გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.07.2019
საქმის ნომერი
190210017001912459
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/955-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.07.2019 წ ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს “ე---------------+”

წარმომადგენელი გიორგი თათარაშვილი

მოპასუხე ნ------- ბ-–-–---–ი

წარმომადგენელი ნ------- მილაძე

დავის საგანი: სესხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ნ------- ბ-–-–---–ისათვის შპს “ე---------------+”-ის სასარგებლოდ

1.1. 2015 წლის 8 აგვისტოს №122593/რ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის 1376 აშშ დოლარის, სარგებლის 751.74 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 446.62 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. 2016 წლის 26 მარტის №133089/რ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ძირითადი თანხის 140 აშშ დოლარის , სარგებლის 78.16 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 43.12 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის მიღებისთვის გადახდილი საფასურის 50 ლარის და სააღსრულებო წარმოების ხარჯის 200 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

2015 წლის 08 აგვისტოს შპს ე---------------+-სს და ნ------- ბ-–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №122593/რ, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1650 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,3%-ის ოდენობით, თუ ვადაგადაცილებულ დავალიანება 2000 აშშ დოლარზე ნაკლებია, ხოლო თუ დავალიანება აღემატება 2000 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო ყოველდღიურად 0,2%-ს შეადგენს. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - BMW 528 I სახ.ნომერი R------- გამოშვების წელი - 1997 წ.

 

მსესხებელმა ნაწილობრივ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, მან 9 თვის შენატანი გადაიხადა სრულად, ხოლო მე-10 თვის შენატანი 2016 წლის 8 ივნისს გადაიხადა ნაწილობრივ - 108 აშშ დოლარის ნაცვლად გადაიხადა 58 აშშ დოლარი, რაც სარგებელში გაიქვითა და გადასახდელი დარჩა 11 აშშ დოლარი სარგებელი. მომდევნო თვეებში თანხა აღარ გადაუხდია. გირავნობის საგანი აღმოჩნდა განადგურებული, 2017 წლის 15 მარტს, მოპასუხისთვის გაგზავნილ იქნა წერილობითი შეტყობინება დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მიზნით, სადაც მოსარჩელემ უარი განაცხადა გირავნობის საგანზე და მოპასუხეს მისცა დამატებითი ვადა 2017 წლის 27 მარტამდე დავალიანების დასაფარად. მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა დამატებითი ვადაში დავალიანების დაფარვა.

2015 წლის 08 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ გადასახდელი დავალიანებაა:

· სესხის ძირითადი თანხა - 1376 აშშ დოლარი;

· სარგებელი - 2016 წლის 08 ივლისის დარჩენილი 11 აშშ დოლარი, 2016 წლის 08 ივლისის და ყოველი მომდევნო თვის 08 რიცხვისთვის სესხის 5 %, რაც ყოველთვიურად შეადგენს 68.8 აშშ დოლარს. შესაბამისად, ვინაიდან წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისთვის გასულია სრული 10 თვე და 23 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 751.74 აშშ დოლარს (11 აშშ დოლარი + 68.8x10 + 23 დღის სარგებელი 52.74 აშშ დოლარი);

· პირგასამტეხლო - დარიცხულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.1%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 1.37 აშშ დოლარს). 2016 წლის 09 ივნისიდან სარჩელის აღძვრის დღემდე გასულია 326 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 446.62 აშშ დოლარს. (326x1,37).

 

2016 წლის 26 მარტს შპს „ევრო კრედიტ+“სსა და ნ------- ბ-–-–---–ს შორის დაიდო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ № 133089/რ-ით, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის ჩარიცხვის პირობით გადასცა სესხი 200 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ვადაა 6 თვე, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გრაფიკის მიხედვით შეადგენს 36 აშშ დოლარს. ეს ხელშეკრულება გაფორმებული მხარეებს შორის 2015 წლის 8 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხაზისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

მსესხებელს ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი აქვს 3 თვის შენატანი სრულად. სარჩელის აღძვრის მომენტისთვის, მოპასუხეს შპს ,, ე--------------- +’’ -ს მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება:

· სესხის ძირითადი თანხა - 140 აშშ დოლარი;

· სარგებელი - 2016 წლის 26 ივნისის დარჩენილი და ყოველი თვის 26 რიცხვისთვის სესხის 5%, რაც ყოველთვიურად შეადგენს 7 აშშ დოლარს. სარჩელის აღძვრის მომენტისთვის გასულია სრული 11 თვე და 05 კალენდარული დღე, რა დროშიც დარიცხული სარგებელი შეადგენს 78.16 აშშ დოლარს ( 7x11 + 05 დღის სარგებელი 1.16 აშშ დოლარი).

· პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.1% -ის ოდენობით (რაც შეადგენს დღესი 0.14 აშშ დოლარს. 2016 წლის 2 ივნისიდან სარჩელის აღძვრის დღემდე გასულია 308 კალენდარული დღე, რა დროში გადასახდელი პირგასამტეხლო შეადგენს 43.12 აშშ დოლარს.

 

მოპასუხეს შპს ,ე---------------+’’-ის მიმართ ერიცხება ასევე სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 250 ლარის ოდენობით. ვინაიდან, გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2016 წლის 14 დეკემბერს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულია გირავნობის მოწმობა, რომლის მიღების საფასურია 50 ლარი. გირავნობის მოწმობის საფუძველზე 2016 წლის 19 დეკემბერს დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილის ძებნის მიზნით, ხოლო აღმასრულებლის მომსახურების ხარჯია 200 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ არაკეთილსინდისიერად გამოიყენა უფლება და გააჭიანურა სარჩელის აღძვრა სარგებლის გადაჭარბებული ოდენობით მოთხოვნის მიზნით. გარკვეული პერიოდის მანძილზე იგი ჯეროვნად ასრულებდა ვალდებულებას. ფინანსური სიძნელეების გამო ვეღარ შეძლო თანხის დაბრუნება. მოსარჩელეს არაერთხელ აცნობა, რომ დაგირავებული ავტომობილი შესაკეთებელი იყო, ვალს ვეღარ აბრუნებდა და შესთავაზა ავტომობილის გადაცემა. ავტომობილით დარჩენილი დავალიანების ამოღება შესაძლებელი იყო. მოსარჩელემ მხოლოდ სარჩელის განხილვის დაწყების შემდეგ განაცხადა უარი გირავნობის უფლებაზე, თუმცა ავტომობილის ღირებულება 5000 აშშ დოლარამდეა და მოსარჩელეს შეეძლო მის ხარჯზე დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა.

(10.07.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 08 აგვისტოს შპს ე---------------+-სს და ნ------- ბ-–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №122593/რ, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1650 აშშ დოლარის ოდენობით. სესხი გაიცა 30 თვის ვადით. ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლითაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნება ყოველთვიურად107 აშშ დოლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,3%-ის ოდენობით, თუ ვადაგადაცილებულ დავალინება 2000 აშშ დოლარზე ნაკლებია, ხოლო თუ დავალიანება აღემატება 2000 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო ყოველდღიურად 0,2%-ს შეადგენს. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - BMW 528 I ნომერი R------- გამოშვების წელი 1997 წელი. გირავნობის უფლება რეგისტრირებულია შსს მომსახურების სააგენტოში. დაგირავებული ავტომობილის მსესხებლის სარგებლობაში იყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-22, 25-27. ტომი 1)

- მომსახურების სააგენტოს ცნობის ასლი (ს.ფ. 23. ტომი 1)

 

3.1.2. მსესხებელმა ნ------- ბ-–-–---–მა ნაწილობრივ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, მან 9 თვის შენატანი გადაიხადა სრულად, ხოლო მე-10 თვის შენატანი 2016 წლის 8 ივნისს გადაიხადა ნაწილობრივ - 108 აშშ დოლარის ნაცვლად გადაიხადა 58 აშშ დოლარი, რაც კრედიტორმა სარგებელში გაქვითა და გადასახდელი დარჩა 11 აშშ დოლარი სარგებელი. მომდევნო თვეებში მსესხებელს თანხა აღარ გადაუხდია.

2015 წლის 08 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი თანხაა

· სესხის ძირითადი თანხა - 1376 აშშ დოლარი;

· სარგებელი დაანგარიშებულია შემდეგნაირად: 2016 წლის 08 ივლისის დარჩენილი 11 აშშ დოლარი, 2016 წლის 08 ივლისის და ყოველი მომდევნო თვის 08 რიცხვისთვის სესხის 5 %, რაც ყოველთვიურად შეადგენს 68.8 აშშ დოლარს. ნ წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისთვის გასულია სრული 10 თვე და 23 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 751.74 აშშ დოლარს;

· პირგასამტეხლო - დარიცხულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.1%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 1.37 აშშ დოლარს). 2016 წლის 09 ივნისიდან სარჩელის აღძვრის დღემდე გასულია 326 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 446.62 აშშ დოლარს. (326x1,37).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სესხის ამონაწერი (ს.ფ. 190-195. ტომი 1)

 

3.1.3. 2016 წლის 26 მარტს შპს ევრო კრედიტ+“სსა და ნ------- ბ-–-–---–ს შორის დაიდო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ № 133089/რ, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის ჩარიცხვის პირობით გადასცა სესხი 200 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ვადაა 6 თვე, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გრაფიკის მიხედვით შეადგენს 36 აშშ დოლარს. ეს ხელშეკრულება დადებულია მხარეებს შორის 2015 წლის 8 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხაზისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 28-31. ტომი 1)

 

3.1.4. მსესხებელს ნ------- ბ-–-–---–ს 2016 წლის 26 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი აქვს 3 თვის შენატანი სრულად. ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია შემდეგი დავალიანება:

· სესხის ძირითადი თანხა - 140 აშშ დოლარი;

· სარგებელი - გაანგარიშებულია შემდეგნაირად 2016 წლის 26 ივნისის დარჩენილი და ყოველი თვის 26 რიცხვისთვის სესხის 5%, რაც ყოველთვიურად შეადგენს 7 აშშ დოლარს. სარჩელის აღძვრის მომენტისთვის გასულია სრული 11 თვე და 05 კალენდარული დღე, რა დროშიც დარიცხული სარგებელი შეადგენს 78.16 აშშ დოლარს ( 7x11 + 05 დღის სარგებელი 1.16 აშშ დოლარი).

· პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.1% -ის ოდენობით (რაც შეადგენს დღეში 0.14 აშშ დოლარს. 2016 წლის 2 ივნისიდან სარჩელის აღძვრის დღემდე გასულია 308 კალენდარული დღე, რა დროში გადასახდელი პირგასამტეხლო შეადგენს 43.12 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სესხის ამონაწერის ასლი (ს.ფ. 188-190. ტომი 1)

 

3.1.5. 2017 წლის 15 მარტს შპს ე--------------- +“მა ნ------- ბ-–-–---–ს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მიზნით, წერილში მითითებულია, რომ გირავნობის საგნის ტექნიკური და სამართლებრივ იმდგომარეობის გათვალისწინებით (მოსარჩელის განმარტებით, გირავნობის საგანი აღმოჩნდა განადგურებული), სამოქალაქო კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორი უარს აცხადებს გირავნობის საგანზე და მსესხებელს მისცა დამატებითი ვადა 2017 წლის 27 მარტამდე დავალიანების დასაფარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- წერილის ასლი (ს.ფ. 37. ტომი 1)

 

3.1.6. შპს ე--------------- +“მა გირავნობის საგანზე გირავნობის უფლების შეწყვეტის განაცხადით შსს მომსახურების სააგენტოს მიმართა 2019 წლის 28 ივნისს, სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. შპს ევრო-კრედიტ+-ისათვის სარჩელის აღძვრამდე ცნობილი იყო ავტომობილის მდგომარეობის შესახებ, რადგან მან წარმოადგინა სატრანსპორტო საშუალებისათვის 2017 წლის 9 მარტს გადაღებული ფოტოები. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 4 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

 

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (28.06.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი )

- შეტყობინების ასლი (ს.ფ. 221, ტომი 1 )

 

3.1.7. გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2016 წლის 14 დეკემბერს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ შპს ვერო კრედიტ+ის მიმართ გაცემულია გირავნობის მოწმობა, რომლის მიღების საფასურია 50 ლარი. გირავნობის მოწმობის საფუძველზე 2016 წლის 19 დეკემბერს დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილის ძებნის მიზნით, ხოლო აღმასრულებლის მომსახურების ხარჯია 200 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- გირავნობის მოწმობის ასლი (ს.ფ. 32. ტომი 1 )

- აღმასრულებელთან დადებული ხელშეკრულების და განცხადების ასლი (ს.ფ. 33-35. ტომი 1 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელე გულისხმიერებით არ მოეპყრო გირავნობის უფლების შეწყვეტის დროს მოვალის უფლებებს, რის გამოც ხელშეკრულების 6,6 პუქტის საფუძველზე მოპასუხეს არ ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადაუხდელი ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 254-ე, 255-ე, 256-ე, 276-ე, 2811-ე, 272-ე, 115-ე, 345-?, 448-ე მუხლები, 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით (2017 წლის 15 იანვრამდე არსებული რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია და შეადგენს თვეში 5%-ს. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო. ამდენად, მსესხებელს ხელშეკრულების საფუძველზე წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდის ვალდებულება. ეს ვალდებულება მსესხებელმა ჯეროვნად არ შეასრულა.

 

მხარეებს შორის დადებულია ორი სესხის ხელშეკრულება, თუმცა მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ 2016 წლის 26 მარტს სესხის ხელშეკრულება დაიდო მანამდე არსებული 2015 წლის 8 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების ფარგლებში და ვრცელდება ამ ხელშეკრულებაში მითითებული სტანდარტული პირობები, მათ შორის გირავნობის უფლება.

 

მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ მსესხებელმა სესხის თანხა სრულად არ დააბრუნა. მოპასუხემ ორივე სესხის დასაბრუნებლად ბოლო შენატანი გადაიხადა 2016 წლის ივნისის თვეში. კერძოდ, 2015 წლის 8 აგვისტოს სესხის საფუძველზე 2016 წლის 8 ივნისს გადაიხადა 58 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 26 მარტის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაიხადა 2 თვის შენატანი სრულად.

 

სესხის უზრუნველყოფილია გირავნობით. გირავნობის საგანია მსესხებლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მიხედვით, 1. მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში; 2. მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 255-ე მუხლით გათვალისწინებულია გირავნობის ორი ფორმა- რეგისტრირებული და მფლობელობითი. ამ შემთხვევაში სახეზეა რეგისტრირებული გირავნობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის თანახმად, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, 1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 2811-ე მუხლის მიხედვით, 1. მოგირავნეს უფლება აქვს, სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა; 2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ მოგირავნისათვის დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების გადაცემა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; 3. სააღსრულებო დაწესებულებაში ერთი და იმავე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების მფლობელობაში გადაცემისათვის სხვადასხვა მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში გირავნობის საგანი გადაეცემა იმ მოგირავნეს, რომელსაც აქვს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატესი უფლება; 4. გირავნობის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას; 5. მოგირავნე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში გადაეცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მისი რეალიზაცია ან საკუთრებად დარეგისტრირება; 6. მოგირავნისათვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მოვალეს; 7. მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის სააღსრულებო დაწესებულებაში წარდგენის მართლზომიერებისთვის პასუხისმგებელია მოგირავნე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებულია გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობაზე უარის თქმით. ამ ნორმის მიხედვით, 1. რეგისტრირებული გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მოგირავნე უარს იტყვის გირავნობაზე რეგისტრაციის გზით. 2. მფლობელობითი გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მფლობელობა დამგირავებელს უბრუნდება ან მოგირავნე უარს ამბობს გირავნობის უფლებაზე.

 

სესხის ხელშეკრულების 6,10 პუნქტის მიხედვით, გირავნობის საგნის ტექნიკური მდგომაერობის, ლიკვიდულობის ან/და ბაზარზე მის მოთხოვნადობადობის გათვალისწინებით, მოგირავნემ შესაძლოა საერთოდ უარი თქვას გირავნობის საგანზე და მოითხოვოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მსესხებელის საკუთარებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

კრედიტორმა გირავნობის უფლებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ დაგირავებული ავტომობილის დაზიანების გამო მისი ღირებულება მკვეთრად შემცირებულია და მისი რეალიზაციით ან საკუთრებაში მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ გირავნობის უფლებაზე უარი განაცხადა 2019 წლის 28 ივნისს, რადგან გირავნობის უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით შსს მომსახურების სააგენტოს ამ დღეს მიმართა. საქართველოს სამოქალქო კოდექის 272-ე მუხლის მიხედვით, რეგისტრირებული გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მოგირავნე უარს იტყვის გირავნობაზე რეგისტრაციის გზით. ამდენად, გირავნობის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით კრედიტორმა უფლებამოსილ ორგანოს მიმართა ამ საქმეზე სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის დღეს, სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე. მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის მანამდეც, სარჩელის აღძვრამდეც იყო ცნობილი ავტომობილის მდგომარეობის და მდებარეობის შესახებ. მოპასუხემ შესთავაზა დაგირავებული ნივთის გადაცემა იმ დროს, როცა მოსარჩელეს დაწყებული ჰქონდა დაგირავებული ნივთის ძებნის შესახებ სააღსრულებო წარმოება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რა შედეგით დასრულდა სააღსრულებო წარმოება, როდის და სად მოიძებნა ავტომობილი ან რა არის მისი ღირებულება. ამ გარემოებების შესახებ მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

ხელშეკრულების 8,8 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ცალსახად და გამოუთხოვადად აცხადებს თანხმობას სესხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს, ჯარიმის და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ თანმიმდევრობაზე: პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამსესხებლის იურიდიული მომსახურების, სანოტარო ხარჯები და სასამართლო ბაჟი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდეგ სესხი და სხვა გადასახდელები. აღნიშნული რიგითობა შეიძლება შეიცვალოს გამსესხებლის შეხედულებით.

 

სესხის ხელშეკრულების 3,4 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი 8 დღით გადააცილებს სესხი გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც, ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის თითოეული ნაწილის (სესხის თითოეული დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების ვალდებულება. აგრეთვე გამსესხებლის სასარგებლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს ან/და სხვა ნებისმიერი გადასახდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდა. ასევე, თუ გამსესხბელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს ეკისრება სესხის თითოეული ნაწილის (სესხის თითოეული ნაწილის დარჩენილი ნაწილის) ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც.

 

ხელშეკრულების 6,6 პუნქტის მიხედვით, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებით განსაზღვრული სესხის გადახდის 2 კვირიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში, მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა. დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის მოგირავნისათვის ნებაყოფლობით მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში მსესხებელს აღარ ეკისრება ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლო. მსესხებლის მიერ გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში მიმდინარე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოგირავნე ავტომობილს დაუბრუნებს დამგირავებელს, ხოლო აღნიშნულ ვადაში მისი დაუკმაყოფიულევლოსი შემთხვევაში მოგირავნე მიმართავს ამ მუხლის მე-2 პუნქტშის „ა“, „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რომელიმე ღონისძიებას.

 

ამდენად, ხელშეკრულების ამ პირობით გათვალისწინებულია, რომ მსესხებლის მიერ დაგირავებული ავტომობილის გამსესხებელისათვის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში სესხს აღარ ერიცხება პირგასამტეხლო.

 

ხელშეკრულების 6.6 პუნქტის განმარტებისათვის მნიშვნელოვანია ხელშეკრულების სხვა პირობებით როგორაა გათვალისწინებული პირგასამტეხლოს და სარგებლის დარიცხვის წესი. კერძოდ, ხელშეკრულების 3.5 პუნქტის მიხედვით, სესხის 14 დღით გადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს უპირობოდ ეკისრება სესხის თითოეული ნაწილის (სესხის თითოეული ნაწილის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების ვალდებულება. აგრეთვე გამსესხებლის სასარგებლოდ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად დარიცხული ჯარიმის და პირგასამტეხლოს გადახდა. ასევე სესხის თითოეული ნაწილის (სესხის თითოეული დარჩენილი ნაწილის) ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდა.

 

ხელშეკრულების 6.6 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევის შემდეგ გამსესხებლისათვის ავტომობილის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში, მსესხებელს აღარ ეკისრება ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლო. ხელშეკრულების 3.3 პუნქტით დადგენილია პირგასამტეხლოს ოდენობა ვადის გადაცილების სხვადასხვა პერიოდისათვის, 3.4 პუნქტებით დადგენილია სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევისათვის უპირობოდ დარჩენილის სესხის თანხის, სარგებლის და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო ხელშეკრულების 3.5 პუნქტით გათვალისწინებულია გამსესხებელის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის უფლება და ასეთ შემთვევაში ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლებების გამოყენების შესაძლებლობა. თავის მხრივ ხელშეკრულების მე-6 მუხლი ითვალისწინებს დაგირავებული ნივთის ხარჯზე სესხის მოთხივნის დაკმაყოფილების წესს.

ხელშეკრულების 6.6 პუნქტში დაგირავებული ნივთის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში მთლიანად ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოზე მიუთითებს, რის გამოც ამ ნორმით (ხელშეკრულების მე-3 მუხლი) ყველა დებულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდისგან ათავისუფლებს მოვალეს, თუ იგი დაგირავებულ ავტომობილს ნებაყოფლობით გადასცემს გამსესხებელს.

 

ამდენად, ხელშეკრულების 6.6 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ვალის ნაწილობრივ პატიების პირობაზე. კერძოდ, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს პატიებაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ავტომობილს ნებაყოფლობით გადასცემს კრედიტორს მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

 

ხელშეკრულების ამ პირობის განმარტებისათვის სასამართლო მოიხმობს ??????????? ?????????? ???????? 345-? ?????, ?????? ???????? თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ. 345-? ?????? ?????????? ??????????? ?????????????? ??????? ?????????? ???????? ????, ?????? ???????? ????????? ??????????? ?????? ??????????? ????????????? ????? ?????? ?? ??? ?? ??????? ????????? ?????? ???????????.

 

ხელშეკრულების 6.6 პუნქტი არის შპს ე---------------ი+“-ის მიერ შემუშავებული სტანდარტული სახელშეკრულებო პირობა. ზემოთაღნიშნული ნორმის საფუძველზე კი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი იგი განიმარტება ხელშეკრულების მეორე მხარის სასარგებლოდ. შესაბამისად, წინააღმდეგობის შემთხვევაში ხელშეკრულების სტანდარტული პირობა განიმარტება არა შემთავაზებლის, არამედ ხელშეკრულების მეორე მხარის სასარგებლოდ. ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე ხელშეკრულების 6.6 პუნქტი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ დაგირავებული ნივთის ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში მსესხებელს აღარ ეკისრება ვადის გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა, რადგან ამ პირობით გათვალისწინებულია, რომ მსესხებელს ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული პირგასმატეხლო აღარ ეკისრება და მე-3 მუხლით პირგასამტეხლოს დარიცხვის რომელიმე კონკრეტული წესი გამოყოფილი არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების 6.6 პუნქტით გათვალისწინებულია ვალის ნაწილობრივ პატიება, კერძოდ, პირგასამტეხლოს პატიება იმ პირობით, თუ მოვალე ნებაყოფლობით გადასცემს გამსესხებელს დაგირავებულ ავტომობილს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის მიხედვით, ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. ამავე კოდექსის 450-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალის პატიება ძირითადი მოვალისათვის ათავისუფლებს თავდებ პირებსაც. ვალის პატიება ვალდებულების შეწყვეტის ერთერთი საფუძველია, ხოლო ვალის პატიება შეიძლება ვალდებულებას სრულად შეეხებოდეს ან ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია ვალდებულების დარღვევის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლოს პატიება, თუკი დაგირავებული ნივთი იძულებით აღსრულების ღონისძიებების გარეშე გადაეცემა კრედიტორს.

 

მოსარჩელე მოითხოვს სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას და გირავნობის საგნის რეალიზაციის მიზნით გაწეული ხარჯების დაკისრებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ დაკარგა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, რადგან კეთილსინდისიერად არ გამოიყენა გირავნობის საგნის ხარჯზე მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული უფლებები. კერძოდ, სესხის გადაუხდელობის გამო კრედიტორს უფლება აქვს განახორციელოს დაგირავებული ნივთის რეალიზაცია ან საკუთრებაში მიიღოს იგი და ამ გზით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. მოსარჩელემ 2016 წლის 24 დეკემბერს მიიღო გირავნობის მოწმობა, ხოლო აღმასრულებელს დაგირავებული ავტომობილის ძებნის მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 19 დეკემბერს.

 

მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემდეგ სარჩელის აღძვრამდე მხარეებს შორის წერილობით მიმოწერა ხორციელდებოდა სატელეფონო ნომრის და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მოპასუხის განმარტებით, მან აცნობა მოსარჩელეს, რომ ავტომობილი ძრავაში წარმოქმნილი პრობლემების გამო შესაკეთებელი იყო, რისი მატერიალური შესაძლებლობა არ ჰქონდა, ვეღარ იხდიდა სესხს და სურდა დაგირავებული ავტომობილის მათთვის გადაცემა და ამ გზით ვალის დაფარვა.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა დაგირავებული ავტომობილის ფოტოსურათები, რომლებზეც ასახულია ავტომობილის მდგომარეობა სესხის გაცემამდე და ვალდებულების დარღვევის შემდგომ პერიოდში. ხელშეკრულების დადებამდე ფოტოები გადაღებულია 2015 წლის 8 აგვისტოს, ხოლო ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემდგომ ფოტოები გადაღებულია 2017 წლის 9 მარტს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით დასტურდება, რომ ავტომობილის ადგილსამყოფელი მათ აცნობა მსესხებელმა და ფოტოები მისი მონაწილეობით გადაიღეს. მოსარჩელის განმარტებით, დაზიანებების გამო ავტომობილი მკვეთრად გაუფასურებულია, რის გამოც გირავნობის უფლებაზე უარი განაცხადეს. გირავნობის უფლებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა 2019 წლის 28 ივნისს, სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელისთვის სარჩელის აღძვრამდე ცნობილი იყო დაგირავებული ავტომობილის მდგომარეობა, ის თუ სად იმყოფებოდა ავტომობილი, რადგან ფოტოები გადაღებულია 2017 წლის 9 მარტს, (თარიღი სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა ფოტოებზე), ხოლო სარჩელი აღძრულია 2017 წლის 4 მაისს.

 

ხელშეკრულების 6,6 პუნქტის საფუძველზე მსესხებლის მიერ დაგირავებული ავტომობილის კრედიტორისათვის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში, მსესხებელს აღარ ეკისრება ხელშეკრულების მე-3 მუხლით დადგენილი პირგასამტეხლო. ამ შემთხვევაში მსესხებელმა კრედიტორის შპს ევროკრედიტ+»-ის მიმართ გამოავლინა ნება იმის შესახებ, რომ სურდა ავტომობილის გადაცემა კრედიტორისათვის სესხის დავალიანების გადახდის ანგარიშში. ამის საპასუხოდ მოსარჩელე განმარტავს, რომ დაზიანების გამო გირავნობის საგანი გაუფასურებულია და მასზე ამიტომ უარი განაცხადა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ თავისი ქმედებით დააბრკოლა ხელშეკრულების 6.6. პუნქტით გათვალისწინებული პირობის დადგომა, დროულად არ განახორციელა ქმედებები გირავნობის საგნის მიღების მიზნით, გირავნობის საგნის მიღება კი მოვალისათვის ვადის გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს პატიების პირობაა. კრედიტორმა გირავნობის საგანზე უარი განაცხადა მხოლოდ სასამართლოში საქმის განხილვის დროს, სარჩელის აღძვრიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ. ამასთან, მტკიცებულებებით არ დასტურდება ავტომობილის საბაზრო ღირებულება რას შეადგენს, რატომ არის შეუძლებელი მის ხარჯზე მოთხოვნის თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გამო მოსარჩელემ დაკარგა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, მან სათანადო მოტივაციის გარეშე დროულად არ მიიღო ზომები დაგირავებული ავტომობილის მიღების საკითხის გადასაწყვეტად, რის გამოც ხელშეკრულების საფუძველზე მოვალეს აღარ შეიძლება დაეკისროს პირგასატეხლოს გადახდის ვალდებულება. შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელეს ასევე უარი უნდა ეთქვას გირავნობის მოწმობის საფასურის და აღსრულების ხარჯის დაკისრებაზე. სასამართლოში სარჩელის აღძვრის დროისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ავტომობილის მდგომარეობის და მდებარეობის შესახებ, არ მიიღო ავტომობილი, არ განსაზღვრა მისი ღირებულება იმ დროისათვის, რითიც შესაძლებელი იყო დავალიანების შემცირება, რის გამოც უფლება არ გამოიყენა კეთილსინდისიერად და აღსრულების ხარჯების ანაზღაურებაზე უარი უნდა ეთქვას.

 

სასამართლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მიმართ უფლებების კეთისლინდისიერად გამოყენების საკითხზე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებას საქმეზე №ას-1338-1376-2014. გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა, „რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთერთი ფუძემდებლური პრინციპია. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. საკასაციო პალატის განმარტებით, კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის“.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, 2. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველი უფლება უნდა განხორციელდეს გულისხმიერად, მეორე მხარის პატივსადები ინტერესებისადმი პატივისცემის ნიშნით. კეთილსინდისიერება და მეორე მხარის უფლებებისადმი გულისხმიერად მოპყრობა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.

 

ვალდებულების შესრულებისაკენ მიმართული ქმედება არ უნდა იყოს ფორმალური ხასიათის და მიზნად უნდა ისახავდეს კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულების რეალურად შესრულებას. შესაბამისად, კრედიტორის მიერ განხორციელებული ქმედება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება უნდა გამოიყენოს მისი უფლებების დასაცავად ისე, რომ მოვალის სახელშეკრულებო უფლებების განხორციელებას დაბრკოლება არ შეუქმნას. ეს ვალდებულება მოსარჩელემ ვერ დაიცვა გირავნობის უფლებაზე უარის თქმის და გირავნობის საგნის მიღების საკითხში უფლების განხორციელების დროს, მან საკმარისი გულისხმიერება არ გამოიჩინა გირავნობის უფლებაზე უარის თქმის საკითხში, რის გამოც მოვალემ უნდა ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანების გადახდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულების სრულად შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის დროს დამგირავებელს ან მოგირავნეს, ხოლო მფლობელობითი გირავნობის დროს – მოგირავნეს ან მოგირავნის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს, ეკისრებათ მათ მფლობელობაში არსებული გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულება. თითოეულ მხარეს აქვს მეორე მხარის მფლობელობაში მყოფი გირავნობის საგნის მდგომარეობის (მათ შორის, ზომის, წონის, შენახვის პირობების და სხვ.) შემოწმების უფლება.

 

თავად მოპასუხემ განმარტა სხდომაზე, რომ გირავნობის საგანს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რისი შეკეთების მატერიალური შესაძლებლობა არ ჰქონდა და კრედიტორს აცნობა დაგირავებული ავტომობილის მდებარეობა და გადასცა სესხის ანგარიშში მისაღებად. ამდენად, მოსარჩელე თავადაც ადასტურებს, რომ ავტომობილს წარმოექმნა ტექნიკური პრობლემა. მართალია საქმიდან არ გამომდინარეობს, რომ ეს პრობლემა ავტომობილის გაფრთხილების ვალდებულების დარღვევის შედეგია (მოსარჩელეს ეს პრეტენზია მისთვის არ წარუდგენია), მაგრამ ავტომობილის ტექნიკური პრობლემა მისი ფასის შემცირებას იწვევს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ამ განმარტებიდან გამომდინარე ტექნიკური პრობლემების მქონე ავტომობილის დამგირავებლისათვის გადაცემა ვალდებულების ჯეროვან შესრულებად ვერ შეფასდება. შესაბამისად, რადგან ამ პროცესში კრედიტორმა დაარღვია დაგირავებული ნივთის მიღებასთან და გირავნობის უფლების გაუქმებასთან დაკავშირებული მისი უფლებები, მოპასუხეზე უნდა გავრცელდეს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათი პირგასამტეხლოს ნაწილში და მას უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულების ძირითადი ვალდებულებების შესრულება.

 

სესხის ძირითადი თანხის სარგებლის გადახდა მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ ვალდებულების შესრულება. 2015 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია სესხის ძირითადი თანხის დავალიანება 1376 აშშ დოლარი, ხოლო სარჩელის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელე მოითხოვს 2016 წლის 8 ივლისიდან მომდევნო 10 თვის - 2017 წლის 4 მაისამდე პერიოდში გადაუხდელი სარგებლის დაკისრებას ყოველთვიურად 68,8 აშშ დოლარის ოდენობით. კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს სესხის გადაუხდელი ნაწილის 5%-ის ყოველთვიურად ანაზღაურებას. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნება ყოველთვიურად 107 აშშ დოლარის გადახდით, რაც სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ერთობლიობაა, ხოლო ყოველთვიურად გათვალისწინებულია სარგებლის სხვადასხვა ოდენობით გადახდა. სარჩელში მითითებულ პერიოდში გრაფიკის მიხედვით გადასახდელი სარგებელია 607 აშშ დოლარი. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 4 მაისს, ხოლო გრაფიკის მიხედვით გადახდის თარიღია 2017 წლის 8 მაისი. 2017 წლის მაისში გადასახდელი სარგებელია 41 აშშ დოლარი, რაც დღეში 1,36 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო აპრილიდან 4 მაისამდე გადასახდელი სარგებელია 35,36 აშშ დოლარი. შესაბამისად, 2015 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი სარგებელია 612,36 აშშ დოლარი (601,36 აშშ დოლარი+2016 წლის ივნისში გადასახდელი სარგებელი 11 აშშ დოლარი).

 

რაც შეეხება 2016 წლის 26 მარტის ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი ძირითადი თანხის დავალიანებაა 140 აშშ დოლარი, რომლის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს. სარგებლის დაკისრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოსარჩელე მოითხოვს სარგებლის ანაზღაურებას 2016 წლის ივნისის შემდგომი 11 თვის და 5 კალენდარული დღის მანძილზე, რაც აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლის ოდენობას. სესხის ხელშეკრულება დაიდო 6 თვით, მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 36 აშშ დოლარი, რაც სრულად გადახდილია 2 თვის განმავლობაში. ამდენად, გადასახდელია დარჩენილი 4 თვის სარგებელი, რაც შეადგენს 18 აშშ დოლარს.

 

ამდენად, 2015 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი თანხაა ძირითადი თანხა 1376 აშშ დოლარი და სარგებელი 612,36 აშშ დოლარი, ჯამურად 1977,36 აშშ დოლარი. 2016 წლის 26 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია 158 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 140 აშშ დოლარი და სარგებელი 18 აშშ დოლარი. საერთო ჯამში მოპასუხის მიერ გადასახდელია 2135,36 აშშ დოლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა 2835,64 აშშ დოლარის და 250 ლარის დაკისრება, ხოლო მოპასუხეს დაეკისრა 2135,36 აშშ დოლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 74%. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟია 215 ლარი, საიდანაც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს თანხა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. სახელმწიფო ბაჟს 75% არის 161,25 ლარი, რომლის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 8-ე, 49-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს "ე--------------- +"-ის სარჩელი;

 

1.1. ნ------- ბ-–-–---–ს დაეკისროს შპს "ე--------------- +"-ისათვის 2015 წლის 8 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 1977,36 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. ნ------- ბ-–-–---–ს დაეკისროს შპს "ე--------------- +"-ისათვის 2016 წლის 23 მარტის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 158 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს და სარგებლის დაკისრების ნაწილში 689,28 აშშ დოლარის ოდენობით და აღსრულების ხარჯის 250 ლარის დაკისრების მოთხოვნა;

 

2. ნ------- ბ-–-–---–ს დაეკისროს შპს „ე--------------- +“-ისათვის სახელმწიფო ბაჟის 161,25 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი