გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #611210019002956611
#2/181-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.07.2019 წ. ქ. მ--------–ი
შესავალი ნაწილი
მ--------–ის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე მანანა მესხიშვილი
სხდომის მდივანი ელენე თაგაური
მოსარჩელე - ვ-----–- კ---------
მოსარჩელის წარმომადგენელი - ო---- მ-----------–----
მოპასუხე - ს----- ა----ი
მოპასუხის წარმომადგენელი - ვ--–------ გ----–---–-
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ვ-----–- კ--------- ითხოვს ს----- ა----ისთვის ალიმენტის დაკისრებას და მასთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
ვ-----–- კ--------- და ს----- ა----ი ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იყვნენ 2006 წლის 11 ივნისიდან. 2----–-–---------------ს მათი ქორწინება დარეგისტრირდა. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–------------------ს დაბადებული ე-–---- ა----ი და 2----–-–-------------ს დაბადებული მ--–--- ა----ა. დაოჯახების შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ ქ. თბილისში მდებარე მოპასუხის სახლში, მის მშობლებთან ერთად. თავიდან მათ ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, თუმცა მოგვიანებით მოპასუხე მეუღლის და შვილების მიმართ გახდა გულგრილი. მოსარჩელის მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და 2018 წლის 28 აგვისტოს ისინი დაშორდნენ. მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში, სოფელ თ---------ში და მათ გაწყვეტილი აქვთ ყოველგვარი ურთიერთობა. მოსარჩელე უმუშევარია და ბაშვების რჩენაში მას ეხმარებიან მშობლები. ს----- ა----ი მონაწილეობას არ იღებს ბავშვების აღზრდაში, არ ეხმარება მას მატერიალურად. განათლების მისაღებად ბავშვები სოფელი თ---------იდან დადიან ქ. მ--------–ში მდებარე #4 საჯარო სკოლაში, ასევე მონაწილეობას ღებულობენ სკოლის გარეშე ღონისძიებებში. ს----- ა----ი დაკავებულია ბიზნესით, კერძოდ, მუშაობს ტურისტულ ფირმაში და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს მინიმუმ 1500-2000 ლარს. ვ. კ---------მ მას სთხოვა, რომ ქორწინება შეეწყვიტათ სამოქალაქო რეესტრში ერთობლივი განცხადების შეტანით, მაგრამ მან უარი განუცხადა.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ვ-----–- კ--------- ითხოვს მოპასუხისთვის თითოეული ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200-200 ლარის დაკისრებას ბავშვების სრულწლოვნებამდე, ასევე განქორწინებას.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თბილისში ცხოვრების დროს ვ. კ--------- მუშაობდა სამკერვალოში, თუმცა მას შემდეგ, რაც მ--------–ში გადავიდა საცხოვრებლად, ანაზღაურება მისთვის ხელსაყრელი აღარ არის. ის გადის კურსებს და უნდა, რომ მუშაობა დაიწყოს. უფროსი შვილი დადის სკოლაში, ხოლო უმცროსი - ბაღში.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ს----- ა----მა სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, მან თანხმობა განაცხადა განქორწინებასა და თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 80 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდაზე. მისი მითითებით, სახლი, სადაც ის მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობდა, ამჟამად ,,საქართველოს ბანკის" საკუთრებაა, რომელიც შეიძინა ვალის სანაცვლოდ და ამ სახლში ის მშობლებთან ერთად ცხოვრობს დამქირავებლის სტატუსით. მას და მის მშობლებს ჰქონდათ შერიგებისა და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარების მცდელობა, მაგრამ მოსარჩელემ და მისმა ოჯახმა შეთავაზება არ მიიღო. მოპასუხეს არ გააჩნია ბიზნესი და არ ეწევა აქტიურ სამეურნეო საქმიანობას.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ს----- ა----ს ნაქირავები ჰქონდა სატრანსპორტო საშუალება და მგზავრები გადაჰყავდა, თუმცა ახლა, რაც თბილისის მერიამ მანქანების გადაღებვა მოითხოვა, კომპანიამ მას უარი უთხრა, და ის სამსახურის ძებნით არის დაკავებული. გარდა ამისა, მის მეზობლად რუსი ქალბატონი აპირებდა ტურისტული სასტუმროს გახსნას და ს. ა----ი მას ეხმარებოდა, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, თუმცა დღეისათვის ეს სასტუმრო არ ფუნქციონირებს. ამასთან, ამჟამად ს. ა----თან სახლში გამოცხადდა აღსრულების პოლიცია მისი ოჯახის გამოსასახლებლად. ვ. კ---------ს ოჯახის მატერიალური მდგო----ეობა მის მდგო----ეობაზე უკეთესია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვ-----–- კ--------- და ს----- ა----ი 2006 წლის 11 ივნისიდან იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2----–-–---------------ს მათი ქორწინება დარეგისტრირდა.
მტკიცებულებები:
- ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 19);
- მხარეთ ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-6, 27-29).
3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში ვ-----–- კ---------ს და ს----- ა----ს შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–------------------ს დაბადებული ელმირ ა----ი და 2----–-–-------------ს დაბადებული მ--–--- ა----ა.
მტკიცებულებები:
- დაბადების მოწმობები (ს. ფ. 17,18).
3.1.3. 2018 წლის 28 აგვისტოს მეუღლეები დაშორდნენ. ვ-----–- კ--------- არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ---------ში, თავისი მშობლების სახლში. ის არ მუშაობს, დაკავებულია შვილების აღზრდით.
მტკიცებულებები:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-6, 27-29, 2019 წლის 25 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:53:09- 11:57:18; 11:57:21- 12:02:45);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის წერილი (ს. ფ. 66).
3.1.4. ს----- ა----ს გადაჰყავდა მგზავრები შესაბამისი ანაზღაურები სანაცვლოდ.
მტკიცებულებები:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-6, 27-29, 2019 წლის 25 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:53:09- 11:57:18; 11:57:21- 12:02:45).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. უძრავი ქონება, სადაც დაშორებამდე ცხოვრობდნენ მხარეები, ამჟამად ირიცხება სს ,,საქართველოს ბანკის" სახელზე საკუთრების უფლებით. ს----- ა----ს საკუთრებაში არ აქვს უძრავი ქონება.
მტკიცებულება:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 39-40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-6; 27-29, 2019 წლის 25 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:53:09- 11:57:18; 11:57:21- 12:02:45).
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას ს----- ა----ის შემოსავლის ოდენობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგინა, სასამართლოს მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად კი, 2019 წლის 5 ივლისის მდგო----ეობით, ს----- ა----ის მიერ 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
მტკიცებულებები:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-6, 27-29, 2019 წლის 25 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:53:09- 11:57:18; 11:57:21- 12:02:45);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის წერილი (ს. ფ. 66).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-----–- კ---------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ს----- ა----ს თითოეული შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით უნდა დეკისროს 120 ლარის გადახდა, ამასთან, უნდა შეწყდეს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე 1197-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები და ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
საქართველოს სსკ-ის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სკ-ის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოცემულ შემთხვევაში, ვ-----–- კ--------- ითხოვს ს----- ა----თან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.
მოპასუხე ცნობს სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
თუ მოპასუხე ცნობს სარჩელს, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
“ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგო----ეობას.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგო----ეობაში.
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ უმუშევრობა არ წარმოადგენს ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს, ვინაიდან მშობელი ვალდებულია ყოველი ღონე იხმაროს და არჩინოს შვილი. იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი(Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი(Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნისუფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბავშვებს რაიმე ქონება ან/და შემოსავალია არ აქვთ და მთლიანად დამოკიდებული არიან მშობლებზე, მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლებთან, ბავშვები მის კმაყოფაზე არიან, თავად არ მუშაობს და დაკავებულია ბავშვების აღზრდით, ხოლო მოპასუხეს არ აქვს სტაბილური შემოსავალი, ამასთან, არის შრომისუნარიანი და მის კმაყოფაზე არავინ იმყოფება, და მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგო----ეობის გათვალისწინებით, 2----–-–------------------ს დაბადებული ელმირ ა----ის და 2----–-–-------------ს დაბადებული მ--–--- ა----ას რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი იქნება 120 ლარის ოდენობით ალიმენტი თითოეული ბავშვისათვის, რომლის გადახდაც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ 50 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 200-200 ლარის დაკისრებას, თუმცა მოთხოვნა დაკმაყოფილდა 120-120 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, დაკმაყოფილებული სარჩელის ფასი შეადგენს (120X2X12) 2880 ლარს, რომლის 3%-ია 86,4 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა განახევრდეს. ამასან, მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 80 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების, ასევე განქორწინების ნაწილში, რაც მისთვის ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ-----–- კ---------ს სარჩელი ს----- ა----ის მიმართ განქორწინების და ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს მოსარჩელე ვ-----–- კ---------ს (პნ 2----------) და მოპასუხე ს----- ა----ს (პნ 0----------) შორის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურში 2----–-–---------------ს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის №-----------).
3. ს----- ა----ს ვ-----–- კ---------ს სასარგებლოდ შვილების - 2----–-–------------------ს დაბადებული ელმირ ა----ის და 2----–-–-------------ს დაბადებული მ--–--- ა----ას რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 120 ლარის გადახდა 2019 წლის 19 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
4. ვ-----–- კ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 19 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
5. ს----- ა----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 14,4 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მ--------–ის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
7. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.
მოსამართლე მანანა მესხიშვილი