გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
080210118002713729
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210118002713729

#2/3631-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09.07.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - სს თ----------ი

წარმომადგენელი - ლ--–--------–--ე;

მოპასუხე - მ---------------ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ---------------ეს- სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 29 ივლისის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 626,86 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 585,44 ლარი, ჯარიმა 41,42 ლარი.

 

1.2. მ---------------ეს- სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე- 585.44 ლარზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% პირგასამეტხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,92 ლარს (მაგარამ არაუმეტეს 240 ლარისა).

 

1.3. მ---------------ეს- სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების- 462,71 ლარის გადახდა, საიდანაც შემცირებული თანხაა- 264,11 ლარი და ჯარიმა - 198,6 ლარი.

 

1.4. მ---------------ეს- სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შემცირებულ ძირ თანხაზე - 264,11 ლარზე, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1,32 ლარს, (მაგრამ არაუმეტეს 240 ლარისა).

1.5. მ---------------ეს- სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1389,29 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 799,49 ლარი, პროცენტი 196,91 ლარი და ჯარიმა 392,89 ლარი.

 

1.6. მ---------------ეს- სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე -799,49 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 31,97 ლარს.

 

1.7. მ---------------ეს- სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 799,49 ლარზე, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3,99 ლარს, (მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა).

 

1.8. მ---------------ეს- სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 07 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3042,58 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1999,22 ლარი, პროცენტი 362,84 ლარი, ჯარიმა 680,52 ლარი.

 

1.9. მ---------------ეს- სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1999,22 ლარზე, ვალდებულების სრულად შერულებამდე წლიური - 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59,97 ლარს.

 

1.10. მ---------------ეს- სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 01 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე- 1999,22 ლარზე, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 9.99 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.

 

1.11. მ---------------ეს- სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯის გადახდა.

 

სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია 11.06.2019წ სასამართლო სხდომაზე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სს თ----------ს და მ---------------ეს შორის 2017 წლის 29 ივლისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1080,88 ლარი ლარის ოდენობთ. კრედიტის ვადად განისაზღვრა 745 დღე (24 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 13 რიცხვში 46,54 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხე მ---------------ემ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და მოპასუხის მიერ აღარ მომხდარა არსებული საკრედიტო დავალიანების დაფარვა. მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

2018 წლის 05 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 634,36 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 585,44 ლარი, ჯარიმა 41.42 ლარი და საკომისიო 7,50 ლარი.

 

სს თ----------ს და მ---------------ეს შორის 2017 წლის 23 დეკემბრის სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 727,99 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 746 დღე (24 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 8 რიცხვში 32,30 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2 ლარი და დავალიანების 1.50%.

 

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2018 წლის 05 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 752.21 ლარის ოდენობთ, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 546,01 ლარი, ჯარიმა -198,60 ლარი, საკომისიო 7,60 ლარი.

 

სს თ----------ს და მ---------------ეს შორის 2017 წლის 27 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 800 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2018 წლის 05 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1389,29 ლარის ოდენობთ, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 799,49 ლარი, პროცენტი 196,91 ლარი და ჯარიმა 392,89 ლარი.

 

სს თ----------ს და მ---------------ეს შორის 2016 წლის 07 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაცემული იქნა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს თ----------ის ბანკომატიდან ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ასევე 0,5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2018 წლის 05 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3042,58 ლარის ოდენობთ, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1999,22 ლარი, პროცენტი 362,84 ლარი და ჯარიმა 680,52 ლარი.

 

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკევული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა. დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება. (იხ. სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ---------------ემ სარჩელი ნაწილობრივ 4700 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო. მოპასუხემ განმარტა, რომ საპროცენტო განაკვეთი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება. (იხ. შესაგებელი. 11.06.2019წ სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს თ----------ს და მ---------------ეს შორის 2016 წლის 07 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაცემული იქნა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს თ----------ის ბანკომატიდან ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ასევე 0,5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 07.12.2016წ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

 

3.1.2. სს თ----------ს და მ---------------ეს შორის 2017 წლის 27 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 800 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 27.06.2017წ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

 

3.1.3. სს თ----------ს და მ---------------ეს შორის 2017 წლის 29 ივლისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1080,88 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 745 დღე (24 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 13 რიცხვში 46,54 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 29.07.2017წ საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება;

 

3.1.4. სს თ----------ს და მ---------------ეს შორის 2017 წლის 23 დეკემბრის სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 727,99 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 746 დღე (24 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 8 რიცხვში 32,30 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2 ლარი და დავალიანების 1.50%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 23.12.2017წ საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება პირგასამტეხლოს და სარგებლის ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ სწრაფი განვადების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეადგენს 1089,57 ლარს, ხოლო საკრედიტო ბარათით TBC Prime Card -ით სარგებლობიდან გამომდინარე შეადგენს 4431,87 ლარს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მოსაქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 873-ე, 868-ე, 400-361-ე, 411-ე, 412-ე, 394-ე, 408-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მ---------------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ 4700 ლარის მოთხოვნის ნაწილში. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა საკრედიტო ბარათით გათვალისწინებული თანხის დაფარვის ვადები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, სს თ----------ს და მ---------------ეს შორის 2016 წლის 07 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაცემული იქნა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს თ----------ის ბანკომატიდან ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ასევე 0,5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სს თ----------ს და მ---------------ეს შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 800 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სს თ----------ს და მ---------------ეს შორის 2017 წლის 29 ივლისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1080,88 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 745 დღე (24 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 13 რიცხვში 46,54 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სს თ----------ს და მ---------------ეს შორის 2017 წლის 23 დეკემბრის სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 727,99 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 746 დღე (24 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 8 რიცხვში 32,30 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2 ლარი და დავალიანების 1.50%.

 

მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.

 

2018 წლის 05 ნოემბრის მდგომარეობით მ---------------ის დავალიანება, სს თ----------ის მიმართ, (1) 2017 წლის 29 ივლისის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს, 626,86 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 585,44 ლარს, ჯარიმა 41,42 ლარს. 2017 წლის 23 დეკემბრის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 462,71 ლარს, საიდანაც შემცირებული თანხაა- 264,11 ლარი და ჯარიმა - 198,6 ლარი. (3) 2017 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 1389,29 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 799,49 ლარი, პროცენტი 196,91 ლარი და ჯარიმა 392,89 ლარი. (4) 2016 წლის 07 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება სს თ----------ის მიმართ შეადგენს 3042,58 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1999,22 ლარი, პროცენტი 362,84 ლარი, ჯარიმა 680,52 ლარი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2017 წლის 27 ივნისს და 2016 წლის 07 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მ---------------ე სარგებლობდა საკრედიტო ბარათებით. მსესხებლის მიერ სხვადასხვა დროს ხორციელდებოდა ანგარიშიდან თანხის გატანა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

ამდენად, როგორც პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილში სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოპასუხე, მ---------------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა სწრაფი განვადების ფარგლებში კრედიტი, ასევე გადაეცა შეთანხმებული საკრედიტო ბარათი, რითაც სარგებლობდა მოპასუხე მ---------------ე, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - მ---------------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.4. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხისთვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან 2018 წლის 05 ნოემბრიდან 27.06.17წ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 799,49 ლარზე წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 31,97 ლარს. ხოლო 07.12.2016წ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1999,22 ლარზე ვალდებულების შესრულებამდე წლიური 36%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59,97 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულიყო.

 

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2017 წლის 29 ივლისს, 23 დეკემბერს, 27 ივნისს და 2016 წლის 07 დეკემბერს სს თ----------სა და მ---------------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

დარიცხულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. მ---------------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 29.07.17წ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 585,44 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა 24 ლარის ოდენობით. 2017 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 19,8 ლარის გადახდა. 23.12.17 წ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 264,11 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა 24 ლარის ოდენობით. 2017 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ---------------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 39,28 ლარის გადახდა. 27.06.17წ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 799,49 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა 40 ლარის ოდენობით. 2016 წლის 07 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ---------------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 68,05 ლარის გადახდა. 07.12.2016წ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 1999,22 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა 80 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული და მოსარჩელის მიერ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 118,04 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 129,18 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

7.2. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული მომსახურების ხარჯის 418,29 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, ასევე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის დაკსირებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის სასამართლოს გარეშე ხარჯის გადახდის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 160 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს თ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. 2017 წლის 29 ივლისის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ---------------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 626,86 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 585,44 ლარს, ჯარიმა 41,42 ლარს.

 

3. 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 585,44 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა 24 ლარის ოდენობით.

 

4. 2017 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ---------------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 283,91 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 264,11 ლარს, ჯარიმა 19,8 ლარს.

 

5. 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 264,11 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა 24 ლარის ოდენობით.

 

6. 2017 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ---------------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1035,68 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 799,49 ლარს, პროცენტი- 196,91, ჯარიმა 39,28 ლარს.

 

7. 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 799,49 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 31,97 ლარს.

 

8. 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 799,49 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა 40 ლარის ოდენობით.

 

9. 2016 წლის 07 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ---------------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2430,11 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1999,22 ლარს, პროცენტი- 362,84, ჯარიმა 68,05 ლარს.

 

10. 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 07 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1999,22 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59,97 ლარს.

 

11. 2018 წლის 01 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 1999,22 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა 80 ლარის ოდენობით.

 

12. მ---------------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 179,18 ლარის ოდენობით. (129,18 ლარი სარჩელზე, 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფაზე).

 

13. მ---------------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების 160 ლარის და აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის გადახდა.

14. სს თ----------ს დაუბრუნდეს 2018 წლის 05 ნოემბერს სარჩელის აღძვრის გამო სს თ----------ში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 118,04 ლარი (საგადასახადო დავალება №8), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

15. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

16. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

17. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე