გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.07.2019
საქმის ნომერი
190210118002790591
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3289-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.07.2019 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე გ---- პ-------–---–ი

წარმომადგენელი მხარდამჭერი ეკატერინე პ-------–---–ი, საბა ქევხიშვილი, ნათია კობახიძე

მოპასუხე ი----- პ-------–---–ი

წარმომადგენელი ემზარ ურუშაძე

დავის საგანი სამკვიდროს გაყოფა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2013 წლის 20 ივნისს ი----- პ-------–---–ის მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა სამკვიდროს ½ ნაწილში;

1.2. გ---- პ-------–---–ის აღიარება ვ----–-- პ-------–---–ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

2012 წლის 19 დეკემბერს გარდაიცვალა ვ----–-- პ-------–---–ი. მოსარჩელის განმარტებით, არის მისი ძმის შვილი, ხოლო მამა, მამკვიდრებლის ძმა კობა პეტერიაშვილი გარდაიცვალა 1988 წლის 27 დეკემბერს. ვ----–-- პ-------–---–ის სამკვიდრო ქონებაა რუსთავში, ფ--–--–---–------–-------------------- და ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში მდებარე 2500 კვ,ნ სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი (კოდი 86,15,25,058). მოპასუხე ი----- პ-------–---–ი არის მამკვიდრებლის ძმა, რომელმაც მიიღო სამკვიდრო მოწმობა მთელ სამკვიდროზე, რითიც მან დაარღვია გ---- პ-------–---–ის მემკვიდრეობის უფლება. მან ისარგებლა გ---- პ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობით, მისი ფსიქი----- დაავადებით, მოატყუა, რომ სამკვიდროს ისინი გაიყოფდნენ. მოსარჩელის განმარტებით, იგი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდროს, რადგან ვ----–-- პ-------–---–მა სიცოცხლეშივე მისცა რუსთავში მდებარე ბინის გასაღები, რაც ამ დრომდე მის მფლობელობაშია. გ---- პ-------–---–ი დაავადებულია ფსიქიური დაავადებით, რის გამოც ხანგრძლივად მკურნალობდა ჯერ ფოთის, ხოლო შემდეგ ე,წ ბედიანის ფსიქიატრულ დაწესებულებებში. ვ----–-- პ-------–---–ის ძალისხმევით სტაციონარიდან გამოწერეს და 2003 წლიდან ბიძის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქალაქ რუსთავში. ჯერ ცხოვრობდა ბიძასთან ერთად მის ბინაში, ხოლო შემდეგ ვ----–-- პ-------–---–მა რუსთავში აუშენა საცხოვრებელი სახლი, დაასაქმა იმ საწარმოში, სადაც ვ----–-- პ-------–---–ი მუშაობდა. მათ ჰქონდათ უახლოესი ურთიერთობა, რის გამოც ჰქონდა ბიძის სახლის გასაღებიც. ბიძის გარდცავალების შემდეგ 6 თვეში ბინაში ხშირად რჩებოდა, ასევე ვ----–-- პ-------–---–ის მეუღლის ნუნუ ბრეგვაძის სხვავაში ყოფნის დროს 6-7 თვის განმავლობაში ბინაში რჩებოდა. ასევე პერიოდულად ჩადიოდა სოფელ სხვავაში. ბიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ბინიდან წამოიღო მისი საფულე და წიგნი სხვავა და სხვაველები. ვ----–-- პ-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ ი----- პ-------–---–ი შეპირდა რომ ისინი გაიყოფდნენ სამკვიდროს, რაც მოპასუხემ არ შეასრულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სხდომაზე სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

მოსარჩელეს ბიძის სამკვიდრო არ მიუღია. გ---- პ-------–---–ის სარჩელის შემოტანამდე ვ----–-- პ-------–---–ის სამკვიდროს გაყოფაზე სარჩელი აღძრა მისმა დამ ეკატერინე პ-------–---–მა, რომელიც ასევე სამკვიდროს დაუფლებას მიუთითებდა და იმავე ნივთების დაუფლებას აცხადებდა, რაც ი----- პ-------–---–ის სარჩელშია მითითებული. ეკატერინე პ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე დაავადებულია ფსიქიური დაავადებით, ხანგრძლივი დროის მანძილზე მკურნალობდა სტაციონარში. სამკვიდროს გახსნის დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო, რაზეც მიუთითებს ის გარემოება, რომ იგი დასაქმებული იყო, საწარმოში მძღოლად მუშაობდა. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება არ დასტურდება. ჯერ კიდევ ბიძის სიცოცხლეში იგი რუსთავში, სხვა სახლში ცხოვრობდა. ამ სახლში მუდმივად ცხოვრობს ვ----–-- პ-------–---–ის მეუღლე ნუნუ ბრეგვაძე, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მოსარჩელეს არ ჰქონდა. სამკვიდროს დაუფლება არ ნიშნავს სამახსოვროდ რაიმე ნივთის წამოღებას და სამკვიდრო ქონების სტუმრობას. მოსარჩელე არც სოფელ სხვავაში დაუფლებია სამკვიდროს. სოფელში მისი მამის კობა პ-------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და ნაგებობა მდებარეობს, რასაც ფლობენ კიდეც მისი შვილები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დადგინდეს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებების საფუძველზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მამკვიდრებელ ვ----–-- პ-------–---–ის სამკვიდრო გაიხსნა 2012 წლის 19 დეკემბერს.

 

2012 წლის 19 დეკემბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად ვ----–-- პ-------–---–ი გარდაიცვალა 2012 წლის 19 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- გარდაცვალების მოწმობის ასლი (ს.ფ. 20, ტომი 1)

 

3.2.2. ი----- პ-------–---–ი არის ვ----–-- პ-------–---–ის მეორე რიგის მემკვიდრე - ძმა. გ---- პ-------–---–ი და მისი და ეკატერინე პ-------–---–ი არიან მამკვიდრებლის ვ----–-- პ-------–---–ის ძმის შვილები. მათი მამა კობა პ-------–---–ი გარდაიცვალა 1988 წლის 27 დეკემბერს. ეკატერინე პ-------–---–ს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ვ----–-- პ-------–---–ის სამკვიდროდან წილის განსაზღვრაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის მიხედვით გ---- პ-------–---–ი დაიბადა 1964 წლის 6 ოქტომბერს. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის მიხედვით ეკატერინე პ-------–---–ი დაიბადა 1975 წლის 28 ივლისს. მათ მშობლებად მითითებულნი არიან მამა კობა პ-------–---–ი, დედა თინა მაღრაძე. კობა პ-------–---–ი გადაიცვალა 1988 წლის 27 დეკემბერს.

 

ვ----–-- პ-------–---–ს პირველი რიგის მემკვიდრე არ ჰყავს. ნუნუ ბრეგვაძესა და ვ----–-- პ-------–---–ს შორის ქორწინება რეგისტრირებული არ არის.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ეკატერინე პ-------–---–ის სარჩელი მოპასუხე ი----- პ-------–---–ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის და ვ----–-- პ-------–---–ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ეკატერინე პ-------–---–მა ბიძის დანაშთი ქონება მიიღო ფაქტობრივი დაუფლების გზით, კერძოდ, ვ----–-- პ-------–---–ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში და მას შემდეგ ეკატერინე პ-------–---–ი ფლობდა და სარგებლობდა ვ----–--ი პ-------–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონებით. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ იგი ხშირად ნახულობდა მის მეუღლეს, ამარაგებდა მედიკამენტებით და ზრუნავდა მასზე. ნუნუ ბრეგვაძემ მას გადასცა ვ----–--ი პ-------–---–ის შემნახველი სალაროს წიგნაკი, თუმცა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნულ წიგნაკს ეკატერინე პ-------–---–ი დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ეკატერინე პ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით ეკატერინე პ-------–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 23-26, 28-30. ტომი 1)

- გარდაცვალების მოწმობის ასლი (ს.ფ. 21-22, 27. ტომი 1)

-სასამართლო გადაწყვეტილების და განჩინებების ასლები (ს.ფ. 86-97. ტომი 1)

 

3.2.3. გ---- პ-------–---–ი სამკვიდრო გახსნის დროს აღიარებული იყო ქმედუუნაროდ და მისი მეურვე იყო თინა მაღრაძე. 2019 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებით მის დროებით მხარდამჭერად დანიშნულია ეკატერინე პ-------–---–ი.

 

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ---- პ-------–---–ი აღიარებული იქნა ქმედუუნაროდ. ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის 2002 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით თინა მაღრაძე დაინიშნა გ---- პ-------–---–ის მეურვედ.

 

შპს ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს 2002 წლის 17 დეკემბრის ფსიქიატრიული შემოწმების N16 აქტის თანახმად, გ---- პ-------–---–ი იმყოფება მყარი რემისიის სტადიაში და თავის ფსიქი----- მდგომარეობით საშიშროებას არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შუამდგომლობის დაყენება სტაციონარული იძულებითი მკურნალობის რეჟიმის შეცვლის თაობაზე დისპანსერული იძულებითი მკურნალობის წესით საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ქ. თბილისის ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით გ---- პ-------–---–ის დროებით მხარდამჭერად დაინიშნა ეკატერინე პ-------–---–ი შემდეგ სფეროებში: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა; მედიკამენტების მიღება და შეძენა; ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის მიღება/აღდგენა/განკარგვა და ამ მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საბანო დაწესებულებთა ურთიერთობა; საქართველოს საერთო სასამართლოებში საპროცესო უფლებამოსილების განხორციელება; ვ----–-- პ-------–---–ის სამკვიდრო ქონების მიღება; ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ნებისმიერ პირთან ურთიერობთა მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 24. ტომი 1)

- მეურვედ დანიშვნის ცნობა (ს.ფ. 44, ტომი 1 )

- სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი (ს.ფ. 245-268. ტომი 1)

- ჯანმრთელობის ცნობის ასლი (ს.ფ. 35-36. ტომი 1)

- საოქმო განჩინების ასლი (ს.ფ. 127-130. ტომი 1)

 

3.2.4 . ვ----–-- პ-------–---–ის სამკვიდროში შედის უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქი რუსთავი, ფ--–--–---–-------------------0 და ამბროლაურის რაიონი, სოფელ ს-----–----------------------------–---------------------–----–---- მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი. ი----- პ-------–---– მიერ ძმის მთელ სამკვიდროზე მიღებული აქვს სამკვიდრო მოწმობა.

 

ვ----–-- პ-------–---–ის სამკვიდრო ქონებაა ქალაქი რუსთავში, ფ--–--–---–-------------------0 საკადასტრო კოდი: 0------------------, ასევე ამბროლაურის რაიონის, სოფელი სხვავაში მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა (საკადასტრო კოდით: 8-----------).

 

2013 წლის 20 ივნისს ნოტარიუს მაგდანა როყვას მიერ მოპასუხე ი----- პ-------–---–ზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ი----- პ-------–---–მა, როგორც ვ----–-- პ-------–---–ის მეორე რიგის მემკვიდრემ მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები, რომელიც მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (ს.ფ. 38-41. ტომი 1)

- სამკვიდრო მოწმობის ასლი (ს.ფ. 31-34. ტომი 1)

 

3.2.4. გ---- პ-------–---–ს ბიძის ვ----–-- პ-------–---–ის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებული არა აქვს.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის» 85-ე მუხლის თანახმად, 1. სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს შემდეგი გარემოებებითა და/ან დოკუმენტებით: ა) იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვენენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი.

ბ) მამკვიდრებლის კუთვნილი იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციის არსებობას;

გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, სადაზღვევო კომპანიის ცნობა, ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრემ შეასრულა მამკვიდრებლის შეუსრულებელი საგადასახადო და/ან სახელშეკრულებო ვალდებულებები, ან მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) და/ან სადაზღვევო შენატანები. ამათანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების ვადაში.

დ) კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები, ან ქვითრები, თუ შესაძ-ლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია.

ე) სხვა საჯარო დოკუმენტები.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი დაეუფლა ბიძის სამკვიდრო ქონებას, მის კუთვნილ მოძრავ ნივთებს - საფულეს, წიგნს. მისი განმარტებით, მამკვიდრებლის სიცოცხლიდანვე ამ დრომდე ფლობს ქალაქ რუსთავში მდებარე საცხოვრებელი ბინის გასაღებს და დროდადრო საცხოვრებლად რჩებოდა ბინაში.

 

მხარეებმა სამკვიდროს დაუფლების გარემოებების საკითხზე მიუთითეს მოწმეთა ჩვენებები. მოსარჩელის მოთხოვნით დაკითხულნი არიან ნუნუ ბრეგვაძე, ნატო ბრეგვაძე, მერაბ მელიქიძე და მაია ეგრისელაშვილი.

 

მოპასუხის მოთხოვნით სხდომაზე ჩვენება მისცეს ოთარ ფანჯიკიძემ და ფრიდონ კაციტაძემ.

 

მოწმე ნუნუ ბრეგვაძემ განმარტა, რომ იყო ვ----–-- პ-------–---–ის მეუღლე, თუმცა ქორწინება რეგისტრირებული არ ჰქონდათ. ვ----–-- პ-------–---–ი განსაკუთრებულ მზრუნველობას და ყურადღებას იჩენდა ძმისშვილის გ---- პ-------–---–ის მიმართ, სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ გარკვეული დრო მათ ბინაში ცხოვრობდა, მაგრამ ბინის მცირე ფართის გამო გადავიდა სხვა მისამართზე. ვ----–--მა მას აუშენა სახლი, დაასაქმა რუსთავში ერთერთ ქარხანაში. გ----ს ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს ბინის გასაღები. იგი რაჭაში 6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში მიდიოდა, გვიან შემოდგომაზე ბრუნდებოდა რუსთავში, ამ დროს კი ბინაში გ----ს ტოვებდა. ბიძის გარდაცვალების შემდეგ გ----ს თხოვნით მისცა ბიძამისის კუთვნილი საფულე. გ----მ წაიღო ასევე წიგნი სხვავა და სხვაველები, რომელიც მცირე ტირაჟით გამოიცა ვ----–-- პ-------–---–ის ინიციატივით. გ----მ ბიძის გარდაცვალება მტკივნეულად განიცადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შემდეგ გაუარესდა, გაყიდა რუსთავში აშენებული სახლი და დასთან და დედასთან თბილისში წავიდა საცხოვრებლად. ნუნუ ბრეგვაძის განმარტებით, გ---- პ-------–---–ი პერიოდულად ჩადიოდა სოფელ სხვავაშიც.

 

მოწმე ნატო ბრეგვაძის განმარტებით, ნუნუ ბრეგვაძე არის მისი მამიდა. გ---- პ-------–---–ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იყო კონფლიქტური ადამიანი, რის გამოც თავს არიდებდა მასთან ურთიერთობას. მოწმის განმარტებით, მამიდისგან მისთვის ცნობილია, რომ ვ----–--ის გარდაცვალების შემდეგ გ---- პ-------–---–ი მიდის რუსთავის ბინაში, ნუნუ ბრეგვაძის არყოფნის დროს რჩებოდა ბინაში.

 

მოწმე მაია ეგრისელაშვილის განმარტებით არის ეკატერინე პ-------–---–ის მეგობარი. გ---- პ-------–---–ს იცნობს ბავშვობიდან. გ---- ფსიქი----- დაავადების გამო რამდენიმე წლის განმავლობაში მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, საიდანაც გამოეწერა 2002 წელს. მას კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა დასთან და დედასთან და ცხოვრობდა რუსთავში. ბიძის გარაცვალების შემდეგ, 2014—2015 წლებში მისი ფსიქიური მდგომარეობა გართულდა, ამასთან დაუქვეითდა მხედველობა და ამჟამად თბილისში დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. გ---- პ-------–---–თან კონფლიქტური ურთიერთობის გამო ვ----–-- პ-------–---–ის სამძიმარს მისი დედა და და არ ესწრებოდნენ. გ---- პ-------–---–ის გადმოცემით იცის, რომ მას აქვს რუსთავში, ბიძის კუთვნილი სახლის გასაღები. ასევე ბიძის ნაქონი საფულე და წიგნი სოფელ სხვავას შესახებ.

 

მოწმე მერაბ მელიქიძემ ჩვენებაში მიუთითა, რომ გ---- პ-------–---–ს დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა დასთან და დედასთან. რამდენჯერმე სთხოვა დახმარება დასთან და დედასთან ურთიერთობის გამოსწორებაში. რამდენიმე წლის წინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის შემდეგ ცხოვრობს მათთან თბილისში.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმე №ას-283-268-2017 საკასაციო სასამართლომ სამკვიდროს დაუფლების მტკიცების პროცესში მოწმის ჩვენების მნიშვნელობაზე განმარტა, რომ „საკასაციო პალატა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით მოწმის ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ღირებულად მიიჩნევს, თუმცა, იზიარებს კასატორთა პოზიციას მათი შეფასების კრიტერიუმებისა და სისწორის თვალსაზრისით (სასამართლოს მხრიდან სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა): მოწმის ჩვენებით უტყუარად უნდა დასტურდებოდეს მემკვიდრის მხრიდან იმგვარი მოქმედების განხორციელება, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, დადგენილად მიიჩნიოს, რომ მემკვიდრე ქონებას საკუთრად განიხილავდა, ეპყრობოდა მას, როგორც საკუთრების საგანს, რაც მის მართვა-განკარგვაში გამოიხატება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამავე ნორმის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის მტკიცება ეკისრება მოსარჩელე მხარეს“.

 

განსახილველ დავაში მოსარჩელე მოითხოვს სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ ბიძის სამკვიდროს დაეუფლა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნით დაკითხული მოწმეების ჩვენებით არ დასტურდება რომ იგი დაეუფლა ვ----–-- პ-------–---–ის სამკვიდროს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამკვიდროს გაყოფის შესახებ დავაში სამკვიდროს დაუფლების ფაქტის მტკიცების პროცესში მოწმის ჩვენება არის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, რომლის შეფასება ხდება ზემოთდასახებული ნორმით დადგენილი წესით. მოწმის ჩვენების სარწმუნოობის და დამაჯერებლობის შესახებ სასამართლო დასკვნას აკეთებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან შეპირისპირების და მათი ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე. უმნიშვნელოვანესია ასევე თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოთმითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სამკვიდროს დაუფლების დამდგენად ის გარემოება, რომ შვილიშვილი მიდიოდა და კვირაობით რჩებოდა ბებიასთან. სასამართლოს განმარტა, რომ „ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულია ტრადიცია ბებია-შვილიშვილის ურთიერთობისა, რომელიც, როგორც წესი, განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ხასიათდება და ბებიასთან შვილიშვილის ვიზიტი, თუნდაც ბებია სამკვიდრო ქონების მფლობელი იყოს, მემკვიდრის მიერ სამკვიდროს საკუთრებაში მიღებას არ ადასტურებს“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს დაუფლება სამკვიდროს მიღების ერთერთი საშუალებაა, ხოლო სამკვიდროს მიღებით მემკვიდრე მოიპოვებს საკუთრების უფლებას სამკვიდროზე. შესაბამისად, სამკვიდროში არსებული ნივთზე მფლობელობით მემკვიდრე საკუთრების უფლებას ახორციელებს ამ ქონებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამდენად, სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობაა სამკვიდროს მიღება. სამკვიდროს დაუფლების მიზანია სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შესაბამისად, სამკვიდროს დაუფლებად მიიჩნევა მემკვიდრის ისეთი ქმედება, რაც სამკვიდრო ქონების სარგებლობას, მართვას, მის მოვლა-პატრონობას გულისხმობს და მიუთითებს ქონების მიმართ მესაკუთრის უფლებამოსილებების განხორციელებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღების ვადაა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვე. შესაბამისად, მემკვიდრეებმა სამკვიდროს მისაღებად აუცილებელი ქმედებები უნდა განახორციელონ ამ ვადაში. ვ----–-- პ-------–---–ი გარდაიცვალა 2012 წლის 19 დეკემბერს, რის მომდევნო 6 თვეში მის მემკვიდრეებს უნდა გამოევლინათ სამკვიდროს მიღების ნება.

 

მოსარჩელე სამკვდროში არსებულ რომელიმე უძრავ ქონებაში მუდმივად არ ცხოვრობს. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის განხორციელებისათვის მემკვიდრეს არ ევალება მუდმივ საცხოვრებელ ადგილად აირჩიოს სამკვიდრო ქონება, თუკი მანამდე იქ არ ცხოვრობდა. სამკვიდროს დაუფლებისათვის აუცილებელია ისეთი ქმედებები, რაც გამოხატავს მემკვიდრის სურვილს, მამკვიდრებლის დატოვებულ ქონებას, როგორც საკუთარს მოეპყრას. ქონების დაუფლებაზე მიუთითებს ნივთის პირდაპირ მფლობელობაში მიღება, მისი უშუალო სარგებლობა. ქონების დაუფლებად მიიჩნევა ასევე მისი მართვა - ქონების შესახებ გადასახადების გადახდა, ასევე მოძრავი ნივთის განკარგვა, ქონების გაქირავება და ამ გზით ქონებისგან შემოსავლის მიღება.

 

მოსარჩელე რუსთავში მდებარე ბინის დაუფლების დასადასტურებლად მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ფლობს ბინის გასაღებს და პერიოდულად ცხოვრობს კიდეც ბინაში. სასამართლო განმარტავს, რომ გასაღების ფლობა ბინის დაუფლებისკენ მიმართული ქმედებაა, რადგან ასეთ პირს აქვს უძრავი ქონების სარგებლობის შესაძლებლობა. თუმცა მხოლოდ ბინის გასაღების ფლობა უძრავი ქონების დაუფლებას არ ნიშნავს, რადგან მემკვიდრემ უნდა დაასაბუთოს, რომ იგი ბინას, როგორც საკუთრად დაგულვებულ ქონებას იყენებს, ბინას იყენებს როგორც მესაკუთრე, ბინაში განთავსებულია მისი პირადი სარგებლობის ნივთები ან მემკვიდრის მიერ დატოვებული ნივთებს, როგორც საკუთრებას ისე იყენებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელია მემკვიდრის აქტიური ქმედება, რაც მიუთითებს მისი, როგორც მესაკუთრის დამოკიდებულებაზე სამკვიდრო ქონების მიმართ, აშკარად გამოხატავს მემკვიდრის ნებას სამკვიდრო ნივთი გამოიყენოს, როგორც საკუთარი ქონება.

 

მოსარჩელის ინიციტივით დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დამაჯერებლად და უტყუარად არ დასტურდება სამკვიდროს დაუფლების ფაქტები. მოწმის ჩვენების სარწმუნოობისათვის მნიშვნელოვანია, თუ რა გარემოებებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა მისი ჩვენების შინაარსზე, რა დამოკიდებულება აქვს მოდავე მხარეებთან. მოწმე ნუნუ ბრეგვაძემ განმარტა, რომ მან გადასცა გ---- პ-------–---–ს ბიძის კუთვნილი საფულე, ასევე მან განმარტა, რომ მოსარჩელეს აქვს ბინის გასაღები და მისი რაჭაში ყოფნის დროს ბინაში გ---- რჩებოდა. სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების ობიექტურობის და დამაჯერებლობისათვის მნიშვნელოვანია მისი ნეიტრალური დამოუკიდებულება მხარეებთან, არ უნდა არსებობდეს ისეთი გარემოებები, რომელიც წარმოშობს რომელიმე მხარის მიმართ მოწმის ნეგატიურ დამოკიდებულებას და რომელიმე მხარის მიმართ კეთილგანწყობილ, მისდამი მხარდამჭერ დამოკიდებულებას. მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე მას აშკარად გამოხატული ნეგატიური და კონფლიქტური დამოკიდებულება აქვს მოპასუხის მიმართ. ამასთან, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელის და მისი მხარდამჭერის ერთერთი მიზანია ნუნუ ბრეგვაძეს შეუნარჩუნდეს რუსთავში მდებარე ბინის მფლობელობა, რაც მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაში უფრო გარანტირებული იქნება. ამდენად, მოსარჩელესთან ამგვარი დამოკიდებულების გამო მოწმეს გააჩნია იმის მოტივაცია, რომ მოსარჩელის მხარდასაჭერი ჩვენება მისცეს სასამართლოს.

 

რაც შეეხება ნატო ბრეგვაძის და მაია ეგრისელაშვილის ჩვენებებს, ისინი ჩვენებაში მითითებული ფაქტების შესახებ ინფორმირებულები არიან თავად გ---- პ-------–---–ის, ეკატერინე პ-------–---–ის და ნუნუ ბრეგვაძისაგან, რის გამოც მათი ჩვენება ფაქტობრივი ფლობის დადასტურებას საფუძვლად ვერ დაედება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ---- პ-------–---–ი დაეუფლა სოფელ სხვავაში მდებარე სამკვიდრო უძრავ ქონებას. ამ ფაქტის შესახებ მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმეების ჩვენებები სარწმუნოდ დასაბუთებული არ არის ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მოწმეთა ჩვენება ( 08.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკები)

- მოპასუხის განმარტება (9.07.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დასტურდება სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1336-ე, 1469-ე, 1433-ე, 1421-ე, 1424-ე, 1422-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის შესაბამისად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.

განსახილველ საქმეში წამოჭრილია დავა სამკვიდროს გაყოფის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1469-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გაყოფის თაობაზე თანამემკვიდრეებს შორის შეუთანხმებლობისას დავას განიხილავს სასამართლო, რომელმაც ქონების გაყოფისას მხედველობაში უნდა მიიღოს გასაყოფი ქონების ხასიათი, თითოეული თანამემკვიდრის საქმიანობა და სხვა კონკრეტული გარემოებანი.

მოსარჩელე არის მეორე რიგის მემკვიდრე, მამკვიდრებლის ძმისწული, რომლის მამა კობა პ-------–---–ი მამკვიდრებელზე ადრე გარდაიცვალა, რის გამოც მის შვილს უფლება აქვს მიიღო ის წილი, რაც მამას ეკუთვნოდა. სასამართლო განმარტავს, რომ მამკვიდრებელთან მხოლოდ ნათესაური კავშირი არ არის სამკვიდროზე პირის უფლებების განსაზღვრისათვის საკმარისი საფუძველი. სამკვიდრო რომ მემკვიდრისა გახდეს, მემკვიდრემ იგი უნდა მიიღოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრის საკუთრების წარმოშობის საფუძველია სამკვიდროს მიღება, რადგან საკუთრების უფლება წარმოიშობა მიღებულ სამკვიდროზე. ამდენად, სამკვიდროს მიღება მემკვიდრისათვის სავალდებულოა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით სამკვიდროს მიღების ორი გზაა დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამდენად, სამკვიდროს მიღება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს ნებას მიიღოს და მართოს სამკვიდრო ქონება როგორც საკუთარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1452-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ.

 

მემკვიდრეობის მიღების ვადაა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვე. (სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი).

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით დადგენილია მემკვიდრეობის მიღების ორი გზა: 1. მემკვიდრეობის მიღება ნოტარიუსთან განცხადებით წარდგენით; 2. 2. სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება და მართვა.

 

სამკვიდრო გახსნის დროს (2015 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1422-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს მიღება შეუძლია ქმედუნარიან პირს, ქმედუუნარო და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირები სამკვიდროს იღებენ მათი კანონიერ წარმომადგენლების მეშვეობით. ამავე კოდექსის 1446-ე მუხლის მიხედვით, თუ მემკვიდრე ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმდუნარიანობის მქონე პირია, უარი სამკვიდროს მიღებაზე დაიშვება სასამართლოს ნებართვით.

 

ამ ნორმის მიხედვით, სამკვიდროს მიღება შეუძლია ქმედუნარიან პირს. ეს დანაწესი შეეხება არა მარტო ნოტარიუსში განცხადების წარდგენის შემთხვევას, არამედ სამკვიდროს ფლობასაც, რადგან ნორმა აწესრიგებს ზოგადად სამკვიდროს მიღებას და არა რომელიმე გზით სამკვიდროს მიღების საკითხს.

 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ 12-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა. (კონვენცია რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის №1888-ს დადგენილებით, ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან).

 

გ---- პ-------–---–ი სამკვიდროს გახსნის დროს აღიარებული იყო ქმედუუნაროდ. მის მეურვედ დანიშნული იყო დედა თინა მაღრაძე, რომელთანაც გ---- პ-------–---–ს ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა. გ---- პ-------–---–ის ქმედუუნარობის საკითხის გადასინჯვა სასამართლოში დაიწყო 2019 წლის მარტში, 2019 წლის 11 მარტს გ---- პ-------–---–ს დაენიშნა დროებითი მხარდამჭერი სამკვიდროს მიღების სფეროში და სასამართლოსადმი მიმართვის სფეროში.

 

სარჩელი სასამართლოში აღძრულია მხარდამჭერის დანიშვნამდე მცირე ხნით ადრე, 2018 წლსი 31 დეკემბერს.

 

სამკვიდროზე მოსარჩელის უფლების წარმოშობის საფუძვლად მითითებულია უშუალოდ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლება. მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ მან როგორც ქმედუუნაროდ აღიარებულ პირმა მეურვის მეშვეობით მიიღო სამკვიდრო და ან მეურვის უმოქმედობის გამო ვერ განახორციელა სამკვიდრო უფლებები. მოსარჩელის განმარტებით, მან პირადად უშუალოდ მიიღო საკვიდრო.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, ფლობს სამკვიდროში არსებული ბინის გასაღებს, მამკვიდრებლის კუთვნილ საფულეს და წიგნს.

 

მხარეებს შორის დავას იწვევს მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების გარემოებები. მოსარჩელე პრეტენზიას არ აცხადებს იმაზე, რომ მეურვემ არ განახორციელა სამკვიდროს მიღებისთვის აუცილებელი ქმედებები, ჯეროვნად არ შეასრულა მეურვის ვალდებულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რადგან სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობაა სამკვიდროს მიღება, ასეთად უნდა ჩაითვალოს მემკვიდრის ისეთი ქმედებები, რაც გულისხმობს მემკვიდრის მიერ სამკვიდროზე მესაკუთრის უფლებების განხორციელებას - ქონების ფლობას და სარგებლობას, განკარგვას, ქონების მართვას.

 

სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელშიც მემკვიდრე გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, ნებას გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს: კერძოდ, მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, მამკვიდრებლის ნივთების მიღებითა და განკარგვით, საბანკო ანგარიშების დაუფლებით, სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით, სამკვიდრო ქონების გაქირავებით და სხვა.

 

სამკვიდროს დაუფლებისათვის კანონი არ ავალდებულებს მემკვიდრეს მუდმივ საცხოვრებლად აირჩიოს სამკვიდრო ქონება, რადგან მთელი სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე დაუფლებულია სამკვიდროში არსებულ სხვა ნივთს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ მიიღო ბიძის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით.

 

მოსარჩელე სარჩელს არ აფუძნებს იმ ფაქტს, რომ მან ქმედუუნარობის გამო ვერ მიიღო სამკვიდრო და მისი უფლებები არც მეურვემ დაიცვა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1508.2 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, თუ მემკვიდრე 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირია, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს ნებართვით, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამკვიდროს გახსნის დროს ასეთ წესს ითვალისწინებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1446-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, 2. თუ მემკვიდრე ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირია, უარი სამკვიდროს მიღებაზე დაიშვება სასამართლოს ნებართვით.

 

განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, რაც მტკიცებულებებით არ დასტურდება. 1421-ე და 1433-ე მუხლებიდან გამომდინარე სამკვიდროს ამა თუ იმ ფორმით მიღება ყველა მემკვიდრეს ევალება, მათ შორის ქმედუუნარო ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც სამკვიდროს იღებენ კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. მეურვის ან კანონიერ ი წარმომდაგენლის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობა ცალკე დავის საგანი, ასეთ გარემოებებზე სარჩელში მითითებული არ არის. სასამართლო ამ საკითხზე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განარტებას, რაც მოცემულია 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებაში საქმეზე საქმე №ას-959-917-2013. განჩინებაში საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ მან, კანონიერი წარმომადგენლის – გ.ყ-ის (მამა) მეშვეობით, ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიიღო ვ. ხ-ის სამკვიდრო და განმარტა, რომ სამკვიდროს ფლობაში ან მართვაში იგულისხმებოდა მემკვიდრის მიერ ისეთი მოქმედებების განხორციელება, რომლებიც მიუთითებენ სამკვიდროს მიღების სურვილზე, რომლითაც ვლინდება მისი ნება, გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა დადგენილი. საკასაციო სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს და მითითებას სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1422-ე, 1424-ე, 1443-ე მუხლებზე და არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მ. ყ-ს მემკვიდრეობის უფლება არ დაუკარგავს იმის გამო, რომ ფაქტობრივი ფლობით არ მიიღო ვ. ხ-ის სამკვიდრო და რომ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე და ქმედუუნარო პირების მიერ სამკვიდროს მიღების წესი სამოქალაქო კოდექსით განსხვავებულად იყო მოწესრიგებული. ძირითადი თავისებურება, რაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიერ სამკვიდროს მიღების უფლებისთვისაა დამახასიათებელი არის ის გარემოება, რომ არასრულწლოვნების (მცირეწლოვნების) მიერ სამკვიდროს მიღება უნდა განხორციელდეს მათი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო სამკვიდროს მიღების ის წესი, რაც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე მუხლებით, საერთო და სავალდებულო იყო ყველა კატეგორიის პირისათვის, მათ შორის, შეზღუდულქმედუნარიანი პირებისთვის, რომელთა უფლებაც სამკვიდროს მიღებაზე უნდა განხორციელდეს კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. ანუ კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს იმავე გზებით და იმავე ვადაში, რაც დადგენილია ზემოაღნიშნული ნორმებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ მას სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის სამკვიდროს ფაქტობრივო ფლობის გზით წარმოეშვა საკუთრების უფლება ვ----–-- პ-------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე, რის გამოც მოპასუხის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღებით არ არის ხელყოფილი მისი სამკვიდრო უფლება, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით, 1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოსარჩელე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც ამ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული არ არის, რის გამოც სსსკ 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამ საქმეზე სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ამ ნორმის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს გ---- პ-------–---–ის სარჩელი;

 

2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ი----- პ-------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე: ქ. რუსთავი, ფალიაშვილის ქუჩა N7, ბინა N50, (საკადასტრო კოდი N-------------------) და ამბროლაურის რაიონი, სოფელი სხვავაში, 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით (საკადასტრო კოდი N8-----------);

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი