გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.07.2019
საქმის ნომერი
190210117002100873
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2137-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.07.2019 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე გ------- ქ------–---–ი

წარმომადგენელი ვაჟა მოსიაშვილი

მოპასუხე მ----- ქ------–---–ი

წარმომადგენელი ლაზარე ძირკველიშვილი

დავის საგანი თანხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ----- ქ------–---–ისათვის 8 600 აშშ დოლარის დაკისრება;

 

სარჩელის გარემოებები:

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ გ------- ქ------–---–ი და მ----- ქ------–---–ი არიან დაძმანი. მოსარჩელე წლების განმავლობაში დროებით ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში. 2006 წელს საქართველოში ყოფნის დროს დასთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა რუსთავში ეყიდა ბინა. ვინაიდან ერთიანი დანაზოგი არ ჰქონდა და არ სურდა მის მეუღლეს გაეგო რუსთავში დაბრუნების თაობაზე მისი სურვილის შესახებ, მისგან მალულად და-ძმამ ურთიერთშეთანხმებით მოილაპარაკეს, რომ მოსარჩელე თავის დას რუსეთიდან გამოუგზავნიდა გარკვეულ თანხებს, მ----- ქუმსიშვილი კი ამ თანხებს შეინახავდა და 15-16 ათასი აშშ დოლარის მოგროვების შემდეგ შეიძენდა ორ ოთახიან ბინას. 2007 წლის 26 ივნისს და 07 ნოემბერს მოსარჩელემ თავის დას გადმოუგზავნა 2000 აშშ დოლარი. 2008 წლის 8 ოქტომბერს 1000 აშშ დოლარი. 2009 წლის 9 დეკემბერს 500 აშშ დოლარი, 2010 წლის 15 თებერვალს 5100 აშშ დოლარი სულ 8600 აშშ დოლარი. 2011 წლიდან 2015 წლის ბოლომდე მოსარჩელემ ვეღარ შეძლო თანხების დაზოგვა ამავე დროს გარკვეული პერიოდით მის ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა. 2015 წლის ზაფხულში საქართველოში ყოფნის დროს მოსარჩელემ მ----- ქ------–---–ს მოსთხოვა მასზე მიბარებული თანხის დაბრუნება, რაზედაც მიიღო უარი იმ მოტივით, რომ ეს თანხა მოიხმარა თავისი საჭიროებისამებრ, ამჟამად არ შეუძლია თანხის დაბრუნება და როცა შეძლებს მაშინ დააბრუნებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები:

 

მას გამორიცხული თანხა ბანკიდან არ აუღია. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რომ ფული გადმორიცხა კონკრეტული დავალებით. მართლაც რომ ჰქონოდა რაიმე თანხის მიღებას ადგილი, ეს იქნებოდა ოჯახის, მშობლების მოსავლელად ანუ ვალდებულების შესრულება ოჯახის მიმართ. მოსარჩელეს მიღებული აქვს დედის სამკვიდროს 1/3 წილი, რაც ადასტურებს, რომ მას როგორც მემკვიდრეს ევალებოდა ერჩინა შრომისუუნარო მშობლები. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2009-2014 წლებში გ------- ქ------–---–მა რუსეთის ფედერაციიდან დას მ----- ქ------–---–ს სწრაფი საბანკო გზავნილით გამოუგზავნა 8500 აშშ დოლარი. თანხის ნაწილი მიღებული აქვს მ----- ქ------–---–ს. არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მის საკუთრებად ბინის შესაძენად თანხის გადმორიცხვის ფაქტი.

 

ვესტერნ იუნიონის სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემის მეშვეობით გ------- ქ------–---–მა 2010 წლის 15 თებერვალს საქართველოში გადმორიცხა 5 000 აშშ დოლარი მ----- ქ------–---–ის სახელზე.

 

სს „კომერციული ბანკის „იუნისტრიმის“ 2015 წლის 11 ნოემბრის წერილის თანახმად, 2009 წლის 7 დეკემბერს გ------- ქ------–---–ის მიერ მ----- ქუმსიშვილის სახელზე გადმორიცხულია 500 აშშ დოლარი. ცნობაში აღნიშნულია, რომ თანხა გაცემულია 2009 წლის 9 დეკემბერს.

 

სპს ბალტიის ბანკის მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემული ცნობის მიხედვით, გ------- ქ------–---–ის მიერ მ----- ქ------–---–ის სახელზე გამოგზავნილია შემდეგი თანხა: 2007 წლის 26 ივნისს გამორიცხულია 1000 აშშ დოლარი სვიფტის ფულადი სისტემით სს „პროკრედიტ ბანკში“. 2007 წლის 7 ნოემბერს გადარიცხულია სვიფტის ფულადი სისტემით სს პროკრედიტ ბანკში, რუსთავის ფილიალში 1000 აშშ დოლარი. 2008 წლის 8 ოქტომბერს პროკრედიტ ბანკის რუსთავის ფილიალში გადარიცხულია 1000 აშშ დოლარი.

 

ამდენად, გ------- ქ------–---–მა დას მ----- ქ------–---–ს რუსეთის ფედერაციიდან ხუთჯერ გადმოურიცხა სხვადასხვა რაოდენობის თანხა, საერთო ჯამში 8500 აშშ დოლარი.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხული თანხიდან მ----- ქ------–---–მა მიიღო 2009 წლის 7 დეკემბერს გადმორიცხული 500 აშშ დოლარი, ამ თანხის მიღების შესახებ მითითებულია კომპანია იუნისტრიმის მიერ გაცემულ საბუთში.

 

მოპასუხე უარყოფს სადაო თანხის მიღებას, რის გამოც საქმისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, მიიღო თუ არა ეს თანხა მოპასუხემ, რაც მტკიცებულებებით არ დასტურდება. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ საქართველოში რეგისტრირებული ბანკებიდან, მათ შორის სს პროკრედიტ ბანკიდან გამოითხოვა ინფორმაცია მ----- ქ------–---–ის მიერ ფულად გზავნილებში მითითებული თანხის მიღების შესახებ. არცერთ ბანკში არ იძებნება გზავნილების გაცემის შესახებ ინფორმაცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებით არ დასტურდება ასევე საქმისათვის მნიშვნელოვანი მეორე გარემოება, რაც სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.

 

მოსარჩელე თანხის დაბრუნებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ფული დას გამოუგზავნა იმ მიზნით, რომ დაეგროვებინა დანაზოგი 15 000-16 000 აშშ დოლარის ფარგლებში ქალაქ რუსთავში 2 ოთახიანი ბინის შესაძენად. ფინანსური პრობლემების გამო დას მოსთხოვა თანხის დაბრუნება, რაზეც უარს აცხადებს.

 

მოსარჩელის განმარტებიდან გამომდინარე მან მოპასუხეს თანხა გამოუგზავნა კონკრეტული დანიშნულებით, ბინის შესაძენად, რაც მხარეებს შორის დავალების ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადებაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამდენად, დავალების ხელშეკრულების შინაარსში შედის პირის მიერ სხვა პირის დავალების საფუძველზე მისი სახელით და მისი ინტერესების შესახებ კონკრეტული მოქმედების შესრულება.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ თანხის გადმორიცხვის მიზანი იყო გ------- ქ------–---–ის სასარგებლოდ ბინის შეძენა.

 

მხარეთა განმარტების საფუძველზე დადგინდა, რომ გ------- ქ------–---–ი და მ----- ქ------–---–ი არიან ახლო ნათესავები – და-ძმა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად (სსკ-ის მე-4 მუხ.), მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. რასაც მიუთითებენ სასამართლოში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც შეეხება „მტკიცებულებათა დასაშვებობას“ ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კანონის ეს მოთხოვნა განპირობებულია მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის შინაარსით, მისი ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიული აღწერილობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ეს ნორმა სასამართლოს ავალდებულებს, სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი. საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ურთიერთშეჯერების გზით, მათში მითითებული გარემოებების ერთობლივი გაანალიზების შედეგად.

 

მოსარჩელე თანხის დაბრუნების მოთხოვნას აფუძნებს ფულადი გზავნილების დოკუმენტაციას. მოპასუხემ თანხის მიღება და ასევე ბინის შეძენის დანიშნულებით თანხის გადმორიცხვის ფაქტი სადაოდ გახადა, რის გამოც მოსარჩელეს თანხის გადმორიცხვის გარდა სხვა მტკიცებულებებითაც უნდა დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ ფულს მოპასუხეს უგზავნიდა კონკრეტული დანიშნულებით, მის საკუთრებაში ბინის შესაძენად.

 

მხოლოდ ფულადი გზავნილების შესახებ წერილობითი საბუთი საფუძვლად ვერ დაედება იმის მტკიცებას, რომ მოპასუხეს უნდა შეეგროვებინა ეს თანხა და ძმისთვის შეეძინა ბინა.

 

მოსარჩელემ მართალია წარმოადგინა თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, მაგრამ მასში მითითებული არ არის თანხის გადარიცხვის დანიშნულებაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს თანხის გადარიცხვის დოკუმენტის გარდა უნდა წარმოედგინა ისეთი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მის ნებას გადმორიცხული თანხის ამ კონკრეტული მიზნით გამოგზავნის შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც დადგენილია თანხის გადაცემის ფაქტი და არ დგინდება მისი დაბრუნების ვალდებულება, მოქმედებს სსკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას).

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტია, რომ მხარების არიან და-ძმა. ამგვარი მჭიდრო და ახლონათესაური კავშირის გამო არსებობს იმის ვარაუდი, პრეზუმფცია, რომ თანხის გამორიცხვა მათ შორის ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობის დასტურად კი არ ხდება, არამედ ნათესაური კავშირზე დაფუძნებული პოზოტიური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულების საფუძველზე ფინანსური დახმარების ან ჩუქების ხასიათი აქვს. საწინააღმდეგო შემთხვევაში თანხის გადმომრიცხავმა უნდა დაასაბუთოს, რომ მან კონკრეტული შეთანხმების საფუძველზე რაიმე მიზნის განსახორციელებლად გამოაგზავნა ფული.

 

მოპასუხის განმარტებით, მშობლების ავადმყოფობის გამო მოპასუხეს ევალებოდა მათ რჩენაში მონაწილეობა, რის გამოც თანხის გამოგზავნას ეს დანიშნულება შეიძლება ჰქონოდა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მხარეთა დედის ელენე ქ------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, 2005 წლიდან მას აღენიშნება მარჯვენა სარძევე ჯირკვლის სიმსივნური დაავადება. საქმეში წარმოდგენილია 2005-2011 წლების სამედიცინო გამოკვლევის შედეგები, რომელთა თანახმად სიმსივნური წარმონაქმნი მზარდია. 2015 წლის 16 აგვისტოს ელნე ქ------–---–ის გარდაიცვალა და მისი სამკვიდროზე სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვთ მ----- ქ------–---–ს და ვლადიმერ ქ------–---–ს, თითოეულის წინა 1/3 წილი, ხოლო მოპასუხის განმარტებით დარჩენილი 1/3 წილი ეკუთვნის გ------- ქ------–---–ს. ასევე წარმოდგენილი მამის ვლადიმერ ქ------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის საბუთი, რომლის თანახმად, 2008 წლის სექტემბერში ჩაუტარდა მარჯვენამხრივი ჩაჭედილი თიაქრის ქირურგიული ოპერაცია.

 

საკასაციო სასამართლო 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე № ას-1062-1022-2016 განმარტავს, რომ პრეზუმფცია (ალბათობა), როგორც ლოგიკური სუბსტანცია, წარმოიშობა, თუ ის ბუნებრივ, ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებაზე მიუთითებს. არ შეიძლება პრეზუმფცია ეხებოდეს ლოგიკურად წარმოუდგენელ, უჩვეულო გარემოებას (გამონაკლისი შეიძლება იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული პრეზუმფციები, მაგალითად, კანონის ცოდნის პრეზუმფცია, რაც თავისი შინაარსით უფრო ფიქციაა და ა.შ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც სადავო თანხების მიღება მხარეთა შორის დავას არ იწვევს, ლოგიკურად იგულისხმება, რომ ამ თანხების მიღების საფუძველი არსებობდა. მოსარჩელე უთითებს სესხის ხელშეკრულებაზე, ხოლო მოპასუხე თანხების მიღების საფუძვლის შესახებ საკუთარი „დუმილით“ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 29-31 პუნქტები) ფაქტობრივად უთითებს რომ მათი მიღების საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, ლოგიკურად უჩვეულოა, რომ ეს თანხები მოპასუხემ მიიღო ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და არც დაბრუნება ეკისრება. სწორედ ამიტომ მოსარჩელის მიერ მითითება, რომ ამ თანხების მიღება განპირობებული იყო სესხის საფუძველზე, წარმოშობს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის ვარაუდს, იმ დრომდე სანამ მოპასუხე თანხების მიღების სხვა სამართლებრივ საფუძველზე (მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულება და სხვ.) მითითებით ამ ვარაუდს არ გააქარწყლებს.

 

მოსარჩელე თანხის გადმორიცხვის მიზნად ასახელებს მის საკუთრებად რუსთავში ბინის შეძენას, რასაც მოპასუხე უარყოფს და განმარტავს, რომ თანხის გამოგზავნის დანიშნულება იყო ავადმყოფი და ხანდაზმული მშობლების დახმარება. მოპასუხემ წარმოადგინა დედის ელენე ქ------–---–ის ონკოლოგიური დაავადების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია. მოსარჩელის განმარტებით, იგი მშობლებს მათსავე სახელზე ცალკე უგზავნიდა თანხას, რის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

მოსარჩელის განმარტების გარდა საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა ბინის შესაძენად თანხის გამოგზავნის ფაქტს. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე სასამართლოს არ შეექმნა საფუძვლიანი შინაგანი რწმენა, რომ თანხის გამოგზავნა მხარეთა შორის არსებული ახლო ნათესაური და ოჯახური კავშირზე დაფუძნებული კეთილგანწყობილი, პოზიტიური ურთიერთობიდან გამომდინარე დახმარებას ან ჩუქებას კი არ ისახავდა მიზნად, არამედ რუსთავში ბინის შესაძენად თანხის დაგროვება და ბინის შეძენა იყო ფულის გადარიცხვის დანიშნულება. შესაბამისად, მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ ეს დავალება არ შეასრულა და თანხა საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენა.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- ვესტერნ იუნინოს წერილი (ს.ფ. 18-20. ტომი 1)

- ბანკ იუნისტრიმის წერილები (ს.ფ. 21-28, ტომი 1)

- სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები (ს.ფ. 167-182. ტომი1)

- საქართველოს ლიცენზირებული ბანკების წერილები (ს.ფ.192-199. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სესხის ხელშეკრულების დადება არ დასტურდება, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 709-ე, 715-ე მუხლები, 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 976-ე მუხლი, 979-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ თანხის გადმორიცხვის ფაქტის დადასტურება არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მხარეებს შორის დადებულად ჩაითვალოს დავალების ხელშეკრულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს უნდა შეეძინა ბინა ქალაქ რუსთავში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის თანახმად, 1. რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის,აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით; 2. თუ რწმუნებული თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ, რწმუნებული ვალდებულია დააბრუნოს ფული პროცენტთან ერთად.

 

მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ დავალების შეთანხმების საფუძველზე თანხა მოპასუხეს გადმოურიცხა ბინის შესაძენად, ხოლო თანხა მოპასუხემ ამ მიზნით არ გამოიყენა, არ შეასრულა დავალებული მოქმედება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

დავალების ხელშეკრულების არსებითი პირობაა მარწმუნებლის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულების დაკისრება შეთანხმების მეორე მხარისათვის, დავალების ხელშეკრულების არსებითი პირობაა ასევე დავალებული (მინდობილი) მოქმედების შესრულება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დავალებული მოქმედების შესრულების შედეგად ქონების შეძენის შემთხვევაში ეს ქონება მარწმუნებლის საკუთრებაა, ქონების შეძენა მარწმუნებლისათვის ხდება მისი ხარჯით და მის დავალებით.

 

მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოპასუხესთან ასეთ პირობებზე შეთანხმება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადმორიცხვის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არ არის საკმარისი იმის დამტკიცებისათვის, მოპასუხეს ამ თანხით ბინა უნდა შეეძინა მოსარჩელისათვის.

 

ფულადი თანხის გადარიცხვა შესაძლებელია, სხვადასხვა დანიშნულებით და მიზნით განხორციელდეს. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის იმ გარემოების დადასტურება, რომ საბანკო ოპერაცია მიმართული იყო მოპასუხესთან ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმომშობი შეთანხმების დადებისაკენ.

 

ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის განაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს თავისი უფლება და მას არ მოეთხოვება მოპასუხის უფლების დადასტურება (უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინება საქმეზე № ას-1062-1022-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე უარყოფს სადავო თანხების მიღების ფაქტს და იმასაც, რომ ეს თანხა სარჩელში მითითებული მიზნით გამოაგზავნა მოსარჩელემ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ 2007 წლის 9 დეკემბერს 500 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. დანარჩენი თანხის მიღება მტკიცებულებებით არ დასტურდება, საქართველოს ბანკებიდან მათი გამოტანის ფაქტი არ დასტურდება და არც ფულადი გზავნილების დოკუმენტშია მითითებული მათი განაღდების შესახებ. ამდენად, დავალების ხელშეკრულების შეუსრულებლობის საფუძვლით თანხის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველი მოსარჩელეს არ გააჩნია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი არ არის უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრების წესების ძირითადი პრინციპი. ამ ნორმის მიხედვით, 1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ამდენად, უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა შესრულება - ქონების გადაცემა განხორციელებულია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ბათილი გარიგების საფუძველზე ან შეცდომით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე,ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. მე-3 ნაწილის მიხედვით, არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა,თუ მიმღები საგნის მოხმარების,სხვისთვის გადაცემის, დაღუპვის, გაუარესების ან სხვა საფუძვლების გამო არც საგნით და არც მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა.

 

უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან წარმოშობილ ვალდებულებას კონდიქციური ვალდებულება ეწოდება და მისი წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორისგან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.

 

კონდიქციური ვალდებულების განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია დადგინდეს ობიექტური შედეგი, რაშიც იგულისხმება ერთი პირის მიერ მეორეს პირის ხარჯზე გამდიდრება, სამართლებრივი სიკეთის შეძენა, საკუთარი ქონების და ხარჯების დაზოგვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასევე აუცილებელია რომ გამდიდრება მოხდეს სხვა პირის ხარჯზე, რის შედეგად ერთი პირის ქონება იზრდება სხვა პირის ქონების შემცირების ხარჯზე. ამდენად, უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან წარმოშობილი ვალდებულების უმთავრესი ფუნქციაა მხარეთა ინტერესებს შორის წონასწორობის აღდგენა, რათა ერთმა პირმა სამართლებრივი უპირატესობა და ქონებრივი სიკეთე არ მიიღოს მეორის ხარჯზე მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის პირობებში.

 

უსაფუძვლო გამდიდრების წესის წარმოშობის ფაქტობრივი საფუძვლების გამო არსებობს ხელყოფის კონდიქცია და შესრულების კონდიქცია, ხელყოფის კონდიქციის შემთხვევაში მოთხოვნის უფლება მიმართულია მხოლოდ ღირებულების ანაზღაურებაზე, ხოლო შესრულების კონდიქციის დროს მოთხოვნა პირველ რიგში მიმართულია დაბრუნებაზე ნატურით (979-ე მუხ.პირველი ნაწ.) და მხოლოდ ამის შეუძლებლობის შემთხვევაში ღირებულების ანაზღაურებაზე.

 

ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება შესრულების კონდიქციით ანაზღაურებას, რადგან მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის გადაცემული თანხის დაბრუნებას. შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე თანხის დაბრუნების საკითხის გადაწყვეტისათვს უპირველესად დასადგენია, რა თანხა მიიღო მოპასუხემ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გადმორიცხული თანხა მიიღო და საკუთარ ინტერესებისთვის გამოიყენა მოპასუხემ. შესაბამისად, სახეზე არ არის უსაფუძვლო გამდიდრების წარმომშობი გარემოება - მოსარჩელისაგან თანხის მიღება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თანხის მიღების ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე თანხის დაბრუნების ვალდებულება მოპასუხეს არ წარმოეშობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია გარემოებები, რომელთა არსებობის დროს გამოირიცხება უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე განხორციელებული შესრულების, გადაცემული ქონების ან გადახდილი თანხის დაბრუნება. კერძოდ, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს; „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები,საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ თანხის გადმორიცხვის დანიშნულება იყო მხარეთა შეთანხმება მოსარჩელისთვის ბინის შეძენის შესახებ.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, მხარეების ხანდაზმული დედის განუკურნებელი სენით დაავადება 2005 წლიდან, მოსარჩელე თანხებს საქართველოში დის სახელზე რიცხავდა 2007-2010 წლებში, ხოლო დედა გარდაიცვალა 2011 წელს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ამ გარემოებების ერთობლიობა იმაზე მიუთითებს, რომ თანხის გადმორიცხვის მიზანი იყო მშობლების ოჯახის დახმარება, რაც შვილის მიერ ზნეობრივი მოვალეობის შესრულებაა და კეთილსინდისიერად მოქმედების ვალდებულების გამოვლინებაა. უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე ასეთი მოტივით განხორციელებული შესრულების უკუქცევა არ დაიშვება.

 

სასამართლო მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მოპასუხემ უნდა დაამტკოცოს ის გარემოებები, რომელთა მიხედვით გამონაკლისის სახით (976-ე მუხლის მე-2 ნაწილი) გამოირიცხება მოთხოვნის უფლება. უსაფუძვლო გამდიდრების კრედიტორმა (მოსარჩელემ) უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ განხორციელებული შესრულება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შედგა, შესაბამისად, მან უნდა ამტკიცოს ნეგატიური გარემოება, ის რომ გარკვეული ფაქტი არ მომხდარა. ნეგატიური ფაქტის მტკიცება კი პირს არ ევალება. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი პრეზუმფცია - ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვინაიდან არავის შეუძლია ნეგატიური გარემოების დამტკიცება, პროცესი საჭიროებს დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენას და ხდება მტკიცების ტვირთის შებრუნება. როდესაც მოპასუხემ სადაო გახადა თანხის მიღების ის დანიშნულება რაც მოსარჩელემ მიუთითებს, იგი ვალდებული იყო როგორც ამის ალტერნატივა განემარტა, თუ რისთვის მიიღო მან ფული (დამატებითი ფაქტის მითითების ტვირთი) და რატომ აქვს მიღებულის შენარჩუნების უფლება. მოსარჩელეს ამ შემთხვევაში უჩნდება შედავების სამიზნე და მან უნდა დაამტიცოს, რომ მოპასუხის მიერ მოყვანილი საფუძველი ფაქტობრივად არ არსებობსა, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ამას ვერ შეძლებს. 976-ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებას არ წარმოიქმნება (იხილეთ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის კომენტარი 55-ე პარაგრრაფი. www.gccc.ge ).

 

საქმის გარემოებებიდან და მტკიცებულებებიდან არ ირკვევა, რომ თანხის გადარიცხვის დანიშნულება ბინის შეძენა იყო, ხოლო ოჯახის წევრებისათვის დახმარების მიზნით გაღებული ფინანსების უკან დაბრუნება უსაფუძვლო გამდიდრების წესებით გათვალისწინებული არ არის.

 

