გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210017002080500
№2/3478-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.09.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - შპს “B------S”
წარმომადგენლები - ლ----------–---–ი, რ----–------------ა
მოპასუხეები - თ----ზ ქ-------ე, თ----–ა ტ----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. თ----ზ ქ-------ისა და თ----–ა ტ----ისათვის შპს “B------S”-ის სასარგებლოდ, გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება სოლიდარულად 1840 ლარის ოდენობით.
1.2. თ----ზ ქ-------ისა და თ----–ა ტ----ისათვის შპს “B------S”-ის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება 864.80 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, გადაუხდელი სამედიცინო მომსახურების ღირებულების დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. პაციენტ თ----ზ ქ-------ეს შპს “B------S”-ის „ბ-----------------–---------------------------------------–ის“ მრავალპროფილიან სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება - ა-------------------–-----–-----------–----------ა, ღირებულებით 9200 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ანგარიშ-ფაქტურა #601;
- მხარეთა შეთანხმება;
3.1.2. პაციენტ თ----ზ ქ-------ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილი - 7360 ლარის ოდენობით დაფინანსდა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, პაციენტს კი გადასახდელად დაერიცხა 1840 ლარი, რაც თ----ზ ქ-------ეს სტაციონარიდან გაწერამდე არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ანგარიშ-ფაქტურა #601;
- მხარეთა შეთანხმება;
3.1.3. 2016 წლის 16 ნოემბერს შპს ,,B------S”-სა, პაციენტ თ----ზ ქ-------ეს და პაციენტის თანხმლებ პირს თ----–ა ტ----ეს შორის გაფორმდა შეთანხმება კლინიკის წინაშე არსებული დავალიანების 1840 ლარის გადახდის გადავადების თაობაზე. შეთანხმების თანახმად, თ----ზ ქ-------ემ და თ----–ა ტ----ემ აღიარეს სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული დავალიანება და განაცხადეს თანხმობა, რომ არსებულ დავალიანებას სოლიდარულად დაფარავდნენ 2017 წლის 16 იანვრამდე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, დავალიანების 0.2%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რომლის გადახდა სოლიდარულად დაეკისრებოდათ თ----ზ ქ-------ეს და თ----–ა ტ----ეს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მხარეთა შეთანხმება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თ----ზ ქ-------ემ და თ----–ა ტ----ემ დაარღვიეს 16.11.2016 წლის შეთანხმების პირობები და აღიარებული დავალიანება შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში და შემდგომ პერიოდში არ გადაიხადეს. შესაბამისად, მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ, გაწეული სამედიცინო მომსახურების გადაუხდელი ღირებულების სახით შეადგენს 1840 ლარს. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოპასუხეებს ასევე დაერიცხათ პირგასამტეხლო, რაც 16.11.2016 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით შეადგენს 864.80 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ, აუნაზღაურებელი სამედიცინო მომსახურების სახით, შეადგენს 1840 ლარს, რასაც სრულად ადასტურებს მოპასუხე მხარეც. მხარეთა შორის დავას იწვევს დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, მართალია, მოპასუხე მხარე სარჩელის მოთხოვნას არ ცნობს პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში, მაგრამ იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს თანხა დარიცხულია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობების მიხედვით, სადავოდ არ ხდის. მოპასუხეები მიუთითებენ მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლო, საქმის გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო რეალურად შეუსაბამოდ მაღალია. თუმცა დარიცხული პირგასამტეხლოს გონივრულ შეუსაბამობაზე, სასამართლო მსჯელობას იქონიებს მოთხოვნის სამართლებრივი შეფასების ეტაპზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხე მხარის ვალდებულება დავალიანების გადახდის თაობაზე, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 341-ე, 361-ე, 417-420-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულია ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებული იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია პაციენტს, ხოლო პაციენტმა და მისმა თანხმლებმა პირმა იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ შესრულებული სამუშაოს საფასური. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება - სათანადო სამედიცინო მომსახურება გაეწია პაციენტისათვის, შეასრულა ჯეროვნად, ხოლო მოპასუხე მხარემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და მიღებული მომსახურების ღირებულება სრულად არ აანაზღაურა, რის გამოც სამედიცინო მომსახურების გადაუხდელი ღირებულების სახით ეკისრება დავალიანება 1840 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის დავალიანების სახით 1840 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა დადგენილ ვადაში. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, რაც შეადგენდა ყოველ ვადაგადაცლებულ დღეზე დარჩენილი დავალიანების 0,2 პროცენტს, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 864.80 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლო მიზანშეწონლად მიიჩნევს, დარიცხული პირგასამტეხლო შეამციროს 20-ჯერ და ასანაზღაურებელი პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვროს 43.24 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ მოცემულ სარჩელზე, დავის საგნის ღირებულების შესატყვისად, მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელის მოთხოვნა 1840 ლარის ფარგლებში და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1.60 ლარის ოდენობით, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 68.03 ლარი. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30.37 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად.
8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მხარეები 2016 წლის 16 ნოემბრის შეთანხმებით, თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავის კრედიტორის შპს “B------S”-ის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეამოწმა რა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს “B------S”-ის წარმომადგენლის განცხადება გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 269-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს “B------S”-ის სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. მოპასუხეებს თ----ზ ქ-------ეს და თ----–ა ტ----ეს, შპს “B------S”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1883.24 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 1840 ლარი გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებაა, 43.24 ლარი - პირგასამტეხლო.
2. მოპასუხეებს თ----ზ ქ-------ეს და თ----–ა ტ----ეს შპს “B------S”-ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1.60 ლარის ოდენობით.
3. შპს “B------S”-ს (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სს „ი–------------------–--ს“ 2017 წლის 6 სექტემბრის #2--- საგადახდო დავალებბით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ნაწილი 68.03 ლარის ოდენობით. (შესრულების თარიღი - 07.09.2017; შემოსვლის თარიღი - 07.09.2017; მიმღები - ერთიანი საგადასახადო ანგარიში; სახაზინო კოდი - 300693150)
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი