გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/16241-19
თბილისის საქალაქო სასამართლო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
3- ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
მაგისტრი ეკატერინე ქეცბაია
სხდომის მდივანი ირმა კვესალაძე
განმცხადებელი - ყ--------–-----ე
დაინტერესებული პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ი--------–--ა
მოთხოვნა - იურიდიული მნიშვნელობის მქონე - უფლების დამდგენი საბუთის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი
განმცხადებლის პოზიცია:
ყ--------–-----ემ 2019 წლის 8 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს უფლებადამდგენი დოკუმენტის მისდამი კუთვნლების ფაქტის დადგენის შესახებ შემდეგი საფუძვლით: განმცხადებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 1--- წლიდან, საიდანაც დათხოვნილია 2--- წლის 1- მარტიდან. იგი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებულ საომარ მოქმედებებში, სადაც 1--- წლის 3- აპრილს საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული აქვს მრავლობითი ჭრილობები. 1--- წელს საქართველოს რესპუბლიკის ინვალიდობის ჯგუფის დადგენის განყოფილებამ მიანიჭა ინვალიდობის მეორე ჯგუფი. სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ დაენიშნა ომის ინვალიდობის პენსია, რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურისათვის განკუთვნილ სახელმწიფო კომპენსაციას, უარი ეთქვა დანიშვნაზე, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გადაგზავნილ დოკუმენტაციაში არ იყო ჩანაწერი უფროსი ლეიტენანტის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით. განმცხადებლის მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება #-----ის კუთვნილების ფაქტის დადგენა მას სჭირდება სამხედრო მოსამსახურისათვის განკუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად.
დაინტერესებული პირის პოზიცია:
დაინტერესებული პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ი--------–--ამ სასამართლოს ზეპირ სხდომაზე წარმოადგინა მოსაზრება და განაცხადა, რომ ყ--------–-----ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად. მისი განმარტებით, უფლებადამდგენი დოკუმენტი - თავდაცვის მინისტრის ბრძანება #----- არის არის ხელმოწერილი და სრულყოფილი.
სამოტივაციო ნაწილი
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე, 311-ე, 312-ე, 315-ე მუხლები.
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს კანონის მე-55 მუხლის 1-ლი ნაწილი.
სამართლებრივი შეფასება
მაგისტრი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის იურიდიული ინტერესია სამხედრო მოსამსახურისათვის განკუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის მიღება. აღნიშნული კომპენსაციის მისაღებად კი საჭიროა საქართველოს თავდაცვის მინისტრის #-----ე ბრძანების კუთვნილების ფაქტის დადგენა. აღნიშნული ბრძანება ხელმოწერილი არ არის, თუმცა დამოწმებულია სველი ბეჭდით, გატარებულია თავდაცვის მინისტრისა და კადრების მთავარი სამმართველოს ბრძანებების სარეგისტრაციო წიგნში. აღნიშნული ბრძანებიდან ირკვევა, რომ 1---- ბატალიონ „------ს“ ოცეულის მეთაურს, ყ--------------–------–------ს დაუმტკიცდა სამხედრო წოდება „უფროსი ლეიტენანტი“ მინიჭებული მწყობრის წინ 1--- წლის 23 მაისს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის გ----------–---–ის მიერ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მსგავსი ბრძანებები, რომლებიც არ არის სრულყოფილი სახის არაერთია თავდაცვის სამინისტროში და იგი ვერ დაადასტურებს წარმოდგენილი ბრძანების ნამდვილობას. თავადაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხი უნდა იყოს განხილული სასარჩელო წარმოების წესით.
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს კანონის მე-55 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წესდება შემდეგი წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება - რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; ბ) საშუალო წოდება - უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება - მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება - გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.
ყ--------–-----ემ წარმოადგინა სამხედრო მოწმობა, სადაც მითითებულია სამხედრო წოდება - უფროსი ლეიტენანტი. აღნიშნულ მოწმობაში მითითებულია საფუძვლად სწორედ თავდაცვის მინისტრის #---- ბრძანება. ამასთან, ირკვევა, რომ ყ--------–-----ეს მინიჭებული აქვს ვიცე-პოლკოვნიკის წოდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომსახურებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-8 პუნქტით კი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით, დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით. ყ--------–-----ე არის ვიცე-პოლკოვნიკი, ანუ, გავლილი აქვს წინა ყველა საფეხური და წოდება, მათ შორის უდავოა, რომ მას ჰქონდა მინიჭებული უფროსი ლეიტენანტის წოდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი და არა ქონებრივი უფლების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ უდავო წარმოების წესით განიხილება მხარის მოთხოვნა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე, რა დროსაც შესაძლებელია მოხდეს პირის იდენტიფიცირება ამ დოკუმენტების მიმართ.
უდავო წარმოების საქმე განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების ზოგადი წესებით იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია კანონით და წარმოადგენს მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების სპეციფიკას. უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმის აღძვრა ხდება არა კონკრეტული მოპასუხისადმი სარჩელით მიმართვით, არამედ განცხადების შეტანის გზით, რომელიც შეიცავს სასამართლოსადმი მიმართულ თხოვნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ გარემოების დადგენის ანდა უდავო უფლების დადასტურების შესახებ.
უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, რათა მან განიხილოს საქმე საერთო სასარჩელო წესით. აღნიშნული დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე. მითითებული ნორმით, უდავო წარმოებით საქმის განხილვამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, შესაძლებელია თუ არა აღიძრას დავა უფლების შესახებ და მიიღოს ზომები, რომ განსახილველი ფაქტის შესახებ შეატყობინოს სავარაუდოდ დაინტერესებულ პირებს. უდავო წარმოების საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელთა უფლებებიც ამ ფაქტის დადგენით შეილახა. ამდენად, უნდა დავასკვნათ, რომ უდავო წარმოებით განსახილველი საქმე სასარჩელო წარმოებით განსახილველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეზე აღიძვრის დავა უფლების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლი იმპერატიულად მოითხოვს, რომ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა. ამ მიზნის მითითება აუცილებელია იმისათვის, რომ სასამართლო გაერკვეს, წარმოადგენს თუ არა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ის ფაქტი, რომლის დადგენსაც განმცხადებელი ითხოვს.
მოცემულ შემთხვევაში, ყ--------–-----ის მიერ მოთხოვნილი ფაქტის დადგენა იურიდიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან კანონი ამ ფაქტს უკავშირებს იურიდიული ურთიერთობის წარმოშობას, კერძოდ, ყ--------–-----ე ითხოვს უფლებადამდგენი საბუთის მისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენას, რის საფუძველზეც სამომავლოდ მას შეეძლება მოითხოვოს სამხედრო მოსამსახურისათვის განკუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის მიღება. ანუ, განსახილველ შემთხვევაში იურიდიული ფაქტის დადგენას შეიძლება მოჰყვეს ის სამართლებრივი შედეგი, რომლის დადგომაც განმცხადებელს სურს.
უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ყველა იურიდიული ფაქტის დადგენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს განმცხადებლის მიზნისა და ფაქტის იურიდიული მნიშვნელობის დადგენა. ამასთან, განმცხადებლის იურიდიული ფაქტის დადგენის მიზანს უმეტესწილად უკავშირდება დაინტერესებული პირის არსებობა, რომელიც არ არის იდენტური მოდავე პირისა. მიუხედავად იმისა, რომ უდავო წარმოებაში არ გვყავს ურთიერთდაპირისპირებული მხარეები და არ არსებობს დავა უფლებაზე, უდავო წარმოება შეიძლება ჩავთვალოთ უდავოდ მხოლოდ იმ მხრივ, რომ მასში არა გვაქვს უფლების შესახებ დავა, რომელიც დამახასიათებელია სასარჩელო წარმოებისათვის.
უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეში დადგენილია ფაქტები და არა ამ ფაქტების სამართლებრივი შედეგები, ე.ი. თუ რა შედეგს უკავშირებს კანონი უდავო წარმოების წესით დადგენილ ფაქტს.
მაგისტრი განმარტავს, რომ უდავო წარმოებაში დაინტერესებული პირის არსებობა და ამ პირის მიერ გამოთქმული უარყოფითი მოსაზრება დასადგენ იურიდიულ ფაქტთან მიმართებით, ცალსახად არ ნიშნავს ამ პირის უფლების დარღვევას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლით გათვალისწინებულ დავას უფლების შესახებ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც კონკრეტული განმცხადებლისათვის დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იჭრება დაინტერესებული პირის უფლებაში და ართმევს მას შესაძლებლობას, სრულად და თავისუფლად გამოიყენოს ეს უფლება. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეების განხილვისას დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ პროცესის ის მონაწილენი, რომელთა უფლებებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კონკრეტულ საქმეზე გამოტანილმა სასამართლო გადაწყვეტილებამ. პროცესის ეს მონაწილეები ამიტომაც დაინტერესებულნი არიან საქმის სწორად გადაწყვეტით.
მაგისტრის აზრით, მიზანშეუწონელია დაინტერესებული პირის მოსაზრების გაზიარება, რომ ყ--------–-----ის მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს სასარჩელო წარმოების გზით. დაინტერესებულმა პირმა ვერ დაადასტურა, დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი რა საფუძვლით ლახავს დაინტერესებული პირის უფლებებს და ინტერესებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმის სასამართლო განხილვის დროს არ მიუთითებია განსახილველი იურიდიული ფაქტის დადგენით თავისი მატერიალური უფლების დარღვევაზე, რაც სასარჩელო წარმოებაში მოდავე მხარის სტატუსისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
საპროცესო ხარჯი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად განმცხადებლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
1. ყ--------–-----ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
1.1. დადგენილ იქნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - ყ--------–-----ისადმი (დაბადების თარიღი - 2--------- წელი, პ/ნ 0----------) უფლების დამდგენი იმ საბუთის, სახელდობრ, 2--- წლის 0- ივლისს მომზადებული, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების №---- (რომლის თანახმადაც, თავდაცვის მინისტრის 1--- წლის 0- ივლისის №--- ბრძანების საფუძველზე, 1---- ბატალიონ „------ს“ ოცეულის მეთაურს დაუმტკიცდა სამხედრო წოდება „უფროსი ლეიტენანტი“) კუთვნილების ფაქტი.
2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საჩივრის შეტანის გზით, დასაბუთებული დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
3. დადგენილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება დადგენილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია დადგენილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს დადგენილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დადგენილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მაგისტრი: ეკატერინე ქეცბაია