გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.06.2019
საქმის ნომერი
330210018002481941
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/16734-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - სს "ლ-------------ი"

წარმომადგენელი - ნ-----------–---–-

მოპასუხე - გ-- გ-----ა, ლ----ი ქ-----

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ლ---- ქ-----ს და გ-- გ-----ას მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14 517.86 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 6 953.14 ლარი, პროცენტი 4 164.72 ლარი, პირგასამტეხლო 1500 ლარი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

1.2. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

სს "ლ-------------სა" და ლ---- ქ-----ს შორის 2014 წლის 10 თებერვალს გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 12 000 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 01.02.2019 წლამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი • 19%; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.50%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 10 თებერვალს სს "ლ-------------ს" და გ-- გ-----ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 18 530.23 ლარს.

 

კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რაც მსესხებლისა და მისი თავდების მიერ არ შესრულებულა. 2014 წლის 24 ივლისიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი შესაბამისად აღნიშნული პერიოდიდან ერიცხებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2018 წლის 25 მაისის მდგომარეობით სს "ლ-------------ი"-ს წინაშე მოპასუხეების დავალიანებამ შეადგინა 14 517.86 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 6953.14 ლარი, პროცენტი 4 164.72 ლარი, ჯარიმა 3 400 ლარი.

 

მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, პროცენტი იანგარიშება კრედიტის სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. ამავე ხელშეკრულებით, განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 19%-ის ოდენობით. სესხზე გრაფიკი დაირღვა 2014 წლის 24 ივლისს, აღნიშნული პერიოდიდან 2018 წლის 25 მაისამდე მოხდა პროცენტის დაანგარიშება, შემდეგი პრინციპით: ვადაგადაცილებული ძირი თანხის 6953.14 ლარის წლიური 19% თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე (2016 წლის 13 ოქტომბრიდან 2018 წლის 25 მაისის ჩათვლით).

 

რაც შეეხება პირაგასამტეხლოს დათვლის წესს, ხელშეკრულების შესაბამისად ვადაგადაცილების პირგასამტეხლო არის ვადაგადაცილებული თანხის 0.50% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ცნობაში არსებული პირგასამტეხლო 10 702.60 ლარი დაანგარიშებულია ვადაგადაცილებულ ძირ თანხაზე 2017 წლის 31 ივლისიდან 2018 წლის 25 მაისამდე, თუმცა სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე მოსარჩელემ შეამცირა რეალურად დარიცხული პირგასამტეხლო და სარჩელით წარმოადგინა მოთხოვნა მხოლოდ ნაწილზე 3400 ლარზე.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლ---- ქ-----მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნას - ნაწილობრივ ეთანხმება ძირითადი თანხის 6953.14 ლარის და ნაწილობრივ სარგებლის დაკისრების ნაწილში. მოსარჩელის მიერ არასწორი მეთოდით არის დაანგარიშებული სარგებლის თანხა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც ხელოვნურად გაზარდა სარგებლის თანხის ოდენობა, ასევე მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ვინაიდან 0.5% გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აშკარა წინააღმდეგობაშია საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკასთან, სადაც პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 0.05%-ისა.

 

2.2. მოპასუხე გიგა გ-----ამ შესაგებელი არ წარმოადგინა, ამასთან, იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, შესაბამისად, სასამართლოსთვის მისი პოზიცია სს ,,ლ-------------ის“ სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 10 თებერვალს, სს ,,ლ-------------ს“ და ლ---- ქ-----ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება კრედიტის მოცულობა - 12 000 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 01.02.2019 წლამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი • 19%; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.50%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ხელშეკრულების 3.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

მსესხებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ეტაპობრივად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკით გაწერილი პერიოდულობის გათვალისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19);

- 10.02.2014 წლის სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 20-21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 10 თებერვალს სს "ლ-------------ს" და გ-- გ-----ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 18 530.23 ლარს.

თავდებობის ხელშეკრულების 5.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 10 თებერვლის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 22);

- 2014 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მოპასუხე ლ---- ქ-----მ სს ,,ლ-------------თან“ გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 24 ივლისს დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი, რის შედეგადაც მას ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხა 6953.14 ლარი, საპროცენტო სარგებელი 4164.72 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 3400 ლარი, რაც მთლიანობაში შეადგენს 14 517.86 ლარს.

 

მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, თუმცა, არსებული მდგომარეობით, მოპასუხეების მიერ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულება შესრულებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 31);

- ამონაწერი ლ---- ქ-----ს ანგარიშიდან (ს.ფ. 24-30);

- წერილობითი გაფრთხილებები, საფოსტო კორესპონდენცია (ს.ფ. 32-37);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი ლ---- ქ-----ს და გ-- გ-----ას მიმართ, თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ლ-------------ს” და მოპასუხე ლ---- ქ-----ს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ლ---- ქ-----მ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის მოპასუხე მხარეზე დაკისრების თაობაზე მართებული, საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარის შედავება პროცენტის თაობაზე ბუნდოვანია. მოსარჩელე მხარის მიერ საპროცენტო სარგებლის გამოთვლის პერიოდი, წესი და ოდენობა ნათლად იქნა განმარტებული, ხოლო მოპასუხე მხარის შედავება რომ ის არ ეთანხმება პროცენტის ოდენობას არ წარმოადგენს კვალიფიციურ შედავებას და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა, შეადგენს 6 953.14 ლარს, საპროცენტო სარგებლის მოცულობა - 4164.72 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოს თანხა 1500 ლარს. წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და ამავე პერიოდში დარიცხული სარგებლის მოცულობას და მიზანშეწონილად მიაჩნია შემცირდეს თუნდაც უკვე შემცირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, რათა არ მოხდეს მოპასუხე მხარისათვის შეუსაბამოდ დიდი მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 500 ლარამდე.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 10 თებერვალს სს "ლ-------------ს" და გ-- გ-----ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 18 530.23 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა 2014 წლის 10 თებერვლის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 3.4 პუნქტით და 2014 წლის 10 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულების 5.3 პუნქტით თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

აქვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმადსასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების გადანაწილვადება. სასამართლო მიუთითებს, რომ შუამდგომლობის დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენისა და ვალდებულების გადანაწილვადების თაობაზე. მხარის მიერ არ იქნა მითითებული და დადასტურებული ქონებრივი მდგომარეობის სირთულე ან/და სხვა რაიმე სახის არსებითი გარემოება, რაც გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ლ---- ქ-----ს და გ-- გ-----ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 348.54 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 57.46 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე სს "ლ-------------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს ლ---- ქ-----სა და გ-- გ-----ას სს "ლ-------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11617.86 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირს შეადგენს 6953.14 ლარი, დარიცხულ პროცენტს 4164.72 ლარი და პირგასამტეხლოს 500 ლარი.

 

3. სს "ლ-------------ის" მოთხოვნა მოპასუხეების ლ---- ქ-----სა და გ-- გ-----ას მიმართ პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

4. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომელიც დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. მოპასუხეებს ლ---- ქ-----სა და გ-- გ-----ას სს "ლ-------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 348.54 ლარის ანაზღაურება

 

6. დაუბრუნდეს სს "ლ-------------ს" მის მიერ 2018 წლის 04 ივნისს სს "ლ-------------ში" # 5--------- საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 436 ლარიდან 57.46 ლარი (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე