განაჩენი

სისხლის სამართლის 21.07.2019
საქმის ნომერი
190100118002728135
თარიღი
21.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/818-18

(№021301018001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ივნისი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი,ბრალდებული: ე-–------------ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი 1----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, ქვრივი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–-----------–---ი.

 

ადვოკატი: გურამ მაკარაძე,თარჯიმანი: ნურანა გაჯიევა,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2----–-–------------------------–---------–---------------------ე, გ--------------------------–----------–----ში გ----–-----------------ს საცხოვრებელ სახლში, ე-–------------მა დედას გ----–-----------------ს, არასრულწლოვან 2004 წელს დაბადებულ ნ------------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა იმის გამო, რომ გ----–-----------------მ არ მისცა თანხა. კერძოდ, მოქაჩა ძლიერად თმა და დააგდო ზურგით იატაკზე. აღნიშნული ქმედების შედეგად, გ----–-----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ე-–------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ე-–------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

დაზარალებულმა გ----–-----------------მ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (–---–-- ე-–------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სხდომაზე დაიკითხნენ არასრულწლოვანი მოწმეები ნ------------ი და ნ-------------ი.

 

ნ------------ის განმარტებით ცხოვრობს ბებიასთან და ბიძასთან ე-–------------თან ერთად, შემთხვევის დღეს არაფერი უნახავს და არ შესწრებია არანაირ ძალადობას. გამოძიების დროს ხელი რაზე მოაწერინეს არ იცის, ვინაიდან ენის არ მცოდნეა ოქმი არ წაუკითხვას და არც თარჯიმანს უთქვამს რაზე აწერდა ხელს. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნ-------------მა, რომელმაც განმარტა, რომ ბებიას და ბიძას არ უჩხუბიათ, რატომ არის იგი დაკავებული, არ იცის.

 

2018 წლის 30 ოქტომბერს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გ----–-----------------საგან მიღებული ჩვენების გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის მიხედვით ექსპერტებთან მ-------------–---სთან, ს---------------სთან, თარჯიმან ნ-----------–---–თან და დაზარალებულ გ----–-----------------სთან ერთად გავიდნენ გ--------------------------–----------–----ში, სადაც დაზარალებულმა მიუთითა ადგილი, კერძოდ სამზარეულო, სადაც მარცხენა მხარეს მდგარ მაგიდასთან შვილმა მას 2----–-–------------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

მოწმეებმა მ-------------–---მ და ს---------------მ სასამართლო სხდომაზე დადადასტურეს ზემოაღნიშნულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა და აღნიშნეს, რომ დაზარალებულმა ექსპერტებს თარჯიმნის მეშვეობით მიუთითა იმ ადგილზე სადაც მოხდა შემთხვევა.

 

მოწმე ნ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც თარჯიმანს და დაადასტურა დაზარალებულის, აგრეთვე მოწმეების მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.

 

მოწმე მ-------------–---–მა, გ-------------------მ და ნ------------მ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებები.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შეტყობინების ამსახველი ჩანაწერი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გ----–----------------- ითხოვს პოლიციის დახმარებას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7). სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებამდე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში პირის დამნაშავედ ცნობას საფუძვლად უნდა დაედოს მტკიცებულება - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია და შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებობს თუ არა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საჭირო, დამაჯერებელი და შეთანხმებული ერთობლიობა. ანუ, მტკიცებულებითი ძალა - ფაქტის დადგენის ან უარყოფის შესაძლებლობა - უნდა მომდინარეობდეს როგორც ერთი რომელიმე მტკიცებულებიდან, ისე მათი ერთობლიობა უნდა იძლეოდეს ცალკე და ერთად აღებული ფაქტების ერთობლიობას.

 

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გამოძიების პროცესი, მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 თავში ნორმათა თანმიმდევრობით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები: მოწმის (დაზარალებულის, ბრალდებულის) ჩვენება, ნივთიერი (ნებისმიერი საგანი ან ობიექტი) მტკიცებულება და დოკუმენტები (ექსპერტის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სწორედ ამ სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით.

ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს „ბევრ“ მტკიცებულებას, თუმცა ამ სიტყვის გრამატიკული მნიშვნელობა უდავოდ გულისხმობს ერთზე მეტს. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.

 

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის მტკიცებულებათა საკმარისობაზე და ირიბი ჩვენებების მნიშვნელობაზე ასევე ნამსჯელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა არსებობდეს ირიბი ჩვენება, რომელიც განსხვავებული გარემოებების დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი და რომელიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად შექმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ირიბი ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ან იყოს „დამხმარე“ ხასიათის, ადასტურებდეს საქმისთვის მნიშვნელოვან „გვერდით“ ფაქტს ან გარემოებას. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ასეთი ჩვენების სათანადო შემოწმება. ამიტომ კანონი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, თუ რა შემთხვევებშია დასაშვები ირიბი ჩვენების გამოყენება, მკაცრი და ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს მისი დასაშვებობის პირობები. რამდენადაც მაღალია ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა ბრალის დადასტურების საკითხში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება წესი, რომელიც ასეთი ჩვენების გამოყენებას შესაძლებელს ხდის (პუნქტი 27). სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (პუნქტი 29).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას - პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის განცდის გარკვევას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით - ე.წ. სუბიექტური ტესტით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა - ე.წ. ობიექტური ტესტით. სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს დაზარალებულის განმარტებით და თავად უნდა შეაფასოს განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით და ინტენსივობით გამოიწვევდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თითოეულ გამოკვლეულ მტკიცებულებასთან მიმართებით იმსჯელებს თუ რა ფაქტობრივი გარემოების დადგენას ემსახურება და დანაშაულის რომელ ნიშანთან არის ის კავშირში:

 

ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევისას, საჯაროდ გამოაქვეყნა გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ე.წ. შეტყობინება და მასთან დაკავშირებული რეგისტრაციის ბარათები არის გამოძიების დაწყების საფუძველი, ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც სსსკ-ს მე-100 მუხლის თანახმად, გამომძიებელს და პროკურორს ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათზე დაყრდნობით შეუძლებელია რაიმე ფაქტის დადგენა ან უარყოფა, მით უფრო შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს ნამდვილად ჰქონდა თუ არა მასში მითითებულ გარემოებებს ადგილი, ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების გარეშე.

 

მოწმე მ-------------–---–ის და გ------------------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ მათ საქმეზე ჩაატარეს რიგი საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ მოქმედი საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, მოწმის სახით სასამართლოში იკითხება პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა ან ინახავდა დოკუმენტს სასამართლოში წარდგენამდე და დოკუმენტი მხარის მოთხოვნით საქმეზე მტკიცებულების სახითაა წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში მოწმდება დოკუმენტის ავთენტურობა, თუმცა 78-ე მუხლით მოწმეთა დაკითხვა და მათი მხრიდან იმ გარემოებების დადგენა, რომელიც სცილდება დოკუმენტის ფარგლებს ან ანაცვლებს იმ დოკუმენტს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა, ვერ ჩაითვლება ფაქტის დამდგენ მტკიცებულებად. სსსკ-ს 76-ე მუხლის პირველი ნაწილით ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მითითებული ნორმების ანალიზით, მ-------------–---–ის და გ-----------------ის ჩვენება ირიბი ჩვენებაა, ვინაიდან მ--------------–---–მა ჩაატარა არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვა, ხოლო გ-------------------მ მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის დაკავებაში. გამომძიებლების ჩვენება უნდა შეფასდეს სსკ-ს 78-ე მუხლის ფარგლებში, ანუ დასტურდება თუ არა იმ დოკუმენტის ავთენტურობა, რომელიც მათ შექმნეს. დოკუმენტის ავთენტურობის დადგენის შემდეგ (მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს, რომ საპროცესო მოქმედება ჩატარდა უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით), სასამართლოს წინაშე დგას საკითხი შეაფასოს რა გარემოებების დადგენას ემსახურება მითითებული დოკუმენტი და რამდენად უტყუარია მასში გადმოცემული გარემოებები. შესაბამისად, მხოლოდ დოკუმენტის ავთენტურობის დადგენა/დადასტურება არ ქმნის მასში გადმოცემული ინფორმაციის უტყუარობის საფუძველს, თუ იგი არ არის გამყარებული და არ ქმნის ერთობლიობას ინფორმაციის წყაროს შემოწმებით, მისი იდენტიფიცირებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ინფორმაციის წყაროს ვინაიდან წარმოადგენს გ----–-----------------, მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენების უტყუარობა ვერ დადგინდება, სასამართლოში მიცემული ჩვენების გარეშე.

 

გ------------------- არის მოწმე, რომლებმაც შეტყობინების შემდგომ მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის დაკავებაში და იგი უშუალოდ კონფლიქტს არ შესწრებია, მისი ჩვენება სსკ-ს 76-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირის დაკავება მიმალვის საფრთხეზე მითითებით და მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ტოვებს ვარაუდის საფუძველს, რომ ხელოვნურად შეიქმნას სასამართლოს განჩინების გარეშე პირის დაკავების საფუძველი. ზედმეტად მწირი ინფორმაცია, რომ პირი აპირებს მიმალვას, იმ პირობებში როდესაც ასეთ ფაქტს რეალურად ადგილი არ ჰქონია, შეიცავს თვითნებობის ნიშნებს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან და არღვევს კონსიტუციით გარანტირებულ - თავისუფლების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის თავისუფლება. ადამიანის თავისუფლება ინდივიდის დამცავი ერთ-ერთი ძირითადი და წარუვალი ღირებულებაა და იცავს მას თვითნებური დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვისაგან სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან (ფაფიაშვილი ლ. დაკავებისა და დაპატიმრების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები სისხლის სამართლის პროცესში. რედ კ.კორკელია, სტატიათა კრებული, თბ.2010. გვ.163.) შესაბამისად, იმ პირთა ჩვენებები, რომლებმაც დააკავეს ბრალდებული, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არათუ ქმნის რაიმე მტკიცებულებით სტანდარტს, არამედ პირიქით, სასამართლოს შეფასებით მათი მხრიდან ბრალდებულის დაკავება განხორციელდა საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დარღვევით და მათი ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ იმ პირის ჩვენება, რომელმაც საქმეზე ჩაატარა გარკვეული საპროცესო მოქმედება და ყოველთვის შეიძლება ჩაითვალოს, რომ მხარს დაუჭერს მისავე პოზიციას, ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება არღვევს შეფასების ობიექტურობის ზომის ბალანსს, იმდენად რამდენადაც სახეზე გვაქვს პირის ჩვენება, რომელიც იმავდროულად არის მხარე სასამართლოში, შესაბამისად, მაღალია რისკი, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს არა ნეიტრალური, მიუკერძოებელი და ობიექტური მტკიცებულებების საფუძველზე, არამედ იმ პირთა ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც გამოძიების მწარმოებელი პირები არიან. ასეთ პირობებში კი როდესაც ფაქტის დადგენის პროცესში წარმოიშობა ეჭვი მისი უტყუარობის თვალსაზრისით, იგი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

არასრულწლოვანი მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მათი დაკითხვისას სსსკ-ს 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარემ იმავდროულად გამოიკვლია გამოკითხვის ოქმები, რაც მათ უარყვეს და არ დაეთანხმნენ ოქმებში მითითებულ ინფორმაციას. სასამართლოს შეფასებით, შესაძლებელია, რომ არასრულწლოვანმა მოწმეებმა თავი შეიკავეს ე-–------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ და სასამართლოს სრული საფუძველი აქვს მხედველობაში მიიღოს გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია, თუმცა ამავე მუხლის თანახმად, დაუშვებელია მხოლოდ გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით პირის მსჯავრდება, თუ იგი არ დასტურდება სხვა უტყუარი მტკიცებულებით. თარჯიმნისა და საპროცესო წარმომადგენელის ჩვენებები როგორც აღინიშნა ემსახურება საპროცესო დოკუმენტების ავთენტურობის დადგენას, ხოლო სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არის ირიბი ჩვენებები, რომელიც ასევე ვერ დაედება საფუძვლად გამატყუნებელ განაჩენს.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებები ფაქტობრივად არის ირიბი ჩვენებები. მოწმეების ირიბი ჩვენებები არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს, რომლის შეფასებისას რთულია დადგინდეს რამდენად სანდო ან სარწმუნოა თუნდაც გ.ჯაფაროვას მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტი შეიცავს სისხლის სამართალწარმოებაში ირიბი ჩვენების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენების აკრძალვის პრეზუმფციას. ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა მაშინაც გამართლებულია, თუ იგი დაცვის სასარგებლოდ მიიჩნევა. ზოგადად, კლასიკური გაგებით ირიბ ჩვენებასთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზუსტად იმავე წესებს იყენებს, რაც გამოუცხადებელი მოწმის (დეპონირებული) ჩვენების გამოყენებას ეხება. ცალკე რაიმე გამონაკლისი ამ წესიდან არ არსებობს. კლასიკური გაგებით, „ირიბ ჩვენებას“ სასამართლო იმ კონტექსტში ახსენებს, რაც საჭიროა გამოუცხადებელი მოწმის ჩვენების შესამოწმებლად. "ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ" საქმეზე დიდმა პალატამ განაცხადა, რომ გამოუცხადებელი მოწმის ჩვენების საპირწონედ დაცვის უფლების ერთ-ერთ დამაბალანსებელ ფაქტორად შეიძლება მიჩნეულ იქნას იმ მოწმის ხელმისაწვდომობა, რომელიც ადასტურებს შეუმოწმებელი მოწმის ჩვენებას. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა, მოიცავდეს სასამართლო სხდომაზე იმ პირთა მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომელთაც დაუსწრებელმა მოწმემ მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ მათი გამოჩენისთანავე აცნობა. ამავე საქმეში გამოუცხადებელი მოწმეების ჩვენებებზე მსჯავრდების დამყარება, რაც წარმოადგენდა გადამწყვეტ მტკიცებულებათა ერთობლიობას და, რომელიც დამაბალანსებელ ფაქტორებში იმ 2 მოწმის ჩვენებასაც მოიაზრებდა, რომლებსაც გამოუცხადებელმა მოწმეებმა უამბეს მომხდარის შესახებ და, რომელთა დაკითხვის შესაძლებლობა დაცვას ჰქონდა, პალატისგან განსხვავებით, დიდმა პალატამ არ მიიჩნია საკმარის საპირწონე მიზეზად სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების რეალიზაციისთვის და დაადგინა მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტების დარღვევა.

 

დაზარალებულ გ.ჯაფაროვას მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას სასამართლო კვლავ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამდენად, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ე-–------------ის ბრალეულობაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ე-–------------ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ე-–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ე-–------------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

 

ე-–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ე-–------------ს, განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქმეზე დართული 112-ის აუდიოჩანაწერი, ელექტრონულ დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე