გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/29491-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - გი------------–--ე
წარმომადგენელი - ალ------------–---–--ე
მოპასუხეები - ამ-----------–--ა, შპს „თბ--–---------------ი“
შპს „თბ--–---------------ის“ წარმომადგენელი - გი--------------ი
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს „სა-------------------------–--ა“
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებისათვის ამ-----------–--ასა და შპს „თბ--–---------------ისათვის“ მოსარჩელის გი------------–--ის სასარგებლოდ ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის 2 646,00 ლარის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში განმარტავს, რომ 2018 წლის 21 მარტს თბილისში, სე---–---------–---–ის სახელობის ქუჩასთან არსებულ გზაჯვარედინზე გი------------–--ის ავტომანქანას (BMW 530, სახელმწიფო ნომრით O--------) დაეჯახა შპს „თბ--–---------------ის“ ბალანსზე რიცხული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ამ-----------–--ა.
საპატრულო პოლიციამ ამ-----------–--ა დააჯარიმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.
სსიპ ლ----------------–--------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 17 აპრილის დასკვნის თანახმად, გი------------–--ის ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2 646,00 ლარს.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხე ამ-----------–--ამ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ამ-----------–--ა, რომელიც არის შპს „თბ--–---------------ის“ თანამშრომელი, არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს; ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სადაზღვევო კომპანიას შპს „თბ--–---------------თან“ გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე; ამასთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას.
მოპასუხის შპს „თბ--–---------------ის“ წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ შპს „თბ--–---------------ი“ (რომლის თანამშრომელია ამ-----------–--ა, არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სადაზღვევო კომპანიას შპს „თბ--–---------------თან“ გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე; ამასთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას.
მესამე პირის პოზიცია:
სს „სა-------------------------–--ამ“ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ სადაზღვევო კომპანია თანახმა იყო გი------------–-ისათვის აენაზღაურებინა 1 450,00 ლარი, სადაზღვეო კომპნიის პროვაიდერის შპს „აი------------------ის“ (სერვისცენტრი, სადაც შეისწავლეს გი------------–--ის ავტომანქანის დაზიანებები და დაიანგარიშეს ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო ნაწილებისა და მომსახურების ფასები) ინვოისის საფუძველზე. თუმცა, მოსარჩელემ 1 450,00 ლარის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 21 მარტს თბილისში, სე---–---------–---–ისა და ჯა------ის ქუჩების კვეთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8 ნაწილების მიხედვით, დამრღვევად მიჩნეული იქნა ამ-----------–--ა, რომელიც მართავდა შპს „თბ--–---------------ის“ სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანას „KIA” (სახელმწიფო ნომრით - F------).
ამ-----------–--ას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმის 250,00 ლარის გადახდა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №ე-–------ (ს.ფ. 23).
სქემა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმთან დანართი (ს.ფ. 26).
ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 42).
3.1.2. 2018 წლის 21 მარტს სე---–---------–---–ისა და ჯა------ის ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომანქანა „BMW 530“, სახელმწიფო ნომრით O--------, რომელსაც მართავდა გი------------–--ე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №ე-–------ (ს.ფ. 23).
სქემა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმთან დანართი (ს.ფ. 26).
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისადმი ამ-----------–--ას ახსნა-განმარტება (ს.ფ. 24).
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისადმი გი------------–--ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 25).
3.1.3. ამ-----------–--ა იმყოფება შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში შპს „თბ--–---------------თან“.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ამ-----------–--ას ახსნა-განმარტება (ს.ფ. 50-53).
შპს „თბ--–---------------ის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 90-93).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2018 წლის 21 მარტს სე---–---------–---–ისა და ჯა------ის ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანისათვის „BMW 530“, სახელმწიფო ნომრით O-------- მიყენებული, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 2 646,00 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრებათ მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი აქვს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 17 აპრილის №0-------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, O-------- სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებული ავტომანქანის „BMW 530“-ის დაზიანებული ნაწილების - წინა მარჯვენა და მარცხენა ფრთის, წინა ბამპერის (M პაკეტი), წინა მარჯვენა მაშუქის (Hella), წინა მარჯვენა და მარცხენა საშხეფურის (პატარა) და წინა მარცხენა საშხეფურის (დიდი) ჯამური ღირებულება (2020 ლარი) და სამღებრო და დაშლა-აწყობის სამუშაოების ღირებულება (500,00 ლარი) შეადგენს 2520,00 ლარს, რაც გაიზრდება გაუთვალისიწინებელი ხარჯებისათვის 5%-ით და შეადგენს 2646,00 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებასა და წარმოდგენილ მტკიცებულებას არსებითად არ შედავებია, შესაბამისად, არც საწინააღმდეგო გარემოებები დაუმტკიცებია.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს 2018 წლის 21 მარტს სე---–---------–---–ისა და ჯა------ის ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად O-------- სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებული „BMW 530“ ავტომანქანისათვის მიყენებული, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 2 646,00 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------------–--ის მოთხოვნა საფუძვლიანია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 992-ე, 999-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით მოწესრიგებას ექვემდებარება.
სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიჩნია, რომ 2018 წლის 21 მარტს თბილისში, სე---–---------–---–ისა და ჯა------ის ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გი------------–--ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა დაზიანდა ამ-----------–--ას მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი) შედეგად, დამრღვევს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით. ასევე უდავოა, რომ ავტომობილი, რომელსაც მართავდა მოპასუხე ამ-----------–--ა, წარმოადგენდა შპს „თბ--–---------------ის“ საკუთრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამავე კოდექსის 999.1 მუხლით მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
999-ე მუხლის მოწესრიგების სფერო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანია და ნორმის პირველი ნაწილი ამკვიდრებს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წესს, რომელიც თავად სამოქალაქო ბრუნვის ობიექტის განსაკუთრებული თვისებით ხასიათდება, კანონმდებლობა ავტოსატრანსპორტო საშუალებას განიხილავს მომეტებული საფრთხის წყაროდ.
უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე ასე განმარტა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სუბიექტური შემადგენლობის თავისებურება: „პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც კანონიერი საფუძვლებით ფლობს სატრანსპორტო საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელად არ ჩაითვლება პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას მფლობელის ნებართვის გარეშე ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე (მძღოლები, მემანქანები და სხვა) ანდა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. ამასთან მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. მითითებული ნორმის თანახმად, მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოიშობა, თუ იგი სატრანსპორტო საშუალებას გადასცემს სხვა პირს ან, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია ავტომანქანის სამართავად, ანდა, მფლობელის ბრალის გამო, შესაძლებელი გახდა მისი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება. აქედან გამომდინარე, მფლობელის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (სამოქალაქო პასუხისმგებლობა) წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას, ე.ი. არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ მართავს სატრანსპორტო საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა არ დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით). აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობის სუბიექტის განსაზღვრა ეფუძნება იურიდიულ და არა ფიზიკურ მფლობელობას“ (იხ. სუსგ. საქმე №ას-311-970-03, 7 იანვარი, 2003 წელი).
თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს „მფლობელი“ (არაპირდაპირი) შპს „თბ--–---------------ი“ და ''მოსარგებლე'' (პირდაპირი მფლობელი) ამ-----------–--ა. თავად ამ-----------–--ა არის შპს „თბ--–---------------ის“ თანამშრომელი და მას ავტომობილი გადაცემული ჰქონდა თანამდებობიდან გამომდინარე, შრომითი მოვალეობების შესრულებისათვის და არა იჯარის ან სხვა რაიმე სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, რომლის საფუძველზეც შესაძლოა ამ-----------–--ას წარმოშობოდა ამ ავტომობილის მიმართ განსაკუთრებული სტატუსი მფლობელისა (მაგ. დამქირავებელი, მოიჯარე).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი „ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხიმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ _ სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.(იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა, ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი) ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტი მოსარგებლემ გამოიყენა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ დაცვა, რაც გახდა სხვა პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება (იხ. სუსგ №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს სსკ-ის 999-ე მუხლით მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შპს „თბ--–---------------ის“ პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.
ის ფაქტი, რომ მოპასუხეებიდან შპს „თბ--–---------------ი“ მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრეს წარმოადგენს, ხოლო ამ-----------–--ა დელიქტურ ვალდებულებაში ბრალეული პირია, მათ შორის კი ავტოავარიის დროს არსებობდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, მეტყველებს იმაზე, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში, ისინი სოლიდარულ მოვალეებად განიხილებიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 455-ე, 456-ე და 998-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკით დელიქტური ვალდებულების ზოგადი და კერძო შემთხვევის მარეგულირებელი ნორმების ურთიერთმიმართების თაობაზე, რომლის თანახმადაც დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010წ; №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
ამდენად, გი------------–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრებათ მიყენებული ზიანის 2 646,00 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ადვოკატის ხარჯის 105.84 ლარის ანაზღაურება, სსსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ექსპერტიზის ღირებულების 159 ლარის ანაზღაურება, სსსკ-ის 53-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად; მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 34.62 ლარი; მოპასუხეების მოსარჩელეს სოლიდარულად აუნაზღაურებენ სახელმწიფო ბაჟს 79.38 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გი------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხეებს ამ-----------–--ასა და შპს „თბ--–---------------ს“ მოსარჩელე გი------------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2 646 ლარის გადახდა.
2. მოპასუხეებს ამ-----------–--ასა და შპს „თბ--–---------------ს“ მოსარჩელე გი------------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ადვოკატის ხარჯის 105.84 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხეებს ამ-----------–--ასა და შპს „თბ--–---------------ს“ მოსარჩელე გი------------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ექსპერტიზის ღირებულების 159 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე გი------------–--ეს 2018 წლის 10 მაისს სს „თიბისი ბანკში“ ალ------------–---–--ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 114.00 ლარიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 34.62 ლარი.
5. მოპასუხეებს ამ-----------–--ასა და შპს „თბ--–---------------ს“ მოსარჩელე გი------------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 79.38 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე