გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/39-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გ---- დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე - სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’;
წარმომადგენელი - ზ------ წ----–--ე;
მოპასუხეები - გ---- თ-----–---–ი, გ---- ლ-------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - გ---- თ-----–---–ს და გ---- ლ-------ეს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------“-ის სასარგებლოდ, დაეკისროს 7,936.63 აშშ დოლარის (21 963.82 ლარის, თანახმად სარჩელის შემოტანის დღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის 1 USD = 2.7674 GEL) გადახდა.
1.2. მოპასუხეებს - გ---- თ-----–---–ს და გ---- ლ-------ეს დაეკისროს 4666.74 დოლარი (12 914.73 ლარი, თანახმად სარჩელის შემოტანის დღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის 1 USD = 2.7674 GEL) მიუღებელი შემოსავალი სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------“-ის სასარგებლოდ.
მოსარჩელე მიუთითებს: სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------”-ს და მოპასუხეს შორის 2015 წლის 01 იანვარს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულება და გირავნობის ხელშეკრულება, ასევე თავდებობის ხელშეკრულება მეორე მოპასუხესთან, რომელთა საფუძველზე გაიცა სასყიდლიანი სესხი (წლიური 72%) 10 076 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო, დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულ იქნა მოძრავი ქონება, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის იმჟამინდელი სარეგისტრაციო ნომერი იყო L------ (მოგვიანებით ავტომობილის რეალიზაციამდე იგი შეიცვალა M----------.
სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა მოპასუხის მიერ რამდენჯერმე მოხდა თუმცა საბოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება მისი მხრიდან 2015 წლის 27 ოქტომბერს დაირღვა, რის გამოც 04 ნოემბერს 2015 წელს გაეგზავნა შეტყობინება მოვალეს, რომლის ჩაბარებაც ვერ მოხერხდა ამიტომ მოხდა საჯარო შეტყობინებით გაფრთხილება 23 ნოემბერს 2015 წლის, რათა შემდგომში შესაძლებელი ყოფილიყო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადმოფორმება მოსარჩელის სახელზე. აქვე აღსანიშნავია, რომ მოვალეს მართალია არ ჩაბარებია შეტყობინება, მაგრამ მან თავად მოიყვანა უზრუნველყოფის საგანი 12 ნოემბერს, რის გამოც ამავე დღიდან მის სესხზე შეწყდა პირგასამტეხლოს დარიცხვა. მანქანის იდენტიფიცირებისათვის საჭირო გახდა ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება ვინაიდან დაზიანებული იყო საიდენტიფიკაციო ნომერი. 2016 წლის 22 აპრილს მოხდა ავტომობილის აქტივში აყვანა, ხოლო 2016 წლის 06 ივნისს ავტომობილის რეალიზების ფასმა შეადგინა 13,930.00 ლარი (6,502.05 აშშ დოლარი).
დღეის მდგომარეობით მოპასუხეს კვლავ რჩება სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------“-ის მიმართ შესასრულებელი ფინანსური ვალდებულება საერთო ოდენობით 7936.63 აშშ დოლარი. გარდა ზემო აღნიშნული დავალიანებისა მოპასუხეს უნდა დაეკისროს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------“-ის მიერ მიუღებელი შემოსავალი, რომელიც ბუღალტრული დაანგარიშების თანახმად შეადგენს 4666.74 აშშ დოლარს, ვინაიდან სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------“-ის საქმიანობაა სესხის გაცემა, რომ მომხდარიყო სესხის დროული დაფარვა კომპანია ამ სახსრებს მიმართავდა ახალი სესხის გასაცემად შესაბამისად მიიღებდა ზემოხსენებულ მოგებას.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხეებმა შესაგებელი არ შემოიტანეს და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელესა და გ---- თ-----–---–ს შორის 2015 წლის 27 იანვარს გაფორმდა №A---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის 27 იანვარს გაფორმდა №A----a შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება. ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 10076 აშშ დოლარი, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 27.01.2015 წლიდან 27.01.2018 წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი 27.01.2015-დან 27.03.2015-მდე - 36%, ხოლო 27.03.2015-დან 60%; პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე, მიმდინარე ნაშთის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის მიხედვით, თვეში 586.61 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2015 წლის 27 იანვრის №A---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება; 2015 წლის 27 იანვრის №A----a საკრედიტო ხელშეკრულება. გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 20-26).
3.1.2. კრედიტის უზრუნველსაყოფად მხარეებს შორის 2015 წლის 27 იანვარს დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა გ---- თ-----–---–ის კუთვნილი ავტომანქანა დაფ F---------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2015 წლის 27 იანვრის NA---- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30).
3.1.3. 2015 წლის 27 იანვარს გ---- ლ-------ესა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------“-ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2015 წლის 27 იანვრის N2077-თ თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-33).
3.1.4. მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მოპასუხეს გაფრთხილების წერილით ეცნობა მის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე და მოსარჩელემ მოსთხოვა გირავნობის საგნის გადაცემა 14 დღის განმავლობაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 4 ნოემბრის გაფრთხილების წერილი (ს.ფ 35).
- 23.11.2016 წლის საჯარო გაფრთხილება საგაზეთო გვერდის ასლი (ს.ფ. 36).
3.1.5. 2015 წლის 12 ნოემბერს გ---- თ-----–---–მა სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ს ნებაყოფლობით გადასცა გირავნობის საგანი, თავისი კუთვნილი ავტომობილი დაფ F---------, სახ. ნომრით L-----. აღნიშნულის შემდეგ შეწყდა პირგასამტეხლოს დარიცხვა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 12 ნოემბრის ბრძანება (ს.ფ. 37)
- ავტომანქანის გადაცემისა და ვიზუალური დათვალიერების აქტი, გ---- თ-----–---–ის ხელწერილი (ს.ფ. 38-39).
3.1.6. მანქანის იდენტიფიცირებისათვის საჭირო გახდა ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან დაზიანებული იყო საიდენტიფიკაციო ნომერი. 2016 წლის 22 აპრილს მოხდა ავტომობილის აქტივში აყვანა, ხოლო 2016 წლის 06 ივნისს ავტომობილის რეალიზების ფასმა შეადგინა 13,930.00 ლარი (6,502.05 აშშ დოლარი).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 40-43).
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 44-45)
3.1.7. სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის მთავარი ბუღალტრის გაანგარიშების მიხედვით მოპასუხე გ---- თ-----–---–ის სასესხო დავალიანება ავტომობილის რეალიზაციის თარიღამდე 22.04.2016 წლამდე შეადგენდა 14 438.68 აშშ დოლარს (საიდანაც ჯარიმა არის - 1404.46 აშშ დოლარი, პროცენტი - 3284.67 აშშ დოლარი, ძირი - 9663.20 აშშ დოლარი, ავტოტექმომსახურება - 11.67 აშშ დოლარი, ევაკუატორის ღირებულება 18.67 აშშ დოლარი, ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება - 56.01 აშშ დოლარი,).
ავტომობილის რეალიზაციის თარიღი 06.06.2016 წელს და ავტომობილის საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 6502.05 აშშ დოლარი.
სულ მიღებული მატერიალური სიკეთე არის 6502.05 აშშ დოლარი, ხოლო დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა 7936.63 აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის მთავარი ბუღალტრის გაანგარიშება (ს.ფ 49).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მიუღებელი შემოსავლი გაანგარიშებულია არაგონივრულად და იგი უნდა შემცირდეს, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი გ---- ლ-------ის ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს კონსტიტუცია.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლება, მათ შორის მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის დაბრუნება.
6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას.
იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ამისათვის საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, შესაბამისად მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულება ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მოსარჩელესა და გ---- თ-----–---–ს შორის 2015 წლის 27 იანვარს გაფორმდა №A---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის 27 იანვარს გაფორმდა №A----a შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება. ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 10076 აშშ დოლარი, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 27.01.2015 წლიდან 27.01.2018 წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი 27.01.2015-დან 27.03.2015-მდე - 36%, ხოლო 27.03.2015-დან 60%; პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე, მიმდინარე ნაშთის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის მიხედვით, თვეში 586.61 აშშ დოლარის ოდენობით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
6.5. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.
სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ---- თ-----–---–მა საბანკო პროდუქტით ისარგებლა და აითვისა კრედიტის თანხა. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხა ვალის დაფარვის მიზნით, ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაირღვა ხელშეკრულება. დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე გაცილებით მეტი პერიოდი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გაცემის შემდეგ, კრედიტის გამცემს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ გ---- თ-----–---–ი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სესხად მიღებული თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული წესით და დათქმულ დროში. მოპასუხეს ასეთი მოვალეობა უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და სესხად მიღებული თანხები ბანკს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი აქვს თანხა 7936.63 აშშ დოლარი. დასახელებული თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.7. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, სასამართლო ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით მოიხმობს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახულ განმარტებას: „სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.15 წ.). სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, განსახილველ შემთხვევაში იკვეთება.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინებასაქმეზე Nას-307-291-2011წ.).
მოსარჩელე ითხოვს მის სასარგებლოდ მოპასუხეს გადასახდელად დაეკისროს მიუღებელი
შემოსავლის სახით დამდგარი ზიანი – 4666.74 აშშ დოლარი 15 თვეზე.
ამდენად, კრედიტორს გააჩნია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ხელშეკრულების დარღვევისათვის, თუმცა, ზიანის ოდენობის დაანგარიშების მიზნისათვის მთავარია ვალდებულების დარღვევის პერიოდი.
ნიშანდობლივია, რომ მიდგომა განსხვავებულია ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან, რაც განპიროპობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვითი უნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც ყველა შემთხვევაში, ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით.
განსახილველ დავაში მიუღებელი შემოსავლის არსებობა უდავოა, რადგან ფული, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მას. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება“ (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).
მიუღებელი შემოსავალი ზიანის ერთ-ერთი სახეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული, კერძოდ: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით დასაკისრებელი თანხის - 7936.63 აშშ დოლარის წლიური 9%-ის გადახდა, რაც წელიწადში შეადგენს 714.30 აშშ დოლარს, ხოლო თვეში (714.30: 12 =59.52) 59.52 აშშ დოლარს, 15 თვეში (59.52X15=892.87) კი შეადგენს 892.87 აშშ დოლარს.
6.8. სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა. სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სსკ-ის 463-ე მუხლში აყალიბებს. მუხლის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ. 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, კრედიტორის მოთხოვნები სოლიდარულ მოვალეთა მიმართ ერთიანი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობდეს.
მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული.
ის ფაქტი, რომ სოლიდარულ ვალდებულებაში მონაწილე რამდენიმე პირთაგან თითოეულს მთლიანი ვალდებულების შესრულება ეკისრება, ანდა თითოეული მთლიანი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზეა უფლებამოსილი, განასხვავებს სოლიდარულ ვალდებულებას წილადი ვალდებულებისაგან. ვალდებულებაში წილობრივად მონაწილე ნებისმიერ პირს ვალდებულების შესრულება მხოლოდ კუთვნილი წილის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს და შესაბამისად, მას მხოლოდ ამ წილის ოდენობით ეკისრება შესრულების ვალდებულებაც. როგორც წილადი, ასევე სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში ვალდებულების არსიდან ნათლად გამომდინარეობს წილობრივად, ანდა სოლიდარულად მონაწილე თითოეული სუბიექტის უფლება-მოვალეობათა ოდენობა „გარე“ ურთიერთობაში. განსხვავებულ სურათთან გვაქვს საქმე ვალდებულებაში მონაწილე ამ რამდენიმე სუბიექტის „შიდა“ ურთიერთობასთან დაკავშირებით. „გარე“ ურთიერთობაში წილობრივი ან სოლიდარული უფლებამოსილება თუ ვალდებულება იმისგან დამოუკიდებლად არსებობს, თუ როგორ აქვთ მოწესრიგებული „შიდა“ ურთიერთობები ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს. შესაბამისად, შესაძლებელია ვალდებულებაში სოლიდარულად, ანდა წილობრივად მონაწილე პირებს „შიდა“ ურთიერთობა სრულიად განსხვებულად ჰქონდეთ დარეგულირებული. „შიდა“ ურთიერთობა მხოლოდ „გარე“ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ხდება აქტუალური. სწორედ „შიდა“ ურთიერთობებით დადგენილი წილი განსაზღვრავს იმას, თუ საბოლოოდ ვინ რა ოდენობითაა ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული ანდა მის მიღებაზე უფლებამოსილი.
წილადი მონაწილეობისაგან განსხვავებით, ვალდებულებაში სოლიდარული მონაწილეობის დროს კანონი იძლევა პასუხს სოლიდარულ მონაწილე პირთა წილების თაობაზე. სსკ-ის 462-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სსკ-ის 463-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბოლო კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია. სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულება, კანონი და ვალდებულების საგნის განუყოფლობა. (საქმე №ას-1158-1104-2014; 06 მაისი, 2015 წელი).
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება”. ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილით ,, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე”.
სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობა აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა იქნეს გამოხატული. ამისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი თანახმაა იკისროს პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე და იმ პირის ვალდებულებისათვის, რომელიც კრედიტორთან მოვალედ გამოდის. გარდა ამისა, თავდებობის დოკუმენტში ანუ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ის კონკრეტული მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც კისრულობს გარანტი პასუხისმგებლობას. აღნიშნული ფორმის დაუცველობა იწვევს თავდებობის თაობაზე მიღწეული ყველა ფორმის ბათილობას და შესაბამისად, თავდების ვალდებულების გაუქმებას.
თავდებობის შინაარსში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თავდების პასუხისმგებლობის ფარგლების ზუსტად განსაზღვრას. თავდების ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული იმ ზღვრული თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც თავდები კისრულობს პასუხიმგებლობას, ანუ რა თანხის ფარგლებში აგებს პასუხს თავდები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავდების ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული თავდების ზღვრული ოდენობა სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის სასარჩელო მოთხოვნა გ---- ლ-------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესაბამისი ოდენობის სახელმწიფო ბაჟი 733.04 ლარის, ექსპერტიზის ხარჯი 120 ლარის და ტექნიკური მომსახურების 25 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი ნაწილი 313.31 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. გ---- თ-----–---–ს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს - 7936,63 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. გ---- თ-----–---–ს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით - 892,87 აშშ დოლარის გადახდა.
1.3. სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის სარჩელი 3773,87 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.4. მოსარჩელე სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის მოთხოვნა მოპასუხე გ---- ლ-------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
1.5. გ---- თ-----–---–ს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 733,04 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის - 120 ლარის და ტექნიკური მომსახურების - 25 ლარის გადახდა.
1.6. სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G---------’’-ის მიერ გადახდილი ბაჟიდან 313,31 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გ---- დიდავა