გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.04.2019
საქმის ნომერი
330310018002785953
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8092-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ზ-------------

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ო-------------–---

 

მესამე პირები:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

წარმომადგენელი - ნ-----–-----–--------–-

2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ს--------------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ზ-------------ს დაუდასტურდება ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების დროს.

 

მოსარჩელის განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს №3-------- გადაწყვეტილებით დადასტურდა მისი ჯანმრთელობის დაზიანება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ ფორმალურად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი თქვა კომპენსაციის დასანიშნად საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის გაცემაზე.

 

2. მხარეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მისი განმარტებით, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება უშუალოდ საომარი მოქმედებების შედეგად ზ-------------ს შესაძლებლობების შეზღუდვის ფაქტი. ამასთან, მართალია სასამართლო გადაწყვეტილებით სამინისტროს დაევალა სხვადასხვა დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, მაგრამ აღნიშნული ვალდებულება ეკისრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ წარადგენდა საჭირო დოკუმენტს და იშუამდგომლებდა კონკრეტული დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

2.2. მესამე პირების პოზიცია:

 

2.2.1. მესამე პირის, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო.

 

2.2.2. მესამე პირის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მისი განმარტებით, კომპენსაციის დასანიშნად, პირველ რიგში, აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი საომარ მოქმედებებსა და შესაძლებლობების შეზღუდვას შორის და ამის შემდეგ, კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი წარდგინების გაკეთება, რასაც ადგილი არ ჰქონია.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ზ------------- მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში 1983 წლის 22 აპრილიდან 1994 წლის 24 თებერვლამდე, კერძოდ, ზ------------- 1992 წლის 14 თებერვლიდან 1992 წლის 14 თებერვლიდან 1993 წლის 12 ნოემბრამდე მსახურობდა ქ-------–----------–--------–----------------–------------------–-----–-–------------------------–-----------------, ხოლო 1993 წლის 12 ნოემბრიდან 1994 წლის 24 თებერვლამდე მსახურობდა ქ-------–-----–------------------------–-------------–----------–-–-------------------------–---------------------------–-----------------------------------------------------.

 

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმეზე №2----------) დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ზ------------- 1992-1993 წლებში მონაწილეობას იღებდა ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

 

1993 წლის აპრილის თვეში, თ---–-----–------------------------–-------–---–------------–-----, აფხაზეთში გაიგზავნა მცირერიცხოვანი ჯგუფი, იმჟამად ნ----–------------------–--------------–----------------------–---------------- ზ-------------ს ხელმძღვანელობით. ჯგუფს დაევალა დაედგინა 1993 წლის იანვრის თვეში ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში, საბრძოლო მოქმედებების დროს ბრძოლაში უგზოუკვლოდ დაკარგული ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს თანამშრომელთა ჯგუფი.

 

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის №1----------- მოწმობის თანახმად, ზ------------- არის ომის მონაწილე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს №3-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 28-42);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს 2012 წლის 11 სექტემბრის №1----------- ცნობა ( ს.ფ. 13);

- ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის შსს სამმართველოს კომისიის 1999 წლის 23 ივნისის აქტი ( ს.ფ. 15);

- ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს 2009 წლის 24 ნოემბრის №6-------- ცნობა ( ს.ფ. 16);

- სანოტარო წესით დამოწმებული თ------------------ 2017 წლის 20 ივნისის განცხადება, რეგ. №1-------- (ს.ფ. 21);

- სანოტარო წესით დამოწმებული რ-------------------–---–-- 2017 წლის 6 ივნისის განცხადება, რეგ. №1-------- (ს.ფ. 22);

- საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადგენის შესახებ 2012 წლის 15 ოქტომბრის ოქმი (ს.ფ. 101-104);

- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის №1----------- მოწმობა ( ს.ფ. 14).

 

3.2. სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა ვ---------------–---–მა დაადასტურა, რომ 1992-1993 წლებში მუშაობდა შსს ქ-------–-----------–----------------------–-–---------------------–---–-. 1993 წლის იანვარში, ქ/განყოფილების უფროსთან, პოლიციის მაიორ ზ-------------სთან ერთად იმყოფებოდა აფხაზეთში, სოფელ ლაბრაში, მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში. იქ ყოფნისას მოწინააღმდეგის ვერტმფრენმა დაბომბა მათი პოზიციები. დაბომბვის შედეგად ზ-------------მ მიიღო კონტუზია და დაუზიანდა სმენა, თითქმის აღარ ესმოდა.

 

სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ი-------–-–-----–---–-- დაადასტურა, რომ 1992-1993 წლებში მუშაობდა სამხედრო პოლიციაში, სპეციალური დანიშნულების სამსახურში. 1992 წლის ბოლოს და 1993 წლის დასაწყისში იმყოფებოდა აფხაზეთში, ოჩამჩირეში, მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში. 1993 წლის იანვრის თვეში, ოჩამჩირეში შტაბში მიიღეს ინფორმაცია აფხაზი სეპარატისტების მიერ სოფელ ლაბრას დაბომბვის შესახებ. ი-------–-–-----–---–- და მისი თანამებრძოლები გაუშვეს სოფელ ლაბრაში. იქ ი-------–-–-----–---–- შეხვდა მათი რაიონის პოლიციის უფროსს ზ-------------ს, რომელსაც იცნობდა. შეხვედრისას ზ------------- ცუდად იყო, მიღებული ჰქონდა კონტუზია, დაკარგული ჰქონდა სმენა.

 

სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა გ--------–----–---–მა დაადასტურა, რომ 1992-1993 წლებში მუშაობდა შსს თ---–----------–----------------------–-–------------------------–---–-. მაშინ განყოფილების უფროსი იყო პოლიციის მაიორი ზ-------------, რომელიც 1993 წლის იანვარში იმყოფებოდა აფხაზეთში, მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში. იქიდან ჩამოსულს მიღებული ჰქონდა კონტუზია, დაზიანებული/დაქვეითებული ჰქონდა სმენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო წესით დამოწმებული ვ---------------–---–ის 2016 წლის 24 ოქტომბრის განცხადება, რეგ. №1-------- (ს.ფ. 17);

- სანოტარო წესით დამოწმებული ი-------–-–-----–---–-ს 2017 წლის 20 ივნისის განცხადება, რეგ. №1-------- (ს.ფ. 18);

- სანოტარო წესით დამოწმებული გ--------–----–---–ის 2016 წლის 28 მაისის განცხადება, რეგ. 1-------- (ს.ფ. 19-20);

- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობები (ს.ფ. 107-108);

 

3.3. 2013 წლის 25 თებერვლის შემოწმების შედეგად, ზ-------------ს უვადოდ მიენიჭა ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და დაუდგინდა შრომითი საქმიანობის I ხარისხის შეზღუდვა.

 

2016 წლის 08 ივნისის №2--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ზ-------------ს აღენიშნება II-IV ხარისხის სმენის სენსონევრალგიური დაქვეითება (მძიმე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „მ-----------–---------–-–---------------–--------------- აქტის ამონაწერი ( ს.ფ. 143-144);

- 2016 წლის 08 ივნისის №2--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ( ს.ფ. 18).

 

3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს №3-------- გადაწყვეტილებით ზ-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 13 ოქტომბრის M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში.

 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, „მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ზ------------- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ აღრიცხულია, როგორც ომის მონაწილე და მასზე გაცემულია შესაბამისი მოწმობა, ხოლო მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების დროს, საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, არ მიუმართავს და არ გამოუთხოვია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან მოსარჩელე ზ-------------ს შესახებ არსებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა საქმეში წარმოდგენილი ამბულატორიული ჩანაწერის მიხედვით, ზ------------- 1993 წლის 1 თებერვალს უჩიოდა ხმაურს ორივე ყურის არეში და თავბრუსხვევას. მისი განმარტებით, ჩივილები დაეწყო კონტუზიის შემდეგ, რომელიც მიიღო 1993 წლის იანვარში აფხაზეთში ყოფნის დროს. ამბულატორიული ბარათის თანახმად, მოსარჩელე ზ-------------ს 1993 წლის 4 თებერვალს აუდიოგრამაზე დაუდგინდა ნევრიტი, ექსუდაციური ოტიტი, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუმართავს შესაბამისი დაწესებულებისათვის (ამბულატორიული ბარათის მწარმოებელი ან მისი უფლებამონაცვლე დაწესებულებისათვის) მოსარჩელის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკითხავს, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოსამსახურეები, რომლებმაც ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით დაადასტურეს მოსარჩელე ზ-------------ს საბრძოლო მოქმედებების დროს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გამოიკვლიოს, შეაფასოს და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახოს, თუ რატომ არ იზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ზ-------------მ ნამდვილად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება კონტუზია, ასევე ამბოლატორიულ ბარათში არსებულ ჩანაწერს და ა.შ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს №3-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 28-42);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის სააღსრულებო ფურცელი (საქმეზე №3--------) (ს.ფ. 43).

 

3.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ფარგლებში დამატებით იქნა მოძიებული სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის 11 ივნისის დადგენილება, რომელიც ზ-------------ს გაეგზავნა.

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის 11 ივნისის დადგენილების თანახმად, ზ-------------ს III-IV ხარისხის სმენის სენსონევრალგიური დაქვეითება (მძიმე) მიღებული აქვს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 45);

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის 11 ივნისის დადგენილება (ს.ფ. 44).

 

3.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №0------------ გადაწყვეტილებით ზ-------------ს უარი ეთქვა სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნაზე, ვინაიდან წარდგენილი სსე აქტის ამონაწერის მიხედვით მას დადგენილი აქვს ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, საერთო დაავადებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №0------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 27).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ-------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სადავო პერიოდში მოქმედი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი; „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება; საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილება/წერილობითი მიმართვა, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები.

 

მითითებული კანონის მითითებული რედაქციის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი, რომლებიც დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად. ამავე კანონის მე-14 მუხლით კი გათვალისწინებულია მითითებული კატეგორიის პირთა სოციალურ დაცვა: ა) საპენსიო უზრუნველყოფა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად; გ) საყოფაცხოვრებო–კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანის, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პაკეტის განსაზღვრის წესი და პირობები განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე დროს, მითითებული წესი მე-7 მუხლით ადგენს სოციალური დანიშვნის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენ დოკუმენტებს, კერძოდ, განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ყველა კატეგორიის სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, ბავშვის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა), ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში, მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ წარმომადგენლობის დოკუმენტში მოცემულია მაძიებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები); კ) ომის ინვალიდის შემთხვევაში – ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელშიც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან.

 

ამრიგად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსისა და შესაბამისი კომპენსაციის მოსაპოვებლად აუცილებელია დადგინდეს პირველ რიგში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, შეზღუდულია თუ არა მისი შესაძლებლობები, ხოლო შემდეგ, მიზეზობრივი კავშირი ამ მდგომარეობასა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობისას მიღებულ ტრამვას/დაავადებას შორის, რაც წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს. კერძოდ, მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების დროს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის დადგენა.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ როგორც სადავო პერიოდში, ასევე, დავის გადაწყვეტისას მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა ყველასთვის. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს №3-------- გადაწყვეტილებით ზ-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 13 ოქტომბრის M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში.

 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, „მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ზ------------- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ აღრიცხულია, როგორც ომის მონაწილე და მასზე გაცემულია შესაბამისი მოწმობა, ხოლო მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების დროს, საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, არ მიუმართავს და არ გამოუთხოვია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან მოსარჩელე ზ-------------ს შესახებ არსებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა საქმეში წარმოდგენილი ამბულატორიული ჩანაწერის მიხედვით, ზ------------- 1993 წლის 1 თებერვალს უჩიოდა ხმაურს ორივე ყურის არეში და თავბრუსხვევას. მისი განმარტებით, ჩივილები დაეწყო კონტუზიის შემდეგ, რომელიც მიიღო 1993 წლის იანვარში აფხაზეთში ყოფნის დროს. ამავე ავადმყოფის ამბულატორიული ბარათის თანახმად, მოსარჩელე ზ-------------ს 1993 წლის 4 თებერვალს აუდიოგრამაზე დაუდგინდა ნევრიტი, ექსუდაციური ოტიტი, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუმართავს შესაბამისი დაწესებულებისათვის (ამბულატორიული ბარათის მწარმოებელი ან მისი უფლებამონაცვლე დაწესებულებისათვის) მოსარჩელის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკითხავს, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოსამსახურეები, რომლებმაც ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით დაადასტურეს მოსარჩელე ზ-------------ს საბრძოლო მოქმედებების დროს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი.

 

შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აესახა, თუ რატომ არ იზიარებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ზ-------------მ ნამდვილად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება კონტუზია, ასევე ამბულატორიულ ბარათში არსებულ ჩანაწერს და ა.შ.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის 11 ივნისის დადგენილებით დადასტურდა, რომ ზ-------------ს III-IV ხარისხის სმენის სენსონევრალგიური დაქვეითება (მძიმე) მიღებული აქვს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გასაჩივრებული აქტით/წერილობითი მიმართვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსარჩელეს გაუგზავნა ეს უკანასკნელი დოკუმენტი, თუმცა მას საერთოდ არ შეუფასებია და არ უმსჯელია სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებულ არცერთ საკითხზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოსა და ყოფილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველოს ბაზებზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა (მეუღლე, შვილი), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა, სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები) და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩარიცხულ სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსმენელთა სამედიცინო უზრუნველყოფას, აგრეთვე, სამსახურის გავლის პერიოდში (მათ შორის, სამსახურში მიღების ან დათხოვნის დროს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.

 

ამავე წესდების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს დადგენილი წესით სამხედრო-საექიმო კომისიის ორგანიზება და ჩატარება, რისთვისაც ამავე წესდების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის შემადგენლობაში არსებობს ცენტრალური სამხედრო–საექიმო კომისია.

 

ამრიგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით დადასტურდა ზ-------------ს შესაძლებლობების შეზღუდვის ფაქტი სამხედრო სამსახურის გავლისას, თუმცა ამის მიუხედავად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაუგზავნა მოძიებული დოკუმენტი დაინტერესებულ პირს. კერძოდ, სამინისტროს არ უმსჯელია და არ შეუფასებია სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებულ არცერთ საკითხზე. შესაბამისად, მან ფორმალურად გამოსცა სადავო აქტი და უგულებელყო ის გარემოებები, რომლის თანახმად, ზ------------- 1992-1993 წლებში დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ამავე დროს მონაწილეობდა ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. აღნიშნული გარემოებები კი დასტურდება საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს №3-------- გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს 2012 წლის 11 სექტემბრის №1----------- ცნობით, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის შსს სამმართველოს კომისიის 1999 წლის 23 ივნისის აქტით, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს 2009 წლის 24 ნოემბრის №6-------- ცნობითა და სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით. სასამართლო მხარეთა ყურადღებას ასევე გაამახვილებს სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებებზე, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ დაზიანება, რომლის გამოც მისი შესაძლებლობები შეიზღუდა, მიიღო უშუალოდ საომარი მოქმედებების შედეგად. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებას ზ-------------ს დაავადებასა და საომარი მოქმედებებს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას და იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები). ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება კი ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

ამრიგად, მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ასევე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია მითითებული დანაწესების უგულებელყოფით, კერძოდ, გადაწყვეტილება არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას სასამართლოს მიერ მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით დგინდება ზ-------------ს მიერ აფხაზეთში 1992-1993 წლებში საომარ მოქმედებებში მონაწილეობა და იქ განვითარებული მოვლენების შედეგად ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება, რომლითაც მას უვადოდ მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.

 

მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, კერძოდ, მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ზ-------------ს დაუდასტურდება ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების დროს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი ნაწილის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილება/წერილობითი მიმართვა და დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ზ-------------ს დაუდასტურდება ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების დროს;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე