განაჩენი

სისხლის სამართლის 25.07.2019
საქმის ნომერი
010100119003052769
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003052769

საქმეN1-504/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25.07.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: ან---------–--ლი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: რო---------------ი

მამის სახელი: ვი-------ი

დაბადებული: 1--0--1--- წელი

პასპორტის ნომერი: 0-------

მოქალაქეობა: ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბათუმი, ზ.გო-----–--------------------

 

ბრალდებულის ადვოკატი - და---------–--–--ლი

 

თარჯიმანი - ზი----------------ნი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------

 

1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რო---------------ს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1.2. ბრალდების არსი:

 

2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, ზ.გო-----–------------------------ში, რო---------------მა ხელის დარტყმით ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის - რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ზუ-–-------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, რო---------------ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება, მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული რო---------------ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.2. დაზარალებულმა ზუ-–-------------მა რომელიც არის ბრალდებულ რო---------------ის მეუღლე, სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა და გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება. (იხ ოქმი)

 

2.3. თავის მხრივ, ბრალდებულმა რო---------------მა გამოიყენა მისთვის კანონით განსაზღვრული დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.(იხ ოქმი)

 

2.4. მოწმეებმა დი---–-----ემ და მა-------------ემ განაცხადეს, რომ 2019 წლის 19 მაისს იმყოფებოდნენ პოლიციის პირველ განყოფილებაში, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას; შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ სამედიცინო დაწესებულებაში გამომძიებელთან ჯა-----–------ესთან ერთად; საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში იწვა ქალბატონი ზუ-–-------------ი, რომელიც არ ფლობდა სამართალწარმოების ენას და გამომძიებელს თან ახლდა რუსული ენის თარჯიმანი; თარჯიმნის საუბარი მისთვის ამ ენაზე გასაგები იყო და რაიმე ფორმით მას შენიშვნა არ გამოუთქვამს; ქალბატონი მიუთითებდა მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე; რის შემდეგაც მათ მოახდინეს რო---------------ის დაკავება, ის იმყოფებოდა ზუ-–-------------ის მიერ მითითებულ მისამართზე, ბათუმი, გო-----–---------------------ში; მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია; გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი; (იხ სხდომის ოქმი 19.07.2019წ; 25.07.2019წ)

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას ჯა-----–------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ავთენტურობა და კანონიერება, განაცხადა, რომ ის აწარმოებდა ძირითადად გამოძიებას მოცემულ საქმეზე; შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა მედცენტრში, ზუ-–-------------ი არ ფლობდა სამართალწარმოების ენას და რუსული ენის თარჯიმნის მეშვეობით გაესაუბრა მას ექიმის ნებართვის შემდეგ; ზუ-–-------------მა განაცხადა, რომ მეუღლემ რო---------------მა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, მისივე მითითებით გავიდნენ ბათუმში გორგილაძის ქუჩა #94-ში და დააკავეს საცხოვრებელ ბინაში რო---------------ი; ზუ-–-------------ს შენიშვნა თარჯიმნის მიმართ არ გამოუთქვამს, მისი საუბარი მისთვის იყო გასაგები; თავად მან განუცხადა, რომ ფლობდა რუსულ ენას; (იხ სხდომის ოქმი 19.07.2019წ) ;

 

2.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ზუფლია კრასმიკი მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას შპს მედცენტრში 2019 წლის 19 მაისიდან. აღენიშნებოდა მარცხენამხრივი ტრამვული ჰემოპნევმოთორაქსი, მარცხენა ფილტვის დაზიანება. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/ საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (იხ. ს/ფ82-85);

 

2.7. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ლე----------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, დამატებით განმარტა, რომ ზოგადად დაზიანება არის ნამდვილად სიცოცხლისთვის სახიფათო და დაზიანება სავარაუდოა მიყენებული იქნეს მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ასევე არ გამორიცხავს ის იყო გამოწვეული სხვა მიზეზითაც; (იხ ოქმი 25.07.2019წ)

 

2.8. გარდა აღნიშნულისა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, -

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი და შეტყობინება, რომლითაც დადგენილია, რომ 2019 წლის 19 მაისს ქ.ბათუმში ზ.გო-----–-------------- დან ბათუმის ონკოლოგიურ ცენტრში მიყვანილია მოქალაქე ზუ-–-------------ი, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა. (იხ. ს.ფ. 2);

 

ბრალდებულის დაკავების ოქმი, რომლითაც დადგენილია, რომ რო---------------ი დაკავებულია 2019 წლის 20 მაისს 02:30სათზე, ქ. ბათუმში, ზ. გო-----–----------, ბინა N---ში დაკავებულს ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა; (იხ დაკავების ოქმი, ს .ფ.16-21) ;

 

2019 წლის 20 მაისი N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც დადგენილია, რომ 2019 წლის 19 მაისს საღამოს საათებში ქ. ბათუმში, ზ. გო-----–---------------,ბ.N---ში რო---------------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა თავის მეუღლე ზუ-–-------------ს. (იხ. შემაკავებელი ორდერი ს/ფ 10-13);

 

ქორწინების მოწმობა, რომლითაც დადგენილია, რო-----------------------------კ და ზუ-–---------–--–-----ის ასული სა-–-----ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2006 წლის 05 ნოემბრიდან. (იხ.ს .ფ.109-113);

 

- დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეულ მათგანს პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა და მიღებული იქნა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე.

 

2.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

 

3.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.5. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რო---------------მა განმარტა, რომ თავს არ სცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ზუ-–-------------მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ რო---------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეთა: რუსლან გრიგორიანის გამოკითხვის ოქმი, ზაალ ღოღობერიძის გასაუბრების ოქმი და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები) მხარეების მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.7. სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ რო---------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. დაზარალებულმა ზუ-–-------------მა მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველები) და მათ მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.

 

საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილება, სადაც განიმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების ჩვენებები ვერ აკმაყოფილებენ ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფორმალური ხასიათის ჩანაწერი, რადგან აუცილებელია, რომ სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს, რომ ნამდვილად მის მიერ გაცემულ ინფორმაციას უთითებენ თავიანთ ჩვენებებში ირიბი მოწმეები. ამ შემთხვევაში კი, დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, საერთოდ შეუძლებელია იმ პირის ვინაობის დადგენა, თუ ვის მიერ გაცემულ ინფორმაციას ყვებიან გამოძიებაში მოწმეები (სავარაუდოდ ეს პირი შესაძლოა იყოს დაზარალებული). რაც შეეხება უდავოდ მიჩნეულ სხვა მტკიცებულებებს, არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას რო---------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.

 

3.8. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეთა: პოლიციის თანამშრომლების: დი---–-----ის, მა-------------ის გამომძიებლის ჯა-----–------ის, ექსპერტის ლე----------------ის (სადავო) მოწმეების რუსლან გრიგორიანის და ზაალ ღოღობერიძის (უდავო) ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ ზუ-–-------------ის მიმართ რო---------------მა განახორციელა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

 

3.9. საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნაც სავარაუდოა და ეს ნათლად ჩანს იმ გარემოებიდანაც, რომ დასკვნის მიხედვით დაზიანების ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავებულია დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ შინაარსით ასახულ დაზიანებასთან), რაც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას - სახეზე არ არის არა თუ მტკიცებულებათა ერთობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

3.10. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

3.11. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

3.12. მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

3.13. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).

 

3.14. ამდენად, პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა რო---------------ის მიერ ზუ-–-------------ის მიმართ ძალადობის ფაქტს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული რო---------------ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული რო---------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

გამართლებულს რო---------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

რო---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ბი-----------ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,სა---------–--------–ი“ გირაოს სახით შეტანილი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (დოკუმენტის N1/3----, თარიღი 21.05.2019წ); განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე