გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210119002825628
#2/149-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.08.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე -დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე- ზ---------------ი;
წარმომადგენელი - ლ--–--------–--ე;
მოპასუხე- შპს „მ--------------------ი„წარმომადგენელი- მ-----------------–ი;
დავის საგანი: სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეტანილი იქნას ცვლილება 2018 წლის 27 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო აქტის #1--------), შეიცვალოს აღსასრულებელი ძირი თანხის ოდენობა და განისაზღვროს 3896,59 აშშ დოლარით, შეიცვალოს პირგასამტეხლოს ოდენობა და განისაზღროს 376,53 აშშ დოალრით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 18 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება #1----, რომლის ფარგლებში გაიცა სესხი 4000 აშშ დოლარის ოდენობთ, 35 თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პროცენტი წლიური 24%. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ა---–-------------------------–--------------. მოსარჩელის განმარტებით, სესხის პროცენტს ყოველთვიურად კეთილსინდისიერად იხდიდა. ვადის ბოლოს ერთიანად გადახდა ვერ შეძლო, ამიტომ გააკეთა სესხის რესტრუქტურიზაცია. 2017 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #1-----01, რომლის თანახმად სესხის თანხად დაფიქსირდა 5000 აშშ დოლარი, სესხის გასატან ოდენობად კი 4620 აშშ დოლარი, ვადა 38 თვე. აღნიშნული სესხით დაიფარა ძველი სესხის დავალიანება 4620 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა პროცენტი წლიური 24%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ანუ რეალური პროცენტი ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა 26.98%. სესხის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებთ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო დარჩენილი სესხის თანხის 0,41% ვადაგადაცილების დღეზე. სესხის გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად 17 რიცხვში უნდა გადაეხადა 92,40 აშშ დოლარი, როგორც პროცენტი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სესხის პროცენტი ვერ გადაიხადა დეკემბერში, თუმცა 29 იანვარს შეიტანა დავალიანების თანხა საერთო ჯამში 2770 ლარი (1100 აშშ დოლარი), საიდანაც გადაახდევინეს ჯარიმა 814,51 აშშ დოლარი. 2018 წლის მარტში, აპრილში და მაისში კეთილსინდისიერად იხდიდა სესხის პროცენტს, თუმცა ასეთი კაბალური პირობებით სესხის გადახდა ვერ შეძლო 2018 წლის ივნისიდან. როდესაც ნათელი გახდა, რომ ვერ შეძლებდა სესხის გრაფიკით გადახდის აღდგენას, მოპასუხე ორგანიზაციას მიმართა დარიცხული ჯარიმის პატიების თხოვნით, რადგან პირგასამტეხლო იმდენად მაღალი იყო, რომ შეტანილი თანხა მხოლოდ ჯარიმის დასაფარადაც არ იქნებოდა საკმარისი. მოპასუხე მხარემ არ გაუწია არანაირი შეღავათი და მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაეკისრა ძირი თანხის 4611,77 აშშ დოლარის, პროცენტის 581,11 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 3036,14 აშშ დოლარის და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის და განცხადების დადასტურების ხარჯი 124,36 ლარის გადახდა. ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლო 3063,14 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება, კერძოდ, ნაცვლად ყოველდღიურად სესხის ნაშთის 0,41%-ის დარიცხვისა უნდა დაერიცხოს ყოველდღიურად 0,05%, რაც დღეში შეადგენს 2,31 აშშ დოლარს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მოხდეს 2018 წლის 17 ივნისიდან ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღამდე 2018 წლის 27 ნოემბრამდე (163 დღე), შესაბამისად სულ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 376,53 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2017 წლის დეკემბერი -2018 წლის 29 იანვრის ვადაგადაცილებისათვის (43 დღე) პირგასამტეხლოს სახით მოპასუხემ დაარიცხა 814,51 აშშ დოლარი, რაც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა. 43 დღიანი ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა იქნებოდა 99.33 აშშ დოლარი, შესაბამისად ჯარიმის სახით გადახდილი 814,51 აშშ დოლარიდან 715,18 აშშ დოლარი უნდა ჩაეთვალოს სესხის ძირი თანხის გადახდად და გამოაკლდეს სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულ ძირი თანხის დავალიანებას, შესაბამისად სააღსრულებო ფურცელში ძირი თანხის დავალიანება უნდა განისაზღვრის 3896,59 აშშ დოლარით. (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია;
მოპასუხე შპს მ--------------------ის წარმომადგენელმა, როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება არ წარმოადგენდა კაბალური პირობებით დადებულ ხელშეკრულებას, მისი ეფექტური საპროცენტო სარგებელი არის 26.98%, იმ დროს როდესაც კანონმდებლობით დაშვებული მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 100%. პირგასამტეხლო წარმოადგენდა ყოველდღიურ 0,41%-ს და ეს ოდენობაც კანონმდებლობით დაშვებული ოდენობის -150%-ის ფარგლებშია. სესხზე ყოველთვიურად სავალდებულო გადასახდელი შეადგენდა მხოლოდ სესხის პროცენტი, ხოლო სესხის ძირი თანხის ყოველთვიურად გადახდა არ ევალებოდა მოსარჩელეს. დარიცხულ პირგასამტეხლოს ე.წ. პატიების საფუძველი მოსარჩელეს არ გააჩნდა, ფინანსური პრობლემები არ წარმოადგენდა ამის საფუძველს. მოპასუხემ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გადახდილი 814 აშშ დოლარის შემცირებას, აღნიშნული თანხა თავად მოსარჩელის მიერ ნებაყოფლობით იქნა გადახდილი, რაც მის მიერ პირგასამტეხლოს ამ ოდენობის უდავოდ აღიარებას გულისხმობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 18 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება #1----, რომლის ფარგლებში გაიცა სესხი 4000 აშშ დოლარის ოდენობთ, 35 თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პროცენტი წლიური 24%. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ა---–-------------------------–--------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 18.11.2014 წ საკრედიტო პროდუქტებით მოსამახურების შესახებ ხელშეკრულება #1----. ამავე ხელშეკრულების დანართი;
-18.11.2014წ იპოთეკის ხელშეკრულება; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.2. 2017 წლის 17 ნოემბერს ზ---------------ს და შპს მ--------------------ს შორის გაფორმდა იპოთეკური სესხის ხელშეკრულება #1-----01, რომლის საფუძველზე ზ---------------მა სესხის სახით გაიტანა 4620 აშშ დოლარი. 83 თვის ვადით. აღნიშნული სესხით დაიფარა 18.11.2014წ სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანება 4620 აშშ დოლარი.
17.11.2017წ ხელშეკრულებით განისაზღვრა პროცენტი წლიური 24%. სესხის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებთ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო დარჩენილი სესხის თანხის 0,41% ვადაგადაცილების დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 17.11.2017 წ საკრედიტო პროდუქტებით მოსამახურების შესახებ ხელშეკრულება #1-----01. ამავე ხელშეკრულების დანართი;
3.1.3. კერძო აღმასრულებლის ლ-------------–---–ის წარმოებაშია ნოტარიუს ა-----------------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული საღსრულებო წარმოება #A 1---------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 29.11.2018წ წ კერძო აღმასრულებლის წერილი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო 2018 წლის 27 ნოემბერს ნოტარიუს ა------------------ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ზ---------------ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 4611,77 აშშ დოლარი, პროცენტი 581,11 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 3063,14 აშშ დოლარის, აგრეთვე სააღსრულები ფურცლის გაცემის ხარჯი 134,36 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 27 ნოემბრის ნოტარიუს ა------------------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი;
3.2.2. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლო 3063,14 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება. ნაცვლად ყოველდღიურად სესხის ნაშთის 0,41%-ის დარიცხვისა უნდა დაერიცხოს ყოველდღიურად 0,05%, რაც დღეში შეადგენს 2,31 აშშ დოლარს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მოხდეს 2018 წლის 17 ივნისიდან ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღამდე 2018 წლის 27 ნოემბრამდე (163 დღე), შესაბამისად სულ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 376,53 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2017 წლის დეკემბერი -2018 წლის 29 იანვრის ვადაგადაცილებისათვის (43 დღე) პირგასამტეხლოს სახით მოპასუხემ დაარიცხა 814,51 აშშ დოლარი, რაც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა. 43 დღიანი ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა იქნებოდა 99.33 აშშ დოლარი, შესაბამისად ჯარიმის სახით გადახდილი 814,51 აშშ დოლარიდან 715,18 აშშ დოლარი უნდა ჩაეთვალოს სესხის ძირი თანხის გადახდად და გამოაკლდეს სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულ ძირი თანხის დავალიანებას, შესაბამისად სააღსრულებო ფურცელში ძირი თანხის დავალიანება უნდა განისაზღვრის 3896,59 აშშ დოლარით.
დადგენილია, რომ 2017 წლის დეკემბერი - 2018 წლის 29 იანვრის პერიოდში ვადაგადაცილებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა პირგასამტეხლო 814,51 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სამოქალაქო საპროცესო სამართლაში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1. მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხდევით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნის გაკეთების უფლებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---------------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 302-ე, 361-ე, 400, 417-ე, 418-ე, 325-ე, 115-ე, 420-ე მუხლებით.
ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონით.
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშვა 2017 წლის 17 ნოემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც განსაზღვრულ იქნა მოსარჩელისა და მოპასუხის, როგორც მსესხებლისა და გამსესხებლის კონკრეტული უფლება-მოვალეობები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
უდავო გარემოებაა, რომ მოვალის მიერ დარღვეულ იქნა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულების 3.5.2. პუნქტის საფუძველზე, 2018 წლის 27 ნოემბერს ნოტარიუს ა------------------ის მიერ გაცემულ იქნა #1-------- სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ზ---------------ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა სესხის ძირი თანხა 4611,77 აშშ დოლარი, პროცენტი 581,11 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 3063,14 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 134,36 ლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულების 2.8. პუნქტით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ვადაგადაცილებული დავალიანების სესხის ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით.
მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ასევე მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობასაც და მიაჩნია, რომ ჯარიმის სახით გადახდილი 814,51 აშშ დოლარიდან 715,18 აშშ დოლარი უნდა ჩაეთვალოს სესხის ძირი თანხის გადახდად და გამოაკლდეს სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულ ძირი თანხის დავალიანებას, შესაბამისად სააღსრულებო ფურცელში ძირი თანხის დავალიანება უნდა განისაზღვრის 3896,59 აშშ დოლარით. ხოლო პირგასამტეხლო 376,53 აშშ დოლარით.
სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესით განსაზღვრულია, რომ თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიცია დასაბუთებული და საფუძვლის მქონეა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0,05%-მდე, ასევე ზ---------------ის მიერ 2018 წლის 29 იანვარს გადახდილი 814,51 აშშ დოლარიდან 715,18 აშშ დოლარი მოსარჩელეს უნდა ჩაეთვალოს სესხის ძირითადი თანხის სახით გადახდილად (პირგასამტეხლოს 0,05%-ის გათვალისწინებით), შესაბამისად სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილ სესხის ძირითად თანხას 4611,77 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ 29.01.2018წ გადახდილი თანხიდან 715,18 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს შემცირების ხარჯზე მოსარჩელის დავალიანება ძირი თანხის ნაწილში მოსარჩელის მიმართ განისაზღვროს 3896.59 აშშ დოლარით.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდენ გარკვეული თანხის პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითთებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსაბამოდ მაღალია და იგი გონივრული ოდენობით უნდა შემცირდეს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, თუმცა აქვე განმარტავს: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, დავის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს კი წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ შეესაბამება მოცემული ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული დავალიანების 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების დარღვევაში მხარის ბრალეულობის ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, იგი უნდა განისაზღვროს 0,05%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება უნდა აისახოს სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 0,41% უნდა განისაზღვროს 0.05%-ით. შესაბამისად ცვლილება უნდა შევიდეს ნოტარიუს ა------------------ის მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------). მოვალე ზ---------------ის სესხის ძირი თანხის და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და სესხის ძირი თანხის სახით ზ---------------ის ვალდებულება კრედიტორ შპს მ--------------------ის წინაშე განისაზღვროს 3896.59 აშშ დოლარით. პირგასამტეხლოს სახით ზ---------------ის ვალდებულება კრედიტორ შპს მ--------------------ის წინაშე განისაზღვროს 376.53 აშშ დოლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 271 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 271 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს 30.01.2019წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს ა-----------------ის მიერ, 2018 წლის 27 ნოემბერს, გაცემული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება ( #A1-------).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ -უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ზ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ამირან ჯამბურიძის მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------). მოვალე ზ---------------ის სესხის ძირი თანხის და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და სესხის ძირი თანხის სახით ზ---------------ის ვალდებულება კრედიტორ შპს მ--------------------ის წინაშე განისაზღვროს 3896.59 აშშ დოლარით. პირგასამტეხლოს სახით ზ---------------ის ვალდებულება კრედიტორ შპს მ--------------------ის წინაშე განისაზღვროს 376.53 აშშ დოლარით.
3. შპს მ--------------------ს- ზ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 321 ლარის ანაზღაურება. (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 271 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე