გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.07.2019
საქმის ნომერი
330210018002713242
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330210--8002713242 (2/32589-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ივლისი 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

მოსარჩელე ვ-–-------------–-–---–-,წარმომადგენელი ს--–----------------,მოპასუხე ლ------–---,წარმომადგენელი მ--–--------–------,დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე ვ-–-------------–-–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, წ-----ის გ-------–ილი #52, ბინა #1 (ს/კ #01.14.09.004.018.01.0--), მოპასუხე ლ------–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა;

1.2. მოპასუხე ლ------–--ისათვის, მოსარჩელე ვ-–-------------–-–---–-ს სასარგებლოს ზიანის სახით - 3706 ლარის დაკისრება;

სარჩელის საფუძველი:

2018 წლის 27 აგვისტოს ვ-–-------------–-–---–მა საჯარო აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, წ-----ის გ-------–ილი #52, ბინა #1 (ს/კ #01.14.09.004.018.01.0--). საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეა ვ-–-------------–-–---–-. ნასყიდობის საგანი ვ-–-------------–-–---–-ს მიერ შეძენილი იქნა კომერციული მიზნით, კერძოდ, მის ინტერესს წარმოადგენდა უძრავი ნივთის გაქირავება და გარკვეული შემოსავლის მიღება. მოპასუხე ლ------–--ის მიერ არამართლზომიერად ხორციელდება საკუთრების უფლების ხელშეშლა, რის გამოც ვ-–-------------–-–---–ს შეზღუდული აქვს უძრავი ნივთის ფლობა/სარგებლობის შესაძლებლობა, რითაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ადგება მოსარჩელე მხარეს. ვ-–-------------–-–---–-ს საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების ერთი თვის საიჯარო ქირის ოდენობა შესადგენს 909.50 აშშ დოლარს. ვ-–-------------–-–---–-ს მესაკუთრედ რეგისტრაციიდან სარჩელის აღძვრის ეტაპამდე მოპასუხის ქმედებით ვ-–-------------–-–---–ს მიადგა 3706 ლარის ზიანი.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, წ-----ის გ-------–ილი #52, ბინა #1 (ს/კ #01.14.09.004.018.01.0--), არის მოსარჩელე ვ-–-------------–-–---–-ს საკუთრება.

ვ-–-------------–-–---–- მესაკუთრედ დარეგისტირდა 2019 წლის 17 სექტემბერს.

 

მტკიცებულება:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19).

 

3.1.2. უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, წ-----ის გ-------–ილი #52, ბინა #1 (ს/კ #01.14.09.004.018.01.0--) არის მოპასუხის მფლობელობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია დაადასტურა თავად მოპასუხე მხარემ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. თბილისი, წ-----ის გ-------–ილი #52, ბინა #1 (ს/კ #01.14.09.004.018.01.0--), მოპასუხე მხარე ფლობს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ მის საკუთრებად რიცხული სადავო უძრავი ქონება მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის პოზიციის საპირისპიროდ რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე მხარის მითითებას, რომ ის ფლობს სადავო უძრავ ქონებას მართლზომიერად, სასამართლო ვერ მიიჩნევს მათი ბრალის გამომრიცხველ საკმარის მტკიცებულებად და თვლის, რომ ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე მხარის ფლობის არამართლზომიერებასთან მიმართებაში დადასტურებულია.

 

3.2.2. შპს „ეიეს_აუდიტის“ შეფასების დასკვნის თანახმად ქ. თბილისი, წ-----ის გ-------–ილი #52, ბინა #1 (ს/კ #01.14.09.004.018.01.0--) მდებარე უძრავი ქონების საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2018 წლის მდგომარეობით შადგენს 909.50 აშშ დოლარს, რაც ოფიციალური გაცვლითი კურსით 2.7170 - 2471.10 ლარია. სარჩელის შემოტანის მომენტისათვის (2018 წლის 7 ნოემბერი) ვ-–-------------–-–---–-სათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3706 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეფასების დასკვნა (ს.ფ. 21-39);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება(იხ. სარჩელი და სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი;

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე, 982-ე, 979-ე, მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, ქ. თბილისი, წ-----ის გ-------–ილი #52, ბინა #1 (ს/კ #01.14.09.004.018.01.0--) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ვ-–-------------–-–---–-ს საკუთრებად. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს.

 

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება, ქ. თბილისი, წ-----ის გ-------–ილი #52, ბინა #1 (ს/კ #01.14.09.004.018.01.0--) მოპასუხის მფლობელობაშია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა მისი მხრიდან ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი. სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლოს აზრით, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა სადავო ნივთის მფლობელობის გამამართლებელ გარემოებათა არსებობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სადავო ნივთს ფლობს კანონისმიერი და/ან სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხის მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს უფლება გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.2. სასარჩელო მოთხოვნის მეორე კომპონენტი ეხება ქონებით სარგებლობის ხელშეშლის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას - 3706 ლარის ოდენობით, კერძოდ მოსარჩელის მტკიცებით მისი მხრიდან მესაკუთრედ რეგისტრაციიდან სარჩელის სასამართლოში შემოტანამდე ქონების გაქირავების შემთხვევაში იგი მიიღებდა საიჯარო ქირას, 3706 ლარის ოდენობით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავავრცელოთ ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია სკ-ის 982-ე მუხლით, კერძოდ პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწლის მიხედვით, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

 

მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან“. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოთხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით (იხ. სუსგ 16.12.2016წ. საქმე Nას-678-649-2016; 05.12.2013წ. საქმე Nას-472-448-2013).

 

ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ 982-ე მუხლი მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ვინაიდან, მოსარჩელემ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების ქირის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, მოცემულ შემთხვევაში, სკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნის მეორე კომპონენტს. ამასთან, შპს „ეიეს_აუდიტის“ შეფასების დასკვნის თანახმად ქ. თბილისი, წ---თის გ-------–ილი #52, ბინა #1 (ს/კ #01.14.09.004.018.01.0--) მდებარე უძრავი ქონების საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2018 წლის მდგომარეობით შადგენს 909.50 აშშ დოლარს, რაც ოფიციალური გაცვლითი კურსით 2.7170 - 2471.10 ლარია. მოსარჩელის მითითებით სარჩელის შემოტანის მომენტისათვის (2018 წლის 7 ნოემბერი) ვ-–-------------–-–---–-სათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3706 ლარი. მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც მოთხოვნა ექვემდებარება სრულად დაკმაყოფილებას.

 

6.3. მოსარჩელე შუამდგომლობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, კერძოდ ზემოთ მითითებული მუხლის პირველი ნაწილის ე1 ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება. ამდენად, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის განხილვისას სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება ისეთი გარემოებები, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან მოსარჩელეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილის აქვს სახელმწიფო ბაჟი 232 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ პუნქტის, მე-14 მუხლის და 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 60 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნასთან მიმართებაში და 50 ლარი თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნასთან მიმართებაში. 122 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვლადიმერ ყველაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. გამოთხოვილი იქნეს მოპასუხე ლ------–--ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, წ-----ის გ-------–ილი #52, ბინა #1 (ს/კ #01.14.09.004.018.01.0--) და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე ვ-–-------------–-–---–ს.

3. ლ------–---ს დაეკისროს ვ-–-------------–-–---–-ს სასარგებლოდ 3706 ლარის გადახდა.

4. მოპასუხე ლ------–---ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 110 ლარის გადახდა, ვ-–-------------–-–---–-ს სასარგებლოდ.

 

5. ვ-–-------------–-–---–ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 122 ლარი (სს "საქართველოს ბანკი", საგადასახადო დავალება 12, 07.11.2018 წელი, მიმღების ანგარიში 300773150).

 

6. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-6 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე