეზე ,,მინდობილობის’’ გაცემისას არ იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი და მას არ შეეძლო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნების გამოხატვა, რადგან ჯერ კიდევ 2003 წლიდან მოყოლებული თავის ტვინის მძიმე ტრამვული დაზიანების გამო დაავადებული იყო ამნეზიით, შეტევითი სახის ხშირი თავის ტკივილის ქრონიკული დაავადებით, რაც გარეგნულად არ შეიძლებოდა ნოტარიუს შეენიშნა.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე გ---–----ი ლ-----ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულება მოტყუებით დადებული არ არის.
მჩუქებელი იყო საღ აზროვნებაზე და მოპასუხეს მისთვის არაფერი დაუძალებია. ჩუქება მოხდა ყოველგვარი წესების დაცვით ნებაყოფლობით, ძალდატანების გარეშე.
მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ჩუქების შესახებ, შესაბამისად გაუგებარია რატომ შეიცვალა აზრი.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამვბულატორიული ამონაწერი არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მჩუქებელი იწვა ვ-–-----------ის ქალაქის საავადმყოფოში და არა ა-–------ს ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ბ---------ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1979 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით დ--------------ში, ბ---------ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი გადაეცა ზ-----ი ჯ------ს საკუთრებად. აღნიშნული უძრავი ქონებაზე, ზ-----ი ჯ------ის სახელზე გაცემულია ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- ბ---------ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1979 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება N---;
- ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი.
3.1.2. 2011 წლის 27 აპრილს გაცემული მინდობილობით ზ-----ი ჯ------მა, როგროც მიმნდობმა გ---–----ი ლ-----ეს, როგროც მინდობილ პირს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: ,,მინდობილი პირი’’ უფლებამოსილია მიიღოს სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციიდან და სხვა შესაბამისი დაწესებუელბა-ორგანიზაციიდან ცნობები, მოწმობები, ამონაწერი, ყადაღის ცნობა და სხვა დოკუმენტაცია მიმნდობის კუთვნილ უძრავ ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. დაარეგისტრიროს აღნიშნული უძრავი ქონება კუთვნილი უძრავი ქონება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში და შემდგომში მართოს და განკარგოს მიმნდობის კუთვნილი ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. ამასთნ დაკავშირებით დადოს კანონით ნებადართული ყველა გარიგება, კერძოდ: იყიდოს, გაყიდოს, მიიღოს საჩუქრად, გააჩუქოს, (გაიფორმოს საკუთარ სახელზე), გაცვალოს, იპოთეკით დატვირთოს, დააგირავოს, მიიღოს გირაოდ და საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს თანხების, ვადები და სხვა პირობები.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 27.04.2011წ. რწმუნებულება, რეგისტრაციის N---------;
3.1.3. 2011 წლის 25 მაისს ზ-----ი ლ-----ის წარმომადგენელს გ---–----ი ლ-----ეს და გ---–----ი ლ-----ეს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ზ-----ი ჯ------მა გ---–----ი ლ-----ეს აჩუქა უძრავი ქონება მდებარე ბ---------ის რაიონი დ--------------ი, ბ---------ის ქ. N---.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 25.05.2011წ. ჩუქების ხელშეკრულება;
3.1.4. 2011 წლის 25 მაისს გ---–----ი ლ-----ეს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე დ--------------ი, ბ---------ის ქ. N---.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- გ---–----ი ლ-----ის 25.05.2011წ. განცხადება;
3.1.5. უძრავი ქონება მდებარე ბ---------ის რაიონი დ--------------ი, ბ---------ის ქ. N---, ს/კ 6--3--0--3--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ---–----ი ლ-----ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 28.05.2018წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.6. ზ-----ი ჯ------ი გარდაიცვალა 2017 წლის 9 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- ზ-----ი ლ-----ის გარდაცვალების მოწმობა;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასმართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ზ-----ი ჯ------ის მიერ ნების გამოვლენას, ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს ჰქონდა ადგილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მჩუქებლის ნების ნაკლის გამო გარიგება უნდა გაუქმებულიყო და მას მიეკუთვნოს უძრავი ქონების სადავო წილი. ფაქტის დასადასტურებლად, რომ ზ----- ჯ------ს არ შეეძლო აღექვა საკუთარი ქმედება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ,,ა-–------ს ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს მ----------ის სამკურნალო ამბულატორიის 23.0--2017წ. ამონაწერი ამბულატორიული ბარათიდან, რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,ზ-----ი ჯ------მა 2003 წელს გადაიტანა თავის ქალის ტრავმული დაზიანება, რის შედეგად 2003 წლის 12.05-დან 1.06-მდე პერიოდში იმყოფებოდა ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა შუბლის ძვლის დეფექტის პლასტიკა. იმ დროიდან ავადმყოფს აღენიშნება მეხსიერების ნაწილობრივი დაკარგვა (ამნეზია), შეტევითი ხასიათის ხშირი თავის ტკივილები, რომელიც მხოლოდ რელანიუმის მიღების შემდეგ ნელდება. ბოლო წლების მანძილზე ავადმყოფს არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, მუდმივად საჭიროებს სხვის დახმარებას (მას აჭმევენ, აცმევენ, უტარებენ კანის ჰიგიენას. ავადმყოფს გამოკვეთილი აქვს მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის დაქვეითება).’’
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულება არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მჩუქებელს მინდობილობის გაცემის დროს ცნობიერება ჰქონდა დაკარგული და იმყოფებოდა ფსიქიკური აშლილობის ვითარებაში. სასამართლომ განმარტავს: ის გარემოება, რომ აწ გარდაცვლილი ზ-----ი ჯ------მა, როგორც ეს ამბულატორიულ ბარათშია მითითებული 2003 წელს გადაიტანა თავის ქალის ტრავმული დაზიანება და 2003-2006წწ. იმყოფებოდა ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გარიგების დადების მომენტში მას არ შეეძლო ნამდვილი ნების გამოვლენა. სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ბარათში, რომელიც გაცემულია 2017 წლის 23 იანვარს, მითითებულია, რომ ,,ბოლო წლების მანძილზე ავადმყოფს არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, მუდმივად საჭიროებს სხვის დახმარებას’’, თუმცა ,,ბოლო წლები’’ მოიცავს თუ არა ზ-----ი ჯ------ის მიერ გარიგების დადების პერიოდს დაუდგენელია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ რამდენად გამორიცხავს ხელშეკრულების მხარის მიერ რეალური ნების გამოვლენას, უნდა დადგინდეს სპეციალისტის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სათანადო მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ მოიპოვება, რომელიც დაადასტურებს, რომ ზ-----ი ჯ------ს ნების გამოვლენის დროს ცნობიერება ჰქონდა დაკარგული ან - დროებითი ფსიქიკური აშლილობა, ანდა რეალურ ვითარებას სწორად არ აღიქვავდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ------ ჯ------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 58-ე, 524-ე, 525-ე, 709-ე, 724-ე, 727-ე, 1160-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018).
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე თ------ ჯ------ა მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 25 მაისის ჩუქების ხელშეკრულება და უძრავ ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს თ----- ჯ------ა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს. ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელით და ხარჯზე.
ამავე კოდექსის 724-ე მუხლის თანახმად, საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. ხოლო 727-ე მუხლის შესაბამისად საკუთრების მინდობის ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 27 აპრილს გაცემული მინდობილობით ზ-----ი ჯ------მა, როგროც მიმნდობმა გ---–----ი ლ-----ეს, როგროც მინდობილ პირს მიანიჭა გარკვეული სახის უფლებამოსილება, მათ შორის დაარეგისტრიროს ზ----- ჯ------ის კუთვნილი უძრავი ქონება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში და შემდგომში მართოს და განკარგოს მიმნდობის კუთვნილი ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. ამასთან დაკავშირებით დადოს კანონით ნებადართული ყველა გარიგება, კერძოდ: იყიდოს, გაყიდოს, მიიღოს საჩუქრად, გააჩუქოს, (გაიფორმოს საკუთარ სახელზე), გაცვალოს, იპოთეკით დატვირთოს, დააგირავოს, მიიღოს გირაოდ და საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს თანხების, ვადები და სხვა პირობები. აღნიშნული რწმუნებულება მოსარჩელე მხარეს სადაოდ არ გაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
ამავე კოდექსის 525-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
2011 წლის 27 აპრილს გაცემული მინდობილობის საფუძველზე 2011 წლის 25 მაისს ზ-----ი ლ-----ის წარმომადგენელს გ---–----ი ლ-----ეს და გ---–----ი ლ-----ეს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ზ-----ი ჯ------მა გ---–----ი ლ-----ეს აჩუქა უძრავი ქონება მდებარე ბ---------ის რაიონი დ--------------ი, ბ---------ის ქ. N---. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით გ---–----ი ლ-----ემ 2011 წლის 25 მაისს მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. უძრავი ქონება მდებარე ბ---------ის რაიონი დ--------------ი, ბ---------ის ქ. N---, ს/კ 6--3--0--3--, ამჟამად საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ---–----ი ლ-----ის სახელზე.
მოსარჩელე თ------ ჯ------ა ითხოვს სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას და უთითებს, რომ მინდობილობის გაცემის დროს ზ----- ჯ------ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო იმდაგვარი, რომ მას არ შეეძლო შეეგნო საკუთარი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია მინდობილობის ბათილად ცნობა, რომლითაც ,,მინდობილ პირს’’ - გ---–----ი ლ-----ეს მიენიჭა ,,მიმნდობი პირის’’ - ზ-----ი ჯ------ის საკუთრებაში არსებული ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვის უფლებამოსილება. შესაბამისად, მითითებული მინდობილობის საფუძველზე გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მინდობილობის გაცემის დროს ზ----- ჯ------ს არ ჰქონდა რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარი და მინდობილობის გაცემა არ წარმოდგენდა მისი ნების გამოვლენას, დაუსაბუთებელია. ამ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მჩუქებლის ნების ნაკლის გამო გარიგება უნდა გაუქმებულიყო და მას მიკუთვნებოდა უძრავი ქონების სადავო წილი.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ჩუქების ხელშეკრულებით განკარგული ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და მას თ------ ჯ------ას ნებართვის გარეშე არ ჰქონდა უფლება განეკარგა უძრავი ქონება სასამართლო ვერ გაზიარებს და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით, ვერ დაასაბუთა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები. სადავო გარიგების ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სადავო ქონების ღირებულება მოსარჩელის მიერ წამროდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, შეადგენს 30000 ლარს. ამდენად, სარჩელის ფასი განისაზღვრება 30000 ლარით, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 900 ლარს (30000*3%). სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის, რაც უნდა დარჩეს ბიუჯეტში. ასევე მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 800 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ------ ჯ------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. თ------ ჯ------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 800 ლარის გადახდა
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი