გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/9566-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე ვ-–- კ---–--–----–---–ი
წარმომადგენელი ე------ პ------
მოპასუხე თ----- მ----–--ე, ი--- ხ-------ი,წარმომადგენელი მ----- ბ---------, ს--–---- თ---–---
დავის საგანი სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, პირგასამტეხლოს შემცირება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს ნოტარიუს ი--- ხ-------ის მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი.
1.2. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ი--- ხ-------ის მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (N 1--------) და ვ-–- კ---–--–----–---–ის (პ/ნ N0----------) დავალიანება განისაზღვროს 23882 აშშ დოლარით, საიდანაც ძირი თანხად მიეთითოს 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, 3 თვის საპროცენტო სარგებელი - 1800 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო პირგასამტეხლო - 2082 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2018 წლის სექტემბრის დასაწყისში მსოარჩელეს ჩაბარდა კერძო აღმასრულებლის ე-----–- ღ--------ის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლიდანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღმასრულებლის წარმოებაში იყო სააღსრულებო საქმე NA--------, ნოტარიუს ი--- ხ-------ის მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს გაცემული და კრედიტორ თ----- მ----–--ის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი N1-------- აღსრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ,,მოვალე ვ-–- კ---–--–----–---–ს თ----- მ----–--ის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება, რომლის გამოც უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, სოფელი დ------- დაზუსტებული ფართობი 1400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 0---------------) რეალიზაცია. კრედიტორის თ----- მ----–--ის განცხადების საფუძველზე მოთხოვნა შემცირდა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ნაცვლად მოვალეზე გადასახდელად ყოველდღიურად დაკისრებული 0.11%-სა მოითხოვა 0.08%. საბოლოოდ, კრედიტორის თ----- მ----–--ის მოთხოვნა ვ-–- კ---–--–----–---–ის მიმართ შეადგენს 37 568 აშშ დოლარს.”
მხარის განმარტებით, 2015 წლის 10 აგვისტოს თ----- მ----–--ესა და ვ-–- კ---–--–----–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თ----- მ----–--ემ ვ-–- კ---–--–----–---–ს გადასცა 20 000 აშშ დოლარი, სესხი სარგებლიანი იყო - თვეში სესხის ძირი თანხის 3%-ს დარიცხვით. ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხი 0.11% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ვ-–- კ---–--–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, სოფელი დ-------, ს/კ N0---------------, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე თანხების ამოღების შესახებ საქმის წარმოება.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ რეალურად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა აიღო ვ-–- კ---–--–----–---–ის თანამშრომელმა ვინმე „თ-----მა“, რომელიც იხდიდა ყოველთვიურ სარგებელს, მაგრამ შემდგომ მშენებლობაზე შეექმნა პრობლემა და ვეღარ შეძლო თანხის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამარტლო სხდომაზე ასევე განმარტა, რომ ის სააღსრულებო ფურცლის ბათილობას ითხოვს, არა როგორც კანონის დარღვევით მიღებულის, რადგან სადავოდ არ ხდის ნოტარიუსის ქმედებას და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, არამედ, რეალურად მოითხოვს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას და შესაბამისად, ცვლილების შეტანას ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ----- მ----–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 10 აგვისტოს ნამდვილად დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ნოტარიული წესით და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2018 წლის 03 სექტემბერს ვ-–- კ---–--–----–---–ს ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების შესრულებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ კრედიტორის მოთხოვნაა 37568 აშშ დოლარი და 130,26 ლარი. 2018 წლის 21 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის N1-------- თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 20000 აშშ დოლარს, გადაუხდელ 2 თვის სარგებელს 1200 აშშ დოლარს. 2015 წლის 10 ნოემბრიდან პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი 20000 აშშ დოლარის 0,11 % ანუ 22 აშშ დოლარი X 1041 დღეზე = 22902 აშშ დოლარს. კრედიტორმა თ----- მ----–--ემ შეამცირა პირგასამტეხლო 0.08%-ით, ე.ი. 16 აშშ დოლარი X 1041 დღეზე, რაც არის 16656 აშშ დოლარი და სულ მოთხოვნამ შეადგინა 44102 აშშ დოლარის ნაცვლად 37568 აშშ დოლარი, ე.ი. 6534 აშშ დოლარით ნაკლები, რაც შესაგებლის წარდგენის პერიოდისთვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში წარმოადგენს 17642 ლარს. აღსრულების შესახებ მითითებული თანხები არის კანონით დადგენილი და არის მინიმალური, მაგრამ პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი, მით უფრო, რომ კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა და მოთხოვნამ 44102 აშშ დოლარის ნაცვლად შეადგინა 37568 აშშ დოლარი, ე.ი. 6534 აშშ დოლარით ნაკლები.
მხარემ ასევე მიუთითა, რომ მის მიერ 20000 აშშ დოლარი ბანკში განეთავსებინა, სამი წლის განმავლობაში მიიღებდა სარგებელს წელიწადში მინიმუმ 34 %-ს ანუ 6800 აშშ დოლარს წელიწადში X 3 = 20400 აშშ დოლარს სარგებელს. მოსარჩელე კი 2015 წლის სექტემბრიდან სარგებლობს 20000 აშშ დოლარით და არცერთი თეთრი არ გადაუხდია მისთვის და არც 21800 აშშ დოლარი გადაიხადა 2015 წლის 10 ნოემბერს. მოსარჩელეს, რომ თვეში სარგებელი გადაეხადა 600 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენდა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არც თავად მიმართავდა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. პირგასამტეხლო სამ წელიწადში დაახლოებით 2082 აშშ დოლარი შეუსაბამოდ დაბალია ბანკის 20400 აშშ დოლარის სარგებელთან შედარებით. მისი, როგორც კრედიტორის, მოთხოვნა 4000 აშშ დოლარით ნაკლებია ბანკის სარგებელთან შედარებით. ამასთან, მხარემ მიუთითა, რომ მან კანონით დადგენილი წესით მიმრთა ნოტარიუსს სააღსრულებოს ფურცლის გაცემის მოთხოვნით და ამ უკანასკნელმაც, დადგენილი წესით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გასცა იგი. შესაბამისად, სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო არცერთ ნაწილში (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. მოპასუხე ი--- ხ-------მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნოტარიატის შესახებ“ მე-4 მუხლის საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რის გამოც მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. ხოლო რაც შეეხება შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა. ამდენად, მხარეებმა თვითონ განსაზღვრეს პირგასამტეხლოს ოდენობა, ნოტარიუსმა კი მხოლოდ მხარეთა გამოვლენილი ნება დაადასტურა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში იგი არ იყო მოპასუხე და მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა მას არ ეხებოდა (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოება საქმეში არ არის.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2015 წლის 10 აგვისტოს თ----- მ----–--ესა და ვ-–- კ---–--–----–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N1--------, რომლის მიხედვითაც თ----- მ----–--ემ ვ-–- კ---–--–----–---–ს 2015 წლის 10 ნოემბრამდე ასესხა 20 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 3%-ის სარგებლის დარიცხვით.
ხელშეკრულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, მხარეთა შეთახმებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას მესაკუთრე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს იპოთეკარს პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.11% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით იპოთეკარმა მესაკუთრეს სესხის ძირითადი თანხა სრულად გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო მესაკუთრემ სრულად მიიღო სესხის ძირითადი თანხა. მესაკუთრე ვალდებულია სესხის ძირითადი თანხა დაუბრუნოს იპოთეკარს ქ.თბილისში ორიათას თხუთმეტი წლის ათ ნოემბერს (სესხის თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს იგივე ვალუტაში, რომელ ვალუტაშიც გაიცა სესხის თანხა თავდაპირველად ანუ აშშ დოლარში).
ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მიხედვით, სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ვ-–- კ---–--–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, სოფელი დ-------, ს.კ N0---------------.
ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე თანხების ამოღების შესახებ საქმის წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 10 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26-27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2018 წლის 21 აგვისტოს ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 10 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილ შესასრულებელ ვალდებულებაზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი N1--------, რომლის მიხედვით, ვ-–- კ---–--–----–---–ის ვალდებულება თ----- მ----–--ის მიმართ 2018 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა სესხის ძირი თანხა - 20000 აშშ დოლარი, გადაუხდელი 2 თვის სარგებელი - 1200 აშშ დოლარი, 2015 წლის 10 ნოემბრიდან პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.11 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი 130.26 ლარის ოდენობით. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაციაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 21 აგვისტოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი N1-------- (ს.ფ. 68-70)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. მოსარჩელე ვ-–- კ---–--–----–---–ს 2018 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში ჩაბარდა კერძო აღმასრულებლის ე-----–- ღ--------ის 2018 წლის 29 აგვისტოს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლიდანაც ცნობილი გახდა, რომ აღმასრულებლის წარმოებაშია სააღსრულებო საქმე NA--------, ნოტარიუს ი--- ხ-------ის მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს გაცემული და კრედიტორ თ----- მ----–--ის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი N1-------- აღსრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც მოვალე ვ-–- კ---–--–----–---–ს თ----- მ----–--ის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება, რომლის გამოც უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, სოფელი დ------- დაზუსტებული ფართობი 1400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ 0---------------) რეალიზაცია.
კრედიტორის თ----- მ----–--ის განცხადების საფუძველზე მოთხოვნა შემცირდა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ნაცვლად მოვალეზე გადასახდელად ყოველდღიურად დაკისრებული 0.11%-სა მოითხოვა 0.08%. საბოლოოდ, კრედიტორის თ----- მ----–--ის მოთხოვნა ვ-–- კ---–--–----–---–ის მიმართ ჯამურად შეადგენდა 37568 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 23-25)
- განცხადება აღსრულების დაწყების თაობაზე (ს.ფ. 71)
- ცნობა აღსრულების თაობაზე (ს.ფ. 28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე 623-625-ე, 286-ე, 319-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან).
ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
აღნიშნული ნორმა განამტკიცებს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, რომლის საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება ან გაითვალისწინონ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა, რომელიც კანონით არ არის პირდაპირ გათვალისწინებული, მაგრამ კანონს არ ეწინააღმდეგება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა განსაზღვრეს სესხის ხელშეკრულების პირობები, მათ შორის საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლოს ოდენობა, მოსარჩელე ხელშეკრულების აღნიშნულ პირობას დაეთანხმა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 10 აგვისტოს თ----- მ----–--ესა და ვ-–- კ---–--–----–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თ----- მ----–--ემ ვ-–- კ---–--–----–---–ს გადასცა 20 000 აშშ დოლარი, სესხი სარგებლიანი იყო - თვეში სესხის ძირი თანხის 3%-ს დარიცხვით. ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.11% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ვ-–- კ---–--–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, სოფელი დ-------, ს.კ 0---------------.
ამდენად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ის გარემოება, რომ სესხის თანხა მის მიერ არ ყოფილა აღებული და სხვა პირის ასრულებდა სახელშეკრულებო ვალდებულებას, წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება, ამასთან, ხელშეკრულება არც წერილობითი და არც ზეპირსიტყვიერად (აღნიშნულს უთითებენ მხარეები), არ შესულა რაიმე სახის ცვლილება ვალდებულების შემსრულებელი პირის ნაწილში ან მოვალის ნაწილში, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მოვალე პირს წარმოადგენს ვ-–- კ---–--–----–---–ი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2018 წლის 21 აგვისტოს ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 10 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელ ვალდებულებაზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი N1--------, რომლის მიხედვით, ვ-–- კ---–--–----–---–ის ვალდებულება თ----- მ----–--ის მიმართ 2018 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა სესხის ძირი თანხა 20000 აშშ დოლარი, გადაუხდელი 2 თვის სარგებელი 1200 აშშ დოლარი, 2015 წლის 10 ნოემბრიდან პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.11% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი 130.26 ლარის ოდენობით. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაციაც.
სასამართლო მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვ-–- კ---–--–----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა სარგებლის ნაწილში, რითაც მხარე ითხოვს მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება კრედიტორის ანუ მოპასუხის მიმართ განისაზღვროს სამი თვის სარგებლის -1 800 აშშ დოლარის ოდენობით (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში), უსაფუძვლოა, ვინაიდან 2018 წლის 21 აგვისტოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ვ-–- კ---–--–----–---–ის ვალდებულება თ----- მ----–--ის მიმართ 2018 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა გადაუხდელი 2 თვის (და არა 3 თვის) სარგებელს - 1200 აშშ დოლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, თუ სასამართლო დაკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას სარგებლის ნაწილში, არა თუ გაუმჯობესდება ამ უკანასკნელის მდგომარეობა, არამედ დამატებით მოუწევს კიდევ 1 თვის სარგებლის გადახდა 600 აშშ დოლარის ოდენობით, რაც საგრძნობლად გააუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას და რეალურად არ შედის მხარის ინტერესებში იმაზე მეტი თანხის მისთვის დაკისრება, ვიდრე ამას თავად კრედოტორი სთხოვს.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში სადავო არ გამხდარა ძირი თანხის ოდენობა, ხოლო სარგებლის ნაწილში კი, ვინაიდან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი უკეთეს მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელეს, ვიდრე არსებული მოთხოვნა, შესაბამისად, სარგებლის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდება და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრება 2 თვის სარგებლის - 1200 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცელი სწორედ 2 თვის სარგებლის დაკისრებას ითვალისწინებდა, შესაბამისად, სარგებლის ნაწილში სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცელში აღარ განხორციელდება რაიმე სახის ცვლილებების შეტანა.
7.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.11% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოვალეს დაერიცხა 2015 წლის 10 ნოემბრიდან პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.08 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე (მოთხოვნა კრედიტორის მიერ შემცირდა აღსრულების ეტაპზე). ამდენად, კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნის დროს თავისი ნების შესაბამისად, შემცირებული იქნა პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).
სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016).
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე, იმგვარად, რომ არ დაიკარგოს მისი დანიშნულება.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.08 % შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე - 0.02 %-მდე.
შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში ცვლილება უნდა შევიდეს გაცემულ საასრულებო ფურცელის მე-7 ნაწილში და მოვალე ანუ მოსარჩელე ვ-–- კ---–--–----–---–ს კრედიტორ ანუ მოაპსუხე თ----- მ----–--ის სასარგებლოდ უნდა ადეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 2015 წლის 10 ნოემბრიდან სესხის ძირითადი თანხის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე.
7.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ნოტარიუს ი--- ხ-------ის მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის გაუქმების ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოებების გამო:
ნოტარიუსმა ი--- ხ-------მა 2018 წლის 21 აგვისტოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის და საქართველოს კანონის ნოტარიატის შესახებ მე-4 მუხლის საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი. თავად მოსარჩელის განმარტებით, მას ნოტარიუსთან დაკავშირებით პრეტენზიები არ ჰქონდა და არც სადავო იყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელის მიერ სადავო მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობა იყო.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დგინდება, რომ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კანონით დადგენილი წესით, რადგან აღნიშნული თავად მოსარჩელის მიერ სადავო არ გამხდარა, როგორც ამ უკანასკნელმა თავის ახსნა-განმარტებაში მიუთითა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მხოლოდ გონივრულ ოდენობამდე მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და ნაცვლად ძირი თანხის 0.08%-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, განისაზღვროს 0.02%-ის ოდენობით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1075.23 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოპასუხეს კი მოსარჩელის სასარგებლოდ შემცირებული პირგასამტეხლოს ნაწილში, რაც შეადგენს 4092 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის 3%-ს სარჩელის შემოტანის დროს არსებული კურსისი გათვალისწინებით, უნდა დაეკისროს 322,86 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე საჩივრის ნაწილში გადახდილი 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში, ამასთან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამეტხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა კერძო აღმასრულებელ ე-----–- ღ--------ის წარმოებაში მყოფი სააღსრულებო საქმე NA-------- ნოტარიუს ი--- ხ-------ის მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე - დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ-–- კ---–--–----–---–ის (პ/ნ 0----------) სარჩელი მოპასუხე ი--- ხ-------ისა (პ/ნ N6----------) და თ----- მ----–--ის (პ/ნ N0----------) მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ი--- ხ-------ის მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (N 1--------) და ვ-–- კ---–--–----–---–ს მოპასუხე თ----- მ----–--ის სასარგებლოდ, სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე, დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 10 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სესხის ძირი თანხის 0.02%-ს ოდენობით.
2. მოსარჩელე ვ-–- კ---–--–----–---–ის მოთხოვნა ი--- ხ-------ის (პ/ნ 6----------) მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (N 1--------) გაუქმების ნაწილში - არ დაკმაყოფილდეს.
3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1075.23 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. თ----- მ----–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 322.86 ლარის ანაზღაურება.
5. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 12 ოქტომბერს სს თიბისი ბანკში N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. მოპასუხე თ----- მ----–--ის წარმომადგენლის მ----- ბ------იძის მიერ 2018 წლის 22 ოქტომბერს N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე საჩივრის ნაწილში) 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა კერძო აღმასრულებელ ე-----–- ღ--------ის წარმოებაში მყოფი სააღსრულებო საქმე NA-------- ნოტარიუს ი--- ხ-------ის მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე - დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე