გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.08.2019
საქმის ნომერი
330210019002887567
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4857-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აგვისტო, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - ნი------------–--ე

წარმომადგენელი - გი--------------–---–ი

 

მოპასუხეები - მე------------ე, თა---------------–ი, თა------–---------ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეების მე------------ის, თა------–---------ისა და თა---------------–ისთვის ნი------------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად სესხის ძირის - 25 009 ევროსა და პროცენტის - 7 502.70 ევროს გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2014 წლის 29 მაისს ნი------------–--ესა და შპს „სა-------------------------------–ოს“ შორის გაფორმდა №2--- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „სა-------------------------------–ომ“ ნი------------–--ისაგან სესხის სახით მიიღო 26 434 ევრო, 12 თვის ვადით. მხარეთა მიერ განისაზღვრა სარგებელი წლიური 30%-ის ოდენობით, ჯამში 7 930 ევრო. გამსესხებელს უფლება ჰქონდა შპს „სა-------------------------------–ოსგან“ სესხის თანხის 2.5% მიეღო ყოველთვიურად ან დაეგროვებინა მისაღები პროცენტი სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით.

 

ნი------------–--ესა და შპს „სა-------------------------------–ოს“ შორის 2015 წლის 29 მაისს გაფორმდა შეთანხმება №2--- სესხის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ, ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა შეადგენდა 35 009 ევროს, ხელშეკრულება გაგრძელდა 12 თვის ვადით, ხოლო სარგებელი შეადგენდა წლიურ 30%-ს.

 

მხარეებს შორის ასევე 2016 წლის 31 მაისს გაფორმდა შეთანხმება №2--- სესხის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ, ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა შეადგენდა 25 009 ევროს, ხელშეკრულება გაგრძელდა 12 თვის ვადით, ხოლო სარგებელი შეადგენდა წლიურ 30%-ს, ჯამში - 7 502.70 ევრო.

 

მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა, შპს „სა-------------------------------–ომ“ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა ძირი თანხის, პროცენტისა და საურავის დაუბრუნებლობაში. უფრო მეტიც, შპს „სა-------------------------------–ოსთან“ დაკავშირებულმა პირებმა დანაშაულებრივი გზით გაფლანგეს აღნიშნული თანხები, რასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე №0-----------, მოსარჩელე ნი------------–--ე პროკურორის 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით ცნობილი იქნა დაზარალებულად. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით საქმეზე №1------- დამნაშავედ იქნენ ცნობილი თა------–---------ე, მე------------ე და თა---------------–ი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად, რაც არ საჩივრდება.

 

მოსარჩელე ასევე მოითხოვდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებისთვის 2017 წლის 31 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საურავის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.01%-ის გადახდის დაკისრებას. აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოხსნა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეებმა მე------------ემ და თა---------------–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და არ დაეთანხმნენ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

მოპასუხე თამაზ ლობჟანიძეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ამასთან, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, ამდენად, სარჩელთან დაკავშირებით მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2014 წლის 29 მაისს ნი------------–--ესა (გამსესხებელი) და შპს „სა-------------------------------–ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა №2--- სესხი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „სა-------------------------------–ომ“ სესხის სახით მიიღო 26 434 ევრო, 12 თვის ვადით. მხარეთა მიერ განისაზღვრა სარგებელი წლიური 30%-ის ოდენობით, ჯამში 7 930 ევრო.

 

გამსესხებელს უფლება ჰქონდა შპს „სა-------------------------------–ოსგან“ სესხის თანხის 2.5% მიეღო ყოველთვიურად ან დაეგროვებინა მისაღები პროცენტი სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით.

 

2015 წლის 29 მაისს ნი------------–--ესა და შპს „სა-------------------------------–ოს“ შორის გაფორმებული შეთანხმებით №2--- სესხის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა შეადგენდა 35 009 ევროს, 2014 წლის 29 მაისის №2--- ხელშეკრულება გაგრძელდა 12 თვის ვადით, ხოლო სარგებელი შეადგენდა წლიურ 30%-ს.

 

2016 წლის 31 მაისს ნი------------–--ესა და შპს „სა-------------------------------–ოს“ შორის გაფორმებული შეთანხმებით №2--- სესხის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა შეადგენდა 25 009 ევროს, 2014 წლის 29 მაისის №2--- ხელშეკრულება გაგრძელდა 12 თვის ვადით, ხოლო სარგებელი შეადგენდა წლიურ 30%-ს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-9).

2014 წლის 29 მაისის №2--- სესხის ხელშეკრულება და შპს „სა-------------------------------–ოს“ სალაროს შემოსავლის ორდერი №2886 (ს.ფ. 21-25).

№2--- სესხის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ 2015 წლის 29 მაისის შეთანხმება (ს.ფ. 26-27).

№2--- სესხის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ 2016 წლის 31 მაისის შეთანხმება (ს.ფ. 28-29).

 

3.1.2. შპს „სა-------------------------------–ოს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაბრუნების შესახებ არ შეუსრულებია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით (საქმეზე №1-------) დამნაშავედ იქნენ ცნობილი თა------–---------ე, მე------------ე და თა---------------–ი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენის შესაბამისად მოსარჩელე ნი------------–--ე არის დაზარალებულად ცნობილი. კერძოდ, დაზარალებულთა სიაში ნი------------–--ე 991-ე ნომრადაა დაფიქსირებული.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი საქმეზე N1------- გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-9).

2017 წლის 31 ივლისის განაჩენი (ს.ფ. 33-155).

2018 წლის 16 მაისის განაჩენი (ს.ფ. 156-247).

2018 წლის 12 დეკემბრის განჩინების ასლი (ს.ფ. 248-252).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, მე------------ის, თამაზ ლობჯანიძის და თა---------------–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ნი------------–--ისათვის 25 009 ევროს ოდენობით ფაქტობრივი დანაკლისის სახით ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, მასა და შპს „სა-------------------------------–ოს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები და შპს „სა-------------------------------–ოს“ სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. 3.1.3. ფაქტობრივი გარემოება).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დგინდება, რომ თა------–---------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა მართლზომიერ გამგებლობაში; მე------------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თა---------------–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. მათ მიერ განხორციელებული ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში: შპს „სა-------------------------------–ო“ (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულ იქნა 2013 წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა თა---------------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თა------–---------ე. შპს „სა-------------------------------–ოს“ საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თა---------------–ის მეუღლე - მე------------ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შპს ''სა-------------------------------–ომ'' მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „სა-------------------------------–ოს“ დირექტორმა თა------–---------ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მე------------ის წაქეზებით და თა---------------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მე------------ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით მე------------ეზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს "განთიადზე"- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მე------------ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე შპს „სა-------------------------------–ომ“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მიზეზობრივ კავშირს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მე------------ის, თა------–---------ის, თამარ მეტრეველის მიერ დაზარალებულის (მოსარჩელის) კუთვნილი ფულადი სახსრების არამართლზომიერად დაუფლების, განაჩენით დადასტურებული ფაქტი, მოპასუხეების ქმედებაში დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არსებობის საფუძველია.

 

რაც შეეხება დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობას, სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, მოსარჩელემ სხვა მტკიცებულების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს ზიანის ოდენობა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულებები და სალაროს შემოსავლის ორდერი, რითიც დასტურდება შპს „სა-------------------------------–ოსათვის’’ მოსარჩელის მიერ 26 434 ევროს გადაცემის ფაქტი. ამასთან, გარემოება, რომ თანხა დაბრუნებულია მოსარჩელისათვის მოპასუხეთა მიერ არ დგინდება სათანადო მტკიცებულებით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლების გათვალისწინებით, ნი------------–--ის მიერ შპს „სა-------------------------------–ოსათვის“ გადაცემული თანხის - 26 434 ევროს ოდენობიდან გამომდინარე, მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის 25 009 ევროს ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნი------------–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს კერძოდ, მოპასუხეებს - მე------------ეს, თა------–---------ეს და თა---------------–ს მოსარჩელის ნი------------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ძირი თანხის 25 009 ევროს და პროცენტის 7 502.70 ევროს გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე, 408-ე, 411-ე, 992-ე, 998-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დადგენილია მოპასუხეთა ბრალეულობა მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - “…ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ერთი კონტრაჰენტისა მეორეს წინაშე, სამართალდამრღვევისა – დაზარალებულის წინაშე, დაკავშირებულია არა პიროვნული თავისუფლების ბოჭვასთან, როგორც ისტორიულ წარსულში, არამედ მოვალის მხოლოდ ქონების შემცირებასთან (საქმე №ას-1281-2018, 7 მარტი, 2019 წელი).

 

წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.

 

ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი.

სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

 

ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.

 

მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (სსკ-ის 415-ე მუხლი). პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

 

ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ელემენტია. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია (იხ. სუსგ №ას-1322-2018, 4 აპრილი 2019 წელი).

 

როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ უზრუნველყო დადასტურება მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგად მისთვის ფაქტობრივი დანაკლისის სახით ზიანის 25 009 ევროს ოდენობით მიყენებისა; მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი - დადგენილია, რომ ნი------------–--ეს მიადგა ზიანი, ქონებრივი დანაკლისი 25 009 ევროს ოდენობით; 2. სახეზეა მართლწინააღმდეგობა - დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მოპასუხეთა მიერ დანაშაულის ჩადენა, ნი------------–--ეს არ მიადგებოდა ზიანი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხეთა მიერ დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლით ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების - მე------------ის, თა------–---------ის და თა---------------–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის - 25 009 ევროს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს ნი------------–--ესა და შპს „სა-------------------------------–ოს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისაღები პროცენტის (7502,70 ევრო) მოპასუხეთათვის სოლიდარულად გადახდის დაკისრებას.

 

სასამართლოს შემოწმების საგანია დელიქტური ურთიერთობიდან გამომდინარე დაზარალებულის მოთხოვნის საფუძვლიანობა მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესახებ 7 502.70 ევროს (საპროცენტო სარგებლის) მოთხოვნის ნაწილში, სსკ-ის 992-ე, 326-ე, 394-ე და 411-ე მუხლების შესაბამისად.

 

სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სსკ-ის 362-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის პრაქტიკული მნიშვნელობა იმაში ვლინდება, რომ იგი შეიცავს ისეთ დებულებებსაც, რომელთა გავრცელება შესაძლებელია არასახელშეკრულებო ვალდებულებზედაც: საზიარო უფლებებზე, დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებაზე, უსაფუძვლო გამდიდრებასა და დელიქტური ვალდებულებზედაც, თუ ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ასეთ წესებს კი შეიძლება მივაკუთვნოთ ზიანის ანაზღაურების, ვალდებულების შესრულების, სოლიდარული ვალდებულებების მომწესრიგებელი და სხვა ნორმები. სახელშეკრულებო ნორმები ვერ იქნება გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ თავისი არსით ეს ნორმები მხოლოდ ხელშეკრულებისთვისაა დამახასიათებელი. არასახელშეკრულებო ვალდებულებაზე სახელშეკრულებო წესის გავრცელება არა სისტემურად შესაბამის თავზე მსჯელობით, არამედ კონკრეტული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მაგალითად, ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი მეორადი მოთხოვნებიდან ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ნორმები ვრცელდება დელიქტურ მოთხოვნებზე.

 

საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: ,,...მიუღებელი შემოსავალი, წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში.

 

სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, №ას-945-895-2015, 14 მარტი, 2016 წელი; აგრეთვე შდრ: სუსგ-ები №ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-899-845-2012, 22 ნოემბერი, 2012 წელი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომიდინარე, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა; ამასთან, მიუღებელი შემოსავლის გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია კუმულატიური ხასითიას ელემენტებით შემდგარი ზიანის გამოვლენა და დადგენა. კერძოდ, ეს ელემენტებია: 1) ქმედება 2) მართლწინააღმდეგობა, 3) დამდგარი ზიანი, 4) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და 5) ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, სსკ-ის 326-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი მეორადი მოთხოვნის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ნორმები უნდა გავრცელდეს დელიქტურ მოთხოვნაზე, ამ შემთხვევაში დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე.

 

აღნიშნული კრიტერიუმთა მოცემულობის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უზრუნველყო მტკიცება მოპასუხეთა ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის კავშირის არსებობისა, რაც შეიძლება შემოწმდეს „რომ არა“ ტესტით - conditio sine qua non - ძირითადი, შეუცვლელი პირობა, მოქმედება, შემადგენელი ნაწილი რომლის გარეშეც რაღაც არ მოხდებოდა: 2014 წლის 29 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაც ითვალისწინებდა სესხის თანხის მსესხებლისათვის გადაცემის სანაცვლოდ გამსესხებლის მიერ სარგებლის მიღებას, ნი------------–--ისა და შპს „სა-------------------------------–ოს“ ურთიერთობის ნორმალური განვითარების პირობებში (სესხის ხელშეკრულების ერღწლიანი მოქმედების ვადის გაგრძელების არარსებობის პირობებშიც კი), მოსარჩელეს ნამდვილად შეეძლო მიეღო შემოსავალი შპს „სა-------------------------------–ოსათვის“ გადაცემულ სესხის თანხაზე საპროცენტო სარგებლის (წლიური 30%) დარიცხვით (რაც სწორედ წარმოადგენდა ნი------------–--ის კომპანიასთან სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის მიზანს), მოპასუხეთა მიერ დანაშაულის ჩადენის არარსებობის პირობებში; განსახილველ შემთხვეში, რომ არა მოპასუხეთა მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი (საპროცენტო სარგებლის მიუღებლობით) არ მიადგებოდა.

 

ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე, რაც დამატებით გულისხმობს „მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანს“, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო პირობაა იმ ზიანისათვის, რომელზედაც ანაზღაურების მოვალეობა ვრცელდება.

 

ამდენად, ნი------------–--ეს, შპს „სა-------------------------------–ოსათვის“ გადაცემული თანხაზე 25 009 ევროზე წლიური 30%-ის დარიცვით, 12 თვის ვადაში შეეძლო მიეღო სარგებელი 7502,7 ევროს ოდენობით, რაც მოსარჩელემ მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვერ მიიღო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების - მე------------ის, თა------–---------ის და თა---------------–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად (სსკ-ის 998-ე მუხლის შესაბამისად) 7 502.70 ევროს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით საერთო ჯამში - 2 955.31 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნი------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. მოპასუხეებს მე------------ეს, თა------–---------ესა და თა---------------–ს მოსარჩელე ნი------------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 25 009 ევროს გადახდა;

1.2. მოპასუხეებს მე------------ეს, თა------–---------ესა და თა---------------–ს მოსარჩელე ნი------------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7 502.70 ევროს გადახდა.

2. მოპასუხეებს მე------------ეს, თა------–---------ეს და თა---------------–ს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 2 955.31 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე