გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/848-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 აგვისტო, 2019 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ბადრი შონია
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე - შპს ,,სპ-------’’
წარმომადგენელი - თე---- კუ-----–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ელ--------’’
ნ--- ბო------–ი
წარმომადგენელი - თ----- ქა–--–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ელ-------ს’’ და მის დამფუძნებელს (დირექტორს) ნ--- ბო------–ს შპს „სპ-------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 11 791,75 აშშ დოლარისა (რაც სარჩელის აღძვრის მომენტისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენს 30 658.55 ლარს) ასევე სარჩელის აღძვრის მომენტისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს 14 191,33 (რაც სარჩელის აღძვრის მომენტისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენს 37 474.28 ლარს) აშშ დოლარის გადახდა;
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:
შპს „სპ-------“-სა და შპს ,,ელ--------“- ს შორის 2018 წლის 23 იანვრს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, კერძოდ შპს „ სპ-------“-ს მიერ ტექნიკის და თანმდევი მომსახურებების (ინსტალაცია/გამართვა) მიწოდება შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 41 605.4 (ორმოცდა ორი ათას ექვსას ხუთ და ოთხი მეათედი) აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით. გადახდა უნდა განხორციელებულიყო შემდეგი წესით: პირველი ეტაპისთვის, რაც მოიცავდა შეკვეთის განთავსებას - ღირებულების 35%, მეორე ეტაპი, რაც მოიცავდა ტექნიკის ჩამოსვლას - 35% მიწოდებამდე და მესამე ეტაპი - მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა. შპს „სპ-------’’-ს მიერ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული ვალდებულება და მხარეთა შორის 2018 წლის 20 მარტს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც მიწოდების საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 41 015.4 აშშ დოლარით.
შპს „ელ--------“-ს მიერ არ იქნა ჯეროვნად შესრულებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება ღირებულების გადახდის ნაწილში და დღემდე თავს არიდებს ვალდებულების სრულიად შესრულებას. მოპასუხის მიერ, ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შეკვეთის განთავსების ეტაპზე გადახდილ იქნა ღირებულების 35%, ხოლო მეორე ეტაპის ღირებულება 35 000, მოსარჩელის მხრიდან არაერთგზის მოთხოვნის შემდგომ, გადახდილ იქნა უშუალოდ კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორის ნ--- ბო------–ის მიერ 2018 წლის 08 ივნისს, ხოლო დარჩენილი თანხის 11 791.75 აშშ დოლარის გადახდაზე კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორი, ნ--- ბო------–ი უარს აცხადებს. შპს ,,ელ--------’’-ს ანგარიშზე არ მოიძებნება თანხები, მას არ გააჩნია უძრავი ქონება. ნ--- ბო------–ი დაცულია პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრეზუმციით. მოსარჩელისათვის ცნობილია, რომ კომპანია თანხებს არ განკარგავდა მიზნობრივად, რასაც ადასტურებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება, ასევე მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება. მხარეთა შორის 2018 წლის 23 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნი შესრულებისთვის პირგასამტეხლო განისაზღვრა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.2 %-ით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, შპს „ელ--------“-ს ერიცხება ბიუჯეტის წინაშე ვადაგადაცილებული დავალიანებები და სახელმწიფოს მიერ გამოყენებულია შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძებები კომპანიის ქონებისა და აქტივების მიმართ, რისი მიღებაც ვერ ხდება სახელმწიფოს მიერ სწორედ იმ მიზეზით, რომ კომპანისა არ აქვს არანაირი აქტივი და შესაბამისად გადახდევინება ვერ ხდება. კომპანიის არასწორი არაკეთილსინდისიერი მართვის ხარჯზე დამფუძნებელი დიდი ალბათობით იღებდა პირად სარგებელს სწორედ პასუხისმგებლობის შეზღუდვის ხარჯზე, ხოლო კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს ვალაუვალი კომპანია. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე კომპანია გადამხდელუუნაროა და მას აქვს სახელმწიფოს და სხვა კრედიტორების წინაშე შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, მის დამფუძნებელს და დირექტორს ნ--- ბო------–ს არ დაუწყია ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხე ნ--- ბო------–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში - ყველა პარტნიორს, კომანდიტური საზოგადოებაში სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარეს), კომპლემეტარი იურიდიული პირის შემთხვევაში - მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმება) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისთვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ შპს ,,ე-–--------ს’’ დერექტორი არაკეთილსინდისიერად უძღვებოდა კომპანიის საქმიანობას და კომპანიას იყენებდა პირადი გამდიდრებისთვის, ეწინააღმდეგება მის მიერ მითითებულ გარემოებას, იმის თაობაზე, რომ ნ--- ბო------–მა პირადად გადაურიცხა 35000 ლარი შპს ,,ს-------ს’’ 2018 წლის 08 ივნისს.
მოპასუხე ნ--- ბო------–ი მიუთითებს, რომ 2018 წლის 08 იანვისისთვის შპს ,,ელ--------ს’’ საბანკო ანგარიშზე წარმოშობილი იყო საინკასო დავალება და შპს ,,ელ--------ს’’ საბანკო ანგარიშიდან შპს ,,სპ-------სთვის’’ თანხის გადარიცხვა შეუძლებელი იყო და იმისათვის, რომ კომპანიას ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა თანხის 35000 ლარის გადარიცხვა განახორციელა პირადად, ხოლო რაც შეეხება თანხას, აღნიშნული თანხა 35000 ლარი იყო კომპანიის კუთვნილი, რომელიც იმავე დღეს 2018 წლის 08 ივნისს მიიღო შპს ,,დ--------’’-გან.
მოპასუხე ნ--- ბო------–ი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,ელ--------სა’’ და ნ--- ბო------–ისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე შპს ,,ელ-------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
მოპასუხის განმარტებით, დავალიანება ნამდვილად არსებობს, მაგრამ აღნიშნული გარკვეულწილად გამოწვეულია მოსარჩელის ბრალითაც, კერძოდ: შესყიდული საქონლის მიწოდება მოხდა დაგვიანებით - ბაზარზე მაღალი კონკურენციის პიროებებში, როდესაც ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება, კომპანიის გამართული საქმიანობისთვის თავისთავად მნიშვნელოვანია საქონლის დროული მიწოდება, რაც დარღვეულ იქნა შპს სპ-------ს მიერ. აღნიშნულმა თავის მხრივ გამოიწვია შპს ,,ე-–--------ს’’ საქმიანობის შეფერხება და შესყიდული საქონლის გარკვეული ნაწილი კვლავ კომპანიაში დარჩა გამოუყენებელი სახით. ასევე შპს ,,სპ-------ს’’ მიერ არ მოხდა მიწოდებული საქონლის სრულყოფილი დოკუმენტაციის გადმოცემა, რის გამოც შპს ,,ელ--------’’ დაჯარიმდა და წარმოეშვა დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
ამდენად, შპს ,,ელ--------’’ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მისთვის მხოლოდ ძირითადი დავალიანების - 11 791 აშშ დოლარის დაკსირების ნაწილში და არ ეთანხმება მოთხოვნას შპს ,,ელ--------სთვის’’ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ნ--- ბო------–ისთვის, როგორც სოლიდარული მოვალისათვის თანხის დაკისრების ნაწილში.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 23 იანვარს შპს „სპ-------“-სა და შპს „ ელ--------“-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართ A-ში მითითებული ტექნიკისა და თანმდევი მომსახურების (ინსტალაცია/გამართვა) მიწოდება-შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 42 605,40 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, დღგ-ს ჩათვლით, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული არის პირგასამტეხლო, კერძოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი ვალდებულია გადაუხადოს მეორე მხარეს პირგასამტეხლო ხელშკერულების ჯამური ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- ნასყიდობის ხელშეკრულება;
3.1.2. შპს ,,ელ--------ს’’ მიერ შეკვეთის განთავსების ეტაპზე გადახდილ იქნა ხელშეკრულების 35 % - 37,500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
- (24.01.2018 წ) საგადასახადო დავალება N2--
3.1.4. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს ,,ელ--------ს’’ 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი არის მოპასუხე ნ--- ბო------–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარემო რეესტრიდან
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ შპს ,,ელ--------ს’’ დირექტორის ნ--- ბო------–ის მიერ 2018 წლის 08 ივნისს შპს ,,სპ-------ს’’ ანგარიშზე გადახდილ იქნა 35 000 ლარი (გადახდის დანიშნულება - შეძენილი საქონლის ღირებულება), მოპასუხე სადავოდ ხდის აღნიშნული თანხის გადახდის მიზანს და უთითებს, რომ ნ--- ბო------–მა, იმისათვის რომ კომპანიის ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა, კომპანიის კუთვნილი თანხის გადარიცხვა განახორციელა პირადად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი ;
- (08.06.2018 წ) სალაროს შემოსავლის ორდერი N69--------
3.2.2. შპს ,,ელ--------ს’’ დირექტორი ნ--- ბო------–ი, მის მიერ განხორციელებული ქმედებებით კორპორაციულ საფარველს ამოფარებული ზრუნავდა პირად კეთილდღეობაზე და მისი ამგვარი ქმედებებით ზიანის მიადგა მოსარჩელეს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2.3. შპს ,,ელ--------’’ სადავოდ ხდის მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქციის მიწოდება მოხდა დაგვიანებით, რამაც გამოიწვია მოპასუხის საქმიანობის შეფერხება და შესყიდული საქონლის გარკვეული ნაწილი კვლავ კომპანიაში დარჩა გამოუყენებელი სახით, ასევე შპს ,,სპ-------ს’’ მიერ არ მოხდა მიწოდებული საქონლის სრულყოფილი დოკუმენტაციის გადაცემა, რის გამოც შპს ,,ელ--------’’ დაჯარიმდა და წარმოეშვა დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
დასახელებული ნორმით განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპი - შეჯიბრებითობა, რა დროსაც მხარეები თავადვე, დამოუკიდებლად წყვეტენ მათი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება რომელი მტკიცებულების წარდგენის გზითაა შესაძლებელი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას მოპასუხის ზემოთ აღნიშნული განმარტების სისწორისადმი.
საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ, მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის ვადის დარღვევით მიწოდება, სადავოდ იყო გამხდარი, შპს ,,სპ-------ს’’ მიერ სარჩელის აღძვრამდე. როგორც საქმეში წარმოადგენილი მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა შპს ,,ელ--------ს’’ დირექტორმა ნ--- ბო------–მა 2018 წლის 20 მარტს ისე ჩაიბარა მიწოდებული პროდუქცია, რომ სადავოდ არ გაუხდია პროდუქციის მიწოდების ვადა. უფრო მეტიც, ნ--- ბო------–მა აღნიშნულის შემდგომ 2018 წლის 08 ივნისს კვლავ განახორციელა მოსარჩელის ანგარიშზე შეძენილი საქონლის ღირებულების გადარიცხვა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,სპ-------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს შპს ,,ელ--------ს’’ და ნ--- ბო------–ს შპს ,,სპ-------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ნასყიდობის ღირებულების და პირგასამტეხლოს გადახდა
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ’’
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ. სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ:
2018 წლის 23 იანვარს შპს „სპ-------“-სა და შპს „ ელ--------“-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართ A-ში მითითებული ტექნიკისა და თანმდევი მომსახურების (ინსტალაცია/გამართვა) მიწოდება-შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 42 605,40 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, დღგ-ს ჩათვლით, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით.
როგორც საქმის მასალებიდან (მიღება-ჩაბარების აქტი) ირკვევა, მოსარჩელემ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია მოპასუხეს, რომლის ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, იყო 41 015,40 აშშ დოლარი. შპს ,,ელ-------ს’’ აღნიშნული თანხიდან მოსარჩელისთვის ანაზღაურებული აქვს 72 500 ლარი. ღირებულების დარჩენილი ნაწილი მოპასუხეს არ გადაუხდია. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.
6.2. სასამართლო დასაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლითაც იგი მოითხოვს 68 132,83 ლარის სოლიდარულად დაკისრებას შპს ”ელ--------სა” და ნ--- ბო------–ისთვის შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ელ--------ს’’ 100%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორი ნ--- ბო------–ი ამავდროულად წარმოადგენს კომპანიის დირექტორს.
მოცემულ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ელ-------ს’’ შპს ,,სპ-------ს წინაშე გააჩნია ფულადი ვალდებულება, რომელიც შეადგენს 11 791,75 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანია, ეკისრება თუ არა კომპანიის დირექტორს პირდაპირ და უშუალოდ, მთელი მისი ქონებით პასუხისმგებლობა კომპანიის ვალდებულებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ დადასტურებულია, რომ კომპანიას აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია; უფლებამოსილია თუ არ შპს ,,სპ-------’’ მოითხოვოს მისგან კომპანიის ვალდებულებების ანაზღაურება და რა სამართლებრივი საფუძვლით.
სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ვალდებულებებისათვის საზოგადოების პარტნიორები და, მით უფრო დირექტორი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ, თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, როცა კომპანიის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა შესაძლებელია კომპანიის დირექტორებსა და პარტნიორებსაც დაეკისროთ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენება სახეზეა, როცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საზოგადოებაში უშუალოდ ხელმძღვანელობს და ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადებისაგან თავის არიდებას, ანუ როცა საზოგადოება პარტნიორის მიერ გამოიყენება არადეკლარირებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს დანიშნულებით. საკასაციო პალატის განმარტებით, კომპანიის პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. (იხ. უზ. სასამართლოს №ას-1307-1245-2014)
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ--- ბო------–ი არის შპს ,,ელ--------ს’’ დამფუძნებელი პარტნიორი (100%-იანი წილის მესაკუთრე) და ამავდროულად ახორციელებს საზოგადოების ხელმძღვანელობას (წარმოადგენს საზოგადოების ერთადერთ დირექტორს). კომპანიის სახელით ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი აქვს სწორედ შპს ,,ელ--------ს’’ დირექტორს ნ--- ბო------–ს.
სასამართლო განმარტავს, რომ ძირითადი მიზანი, რომელიც მისაღწევადაც მიმართულია კომპანიის ხელმძღვანელთა საქმიანობა, არის მოგების მიღება. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პარტნიორების ძირითადი მიზანი, რის გამოც ისინი ახორციელებენ ინვესტიციებს კომპანიაში, არის საკუთარი ინვესტიციიდან სარგებლის მიღება, რაც გამოიხატება კომპანიის მომგებიანი საქმიანობის შედეგად დივიდენდების განაწილებაში. რაკი კომპანიას ეკისრება საგადასახადო ვალდებულებები, ზრუნვის მოვალეობა ამ ვალდებულებების მინიმიზაციას კომპანიის დირექტორთა საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქცევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გახდა მათი მხრიდან კომპანიის ოპერაციების ისე დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, რომ მიღწეულ იქნას მაქსიმალური საგადასახადო ოპტიმიზაცია.
ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლოს, მოპასუხე ნ--- ბო------–ის ახსნა-განმარტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს ,,ელ--------ს’’ დირექტორის ქმედებები არ შეიძლება შეფასდეს კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებად, შემდეგ გარემოებათა გამო:
დირექტორი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი პირი არის დასაქმებული შპს ,,ელ-------ში’’, არ ფლობს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვისაც შპს ,,ელ--------ს’’ ანგარიშიდან გადარიცხული აქვთ გარკვეული თანხები, არ ფლობს ინფორმაციას კომპანიის სახელფასო ფონდის და მაქსიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ. ამასთან, შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული თანხები არ ემთხვევა საბანკო ანგარიშების ამონაწერებში მითითებულ თანხებს (იხ. 23.07.2019წ. სხდომის ოქმი, საბანკო ანგარიშის ამონაწერები, ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან).
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის მიერ შეთავაზებულ პირობაზე (ღირებულების გამოქვითვის სანაცვლოდ დაებრუნებინა შპს ,,ელ-------ს’’ მისთვის გამოუყენებლი პროდუქცია), შპს ,,ელ--------ს’’ დირექტორის ნ--- ბო------–ის პოზიცია არის ბუნდოვანი, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თუ ზიანი მიადგა კომპანიას, გაქვითვის სანაცვლოდ რატომ არ უნდა დაებრუნებინა საქონელი მოსარჩელესთვის. მაშინ როდესაც მოპასუხე მხარე შესაგებელში განმარტავდა, რომ მას მიადგია ზიანი და შესყიდული საქონლის გარკვეული ნაწილი კვლავ კომპანიაში დარჩა გამოუყენებელი სახით.
ყოველივე აღნიშნულმა კი, სასამართლოს შეუქმნა მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა, ნ--- ბო------–ის, როგორც კომპანიის დირექტორის მიერ ზრუნვის მოვალეობის დარღვევაზე, ვინაიდან მისი ქმედებები ცხადყოფს, რომ იგი კომპანიის საუკეთესო ინტერესებისთვის არ მოქმედებდა.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--- ბო------–ის ქმედებები წარმოადგენს პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმის ბოროტად გამოყენებას და მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა კომპანიის ვალდებულებებისათვის.
6.2.2. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, შპს ,,ელ--------ს’’ და ნ--- ბო------–ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი _ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულებების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.1%-დან შემცირდეს ათჯერ და შესაბამისად შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 3 747,42 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 2089,50 ლარი (სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათავლისწინებელია, რომ მოპასუხე შპს ,,ელ-------მა’’ ცნო სარჩელი მოსამზადებელ ეტაპზე, ძირითადი თანხის 30 658,55 ლარის დაკისრების ნაწილში, ამდენად, მოპასუხე შპს ,,ელ--------’’ თავისუფლდება მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის (30 658,55 ლარის 3%) 919,75 ლარის გადახდისაგან და აღნიშნული თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ნ--- ბო------–ს.
ხოლო ნ--- ბო------–ს და შპს ,,ელ-------ს’’ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 162,42 (3 747,42ლარის 3%+50) ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე ასევე ითხობს მოპასუხისთვის საადვოკატო მომსახურების ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, კერძოდ 2725,31 ლარის დაკისრებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე. სასამართლოს განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს, მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილი მინდობილობას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ წარმომადგენელს მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება და საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ, პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. (სუსგ 30.10.2015წ. საქმე №ას-444-423-2015).
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), გონივრულ ოდენობად მიაჩნია, რომ მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 2%-ის - 1362,65 ლარის ოდენობით.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,სპ-------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს ,,ელ--------ს’’ (ს/ნ 4--------) და ნ--- ბო------–ს (პ/ნ 2----------) სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,სპ-------ს’’ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ 30 658,55 ლარის გადახდა;
3. შპს ,,ელ--------ს’’ (ს/ნ 4--------) და ნ--- ბო------–ს (პ/ნ 2----------) სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,სპ-------ს’’ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 3 747,42 ლარის გადახდა;
4. შპს ,,ელ--------ს’’ (ს/ნ 4--------) და ნ--- ბო------–ს (პ/ნ 2----------) სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,სპ-------ს’’ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 162,42 ლარის ანაზღაურება.
5. ნ--- ბო------–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს შპს ,,სპ-------ს’’ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 919,75 ლარის ანაზღაურება;
6. შპს ,,ელ--------ს’’ (ს/ნ 4--------) და ნ--- ბო------–ს (პ/ნ 2----------) სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,სპ-------ს’’ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯის 1362,65 ლარის ანაზღაურება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ბადრი შონია