გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-370-19
(საქმე N190210019002887921)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ივლისი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - თ------- გ------–-–---–ი
წარმომადგენელი - ნ---- გ------–--ე
მოპასუხე - გ------ ლ---–---–ი
წარმომადგენელი - თ-- ჩ--–-------–---–ი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ------ ლ---–---–ს დაეკისროს ალიმენტის გადახდა მისი შვილის დ----- ლ---–---–ის სასარგებლოდ 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით მის სრულწლოვნების მიღწევამდე.
1.2. მოპასუხე გ------ ლ---–---–ს დაეკისროს ალიმენტის თანხის დავალიანება 8400 (რვა ათას ოთხასი) ლარის ოდენობით უკანასკნელი 1 (ერთი) წლის ფარგლებში გადასახდელი, რაც თვეში დაანგარიშებულია 700 (შვიდასი) ლარის ოდენობაში 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის დეკემბრის თვემდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------ ლ---–---–ი წარმოდგენლი წერილობითი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნას დაეთანხმა ნაწილობრივ და განმარტა, რომ არაა წინააღმდეგი საკუთარ შვილს მის სრულწლოვანებამდე გადაუხადოს ალიმენტი, მაგრამ არა მოთხოვნილი ოდენობით, არამედ 200 ლარის ოდენობით. იგი განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა არ შეესაბამება მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას და ის ვერ შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
2.2. მოპასუხემ ალიმენტის დავალიანების მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე თ------- გ------–-–---–ი (პ/ნ 3----------) და გ------ ლ---–---–ი (პ/ნ 3----------) იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
მტკიცებულება: ქორწინების შესახებ აქტი.
3.1.2. 2013 წლის 26 აგვისტოს მხარეებს შეეძინათ საერთო შვილი დ----- ლ---–---–ი.
მტკიცებულება: დ----- ლ---–---–ის დაბადების მოწმობის ასლი.
3.1.3. მხარეთა შორის არსებული უთანხმოების გამო წელიწადზე მეტია მოსარჩელე და მოპასუხე ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. დღეის მდგომარეობით გ------ ლ---–---–ი და თ------- გ------–-–---–ი ცხოვრობენ საბერძნეთში.
მათ 2017 წლიდან აღარ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა, რაც მოპასუხის მხრიდან გამოიხატება შვილის მიმართ ზრუნვის ვალდებულებაშიც.
მტკიცებულება: მხარის ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე თ------- გ------–-–---–ი და მოპასუხე გ------ ლ---–---–ი ამჟამად ერთად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე არ ზრუნავს შვილზე, თავად მოსარჩელეს არა აქვს სტაბილური შემოსავალი.
სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის ეკონომიური მდგომარეობა, ბავშვის საჭიროებები, მამის ეკონომიური მდგომარეობა , მიიჩნია, რომ ყოველთვიურად 400 ლარის დაკისრება ალიმენტის სახით გონივრული ოდენობაა.
3.2.2. გ------ ლ---–---–ს საბერძნეთში ყოველწლიურად ერიცხება თანხა 11.925,09 ევროს ოდენობით ოჯახის ფინანსურ უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ თანხაში შედის დაზღვევის თანხაც. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წელიწადზე მეტია გ------ ლ---–---–ი წასულია ოჯახიდან, რასაც ძირითადად სარჩელშიც აღნიშნავს, ოჯახის წევრების განკუთვნილ თანხებს მათ არ აძლევს და შესაბამისად ვერ სარგებლობენ ვერც დაზღვევით და ვერც შემწეობის თანხებით.
მოსარჩელეს სახელმწიფოს მხრიდან ერიცხება ყოველწლიურად 1812.76 ევროს ოდენობით.
ბავშვი დადის ბაღში, რომლის გადასახადიც თვეში შეადგენს 280 ევროს ოდენობას.
მტკიცებულება: საბერძნეთის საჯარო შემოსავლების დამოუკიდებელი ორგანოს თანხების შემოსავლის დეკლარაცია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელემ დადასტურება ალიმენტის მომავალი დროისთვის დაკისრების ნაწილში შეძლო ნაწილობრივ, ხოლო სასამართლოსადმი მომართვამდე პერიოდისთის ალიმენტის დაკისრების საფუძვლიანობა ვერ დადასტურა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან მის სრულწლოვანდებამდე, ხოლო დაგროვილი ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელის მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე, 1236-ე, 1202-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ხოლო 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. შვილებზე ზრუნვა, მათი აღზრდა და რჩენა არის მშობელთა ძირითადი ვალდებულება, რასაც არ ამცირებს მშობლის სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებები ან უმუშევრობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვნი დ----- ლ---–---–ი ცხოვრობს დედასთან. მოპასუხე მხარე თანახმაა შვილს გადაუხადოს ალიმენტი 200 ლრის ოდენობით. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს შვილის მოვლასა და აღზრდას და ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი 700 ლარის ოდენობით, არ არის გონივრული თანხა, ვინაიდან ალიმენტის დაკისრების დროისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მიმღების მატერიალური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 400 ლარის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 26 აგვისტოს დაბადებული დ----- ლ---–---–ის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 11 მარტიდან - სარჩელის წარდგენის მომენტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
ამავე მუხლის (1234-ე) მეორე ნაწილის შესაბამისად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
საალიმენტო ვალლდებულებათა შინაარსიდან გამომდინარე ალიმენტის გადახდევინება ხდება სასამართლოსადმი მიმართვიდან მომავალი დროისთვის. გასული, წარსული დროისთვის ალიმენტის დაკისრება (გადახდევინება) , როგორც წესი, არ ხდება. წარსული დროისთვის ალიმენტის დაკისრება შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევაში , როცა სასამართლო დადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები ალიმენტის მისაღებად, მაგრამ ვალდებული პირი თავს არიდებდა გადახდას, მოსარჩელე მიმართავდა ვალდებულ პირს სარჩოს გადახდის თაობაზე ან სათანადო ორგანოებს ასეთი პირისაგან ალიმენტის მისაღებად დახმარების გაწევაში და სხვა, მაგრამ უშედეგოდ.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო დადასტურება მითითებული გარემოებებისა. შესაბამისად, სასამართლოსთვის მომართვამდე პერიოდის - 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის დეკემბრის თვემდე ალიმენტის თანხის დავალიანების 8400 (რვა ათას ოთხასი) ლარის ოდენობით, რაც თვეში დაანგარიშებულია 700 (შვიდასი) ლარის ოდენობაში , მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის, პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ამასთან მოსარჩელის თ------- გ------–-–---–ის სარჩელი ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, გ------ ლ---–---–ის მიერ გადახდილი ბაჟიდან 36 ლარი უნდა ჩაითავლოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ხოლო მოსარჩელე თ------- გ------–-–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ამ ნაწილში მხარეთა შორის მორიგების გამო უნდა დაუბრუნდეს თ------- გ------–-–---–ს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე,2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. თ------- გ------–-–---–ის სარჩელი მოპასუხე გ------ ლ---–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გ------ ლ---–---–ს დაეკისროს მისი არასრულწლოვანი შვილის 2013 წლის 26 აგვისტოს დაბადებული დ----- ლ---–---–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 400 (ოთხასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2019 წლის 11 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე.
3. თ------- გ------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. თ------- გ------–-–---–ს უკან დაუბრუნდეს საგადასახადო დავალება N1, 29.01.2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, სახაზინო კოდი 300063150, ბანკის კოდი TRESGE22,4.1. გ------ ლ---–---–ს უკან დაუბრუნდეს მის მიერ 21.05.2019 წელს საგადახდო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 14 ლარი, ხოლო 36 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია შოშიაშვილი