გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2019
საქმის ნომერი
180210019002810550
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/35-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ივლისი, 2019 წელი ქ.მც----ა

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

მც----ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბადრი შონია

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

 

მოსარჩელე ეკ--------- ბე-------ე

წარმომადგენელი მ---- ფე-----–---–ი

 

მოპასუხე - მი----– გო------ი

 

დავის საგანი საზიარო უფლების გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: მც----ის რაიონი, წე-------ი, სახლი N8--, ს/კ 72----------, უძრავი ქონების რეალიზაციის გზით და საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდეს თანამესაკუთრეების წილების შესაბამისად.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელეს და მოპასუხეს თანასაკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონება მდებარე: მც----ა, წე-------ი, სახლი N8--, აღნიშნული უძრავი ქონების 4/5 ნაწილი ეკუთვნის მოსარჩელე ეკ--------- ბე-------ეს, ხოლო დარჩენილი 1/5 ნაწილი კი მი----– გო------ს. თანასაკუთრებაში ასრებული უძრავი ქონება მთლიანად დაკავებული აქვს მოპასუხეს და ცხოვრობს ახალ მეუღლესთან ერთად. მოსარჩელეს ეზღუდება უფლება თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს მის საკუთრებაში არსებული წილით. საზიარო ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია, რაც დასტურდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 ოქტომბრის დასკვნით, რის გამოც არსებობს საზიარო უფლების გაუქმების მხოლოდ ერთი საშუალება, უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე მი----– გო------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე 2015 წელს მიაშენა დამატებითი ფართი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და რომლის მშენებლობაშიც ეკ--------- ბე-------ეს მონაწილეობა არ მიუღია. მისივე განმარტებით, ის წინააღმდეგია გაიყიდოს უძრავი ქონება აუქციონზე და არ უკრძალავს ეკ--------- ბე-------ეს იქ მისვლას და თავის კუთვნილ ფართში ცხოვრებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მც----აში, წე-------ში მდებარე (სახლი N8--) 439,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობება საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ეკ--------- ბე-------ეს და მოპასუხე მი----– გო------ს, შემდეგი წილობრივი მონაცემებით, კერძოდ, ეკ--------- ბე-------ეს - 4/5 ნაწილი, ხოლო მი----– გო------ს 1/5 ნაწილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

- საჯარო რეესტრის ამონაწერი

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 ოქტომბრის N5--------- დასკვნის შესაბამისად: მც----ა, წე-------ში მდებარე N72---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (53,57 კვმ შენობა ნაგებობისა და 374 კვმ განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის) თანამესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული წილების (1/5 და 4/5) შესაბამისად გამიჯვნა, გამოყოფილი ნაწილებისათვის დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 31 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მი----– გო------მა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მიაშენა დამატებითი ფართი, რომელიც არ არის რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით.

 

2018 წლის 31 ოქტომბრის N5--------- დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზა ვერ იმსჯელებდა ფაქტობრივად არსებული 141,48 კვმ შენობა-ნაგებობის და შესაბამისად შემცირებული განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესაძლებლობაზე, სანამ არ მოხდებოდა რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტება და ასახვა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში.

 

ექსპერტი, ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში უთითებს, რომ საკადასტრო გეგმის და მის მიერ შენობა-ნაგებობაში ჩატარებული შიდა აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების ურთიერთშედარების შედეგად გაირკვა, რომ საკადასატრო გეგმაზე დატანილ შენობა-ნაგებობაზე მომხდარია მიშენებები ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთ მიმართულებებით და წარმოადგენს დაურეგისტრირებელ ნაწილს. 141,48 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობიდან 87,91 კვმ ფართი წარმოადგენს დაურეგისტრირებელ ფართს, ხოლო 53,57 კვ.მ ფართი წარმოადგენს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ შენობა-ნაგებობის შიდა ფართს.

 

სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ნ---- სვ----ემ დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე და მიუთითა, რომ მის მიერ დასკვნაში გაკეთებული გამიჯვნა დარეგისტრირებულ და დაურეგისტრირებელ ფართებს შორის განპირობებულია საკადასტრო გეგმაზე დატანილი მონაცემების და ასევე გამოსაკვლვევი ობიექტის ვიზუალური დათვალიერების შედეგად. ამასთან, ექსპერტი განმარტავს, რომ საკვლევ ობიექტში ფაქტობრივად არსებული შენობა-ნაგებობის ფართი შეადგენს 141,48 კვმ-ს. აღნიშნული ფართის და შესაბამისად შემცირებული განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესაძლებლობაზე ვერ იმსჯელებს მანამ, სანამ არ მოხდება რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტება და ასახვა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

- 2018 წლის 31 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნა

 

- 2019 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუძლებელია უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით, რის გამოც საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს საზიარო საგნის რეალიზაციის გზით, ხოლო ამონაგები თანხა მხარეებს შორის უნდა განაწილდეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მათი წილების შესაბამისად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 173-ე, 961-ე, 963- 964-ე, 954-955-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

აღნიშნული დებულების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამასთან, საკუთრება წარმოადგენს პირთა აბსოლუტურ უფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქონების ამა თუ იმ პირზე კუთვნილებას უნდა აცნობიერებდეს არა მარტო ამ ნივთის მფლობელი, არამედ ყველა დანარჩენი მესამე პირი. ეს წინაპირობები აუცილებელია იმისათვის, რათა მესაკუთრემ შეძლოს ქონებასთან თავისუფალი ურთიერთობების განხორციელება. სასამართლო განმარტავს, რომ ნივთზე საერთო საკუთრების არსებობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების შეზღუდვას და დაკნინებას. თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა - სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საზიარო უფლება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.

 

იმავე კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მც----აში, წე-------ში მდებარე (სახლი N8--) 439,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობება საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ეკ--------- ბე-------ეს და მოპასუხე მი----– გო------ს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. დასახელებული ნორმის დისპოზიციით განსაზღვრულია საზიარო უფლების მქონე პირის უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით (სსკ 963-ე მუხლი), ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია - საზიარო საგნის რეალიზაციით (სსკ 964-ე მუხლი). საზიარო უფლების გაუქმებისათვის ამ ვალებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის მიერ ნების გამოვლენა საკმარისია.

 

აღნიშნული დებულება ნიშნავს იმას, რომ საზიარო უფლების გაუქმებისათვის საკმარისია ერთ-ერთი მოწილის მოთხოვნა.

 

სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

 

მითითებული ნორმის საფუძველზე, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ეს მუხლი ქონების გაყოფის ორ აუცილებელ პირობას ადგენს: 1. ნივთი უნდა დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად, 2. ნივთი უნდა გაიყოს ღირებულების შემცირების გარეშე.

 

როგორც პირველი, ასევე, მეორე კომპონენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი. ამასთან, ორივე შემთხვევაში, ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური ცოდნის მქონე პირის - სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 ოქტომბრის N5--------- დასკვნის შესაბამისად: მც----ა, წე-------ში მდებარე N72---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (53,57 კვმ შენობა ნაგებობისა და 374 კვმ განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის) თანამესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული წილების (1/5 და 4/5) შესაბამისად გამიჯვნა, გამოყოფილი ნაწილებისათვის დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მი----– გო------ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ არის წინააღმდეგი ეკ--------- ბე-------ემ იცხოვროს და ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, ვინაიდან მოსარჩელე მოპასუხესთან განქორწინებულია, მათ შორის არის კონფლიქტური ურთიერთობა, ამასთან, მოპასუხეს შექმნილი აქვს სხვა ოჯახი და მეორე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მიერ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობას.

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საერთო სარგებლობაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე მოპასუხის მიერ განხორციელებული არის მიშენებები, რომლებიც წარმოადგენს დაურეგისტრირებელ ფართს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობები, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ამავე კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობები და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ შენობა-ნაგებობა არ წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს, ანუ ძირითად ნივთზე არსებული უფლებრივი მდგომარეობა ვრცელდება მის არსებით შემადგენელ ნაწილზეც. შესაბამისად, ძირითად ნივთზე თანასაკუთრების უფლებრივი პროპორციის რეჟიმში ექცევა მისი არსებითი შემადგენელი ნაწილიც.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტრესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

 

საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. თუმცა, ნატურით გაყოფასთან მიმართებაში ერთი შეზღუდვა მაინც მოქმედებს - საზიარო საგნის დაყოფა შესაძლებელი უნდა იყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

 

დადგენილია, რომ საზიარო საგანი ნატურით გაყოფადი არ არის, რის გამოც უნდა გაუქმდეს მხარეების საზიარო უფლება სადავო უძრავ ნივთზე საზიარო საგნის გაყიდვით და ამონაგები თანხა უნდა განაწილდეს წილების შესაბამისად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში ეკ--------- ბე-------ეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს ბაჟი 120 ლარის ოდენობით, ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის კი გადახდილი აქვს 224 ლარი, აღნიშნული თანხა სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ეკ--------- ბე-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე - მდებარე მც----ა, წე-------ი, სახლი N8-- (საკადასტრო კოდი: 72----------), ამ ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით და საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდეს უძრავი ქონების მესაკუთრეებზე მათი წილის შესაბამისად, კერძოდ ამონაგები თანხის 1/5 ნაწილი გადაეცეს მი----– გო------ს, ხოლო 4/5 ნაწილი გადაეცეს ეკ--------- ბე-------ეს;

 

3. მი----– გო------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს ეკ--------- ბე-------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება;

 

4. მოპასუხე მი----– გო------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს ეკ--------- ბე-------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ ექპერტიზის ჩატარებისთვის გადახდილი თანხის 224 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მც----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მც----ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ბადრი შონია