სასამართლო მოიხმობს მსგავს საქმეზე საკასაციო სასამართლოს განმარტებას საქმეზე №ას-987-945-2013. 2014 წლის 4 აპრილის განჩინებაში საკასაციო სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს შემდეგ განმარტებას: „პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, ნ. ჯ-ეს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ უკურნებელი სენით დაავადებული ძმისა და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ძმიშვილებისათვის განხორციელებული შესრულება მიიჩნეოდა, მასზე, როგორც ახლო ნათესავზე დაკისრებული ზნეობრივი მოვალეობის შესრულებად, მათი ახლო ნათესაური კავშირის გათვალისწინებით. შესაბამისად, მიმღების მხრიდან მიღებულ შესრულებაზე განხორციელდებოდა სრული ბატონობა, რაც თავის თავში, აღნიშნული საშუალებების განკარგვას გულისხმობს. ამდენად, თუ მას სურდა განხორციელებული შესრულებიდან თავის სასარგებლოდ რაიმის დაზოგვა, აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა გამოევლინა ნება, შეექმნა სამართლებრივი გარანტია და ა.შ. სხვა შემთხვევაში, ზნეობრივი მოვალეობის შესაბამისი შესრულების უკუმოთხოვნით იგი მძიმე მდგომარეობაში აგდებს გარდაცვლილი ძმის შვილებს“.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი მოსარჩელის მიზანი იყო საქართველოში მის საკუთრებად ბინის შეძენა, მას შეეძლო შესაბამისი სამართლებრივი გარანტია შეექმნა, მაგალითად, გაეცა მინდობილობა. ხოლო ისეთ პირობებში, როცა თანხის გადმორიცხვა მშობლის მძიმე სენით ავადმყოფობის თანადროულია, საფუძვლიანია მოპასუხის არგუმენტი მშობლების დახმარების მიზნით თანხის გამოგზავნის შესახებ. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ მიიღო მოსარჩელის მიერ გამოგზავნილი თანხა სრულად, ასევე არ დასტურდება, რომ თანხა გამოგზავნილი იყო მხოლოდ მოსარჩელის სასარგებლო მოქმედებების შესრულების მიზნით და არა ოჯახის საერთო მიზნის, მშობლების რჩენის და მკურნალობის მიზნით, რის გამო მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამ ნორმის მე-3 ნაწილით დადგენილია,რომ ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, 1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს; 2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია; 3. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

ამდენად, ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა დარღვეული ან სადაო უფლების დასაცავად სასამართლოში უნდა აღძრას სარჩელი. კანონი ითვალისწინებს ხანდაზმულობის სხვადასხვა ვადებს. სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა 3 წელია, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნისათვის ეს ვადა 6 წელია. ამ შემთხვევაში სახელშეკრულებო მოთხოვნის განხორციელება დავის საგანი არ არის, მოსარჩელე უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე მოითხოვს თანხის დაბრუნებას. უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე მოთხოვნის იძულებით განხორციელების ვადა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი არ არის, რის გამოც მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ვადა, რაც შეადგენს 10 წელს.

 

ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელოვანი ვადის დაწყების მომენტი, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სადაო თანხა მოსარჩელის მიერ გადმორიცხულია 2007 წლის დეკემბერიდან -2010 წლის 5 თებერვლამდე პერიოდში, განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 22 სექტემბერს, შესაბამისად, მოსარჩელეს დაცული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხემ მოითხოვა საქმეზე გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება.

 

დავის საგნის ღირებულებაა 8600 აშშ დოლარი, რომლის 4%-ია 344 აშშ დოლარი. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებას ამ საქმეზე უწევს ადვოკატი ლაზარე ძირკველიშვილი, მოსარჩელემ იურიდიული მომსახურებისათვის 2017 წლის 13 ნოემბერს გადაიხადა 1000 ლარი, რაც აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ პროცენტს - დავის საგნის ღირებულების 4%-ს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხარჯის ოდენობა ერვნულ ვალუტაში უნდა განისაზღვროს ხარჯის ფაქტობრივად გადახდის დღეს არსებული კურსით, რაც 2017 წლის 13 ნოემბერს შეადგენდა 2,6499 ლარს, შესაბამისად 344 აშშ დოლარი შეადგენდა 911,56 ლარს, რომლის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელე გ------- ქ------–---–ს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ამ ნორმის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს გ------- ქ------–---–ის სარჩელი;

 

2. მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაზე;

 

3. გ------- ქ------–---–ს დაეკისროს მ----- ქ------–---–ისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის 911,56 ლარის გადახდა;

 

4. გაუქმდეს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ----- ქ------–---–ს აეკრძალა საცხოვრებელი ბინის მდებარე რუსთავი, მ-----------------------------ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი