გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019003031557
#2/187-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16.07.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე : ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: მ-------- კ-------ე
მოპასუხე: პ------ ა---------ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან საჩხერის რაიონულ სასამართლოში განსჯადობით გადმოგზავნილი იქნა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (ს.ნ. 205005910. მის: თბილისი, ძვ. თბილისის რაიონი ჭოველიძის ქ.N10ა) სარჩელი მოპასუხე პ------ ა---------ის (პ/ნ5----------) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
წარმოდგენილ სარჩელში მითითებულია, რომ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა (შემდგომში სააგენტო) და პ------ ა---------ს შორის 2015 ელის 17 ივნისს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს იჯარის უფლებით გადაეცა ჭიათურაში გ------–---–-ს ქ.N3--ში პირველ სართულზე განთავსებული 136,96 კვადრატული მეტრი ფართი. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარემ იკისრა ვალდებულება ქონებით სარგებლობისათვის გადაეხადა ყოველწლიურად საიჯარო ქირა 3660 ლარის ოდენობით. ყოველთვიურად ყოველი თვის 5 რიცხვამდე უნდა გადაეხადა 305 ლარი. გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების თანახმად დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
იმის გამო, რომ 2017 წლის 31 იანვრის შემდეგ მოპასუხეს საიჯარო ქირა არ გადაუხდია მას ეკისრება პირგასამტეხლო. მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება რომლითაც განსაზღვრული იყო საიჯარო ქირისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
2017 წლის 24 ოქტომბრის ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N1/1-2701 ბრძანებით შეწყვეტილი იქნა 2015 წლის 17 ივნისს პ------ ა---------ს და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 2618,49 ლარი საიდანაც 2186,17 ლარი არის საიჯარო ქირის დავალიანება და 432,32 ლარი არის პირგასამტეხლო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - პ------ ა---------ი სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და განმარტავს, რომ მათ შორის ნამდვილად გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, მაგრამ სინამდვილეში ფართი აღმოჩნდა გაცილებით ნაკლები ვიდრე ხელშეკრულებაში იყო მითითებული. მოპასუხე მიუთითებს, რომ ქირას ყოველთვის პირნათლად იხდიდა, შესაძლოა რაღაც ნაწილი ჰქონდეს დარჩენილი. ფართს მთლიანად ჩაუტარდა რემონტი. მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მიმართა ფართის გამიჯვნის მოთხოვნით, თუმცა შეთავაზებულ პირობებზე არ დათანხმდნენ. მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე ცნობს სარჩელს ათასი ლარის ფარგლებში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობს დავა წარმოდგენილი დავის საგნის ირგვლივ, რაზეც მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 17 ივნისს ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და პ------ ა---------ს შორის. აღნიშნული ხელშეკრულებით მეიჯარემ გადასცა, ხოლო მოიჯარემ იჯარის უფლებით მიიღო მეიჯარის საკუთრებაში არსებული ფართი მდებარე ქ.ჭიათურაში გ------–---–-ს ქუჩა 3- საკადასტრო კოდით 3-.1-.0-.0-8.0-.5--.ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი წლით, ხოლო ხელშეკრულების ქირა განისაზღვრა 3660 ლარით ყოველწლიურად, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 5 რიცხვამდე 305 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ მოცემული უძრავი ქონება რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. საჯარო რეესტრში იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებულია 2015 წლის 17 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
- ხელშეკრულება (ს.ფ. 13-18);
3.2.2. დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებისა და ქალაქ ჭიათურაში გ------–---–-ს N3--ში პირველ სართულზე მდებარე 136,96 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით იჯარის გაცემის შესახებ „ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 მაისის N1/1-1753 ბრძანებით დაიდო 2015 წლის 17 ივნისის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ხელშეკრულება (ს.ფ.13-18 );
3.2.3. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში,, მოიჯარე“ იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზედაც პირგასამტეხლოს თანხა უნდა იქნას გადახდილი. საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლო მოიჯარეს დაეკისრება 50 ლარის ოდენობით დარღვევის ყოველ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)
- ხელშეკრულება (ს.ფ.13-18)
3.2.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 სექტემბერს მოპასუხეს მიმართა სააგენტომ და გააფრთხილა 2017 წლის 31 იანვრის შემდგომ თანხის გადაუხდელობის შესახებ პირგასამტეხლოს -გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარიცხვის თაობაზე დარღვევიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ფოსტის მეშვეობით იქნა ჩაბარებული აღნიშნული მიმართვა 2017 წლის 30 სექტემბერს. 2017 წლის 23 ოქტომბერს მოპასუხე პ------ ა---------ი აცნობებს სააგენტოს, რომ იჯარის თანხას დაფარავს უახლოეს ვადაში. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ოქტომბრის ბრძანებით სააგენტოსა და პ------ ა---------ს შორის დადებული 2015 წლის 17 ივნისის ხელშეკრულება შეწყდა. სააგენტოს 2017 წლის 31 ოქტომბრის მიმართვით ეცნობა პ------ ა---------ს, რომ საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას გადასახდელად ეკისრება 2186 ლარი და 17 თეთრი საიჯარო ქირის დავალიანება და 432 ლარი და 32 თეთრი პირგასამტეხლო.
დადგენილია ასევე ის ფაქტი რომ თანხის დაგვიანების გამო სააგენტოს მიერ გაფრთხილებული იქნა 2017 წლის 16 იანვარს, 2017 წლის 2 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)
- მიმართვა (ს.ფ.24 )
- მიმართვა(ს.ფ65, 68)
- ფოსტის ქვითარი(ს.ფ.26)
- განცხადება(ს.ფ. 27);
- სააგენტოს მიმართვა(ს.ფ.31)
3.2.5. სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 11 აპრილს გაცემული დოკუმენტებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პ------ ა---------ის მიერ გადახდილი საჯარო ქირა და პირგასამტეხლო დაგვიანებული დღეების მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტებით ასევე ერთმნიშვნელოვნად დასტურდება პ------ ა---------ის მიერ წერილობით შეთანხმებული პირგასამტეხლოს - 432 ლარის 32 თეთრის გადახდის ვალდებულება. მოპასუხეს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო პოზიცია შესაბამისი მტკიცებულებებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)
- სააგენტოს მიმართვა და გრაფიკი (ს.ფ.84-89)
3.2.6. ხელშეკრულების 5.5. მუხლის შესაბამისად მეიჯარის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში ,,მოიჯარის“ მხრიდან ,,ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა მეიჯარის მიერ ,,ხელშეკრულების“ ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ამ შემთხვევაში მოიჯარეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები. ხელშეკრულება ქირის და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის გამო შეწყვეტილია 2017 წლის 24 ოქტომბერს. დადგენილია, რომ პ------ ა---------ს საგარანტიოს- ბე-ს სახით გადახდილი აქვს 900 ლარი, რაც უნდა გამოაკლდეს მოთხოვნილ თანხას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)
- ხელშეკრულება (ს.ფ.16)
3.2.7. მოცემული სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2018 წლის 30 იანვარს. სარჩელი განხილული იქნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ და 2018 წლის 01 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ისევ იგივე სასამართლოს. აღნიშნულ საქმეზე განსჯადობას მხარეები ეთანხმებიან. გარდა აღნიშნულისა დადგენილია ის ფაქტიც , რომ შეთანხმებულ პირგასამატეხლოსთან დაკავშირებით მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც სხდომაზე განსხვავებული პოზიცია არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)
- ხელშეკრულება (ს.ფ.16)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მოუსმინა მხარეებს, გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, მოპასუხე - პ------ ა---------ის მიმართ, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ სასარჩელო მოთხოვნას უნდა გამოაკლდეს ა---------ის მიერ საგარანტიოს სახით გადახდილი თანხა ცხრაასი ლარის ოდენობით,5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები, ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებისა
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის შესაბამისად იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
სასამართლო თვლის, რომ სახეზეა იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა.
6.3.2015 წლის 17 ივნისს ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და პ------ ა---------ს შორის. აღნიშნული ხელშეკრულებით მეიჯარემ გადასცა, ხოლო მოიჯარემ იჯარის უფლებით მიიღო მეიჯარის საკუთრებაში არსებული ფართი მდებარე ქ.ჭიათურაში გ------–---–-ს ქუჩა 3- საკადასტრო კოდით 3-.1-.0-.0-8.0-.5--. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი წლით, ხოლო ხელშეკრულების ქირა განისაზღვრა 3660 ლარით ყოველწლიურად, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 5 რიცხვამდე 305 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ მოცემული უძრავი ქონება რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. საჯარო რეესტრში იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებულია 2015 წლის 17 ივნისს.
6.4. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
ამავე კანონის მეორე მუხლის ,,დ“ პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა არის სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ხოლო ,,უ1“ პუნქტის თანახმად უძრავი ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;
სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს.
სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვალი №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის პირველი მუხლის შესაბამისად ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების (გარდა დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა) პრივატიზების/ სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.
6.5. დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებისა და ქალაქ ჭიათურაში გ------–---–-ს N3--ში პირველ სართულზე მდებარე 136,96 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით იჯარის გაცემის შესახებ „ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 მაისის N1/1-1753 ბრძანებით დაიდო 2015 წლის 17 ივნისის ხელშეკრულება.
6.6.ხელშეკრულების 5.5. მუხლის შესაბამისად მეიჯარის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში ,,მოიჯარის“ მხრიდან ,,ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა მეიჯარის მიერ ,,ხელშეკრულების“ ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ამ შემთხვევაში მოიჯარეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები. ხელშეკრულება ქირის და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის გამო შეწყვეტილია 2017 წლის 24 ოქტომბერს. დადგენილია, რომ პ------ ა---------ს საგარანტიოს- ბე-ს სახით გადახდილი აქვს 900 ლარი, რაც უნდა გამოაკლდეს მოთხოვნილ თანხას.
ერთმნიშვნელოვნად დასტურდება პ------ ა---------ის მიერ საიჯარო ქირის -2186,17 ლარის გადაუხდელობის ფაქტი , თუმცა ამ შემთხვევაში ქირას უნდა გამოაკლდეს საგარანტიოს სახით გადახდილი თანხა 900 ლარის ოდენობით ხელშეკრულების 5.5. მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.
წარმოდგენილი ხელშეკრულება იჯარის ხელშეკრულებაა და შეწყდა საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო . შეწყვეტა მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია იგი სადაოდ ხდის მხოლოდ საიჯარო ქირის ოდენობას.
6.7.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში,, მოიჯარე“ იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზედაც პირგასამტეხლოს თანხა უნდა იქნას გადახდილი. საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლო მოიჯარეს დაეკისრება 50 ლარის ოდენობით დარღვევის ყოველ დღეზე.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ერთმნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის ოქტომბრის შემდგომ მოპასუხეს დარჩენილი საიჯარო ქირა არ გადაუხდია.
6.8.სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 11 აპრილს გაცემული დოკუმენტებით დასტურდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პ------ ა---------ის მიერ გადახდილი საიჯარო ქირა და პირგასამტეხლო დაგვიანებული დღეების მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტებით ასევე ერთმნიშვნელოვნად დასტურდება პ------ ა---------ის მიერ საიჯარო ქირის -2186,17 ლარისა და პირგასამტეხლოს - 432 ლარის 32 თეთრის გადახდის ვალდებულება. მოპასუხეს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო პოზიცია შესაბამისი მტკიცებულებებით.
სასამართლო თვლის , რომ მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს მოპასუხეს..
6.9. ამდენად სასამართლო თვლის , რომ სარჩელი საფუძვლიანია და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პ------ ა---------ს უნდა დაეკისროს 1718 ლარისა და 49 თეთრის გადახდა, საიდანაც 1286,17 ლარის არის საიჯარო ქირა და - 432 ლარის 32 თეთრი არის პირგასამტეხლო .
6.5.. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – სახელმწიფო ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
მოპასუხემ სარჩელი ცნო ათასი ლარის მოსამზადებელ ეტაპზე ფარგლებში. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დაკმაყოფილებული თანხის ფარგლებში სარჩელის იმ თანხის გამოკლებით, რომელიც ცნო მოპასუხემ.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს.ი.პ. ,, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სარჩელი პ------ ა---------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და პ------ ა---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1718 ( ათასშვიდასთვრამეტი) ლარისა და 49(ორმოცდაცხრა) თეთრის გადახდა.
2. პ------ ა---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით დაეკისროს 10 (ათი) ლარი და 78 (სამოცდათვრამეტი) თეთრი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი