გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.07.2019
საქმის ნომერი
080210117002116977
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2827-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

მოსარჩელე - ვ--–------ე ო----–--ე;

მოპასუხე - მ------ ო----–--ე;

მოპასუხე - სს ,,ს----------–--------ი“;

წარმომადგენელი - გ------- ც------;

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღმასრულებლის მიერ მ------ ო----–--ის ვალის გამო დაყადაღებული მისი კუთვნილი ნივთები: 1. მაგიდა ხის 6 სკამით 2. ტყავის სამეული - 1ც. 3. ნაჭრის სამეული - 1ც. 4. ტელევიზორი ,,ვესტელი“ - 1ც. 5. მაცივარი ,,LG” - 1ც. 6. სარეცხი მანქანა , ,,LG”, ვერცხლისფერი - 1 ც. 7. კარადა ხის, ჩუქურთმებიანი - 1 ც. 8. პიანინო ,,პეტერბურგი“, შავი ფერის - 1ც. 9. ტელევიზორი ,,LG“-ის ფირმის ფერცხლისფერი. 10. ჟურნალის მაგიდა ხის, მინის ზედაპირით. 11. გაზქურა ,,cetintas” ვერცხლისფერი. 12. მაგიდა მინის ზედაპირით მეტალის კონსტრუქციაზე. 13. კედლის კარადა ე.წ. ,,სტენკა“.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 17 ივნისს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ შედგა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ. ასევე 2015 წლის 30 ნოემბერს შედგა მეორე აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, რომლითაც 2014 წლის აქტში აღწერილ ნივთებს დაემატა კიდევ ხუთი ნივთი, როგორც მისთვისაა ცნობილი კრედიტორ სს ,,პ-----------ის“ (რონლის სამართალმემკვიდრეა სს ,,ს----------–--------ი“) სასარგებლოდ დაყადაღდა მისი კუთვნილი ნივთები მოვალე მ------ ო----–--ის ქონება. სინამდვილეში აღნიშნული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა, რის გამოც ითხოვს მისი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ------ ო----–--ეს მიერ შესაგებელი არ წარმოდგენილა და არც საქმის სასამართლო განხილვისას არ გამოცხადებულა, შესაბამისად, მას საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

2.2 მოპასუხე სს ,,ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი ცნო სრულად. (იხ. შესაგებელი; სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 17 ივნისს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ დაყადაღდა ქ. ქუთაისში, ნ----–---–-ს პირველი შეს. N8-ში

საცხოვრებელ სახლში არსებული შემდეგი ნივთები: 1. მაგიდა ხის 6 სკამით 2. ტყავის სამეული - 1ც. 3. ნაჭრის სამეული - 1ც. 4. ტელევიზორი ,,ვესტელი“ - 1ც. 5. მაცივარი ,,ელჯი“ - 1ც. 6. სარეცხი მანქანა ,,ელჯი“, ვერცხლისფერი - 1 ც. 7. კარადა ხის, ჩუქურთმებიანი - 1 ც. 8. პიანინო ,,პეტერბურგი“, შავი ფერის - 1ც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აქტი მოვალის ქონების აღწერი და დაყადაღების შესახებ (ს.ფ 14).

 

3.1.2. 2015 წლის 30 ნოემბერს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ დაყადაღდა ქ. ქუთაისში, ნ----–---–-ს პირველი შეს. N8-ში საცხოვრებელ სახლში არსებული შემდეგი ნივთები: 1. ტელევიზორი ,,LG“-ის ფირმის ფერცხლისფერი. 2. ჟურნალის მაგიდა ხის, მინის ზედაპირით. 2. გაზქურა ,,cetintas” ვერცხლისფერი. 4. მაგიდა მინის ზედაპირით მეტალის კონსტრუქციაზე. 5. კედლის კარადა ე.წ. ,,სტენკა“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აქტი მოვალის ქონების აღწერი და დაყადაღების შესახებ (ს.ფ 69-70).

 

3.1.3. ქ. ქუთაისში, ნ----–---–-ს პირველი შეს. N8-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა ვ--–------ე ო----–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 20-21).

 

3.1.4. მოსარჩელის განმარტებით, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა პორტუგალიაში და დაგროვებული თანხით მოახდინა ქონების შეძენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პასპორტის ასლი (ს.ფ 22-26).

- გამარტივებული დეკლარაცია (ს.ფ. 27).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

- მხარეებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებიათ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--–------ე ო----–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და მე-19-ე მუხლი;

5.2.,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 , 44-ე, 32-ე მუხლები;

5.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე, 170-ე, 172-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და დაცული უფლებაა იმ უფლებათაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. წინამდებარე დავის გადაწყვეტაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საკუთრების უფლების რეალიზაციის საკითხი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში და მე-19 მუხლის პირველ პუნქტში იმპერატიულად აღნიშნულია - „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება".

 

სასამართლო გამარტავს, რომ საკუთრება წარმოადგენს ადამიანის ბუნებით უფლებას, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნული თავისუფლება. საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია. საკუთრება ადამიანის იმ ძირითად უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც საფუძველს უყრის დემოკრატიულ და სოციალურ სახელმწიფოს, იგი არის მთავარი მამოძრავებელი ძალა სახელმწიფოში საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და მეწარმეობის განვითარებისა. საკუთრების შეძენისა თუ შენარჩუნების მიზნით სამართლის სუბიექტები მონაწილეობენ სხვადასვა სამართალურთიერთობებში. საკუთრება ასოცირდება პირის დამოუკიდებლობასთან. მესაკუთრეს დამოუკიდებლად, მესამე პირების გარეშე შეუძლია საკუთრების უფლებით სარგებლობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ის, ყადაღადადებული ნივთების მესაკუთრეა. მიუხედავად ამისა სააღსრულებო ბიურომ ნივთები მიიჩნია მ------ ო----–--ის საკუთრებად და დააყადაღა მ------ ო----–--ის ვალის დაფარვის მიზნით. მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი დარღვეული უფლების აღდგენისათვის მომართოს სასამართლოს და ამტკიცოს დაყადაღებულ ნივთებზე მისი საკუთრების უფლება.

 

6.2. მოსარჩელის მოთხოვნის პროცესუალური საფუძველია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დაყადაღებული ქონება მისი საკუთრებაა და რომ მათზე საკუთრების უფლება გააჩნია მხოლოდ მას. აღნიშნულის გამო ისარგებლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებით და სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

აღმასრულებელის ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. მ------ ო----–--ე ნებაყოფილებით არ იხდიდა დაკისრებულ თანხას, ამიტომ მან დააყადაღა ვ--–------ე ო----–--ის საცხოვრებელ მისამართზე განთავსებული ქონება და შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება. დასახელებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ აღსრულება დაიწყო და გაგრძელდა სწორად.

 

სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლებას ადასტურებს, ის რომ სადავო ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოძრავი ნივთების საკუთრების უფლება კი დგინდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელობით. იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს თვით მოსარჩელემ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს ვ--–------ე ო----–--ის საკუთრებას. დაყადაღებული ნივთების მესაკუთრე არაა ის პირი ვისაც სს ,,ს----------–--------ის“ ვალი აქვს. შესაბამისად ამ ნივთებით გადაწყვეტილების აღსრულება ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების აღსრულების მიზანსა და წესს. აღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ------ ო----–--ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 118 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხე სს ,,ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა მოსამზადებელ სტადიაზე შესაგებლით სარჩელი ცნო, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბრის და 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებებით საქმეზე გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებული იქნა დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ვ--–------ე ო----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღმასრულებლის მიერ მ------ ო----–--ის ვალის გამო დაყადაღებული ვ--–------ე ო----–--ის კუთვნილი ნივთები: 1. მაგიდა ხის 6 სკამით. 2. ტყავის სამეული - 1ც. 3. ნაჭრის სამეული - 1ც. 4. ტელევიზორი ,,ვესტელი“ - 1ც. 5. მაცივარი ,,LG” - 1ც. 6. სარეცხი მანქანა , ,,LG”, ვერცხლისფერი - 1 ც. 7. კარადა ხის, ჩუქურთმებიანი - 1 ც. 8. პიანინო ,,პეტერბურგი“, შავი ფერის - 1ც. 9. ტელევიზორი ,,LG“-ის ფირმის ფერცხლისფერი. 10. ჟურნალის მაგიდა ხის, მინის ზედაპირით. 11. გაზქურა ,,cetintas” ვერცხლისფერი. 12. მაგიდა მინის ზედაპირით მეტალის კონსტრუქციაზე. 13. კედლის კარადა ე.წ. ,,სტენკა“.

2. მოპასუხე მ------ ო----–--ეს დაეკისროს მოსარჩელე ვ--–------ე ო----–--ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 118 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა დიდავა